მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ტიხონ ზადონელი

მრავალთათვის ჩვევად იქცა მოყვასის განკითხვა, მათ შესახებ აუგის თქმა და ამაში თავიანთ მანკიერებას ვერ ხედავენ; იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმედ სცოდავენ ისინი, ქვევით გესაუბრებით.

1) უპირველეს ყოვლისა, ეს მსაჯულები, რომლებიც მოყვასს განიკითხავენ, სახარებაში ხსენებული ფარისეველის მსგავსად, მართლებად წარმოაჩენენ თავიანთ თავს ადამიანთა წინაშე. აქედან ჩანს მათი ამპარტავნება, ღვთისთვის საძაგელი და ფარისევლური თვალთმაქცობა.

2) მეორე მხრივ, ხშირად ხდება, რომ ვინც განიკითხავს, უფრო მეტადაა დამნაშავე დიდ და მრავალ ცოდვაში, ვიდრე ის, ვისაც განიკითხავს. ასეთებს თავად ქრისტე ამხელს: „ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?... ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (მთ. 7: 3, 5). ქრისტე მცირე ცოდვას წველს არქმევს, დიდ ცოდვას კი – დირეს. მართალი ადამიანი სწორედ განკითხვის ცოდვას უფრთხის ყველაზე მეტად და როდესაც ხედავს ძმას, რომელიც სცოდავს, არათუ არ განიკითხავს, არამედ წუხს მისი სულიერი განსაცდელის გამო, ამასთანავე, კაცთმოყვარე ღმერთს ევედრება, რათა ეშმაკის მახეთაგან დაიხსნას ცოდვაში ჩავარდნილი, რადგან იცის, რომ ყველანი ვართ დაცემისაკენ მიდრეკილი.

3) ხშირად ჩვენ ვხედავთ მოყვასის ცოდვით დაცემას, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სინანულს. მან ჩვენ წინაშე შესცოდა, მაგრამ როდესაც დაგვშორდა, შესაძლებელია, მოინანია კიდეც, რადგან ადამიანი, განსაკუთრებით ვინც უძლურების გამო ეცემა, ღვთის მადლით, წამოდგება კიდეც. და რადგან ეს ადგომა შემუსვრილ გულში შინაგანად აღესრულება, ის ჩვენთვის უხილავია.

4) მრავალი ადამიანი, რომლებსაც ამქვეყნიერი პატივი და დიდება არაფრად მიაჩნიათ და მხოლოდ ღვთაებრივს ეძებენ, ცოდვილებად ჩანან ჩვენ წინაშე, მაგრამ სინამდვილეში მთელი ქვეყანა არ არის მათი ღირსი, ამიტომაც ხშირად მათ, ვისაც განვიკითხავთ, ღმერთი ამართლებს; ვინც ცოდვილი გვგონია, ღვთის წინაშე უდანაშაულოა; ვინც ღვთის მტერი გვგონია, იგი ღვთის საყვარელი მეგობარია, ვისაც შეურაცხვყოფთ და ვლანძღავთ, იმათ თავად ღმერთი მიაგებს პატივს, ვისაც ჩვენ ვწყევლით, მათ ღმერთი აკურთხებს: „იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო“ (ფს. 108:28), – ბრძანებს დავით მეფსალმუნე. ვაი, ჩვენ, რადგან ვინც ჩვენი სიბრიყვით ცოდვილებად მიგვაჩნდა და უსამართლოდ განვიკითხავდით, ცათა სასუფეველში მართალთა შორის წარმოგვიდგებიან და უსამართლო მსაჯულებს სამართლიანად განგვსჯიან მთელი სამყაროს წინაშე: „მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ - ყვნეს შრომანი მათნი“ (სიბრძ. სოლ. 5: 1). და შემდეგ – განაგრძობს ბრძენი – „იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა. და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ - ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი - იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა. ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ, ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი“ (სიბრძნ. სოლ. 5: 2-6).

