მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ხორციელ ვნებებს, ჩემო ძმაო, სხვა ვნებებისგან განსხვავებით, განსხვავებული ხერხით უნდა ებრძოლო. ეს რომ შესაბამისად აღასრულო, უნდა იცოდე, რა უნდა აკეთო ვნებების შემოტევამდე, მათი შემოტევისას და მათი დასრულების შემდეგ.

ვნებების შემოტევამდე ყურადღება უნდა მიაქციო მიზეზებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საბაბს წარმოადგენენ ვნებათა თავდასხმისათვის ან ვნებებით განხურვებისათვის. აქ ასეთი კანონია: ყოველნაირად მოერიდე შემთხვევებს, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ შენი ხორცის მყუდროება, განსაკუთრებით მოერიდე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრას, და თუ ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს ასეთ ადამიანთან საუბარს, ესაუბრე მცირე დროით, მორიდებით, სახის ერთგვარი მკაცრი გამომეტყველებით, ამასთანავე, შენი სიტყვები იყოს მეტად თავშეკავებული და არც ზედმეტად თავაზიანი.

„არასოდეს ენდო შენს მტერს“ (ზირაქ. 12: 10), – ბრძანებს ბრძენი ზირაქი. შენც ნუ დაუჯერებ შენს სხეულს, რადგან როგორც სპილენძი საკუთარი თავიდან წარმოქმნის ჟანგს, ასევე ხორცის გახრწნილი ბუნება თავადვე წარმოშობს ავხორცულ ბილწ მოძრაობებს. „რამეთუ ვითარცა რვალი დაჟანგდეს, ეგრეთ სიბოროტე მისი“ (იქვე). არ ენდო, ვიმეორებ, არ ენდო ამ საკითხში საკუთარ თავს, თუნდაც არ გრძნობდე და ან დიდი ხანია არ გეგრძნოს შენი სხეულის მწარე ნესტარი, რადგან ეს სამგზის წყეული ბოროტება რასაც არ აღასრულებდა მრავალი წლის განმავლობაში, ხანდახან აღასრულებს ერთ საათში ან მყისიერად და თანაც, ყოველთვის უჩუმრად ემზადება თავდასხმისათვის. ასევე, იცოდე, რომ რაც უფრო მეტად გაჩვენებს თავს მეგობრად და მცირე მიზეზსაც არ გაძლევს ეჭვისთვის, მით უფრო დიდ ზიანს მოგაყენებს შემდგომ და ხშირად – სასიკვდილოსაც.

განსაკუთრებით უნდა გვეშინოდეს ურთიერთობისა საპირისპირო სქესის იმ წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ხშირად გვიწევს ურთიერთობა იმიტომ, რომ ან ნათესავები არიან, ან კეთილი და ღვთივმოსავი ადამიანები, რომელთაგანც მრავალი სიკეთე გვახსოვს და შესაბამისად, მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა გვმართებს. ამის შიში უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ასეთ დროს შიშისა და ყურადღების გარეშე წარმართულ ურთიერთობებს ყოველთვის შეერევა დამღუპველი ვნებიანი ურთიერთობები, რომლებიც ნელა - ნელა აღწევენ ჩვენი სულის სიღრმეებში და აბნელებენ გონებას, ამ ზემოქმედების შედეგად კი აღარ ერიდებიან ცოდვის გამომწვევ მიზეზებს: ვნებიან შეხედვას, ტკბილ საუბარს ორივე მხრიდან, მიმზიდველ და გამომწვევ მოძრაობებსა და სხეულის მდგომარეობას, ხელის ჩამორთმევას და შეხებას, რომლისგანაც, საბოლოოდ, ცვივიან ცოდვასა და ეშმაკის მიერ გაბმულ სხვა მრავალ ბადეში, საიდანაც, ხშირ შემთხვევაში, თავის დაღწევა საერთოდ შეუძლებელია.

