მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


ღირსი კასიანე რომაელი

თავი 1

წმიდა მამების გადმოცემის მიხედვით, მეორე ღვაწლი ჩვენ გვმართებს მრუშობის სულის წინააღმდეგ - ომი ხანგრძლივი, მუდმივი, სასტიკი, რომელშიც ცოტანი თუ აღწევენ სრულ გამარჯვებას, და რომელიც იწყება სხეულის მომწიფების ასაკიდან და თავს გვახსენებს და გრძელდება მანამ, სანამ სხვა ვნებები არ დაიძლევიან. რადგან თავდასხმა არის ორმხრივი (სხეულსა და სულზე), ბრძოლაც გვმართებს ორმხრივი იარაღით. როგორც ავადმყოფობის დროს სხეულისა და სულის ერთიანობა განაპირობებს ძალების მატებას, აქაც სხვაგვარად ვერ მივაღწევთ გამარჯვებას, თუ სხეული და სული ერთად არ იბრძოლებენ, რადგან მხოლოდ სხეულით მარხვა არ არის საკმარისი უბიწოების შესანარჩუნებლად და მის დასაცავად, თუ მას წინ არ უძღვის შემუსვრილი სული და განუწყვეტელი ლოცვა უწმინდური სულის წინააღმდეგ, შემდეგ კი ხანგრძლივი ფიქრი წმიდა წერილის ირგვლივ და მისი სულიერი გააზრება, ასევე შრომა და ხელსაქმე, რომლებიც ათვინიერებენ გულს, და უწინარეს ყოვლისა – ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია რომელიმე მანკიერებაზე გამარჯვება.

თავი 2. მთავარი საშუალება მრუშობის სულის წინააღმდეგ

ამ მანკიერების გამოსწორება განსაკუთრებით არის დამოკიდებული გულის სიწმინდეზე, საიდანაც – უფლის სიტყვებით – გამოდის ამ ავადმყოფობის ჩირქი: „ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი“ (მათ. 15: 19). შესაბამისად, ჯერ გული უნდა განიწმინდოს, რომელშიც არის სიცოცხლისა და სიკვდილის წყარო, როგორც ბრძანებს ამის შესახებ სოლომონი: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავნი სოლომ. 4: 23). რადგან სხეული ემორჩილება გულის ნებასა და ძალაუფლებას, და ამიტომ განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა დავიცვათ მკაცრი მარხვა, რათა ზედმეტი საკვებით დამძიმებული სხეული, რომელიც ეწინააღმდეგება სულის შთაგონებებს, არ გამძვინვარდეს და არ უგულებელყოს თავისი მმართველი – სული. ერთი სიტყვით, თუ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მხოლოდ სხეულის მოთვინიერებას მივანიჭებთ და სულიერ თავშეკავებას არ გამოვიჩენთ სხვა ვნებებთან დაკავშირებით და არ დავკავდებით ღვთაებრივზე ფიქრითა და სულიერი წრთობით, მაშინ ვერანაირად ვერ მივაღწევთ ჭეშმარიტი უბიწოების უმაღლეს საფეხურს, რადგან ის მთავარი, რაც ჩვენში არის, ყოველთვის დაარღვევს ჩვენი სხეულის უბიწოებას. მაშასადამე, უფლის სიტყვების მიხედვით, ჯერ შიგნიდან არის საჭირო სასმისისა თუ ლანგრის გაწმენდა, რათა წმიდა იყოს ის გარედანაც (მათ. 23: 26).