5) მართლაც რომ ცოდვილი იყოს ის, ვისაც განიკითხავ და თავად შენ კი – მართალი, რა გესაქმება მასთან, რას აკეთებს? ვინ ხარ, რომ სხვის მონას განიკითხავ? „თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა“ (რომ. 14: 4), – ამგვარად გამხელს მოციქული რომაელთა ეპისტოლეში; ან თავად როგორ ხარ მართალი? – „უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა გშვა შენ დედამან შენმან“ (ფს. 50: 7), და თუ რაიმე სიკეთე გაგაჩნია კიდეც, ის ღვთისაა და არა შენი. თუ ღმერთი თავის სიკეთეს მოგაცილებს, მხოლოდ ცოდვებიღა გექნება და ასეთადვე დარჩები, რადგან ადამიანს – როგორც მოციქული გვასწავლის – არათუ აღსრულება, არამედ გაფიქრებაც კი არ ძალუძს რაიმე კეთილისა.

6) დაბოლოს, ეს თვალთმაქცნი და უსამართლონი თავიანთი მსჯავრით ღვთის ძის ხარისხს იტაცებენ, რადგან ქრისტეა ერთადერთი, ვინც მთელ სამყაროს განსჯის და ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს: „რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა“ (2 კორ. 5: 10), – ბრძანებს მოციქული. ყველასათვის ცხადია, თუ რაოდენ საშინელი კადნიერება და უსირცხვილობაა ეს, თუმცა ეს უსამართლო მსაჯულები თავად უფლის მიერ არიან მხილებული: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7:1), და კიდევ: „ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ“ (ლუკ. 6:37).

***

მიზეზები, თუ რატომ არ შეიძლება მოყვასის განკითხვა:

1) იმიტომ, რომ მოყვასის განმკითხველნი ცდილობენ მიიკუთვნონ უფლება ქრისტესი, რომელიც ერთადერთი სჯულმდებელი და მსაჯულია და მათი ამგვარი მცდელობა ფრიად მძიმეა და საშიში.

2) მოყვასი ღვთის მონა არის და არა ჩვენი, თავისი უფლის წინაშე ეცემა (რომ. 14:4), ამიტომ ღვთის მონის განსჯა მძიმე ცოდვაა.

3) ღვთის მონა ყველგანმყოფი და ყოვლისმცოდნე უფლის წინაშე განისჯება. ბატონისთვის მიუღებელია, როდესაც მის მონას მისსავე წინაშე ვლანძღავთ და ვადანაშაულებთ; მით უფრო ღმერთს სწყინს, როდესაც მის მონას განვსჯით მის წინაშე და ამავდროულად თავად ვართ ბოროტნი.

4) ვინც მოიყვასს ასამართლებს, ის საკუთარ თავს განიკითხავს, რადგან განმკითხველი თავადაც იმავეს სჩადის.

5) ხშირად მრავალი ადამიანი სხვების წინაშე ცოდვილია, მაგრამ შინაგანად არის მართალი. ასევე, პირიქით, სხვების წინაშე მრავალი ჩანს უცოდველი, მაგრამ შინაგანად არის ცოდვილი და, შესაბამისად, თვალთმაქცი; წმიდა წერილის მიხედვით კი უწმინდურია ის, ვინც ღვთის წინაშე ცოდვილს უწოდებს უცოდველს და უცოდველს – ცოდვილს (იხ. ეს. 5:20).

6) ბოროტი ჭორი ხშირად ვრცელდება ხოლმე ბოროტი და შურიანი ადამიანებისაგან, ასე რომ მათ მიერ განკითხული ხშირად ითმენს უსამართლობას.

7) ვინც განიკითხავს, თავად იქნება განკითხული (იხ. მთ. 7:1).

8) ირღვევა ქრისტეს მცნება: ნუ განიკითხავთ.

9) მოყვასისთვის უფრო მეტად საწყენია განკითხვა, ვიდრე მისი კვერთხით ცემა, რადგან უფრო მალე ხორცდება ჭრილობა სხეულზე, ვიდრე წყლული – სულზე. როგორც სხეული იღებს ჭრილობას კვერთხისა თუ სხვა საგნის ცემით, ასევე სული ზიანდება შემაგინებელი სიტყვით. ამგვარ სულის მოწყვლას მოსდევს მწუხარება და მწუხარებას – სიკვდილი.

10) რაც უფრო მეტად პატიოსანი და ცნობილია ადამიანი, რომელსაც აძაგებენ, მით უფრო მძიმეა წყლული, მისი ცილისმწამებელი კი დიდად სცოდავს.

