მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ |
ღირსი ისააკ ასური
|
სხეულის ქვედა ნაწილებში ისეთი მოძრაობა, რომელიც ავხორცული გულისთქმების გარეშე აღიგზნება და უნებლიეთ მიაქანებს სულს უბედურებისკენ – ეჭვგარეშეა, რომ ზედმეტი სიმაძღრის შედეგია. და თუ მუცელი იცავს ზომიერებას საკვების მიღებაში, მაგრამ სხეულის ნაწილები უნებლიეთ მაინც იწყებენ მოძრაობას – მაშინ იცოდე, რომ თვით სხეულშია ვნების სათავე. ამ ბრძოლაში ისარგებლე ძლიერი და უძლეველი იარაღით – მოერიდე ქალების ცქერას, რადგან მტერს არ ძალუძს წარმოშვას ჩვენში ის, რაც მხოლოდ ბუნებას ხელეწიფება თავისი ძალით. ნუ იფიქრებ, რომ ბუნება ივიწყებს იმას, რაც ღვთის მიერ ჩადებულია მასში გამრავლებისთვის და ღვაწლში მყოფთა გამოცდისათვის. მაგრამ გულისთქმათა აღმძვრელი საგნებისაგან განშორება აკვდინებს სხეულის ასოებში ავხორცობას, დავიწყებას იწვევს და ანადგურებს მას. ბერების შემთხვევაში გულისთქმები განშორებულ საგნებთან დაკავშირებით მხოლოდ აზრების სახით მოდიან და მოქმედებენ საკმაოდ სუსტად და ოდნავ შესამჩნევად. გულისთქმები, რომლებიც საგნების ხილვით არიან გამოწვეულნი, აგდებენ გონებას თავდავიწყებაში, აღაგზნებენ ვნებებს საგანთან სიახლოვით, კვებავენ ადამიანში ავხორცობას, როგორც ზეთი კვებავს ლამპარის ნათებას, აღანთებენ უკვე ჩამქრალ და მოკვდინებულ ვნებას და აზრებით აღაშფოთებენ სხეულს. იმ ბუნებრივ მოძრაობას, რომელიც ცხოვრობს ჩვენში გამრავლებისთვის, დამატებითი ზემოქმედების გარეშე არ შეუძლია დაარღვიოს ჩვენი ნება, სისუფთავე და უბიწოება, რადგან ღმერთმა არ მისცა ბუნებას ძალა დაძლიოს ადამიანის კეთილი ნება, რომელიც მიმართულია მისკენ (ღვთისკენ). და თუ აღგზნებულია ვინმე ავხორცობით, მაშინ არა ბუნებრივი ძალა, არამედ თვითნებური სურვილი აიძულებს მას გამოვიდეს ბუნებრივი მდგომარეობიდან. ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა – მშვენიერია და ბუნების შესაბამისი. და სანამ სწორად არის შენარჩუნებული ჩვენში ბუნებისათვის შესაბამისი ზომიერება, ბუნებით მოძრაობებს არ შეუძლიათ გვაიძულონ გადავუხვიოთ უბიწოების გზიდან. პირიქით, სხეულში აღიძვრება მხოლოდ კეთილი მოძრაობები, რომლებიც გვამცნობენ, რომ ჩვენში არის ბუნებრივი ვნება. და ეს მოძრაობები არ იწყებენ ვნების გაღვივებას, რომლითაც შეეწინააღმდეგებოდნენ უბიწოების მდგომარეობას, არ აბნელებენ გონებას გაღიზიანებით და სიმშვიდის მდგომარეობიდან არ გადაჰყავთ მრისხანების მდგომარეობაში. და თუ ხანდახან გატაცებული ვართ გრძნობადით (რაც განაპირობებს კიდეც არაბუნებრივ მისწრაფებებს) და მივეცემით უზომოდ ჭამას ან სმას, ან ქალებთან სიახლოვესა და მათ ცქერას, ან მათ შესახებ საუბრებს – ამით აღინთება და სწრაფად ვრცელდება სხეულში ავხორცობის ცეცხლი, ამგვარად ვცვლით ჩვენში ბუნებრივ თვინიერებას მძვინვარებით და მიზეზი ამისა არის ან სხეულში ზედმეტი სითხე, ან სხვადახვა საგნების ცქერა. მოძრაობა სხეულის ნაწილებში ასევე ხდება ღვთის დაშვებით ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენის გამო. და ეს მოძრაობა არ არის ისეთი, როგორიც ზემოთ აღნიშნული. წინა შემთხვევებში ბრძოლებს ვუწოდებთ დამოუკიდებელს და მათში ვლინდება ზოგადად, ბუნებითი თვისებები, ხოლო ეს ბრძოლა კი ეშვება ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენის გამო, როდესაც ზედმეტად ყურადღებიანი ვართ საკუთარი თავის მიმართ და წარმატებებს მივიწერთ, ღმერთი უშვებს ჩვენს თავზე ამ ბრძოლას, რათა ვისწავლოთ სიმდაბლე. ამ მიზეზის გარდა, არის კიდევ სხვა სახის ბრძოლა, რომელსაც ჩვენი სიზარმაცე იწვევს. როდესაც ღორმუცელობასა და ნაყროვანებას მშვინვიერი გრძნობებიც ემატება, ამ შემთხვევაში ჩვენი ბუნება უარს ამბობს დაიცვას ის ბუნებითი წესი, რომელიც არსებობდა მისი შექმნისას. ვინც ნებაყოფლობით მოიძულა მწუხარება ღვაწლისა და განმარტოება, ასეთი იძულებული ხდება შეიყვაროს ცოდვები. მწუხარებათა გარეშე მოღვაწე შეუძლებელია გათავისუფლდეს საკუთარ თავზე წარმოდგენებისაგან, შესაბამისად, რამდენადაც იმატებს საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა, იმდენადვე მცირდება ბრძოლები, რადგან მწუხარება და განსაცდელები აკვდინებენ ვნებებს და მათით ტკბობას, სულიერი უმოქმედობა კი კვებავს და აცოცხლებს ვნებებს. მაშასადამე, მე ნათლად გავიაზრე, რომ ღმერთსა და ანგელოზებს უხარიათ, როდესაც შეჭირვებულნი ვართ, ხოლო ეშმაკსა და მის მიმდევრებს – როდესაც მყუდროებაში ვიმყოფებით. თუ მწუხარებებსა და ჭირში აღესრულება ღვთის მცნებები და ჩვენ არად ვაგდებთ ამ გარემოებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვნებების გამო უგულებელვყოფთ თავად მცნებების დამწესებელს და ამ უგულებელყოფას განაპირობებს ჩვენი მყუდროება და უმოქმედობა, რითაც უსარგებლოდ ვაქცევთ სიკეთეების წყაროს – მწუხარებასა და განსაცდელებს. და რაც უფრო მეტ მყუდროებას ვიწყობთ, ამით მეტ ადგილს ვუტოვებთ ჩვენში ვნებებს, რადგან შევიწროვებულ სხეულში არ შეუძლიათ გულისთქმებს თავისუფლად მოქმედება. ამის საპირისპიროდ – როდესაც ვინმე სიხარულით ითმენს მწუხარებას და ღვაწლის სიმძიმეს, მას შეუძლია მართოს საკუთარი გულისთქმები, რადგან თავისი მოღვაწეობით ვნებებს აკვდინებს და გულისთქმებს უმოქმედოს ხდის. როდესაც ადამიანს ახსოვს თავისი ცოდვები და სჯის საკუთარ თავს ნებაყოფლობითი მწუხარებით, მაშინ ღმერთი ზრუნავს მასზე, რათა ანუგეშოს იგი. ღმერთს უხარია, როდესაც ღვთის გზიდან აცდენის გამო ადამიანი ნებაყოფლობით ისჯის თავს, რაც მის სინანულზე მიანიშნებს. და რაც უფრო მეტად აიძულებს ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მრავლდება ღვთისაგან ბოძებული პატივი. ყოველგვარი სიხარული, რომლის მიზეზი არ არის სათნოება, ადამიანში აღაგზნებს ავხორცულ მოძრაობებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ვთქვით ვნებიანი და არა ბუნებრივი მოთხოვნილებების შესახებ. იყოს დიდება უფლისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! |
წინა თავი | შემდეგი თავი |