გაექეცი, ჩემო ძმაო, ამ ცეცხლს, რამეთუ თავად დენთი ხარ – ნუ დააჯერებ თავს, რომ სველი დენთი ხარ და აღსავსე ძლიერი ნებისყოფით. არა! არა! სჯობს იფიქრო, რომ შენ ხარ მშრალი დენთი, და მაშინვე აალდები, როგორც კი ცეცხლს იგრძნობ. ნუ გექნება იმედი შენი მტკიცე გადაწყვეტილებისა და მზადყოფნის, რომ ირჩევ მოკვდე, ვიდრე ღმერთი ცოდვით გაანაწყენო. დავუშვათ, რომ მართლაც სველი დენთი ხარ, მაგრამ ხშირი ურთიერთობებითა და მუდმივად მის თვალწინ ყოფნით ხორციელი ცეცხლი ნელ – ნელა ამოაშრობს შენი კეთილი განზრახვების მაარსებებელ წყალს და ვერც კი შეამჩნევ, ისე აღმოჩნდები ალმოდებული ხორციელი სიყვარულით, თანაც იმ ზომამდე, რომ აღარც ადამიანების შეგრცხვება და აღარც ღვთის შიში გექნება, აღარაფრად ჩააგდებ პატივს, სიცოცხლეს, ჯოჯოხეთის სატანჯველებს და მხოლოდ ცოდვის ქმნისაკენ გექნება სწრაფვა.

ყველანაირად გაექეცი:

ა) ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც საცდურად შეიძლება გექცნენ – თუ არ გსურს ცოდვის მონა გახდე და საზღაური გადაიხადო სულიერი სიკვდილით; ბრძენი სოლომონი ბრძენს იმას უწოდებს, ვისაც ცოდვის ჩადენის ეშინია და ცოდვის მიზეზებს გაურბის, ხოლო საკუთარ თავში დარწმუნებულსა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონეს, რომელიც არ ერიდება ცოდვის ქმნის შესაძლო მიზეზებს, უგუნურს უწოდებს: „ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული“ (იგავნ. სოლ. 14: 16). პავლე მოციქულსაც იმავეს თქმა ხომ არ სურდა კორინთელთათვის, როდესაც ამგვარად მოუწოდებდა მათ: „ერიდეთ სიძვას“(1 კორ. 6:18)?!

ბ) გაექეცი უქმად ყოფნასა და სიზარმაცეს: იფხიზლე, ყურადღება მიაქციე გულისთქმებს და გონივრულად, შენი მდგომარეობის შესაბამისად, წარმართე საქმეები.

გ) არასოდეს ეურჩო წინამძღვარსა და სულიერ მამას, არამედ სიხარულით დაემორჩილე მათ ყველაფერში, მუდმივად მზად იყავი, რომ სწრაფად და მონდომებით შეასრულო რასაც გიბრძანებენ, განსაკუთრებით, რაც შენი ნებისა და მიდრეკილებების საწინააღმდეგო იქნება და დაგამდაბლებს.

დ) არასოდეს მისცე თავს უფლება თამამად განსაჯო მოყვასი, ნურავის განსჯი და განიკითხავ, განსაკუთრებით ამ ხორციელი ცოდვის გამო, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, თუნდაც რომ ის აშკარად სცოდავდეს; პირიქით, იქონიე მის მიმართ სიბრალული და შეიცოდე; ნუ გაბრაზდები მასზე და ნუ დასცინებ, მისი მაგალითი გამოიყენე შენთვის თავმდაბლობის სასწავლად და იფიქრე, რომ თავადაც საკმაოდ სუსტი ხარ და ბოროტებისკენ მიდრეკილი, და როგორც გზაზე დამდგარმა მტვერმა, უთხარი საკუთარ თავს: „დღეს ის დაეცა, ხვალ მე დავეცემი“. იცოდე, რომ თუ სულსწრაფი ხარ და დაუფიქრებლად განიკითხავ სხვებს, ღმერთი ამის გამო მკაცრად დაგსჯის და დაუშვებს, რომ იმავე ცოდვაში ჩავარდე, რომლის გამოც სხვას განიკითხავ. „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ“ (მათე 7:1), ამგვარად, იმავე ცოდვის გამო იქნები განკითხული, რომლის გამოც სხვა განიკითხე, რათა საკუთარი დაცემით შეიცნო დამღუპველობა ამპარტავნებისა და დამდაბლდე, რათა ჰპოვო განკურნება ერთბაშად ორი ბოროტებისაგან – ამპარტავნებისა და მრუშობისაგან; ხოლო თუ ღმერთი, თავისი მოწყალებით, დაცემისაგან გიფარავს და შეურყევლად და მტკიცედ იცავ აზრს უბიწოების შესახებ – თუ უწინ განიკითხავდი კიდეც სხვას, ამიერიდან ნუღარ განიკითხავ და ნუ იქნები თავდაჯერებული, არამედ უფრო მეტად გეშინოდეს და არ ირწმუნო, რომ მუდამ ასეთი მტკიცე და ურყევი იქნები.