11) როდესაც განიკითხავენ და აუგად ახსენებენ უფროსს, ქვეშევრდომების მიერ მის მიმართ პიტივისცემა მცირდება, ამას მოსდევს სიძულვილი, სიძულვილს - დაუმორჩილებლობა, დამუროჩელობლობას კი – ყოველგვარი განხეთქილება და შფოთი.

12) ხშირად ხდება, რომ ვიღაც შესცოდავს, მაგრამ მოინანიებს კიდეც, მონანულს კი ღმერთი პატიობს, ხოლო იმის განკითხვა, ვისაც ღმერთმა მიუტევა, შეუნდო და გაამართლა, დიდი ცოდვაა. მიაქციეთ ამას ყურადღება, ცუდმეტყველნო და გამოასწორეთ თქვენი მანკიერი მიდრეკილებები, რომელთა გამოც სასჯელი მოგელით; თავი ანებეთ სხვების ნაკლის ცქერას, რადგან მათთან არაფერი გესაქმებათ.

***

განკითხვა, ცილისწამება და ძვირისთქმა ერთმანეთის მსგავსი მანკიერებებია და მოუთოკავი ენისა და გულის ნაყოფს წარმოადგენენ, რომელთაც ღვთის შიშის აღვირითაც ვერ მოთოკავ. განკითხვა შესაძლებელია არა მარტო ენით, არამედ აზრით, ჟესტით, თავის დაკვრით, ამოოხვრით, სიცილით და სხვა მრავალი სახით.

მიზეზი, საიდანაც განკითხვა და მისი მსგავსი მანკიერებები წარმოიშობა, სხვადასხვაა.

1) ხშირად ამის მიზეზია ამპარტავნება: ამპარტავანი, რომელიც თავს იმაღლებს, ვერ გუობს, რომ ვინმე მისი თანასწორი იყოს, ამიტომ განიკითხავს და ამცირებს მას, ან აუგად იხსენიებს და ცილს სწამებს, რათა საკუთარი ცოდვები დამალოს და მისმა მსმენელმა კი იფიქროს, რომ მას არ აქვს ის ცოდვები, რომელთა გამოც სხვას განიკითხავს.

2) ზოგჯერ განკითხვის მიზეზია შური: შურიანს არ სურს მოყვასის დანახვა პატივსა და დიდებაში, ამიტომ მისი სახელის გატეხასა და შეურაცხყოფას ცდილობს.

3) ზოგჯერ განკითხვის მიზეზია ბოღმა: როდესაც ღვარძლიანმა არ იცის როგორ ავნოს იმას, ვისაც ემტერება, მაშინ ცილისწმებითა და ძვირის თქმით ცდილობს მისი სახელის შელახვას.

ხშირად განკითხვის მიზეზია ბოროტი ჩვევები, ეჭვიანობა, მოუთმენლობა და სხვ.

***

როგორ დავაღწიოთ თავი განკითხვას:

1) თითოეულმა საკუთარი თავი გამოასწოროს და არა – სხვები, თავის მანკიერებებს მიაქციოს ყურადღება და არა – სხვებისას.

2) განიშორეთ გულისწყრომა, შური და სიძულვილი.

3) ცოდვით დაცემული ძმის მიმართ თანაგრძნობა გამოხატეთ და მისი დაცემის შემდეგ თავად კიდევ უფრო მეტად გაფრთხილდით.

4) ევედრეთ მოწყალე ღმერთს, რათა დაცემული წამოაყენოს და გზააბნეული მოაქციოს, შენ კი მსგავსი ცოდვებისაგან დაგიფაროს.

5) გახსოვდეს, რომ მოყვასის განკითხვის გამო თავად განიკითხები, როგორც ამის შესახებ გვამცნობს უფალი (იხ. მთ. 7:1).

6) მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რომელთა დროსაც სხვებს განიკითხავთ და სხვების ღირსებას შეურაცხყოფთ.

7) გაექეცით იმათ, ვისაც ჩვევად აქვს სხვების განკითხვა.

8) ვისაც განკითხვის ბოროტი ჩვეულება აქვს, ევედროს ღმერთს: „დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 140:3) - და არ დაივიწყოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები.