თავი 3. რამდენად უწყობს ხელს განმარტოება მრუშობის ვნების დაძლევას

სხვადასხვა ვნებებისაგან, როგორც წესი, თავისუფლდებიან ადამიანებთან ურთიერთობით, ყოველდღიური წვრთნით, თუმცა ზოგჯერ თავად ცოდვის აღმოჩენაც კი საკმარისია მათგან განსაკურნებლად. მრისხანებისა და მოუთმენლობის და სასოწარკვეთილებისა და მწუხარების ვნებები იკურნება სულიერი განსჯით, დაუღალავი მონდომებით, ზოგჯერ ძმების მონახულებითა და გულითადი ლოცვით. ეს ვნებები რაც უფრო მეტად აღიძვრებიან, მეტად და ხშირად გამოვლინდებიან, სააშკარაოზე გამოტანით კი უფრო სწრაფად იკურნებიან. ხოლო ეს ავადმყოფობა – სიძვისა და მრუშობის ვნება – გულშემუსვრილებასა და სხეულის მოთოკვასთან ერთად – მოითხოვს ადამაინთაგან დაშორებას, განცალკევებას, რათა მომაკვდინებელი ავხორცობის შესუსტების შემდეგ, შესაძლებელი იყოს სრულად გამოჯანმრთელება. თავისი დაავადების მცოდნე ავადმყოფისთვის სასარგებლოა, რომ მას მავნე საკვები თვალში არ ხვდებოდეს, რათა სურვილი არ აღეძრას, მსგავსადვე, მრუშობის და სიძვის სენისაგან განსაკურნებლად მეტად სასარგებლოა განცალკევება და სიმშვიდე, რათა დასნეულებული სული არ შფოთავდეს ხვადასხვა საგანთა ცქერით და წარემატოს სულიერ ჭვრეტაში, რათა უფრო მარტივად შეძლოს გაანადგუროს ხორციელი გულისთქმები.

თავი 4. რა განსხვავებაა სიწმინდეს და თავშეკავებას შორის და ყოველთვის ერთიმეორის გვერდით არსებობენ თუ არა ისინი.

ნურავინ იფიქრებს, თითქოს შეუძლებლად მივიჩნევდეთ, რომ ერთად მცხოვრებ ძმებს შორისაც მოღვაწეობდნენ თავშეკავებულნი. პირიქით, ეს სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია, რადგან ერთია იყო თავშეკავებული და მეორეა - იყო წმინდა და მიაღწიო უცოდველობის იმგვარ მდგომარებას, როგორსაც ჰქვია უბიწოება. ეს სათნოება განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, ვინც გონებით ან სხეულით ინახავს ქალწულობას. ამის მაგალითი არიან ახალ აღთქმაში იოანე ნათლისმცემელი და იოანე მახარებელი, ხოლო ძველ აღთქმაში – ელია, იერემია, დანიელი. სამართლიანად მათ რიგს შუურთდებიან ისინი, ვინც გარყვნილი ცხოვრების შემდეგ, დიდი შრომით და გულმოდგინებით მიაღწიეს სულისა და სხეულის ისეთ ამაღლებულ მდგომარეობას, რომ ხორცის შემოტევას მხოლოდ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე განიცდიან და არა ავხორცული აღგზნების გამო. ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან რთულია (შეიძლება ვთქვათ, შეუძლებელიც კი) ამგვარი უვნებო მდგომარეობის მიღწევა ხალხმრავლობაში. დაე, ყველამ თავისი სინდისის მიხედვით განსაჯოს ამის შესახებ და არა ჩვენი ნათქვამის შესაბამისად, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მრავალი ცხოვრობს თავშეკავებით, რომლებიც დროგამოშვებით ან სულაც ყველდღიურად ითმენენ ხორციელ შემოტევებს, მაგრამ ჯოჯოხეთის შიშითა თუ ცათა სასუფეველში დამკვიდრების სურვილით თოკავენ და ახშობენ მას. მამები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია მათ არ აქვთ უკიდურესად მწვავე ბრძოლები, მაგრამ შუეძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ ამ ვნებით მოწყლულნი, რადგან ვინც ბრძოლაშია, თავის მოწინააღმდეგეზე ხშირი გამარჯვების მიუხედავად, სასარგებლოა ხანდახან მაინც იყოს დაჭრილი.

თავი 5. სიძვის ვნებაზე გამარჯვება მხოლოდ ადამიანური მცდელობით შეუძლებელია

ამიტომ, თუ გვსურს, კანონიერად ვიღვაწოთ სულიერ ბრძოლაში და გავიმარჯვოთ ამ უწმინდურ სულზე, მაშინ უნდა შევძლოთ და იმედები დავამყაროთ არა საკუთარ ძალებზე (რამეთუ შეუძლებელია ადამიანური მონდომებით დაიძლიოს ეს ვნება), არამედ ღვთის შეწევნაზე. რამეთუ სული დაუსრულებლად ითმენს ამ ვნების შემოტევებს მანამ, სანამ არ გააცნობიერებს, რომ საკუთარ ძალებზე აღმატებულ ბრძოლაშია ჩაბმული და მხოლოდ საკუთარი მოდნომებითა და ძალებით, უფლის შეწევნისა და მფარველობის გარეშე, ვერ შეძლებს გამარჯვებას.