ე) ყურადღებით იყავი და იფხიზლე. თუ გაქვს ღვთისგან ბოძებული რამე ნიჭი ან სულეიერად მტკიცე ხარ, თავს ნუ აიმაღლებ ოცნებითა და ყალბი წარმოდგენით, თითქოს დიდი ვინმე ბრძანდებოდე, ნუ იფიქრებ, რომ მტერი ვერ გაბედავს შენზე თავდასხმას, რადგან იმდენად გძულს ისინი, რომ თუკი მოახლოვებას გაგიბედავენ, მაშინვე უკუაგდებ მათ. როგორც კი ასეთ რამეს გაიფიქრებ, იცოდე, რომ ისე სწრაფად და იოლად დაეცემი, როგორც შემოდგომის ფოთოლი ვარდება ხიდან.

აი, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც გმართებს ვნებების თავდასხმამდე.

თავდასხმის დროს კი ასე მოიქეცი:

სწრაფად გამოიძიე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ხორციელი ბრძოლის დაწყებისა და მაშინვე თავიდან მოიშორე ის. მიზეზი კი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი. გარეგანი მიზეზებია: მოურიდებელი მზერა, ყურისთვის საამო საუბრები და სიმღერები, გამჭირვალე და თამამი სამოსი, სურნელოვანი სუნამოები, თამამი ქცევა და მოურიდებელი საუბრები, ერთმანეთის შეხება და ხელის ჩამორთმევა, ცეკვა და მრავალი მსგავსი.

ამ ყოველივესგან საკურნებელი საშუალებებია: მოკრძალებული და უბრალო სამოსი, უარის თქმა იმ ყველაფრის ცქერაზე, მოსმენაზე, შეხებასა და საუბარზე, რაც ამ ცოდვისთვის აღძრავს ხორცს, განსაკუთრებით საჭიროა მოერიდო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, როგორც ზევით უკვე ვთქვით ამის შესახებ.

შინაგან მიზეზს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თვითკმაყოფილება და ხორციელი განცხრომა, როცა სხეულის ყველა სურვილი და მოთხოვნა კმაყოფილდება და მეორე მხრივ, ბილწი გულისთქმები, რომლებიც დანახულის, მოსმენილის ან განცდილის გახსენებით თავისთავად ჩნდებიან, ან მათ ბოროტი სულები აღძრავენ.

რაც შეეხება თვითკმაყოფილებასა და ხორციელ განცხრომას, როგორც გამოცდილი და განსჯის უნარის მქონე წმიდა მამები გვასწავლიან, მას უნდა დავუპირისპიროთ მკაცრი მარხვა, მღვიძარება, ხმელ საგებელზე ძილი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მეტანიები სხეულის დაქანცვამდე და სხეულის მომქანცველი სხვა მსგავსი საშუალებები, ხოლო ბოროტი გულისთქმებისგან განსაკურნებლად – საიდანაც არ უნდა მომდინარეობდნენ ისინი – სასარგებლოა სხვადასხვა სახის სულიერი წვრთნა, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ შენს სულიერ მდგომარეობასა და საჭიროებას მოცემულ ვითარებაში, ეს შეიძლება იყოს: წმიდა და სულისმარგებელი წიგნების კითხვა, მაგ. ეფრემ ასურის, იოანე კიბისაღმწერელის, სიკეთისმოყვარეობა და მრავალი სხვა, ასევე – კეთილკრძალული ფიქრები და ლოცვა.