***

ვინც არ უნდა იყოს, ნურავის განიკითხავ, თუნდაც რომ უგუნურად იქცეოდეს. საკუთარ თავს მიაქციე ყურადღება. არც ისინი აგებენ პასუხს შენ გამო და არც შენ – მათ გამო, რადგან ყველა მხოლოდ საკუთარი ცოდვების გამო აგებს პასუხს.

***

ნურაფერს იტყვი ადამიანთა შესახებ, რადგან ამას მოსდევს განკითხვა, რაც უმძიმესი ცოდვაა.

***

შევხედოთ, რამდენად მოწყალე იყო ცოდვილთა მიმართ უფალი: ის, ერთადერთი მართალი და უცოდველი, ცოდვილთა შორის იმყოფებოდა, ხედავდა მათ სინდისს, იცოდა, ვის რა ჰქონდა გულში, იცოდა მათი ცოდვები, რადგან „არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა“ (იოან. 2:25), თუმც არავინ შეურაცხყო, არავინ ამხილა, არავინ განიკითხა, ჩვენ კი, ცოდვილნი, კიდეც ვამხელთ, განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ სხვებს: „შენ ასეთი და ასეთი ხარ“. უფალი არ იქცეოდა ასე – და, მიუხედავად იმისა, რომ უცოდველი იყო, ჩვენი ხსნისათვის მოვიდა და არა ჩვენს განსაკითხად. მან მრუშობაში მხილებული იმ ცოდვილი დედაკაცის განკითხვაც კი არ ისურვა, მასთან რომ მიიყვანეს, მხოლოდ ეს უთხრა: „არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ“ (იოანე 8:11).

***

თუ დაინახავ ან შეიტყობ, რომ სცოდავს ვინმე, მოერიდე მის განკითხვას და ცილს ნუ დასწამებ. მის შესახებ შენ ერთს ეტყვი, ის – სხვას, სხვა – მესამეს, მესამე – მეოთხეს და ამგვარად, ყველა შეიტყობს, ცდუნდებიან და განიკითხავენ, რაც მძიმე ცოდვაა, ყველაფრის მიზეზი კი შენ იქნები. ცილისმწამებლები კეთროვნებივით არიან – თავიანთი სიმყრალით სხვებსაც ვნებენ, ან კიდევ: ადგილიდან ადგილზე გადააქვთ მომაკვდინებელი ინფექცია და სხვებს ღუპავენ. მოყვასის ცილისდაწამებას ერიდე, რათა არც თავად შესცოდო და არც სხვას მისცე ცოდვის მიზეზი, ერიდე მის განკითხვასაც, რადგან „თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს“ (რომ. 14:4), და კიდევ, იმიტომ, რომ თავადაც ცოდვილი ხარ.

მართალი ადამიანი არავის არ უნდა განსჯიდეს და განიკითხავდეს, მით უფრო არ უნდა განიკითხავდეს ცოდვილს ცოდვილი. ადამიანების განსჯა მხოლოდ ქრისტეს საქმეა, მას ზეციური მამისაგან აქვს ეს უფლება მიცემული და იგი განსჯის ცოცხლებს და მკვდრებს, მისი სამსჯავროს წინაშე შენც წარდგები. გაფრთხილდი, რომ ქრისტეს ძალაუფლება არ მიიტაცო, რაც საკმაოდ მძიმეა, და ერიდე შენი მსგავსი ადამიანების განკითხვას, რათა ამ საშინელი ცოდვით არ წარდგე საშინელი სამსჯავროს წინაშე და სამართლიანად არ მოგესაჯოს მარადიული სატანჯველი.

საკუთარ თავს მიაპყარი მზერა და საკუთარი თავი განიხილე, ამხილე და ბრალი დასდე მას ღვთის წინაშე იმ ცოდვათა გამო, რომლებიც სინანულს საჭიროებენ, ევედრე ღმერთს შეწყალებისთვის, როგორც მეზვერე, რათა ღმერთმა გაგამართლოს. ისმინე, რას ეუბნება უფალი იესო სხვების განმკითხველს: „ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (მთ. 7: 3–5). ხედავ, ისინი, ვინც სხვებს განიკითხავენ და განსჯიან – თვალთმაქცი და ცრუ ქრისტიანები არიან. ასეთები წმინდანებივით იქცევიან და თავიანთ ცოდვებს ვერ ხედავენ.


წინა თავი შემდეგი თავი