თავი 6. ღვთის განსაკუთრებული მადლის შესახებ, რომელიც აუცილებელია სიწმინდის მისაღწევად.

ჭეშმარიტად, რაკი ნებისმიერ სათნოებაში წარმატების მისაღწევად და ვნებათა დასაძლევად ღვთის მადლია საჭირო და მასზეა დამოკიდებული ჩვენი გამარჯვება, ამიტომ უბიწოების შესანარჩუნებლად განსაკუთრებით საჭიროა ღვთის შეწევნა და მადლი, როგორც ამის შესახებ გვასწავლიან წმიდა მამები. ამასვე გვიდასტურებს თავად ამ ხორციელ ვნებასთან ბრძოლის გამოცდილება, რომ ეს მადლი უხვად ებოძება იმათ, ვინც ღირსია მისი მიღებისა. ხოლო ის, რომ ცოცხალი ადამიანი არ გრძნობდეს ხორციელ ბრძოლას, შეუძლებელია, რადგან მაშინ მან უნდა დატოვოს სხეული და ბუნების კანონზე მაღლა დადგეს. სწორედ ამიტომ, ადამიანს, როგორც იტყვიან, თავს ზევით ძალა არ აქვს, რომ საკუთარი შესაძლებლობებით მიაღწიოს დიდ სულიერ სიმაღლეს, თუ ღვთის მადლითა და წყალობით არ განიწმინდება ამსოფლიური ბიწისაგან, რადგან ადამიანები არცერთი სხვა სათნოებით ისე არ ემსგავსებიან უფლის ანგელოზებს, როგორც უბიწოებით. სწორედ რომ უბიწოების გამო, ჯერ კიდევ წუთისოფელში მყოფნი, ზეცის მოქალაქენი ხდებიან რომლის მარადიული მკვიდრნიც, აღთქმის მიხედვით, მომავალ ცხოვრებაში გახდებიან.

თავი 7. ამქვეყნიური სარბიელის მაგალითი

ისმინე, რას ბრძანებს მოციქული: „ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს“ (1 კორ 9: 25). ე. ი. მოციქულის სიტყვებით, ყველაფრისგან უნდა შევიკავოთ თავი, როგორც წუთისოფლის სარბიელზე მოასპარეზემ, რომელიც ჩვენი მაგალითი უნდა იყოს სულიერი მოღვაწეობის გზაზე. წუთისოფელში მოასპარეზეს უფლება არა აქვს იმ ყველაფრით იკვებოს, რასაც მოისურვებს, არამედ მხოლოდ თავისი მოღვაწეობის შესაბამისად დადგენილ საკვებს იღებს. მან არა მხოლოდ აკრძალული საკვებისა თუ სასმელისაგან ან ნებისმიერი არაფხიზელი მდგომარეობისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ ყოველგვარი უმოქმედობა და სიზარმაცეც უნდა მოიძულოს, რათა ყოველდღიური ვარჯიშებითა და სწორი დამოკიდებულებით გაძლიერდეს ფიზიკურად. ამისათვის ისინი სრულებით ითავისუფლებენ თავს ყოველგვარი საზრუნავისგან, მწუხარებისაგან, ყოველდღიური ყოფითი საქმეებისა და ოჯახური მოვალეობებისაგან. ასე რომ, თავანთ საქმიანობაში გაწაფვის გარდა, არაფერზე ფიქრობენ და არავითარი ამქყვეყნიერი საზრუნავით არ არინ დაკავებულნი, რადგან იმედი აქვთ, რომ თავიანთი უფროსისაგან მიიღებენ ყოველდღიურ სარჩოს, დიდების გვირგვინსა და ღირსეულ ჯილდოს გამარჯვებისთვის. ისინი იმდენად იცავენ თავს ბიწიერი ურთიერთობისაგან, რომ როდესაც საასპარეზოდ ემზადებიან, იმისათვის, რომ არ ცდუნდნენ ღამის ოცნებებით და არ გამოეცალოთ ძალა, რომელსაც დიდხანს აგროვებდნენ, თირკმელების ადგილს იფარავენ ტყვიის ფირფიტებით, რათა მისი საშუალებით შეეწინააღმდეგონ უწმინდური სითხეების გამოდინებას, რადგან იციან, რომ დასუსტებული ძალებით ვერ შეძლებენ შეებრძოლონ და დაამარცხონ მოწინააღმდეგე, თუკი ზიანისმომტანი სიამოვნებით ცდუნებული შეარყევს უბიწოების სიმტკიცეს.