როდესაც ბილწი გულისთქმები გესხმიან თავს, ამგვარად ილოცე: მყისვე მიმართე გონება ჩვენთვის ჯვარცმული უფლის მიმართ და სულის სიღრმიდან შეჰღაღადე:“ იესო ჩემო, უფალო! ტკბილო იესო! მსწრაფლ შემეწიე და მტრების ხელთ ნუ ჩამაგდებ“; ამავდროულად, გონებაში თაყვანი ეცი და ეამბორე უფლის ცხოველსმყოფელ ჯვარს, რომელზეც შენთვის გაეკვრა ქრისტე, ეამბორე ასევე მის წყლულებს და თქვი სიყვარულით: „უწმიდესო წყლულებო! განკურნეთ ჩემი უბადრუკი და უწმინდური გული და ნუ დაუშვებთ, რომ ჩემი უწმინდურობით შეგარცხვინოთ და შეურაცხგყოთ“.

როდესაც შენში მატულობს ხორციელი ტკბობის ბილწი გულისთქმები, მათ განხილვას ნუ შეუდგები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები სწორედ ამას გვირჩევენ; გონებით ნუ წარმოიდგენ უწმინდურებასა და სიბილწეს, რომელიც ხორციელ ვნებას ახლავს თან, ნურც სინდისის ქენჯნით გამოიჭამ თავს, რაც თან სდევს ხოლმე ცოდვის ჩადენას, ნურც შენი სხეულის შებილწვასა და უბიწოების დაკარგვაზე დაიწყებ ფიქრს, ნურც სინდისის დაკარგვასა და სხვა ამათ მსგავსზე; ნუ დაიწყებ ფიქრს, ვიმეორებ, ამათ შესახებ, რადგან ამგვარი განზრახვა გარჩევისა ყოველთვის სწორი და სანდო გადაწყვეტილება არ არის ხორციელი ვნებების დასაძლევად. პირიქით, ამან შეიძლება მეტადაც გააძლიეროს ბრძოლა და დაცემამდეც კი მიგიყვანოს, რადგან, მართალია, გონება აზრების გზით ეცდება ბრძოლას ამ ვნების წინააღმდეგ, მაგრამ რადგან აზრი, პირდაპირ თუ არა, წარმოსახვით მაინც, იქნება მიბმული იმ ცოდვასთან, რომლის მიმართაც ჯერ კიდევ არ არის გულგრილი გული, არ იქნება გასაკვირი, რომ, გონების მკაცრი მსჯელობის მიუხედავად, გული მას დაეთანხმოს და ტკბობაც განიცადოს, რაც არის კიდეც სულიერი დაცემა.

ამ დროს, პირიქით, უნდა იფიქრო ისეთ საგნებზე, რაც ბილწ გულისთქმებს მოგწყვეტს და ყურადღებას სრულიად სხვა რამეზე გადაგატანინებს, ამასთანავე, გულზეც იმოქმედებს და სიფხიზლეს დაგიბრუნებს. ასეთი რამ კი ჩვენთვის განკაცებული უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ტანჯვის გახსენებაა, ასევე – ფიქრი სიკვდილზე, რომელიც გარდაუვალია და აუცილებლად მოგველის, ან გახსენება იმ დღისა, როცა საშინელი სამსჯავროს წინაშე მოგვიწევს წარდგომა, ან ფიქრი ჯოჯოხეთური სატანჯველების შესახებ და ა. შ.

და მაინც, თუ ბილწი გულისთქმები კვლავაც განსაკუთრებული ძალითა და მონდომებით განაგრძობენ შემოტევას – როგორც ეს ხშირად ხდება – ნუ შეშინდები და ნუ შეწყვეტ ფიქრს (ზემოთ ნათქვამის შესაბამისად) და ნუ მიმართავ ბრძოლის იმ ხერხს, რომ პირდაპირ ბილწ გულისთქმებს დაუპირისპირდე, თითქოსდა უკეთური აზრების გამოსააშკარავებლად, ნუ მოიქცევი ასე, არამედ, რამდენადაც შესაძლებელია, ყურადღება გადაიტანე იმაზე, რაც მეტად შეგაშინებს და გამოგაფხიზლებს, და საერთოდაც ნუ მიაქცევ ყურადღებას ბილწ გულისთქმებს, თითქოს არც კი იყოს ისინი შენი. იცოდე, რომ არ არსებობს მათ განსადევნად უფრო უკეთესი საშუალება, ვიდრე მათი მოძულება და უყურადღებოდ დატოვებაა. ამგვარი განსჯა ხშირად შეწყვიტე ასეთი ან მსგავსი ლოცვით: „მიხსენ მე, შემოქმედო ჩემო და მხსნელო ჩემო, შენი გამოუთქმელი მოწყალებით, მტერთა ჩემთაგან, სადიდებელად ვნებათა შენთა“. მსგავსი ლოცვით დაასრულე შენი ფიქრები.