თავი 8. შედარება მათთან, ვინც ემზადება ჩაერთოს ამქვეყნიურ ბრძოლაში

მაშასადამე, თუ ჩვენთვის ცნობილია წესები საერო ასპარეზობისა, რომლის მაგალითითაც სურს ჩვენი განსწავლა მოციქულს და გვიჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია სიზუსტე, გულმოდგინება და სიფრთხილე – მაშინ მივხვდებით როგორც უნდა ვიმოქმედოთ და რაოდენ გვმართებს სხეულის სიწმინდის დაცვით სულის უბიწოების დაცვა იმათ, ვინც ყოველდღიურად ვიხმევთ კრავის საღმრთო ხორცს, რომელთანაც, ძველი აღთქმის მიხედვით, უწმინდურობაში მყოფის მიკარებაც კი არ შეიძლებოდა. ლევიტელთა წიგნში წერია: „ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა; ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა“ (ლევ. 7: 19-20). ამგვარად, უბიწოების გარეშე ვერც ძველი აღთქმის ადამიანები ეკარებოდნენ საღვთო შესაწირავს და ვერც ამქყვეყნიერი ხრწნადი გვირგვინის მიღების მსურველნი იღებენ მას.

თავი 9. ღვთის წინაშე გულის სიწმინდის როგორი დაცვა გვმართებს განუწყვეტლივ

მაშასადამე, დასაწყისში დიდი ყურადღებით უნდა განვიწმინდოთ ჩვენი გულის სამალავები, რადგან ის, რისთვისაც ძველი აღთქმის ადამიანებს სურდათ მიეღწიათ სხეულის სიწმინდით – ჩვენ უნდა ვიქონიოთ სინდისის სამალავებში, სადაც იმყოფება უფალი – მრჩეველი და მოღვაწეობის სულის ჩამდგმელი, რომელიც განუწყვეტლივ ადევნებს თვალს ჩვენს ღვაწლსა და ბრძოლას, რათა ჩვენი დაუდევარი ფიქრებითა და სურვილებით არ დავუშვათ ჩვენ შიგნით იმის აღმოცენება, რისი აღსრულების ცხადშიც გვეშინია და რისი გამჟღავნებისაც გვრცხვენია ადამიანების წინაშე; თავი არ უნდა წავიბილწოთ ამით ფარულად. მართალია, ეს გულისთქმები დაფარული შეიძლება დარჩეს კაცთათვის, მაგრამ ვერ დაიმალება ანგელოზებისა და ყოვლადძლიერი ღვთის წინაშე, რომლისთვისაც არ არსებობს დაფარული საიდუმლოებანი.

თავი 10. რა არის სრულყოფილი სიწმინდის ნიშანი

ასეთი სიწმინდის ცხადი ნიშანი და სრული მტკიცებულება იქნება ის, რომ როდესაც ვისვენებთ და ვთვლემთ, არ გვაწუხებენ მაცდუნებელი ოცნებები, ან ჩნდებიან, მაგრამ ვერ აღძრავენ ჩვენში ვერავითარ ავხორცულ მოძრაობებს. მართალია, ბილწი გულისთქმები არ ჩაითვლება ჩადენილ ცოდვად, მაგრამ ნიშანია გაუწმენდელი გულისა და ააშკარავებს იმ მანკიერებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სრულიად განადგურებულნი.

თავი 11. რომელი მანკიერებებიდან მომდინარეობს ღამის ცდუნება

დღის მანძილზე გულისთქმებისგან დაუდევრად თავის დაცვა ღამის განმავლობაში ვლინდება, ამიტომ როდესაც ამგვარი ცდუნება შეგვემთხვევა, ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ არა ძილში, არამედ ძილის წინ გულისთქმების მიმართ დაუდევარ დამოკიდებულებაში. ეს არის დაფარული შინაგანი ავადმყოფობის გამომჟღავნება, რომელიც ღამის საათებში კი არ ძლიერდება, არამედ სულის სიღრმეში დაფარული გამოაქვს სხეულის ზედაპირზე და ამხელს ფარულ ვნებას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვკვებავდით. ხორციელი დაავადებებიც სხეულში აღმოჩენისას კი არ იწყებენ მოქმედებას, არამედ ბევრად ადრე ყალიბდებიან სხეულისადმი უწინდელი დაუდევარი დამოკიდებულების მიზეზით – როდესაც საკვების უგუნური მიღებით, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, წარმოიშვა მავნე, მომაკვდინებელი სითხე.