ფრთხილად იყავი, არავითარ შემთხვევაში ეს ხორციელი უწმინდურობა არ შემოუშვა შენს წარმოსახვაში, რადგან ერთხელაც კი ამისი დაშვება მეტად სახიფათოა. მათთან საუბარს ნუ შეჰვები, ნუ ეცდები გაარკვიო დაეთანხმე თუ არა ბილწ გულისთქმებს. ამგვარი ჩხრეკა გონებით, ერთი შეხედვით, კარგია, სინამდვილეში კი ეშმაკის მახეა, რომელიც მზაკვრულად ცდილობს შენს ცდუნებას, რათა დაგამძიმოს ან სულმოკლეობასა და სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, ან რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვოს ამ ცოდვაზე ფიქრში, რათა შემდეგ საქმით ჩავარდე ამ ან ამის მსგავს ცოდვაში.

ასეთი შემაშფოთებელი გულისთქმების ყოველმხრივ გამოკვლევას, სჯობს, რომ მოძღვართან აღსარება თქვა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ასე გულითაც და გონებითაც დამშვიდდები, რადგან თავს აღარ დაიტანჯავ ცოდვაზე ფიქრით და სულიერი მოძღვრის გადაწყვეტილებას მიენდობი, მხოლოდ ყველაფერი უნდა უამბო, თუ რა აშფოთებდა და აშფოთებს ამ განსაცდელში შენს გონებასა და გულს, მთავარია, სირცხვილის გამო არ დადუმდე, თავი დაიმდაბლე და მოძღვარს არაფერი დაუმალო, და თუ ყოველგვარ განსაცდელშია საჭირო თავმდაბლობა, მით უმეტეს გვამრთებს ეს ხორციელ ვნებებთან ბრძოლაში, რათა გაიმარჯვო.

ხორციელ გულისთქმებსა და მრუშობის ცოდვაში ჩავარდნას, უმეტეს შემთხვევაში, ან სიამაყე განაპირობებს, ან გაამაყებულის დამდაბლება და დასჯა. ამიტომაც ბრძანებს წმიდა იოანე სინელი, რომ თუკი ვინმე დაეცა მრუშობით ან მისი მსგავსი ცოდვით, იცოდე, რომ მანამდე ის ამპარტავნების ცოდვით დაეცაო და ხორციელ ცოდვაში ჩავარდნა კი დაშვებულია მის დასამდაბლებლად: „სადაც აღესრულა ხორციელი დაცემა, მანამდე იქ ბატონობდა ამპარტავნება, რამეთუ ამპარტავნება არის დაცემის უპირველესი მაცნე“, ან კიდევ: „ამპარატავანის სასჯელი არის დაცემა“(სოლ. 23: 4; 10).

როდესაც საბოლოოდ დაცხრება ბილწი გულისთქმები და განსაცდელიც გადაივლის, აი, რისი გაკეთება გმართებს: როგორც არ უნდა გეჩვენებოდეს, რომ უკვე თავისუფალი ხარ ხორციელი ბრძოლისაგან, და როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო საკუთარ სიმტკიცეში, ყველანაირად შეეცადე, რომ გონება და ყური მოარიდო იმ საგნებსა და ადამიანებს, რომელთა გამოც აღეგზნო შენში ხორციელი ვნება, ნუ მოისურვებ მათთან შეხვედრას იმ მიზეზით, რომ ქალბატონები შენი ხორციელი ნათესავები არიან, ან შენდამი კეთილად განწყობილნი და კეთილისმოქმედნი; მუდმივად შეახსენე საკუთარ თავს, რომ საკუთარი ხრწნადი სხეული ხშირად გვაცდუნებს და ბოროტი სულიც მზაკვრულად გვიგებს მახეს, რომელიც, როგორც პავლე მოციქული გვაფრთხილებს, სინათლის ანგელოზად გარდაისახება, რათა წყვდიადში ჩაგვაგდოს (2 კორ. 11:14).


წინა თავი შემდეგი თავი