თავი 12. სხეულის სიწმინდე არ მიიღწევა გულის სიწმინდის გარეშე

ამიტომ კაცობრიობის შემქმნელმა და შემოქმედმა ღმერთმა, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს თავისი ქმნილების ბუნებასა და გამოსწორების გზებს, სწორედ იქ ჩადო განკურნების შესაძლებლობა, სადაც სნეულების პირველმიზეზია. მაცხოვარი ბრძანებს: „ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათ. 5: 28). მიანიშნებს რა თვალის მოუთოკაობისკენ, გმობს არა იმდენად თვალებს, რამდენადაც შინაგან განცდას, რომელიც ცუდად იყენებს მზერის უნარს, რადგან გული მტკივნეულად განიგმირება ავხორცობის ისრით და მზერა ვნებიანი ხდება – და შემოქმედისგან მხედველობისთვის ბოძებულ ხედვის კეთილ უნარს ბიწიერად აქცევს ცუდი საქმეების აღმასრულებლად, ასე რომ, მზერის საშუალებით მხოლოდ სიღრმისეულად დამალული ავხორცობის სნეულება აშკარავდება. არ არის ნათქვამი: დაიცავი შენი თვალები, რომელიც დასაცავია ყველაზე მეტად, თუნდაც იმიტომ რომ მისგან გამოდის ავხორცობის მოქმედება. არამედ ნათქვამია: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად“ (იგავნი სოლომონისა 4:23), სწორედ გულს უნდა შეეხოს უპირატესად მკურნალობა, რათა ბოროტად არ გამოიყენოს თვალების მომსახურება.

თავი 13. ხორციელი გულისთქმები გამოჩენისთანავე უნდა გავაძევოთ გულიდან

მაშასადამე, სიწმინდის დასაცავად უპირველესად საჭიროა შემდეგი: როდესაც გონებაში შემოვა აზრი ქალის შესახებ, რომელიც, ეშმაკის მზაკვრული ჩანაფიქრით, დასაწყისში იწყება დედის, დების, ნათესავებისა და სხვა ღირსეული ადამიანების გახსენებით, მაშინვე სასწრაფოდ უნდა გავაძევოთ ეს მოგონებები გულიდან, რათა მაცდურმა არ დააზიანოს ჩვენი გონება და მზაკვრულად არ გაგვიტყუოს იმ სახეებისკენ, რომელთა გახსენებითაც შეძლებს მავნე გულისთქმებით ჩვენს შთაგონებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს მცნება: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად“ (იგავნ. 4: 23) და ღვთის პირველი მოწოდების შესაბამისად, ფრთხილად დავიცვათ თავი გველის მომაკვდინებელი თავისაგან (შეს. 3), ანუ ბოროტი გულისთქმების ამონაყარისაგან, რომელთა საშუალებითაც ეშმაკი ცდილობს შემოვიდეს ჩვენს სულში, და თუ ჩვენი დაუდევრობით თავით ჩვენს გულამდე მოაღწევს, თავს სხეულიც არ შემოჰყვეს და არ შემოძვრეს ჩვენს გულში – ანუ არ დაგვითანხმოს ავხორცობაზე. თუ ის შემოვა, თავისი შხამიანი ნესტრით უსათუოდ მოაკვდინებს ჩვენს დატყვევებულ სულს. საჭიროა, რომ ადრიანად, მათი გამოღვიძებისთანავე გავანადგუროთ ხორციელი ვნებები ანუ ჩვენი მოწინააღმდეგეები (ფს. 100: 8) და შევახეთქოთ კლდეს ბაბილონის შვილები (ფს. 136), სანამ ისინი მცირეწლოვანნი არიან. მაგრამ თუ მანამ არ მოვაკვდინებთ, სანამ პატარები არიან, შემდეგ, წაქეზებით გაზრდილნი, უფრო მეტი ძალით აღდგებიან ჩვენ წინააღმდეგ. მაშინ მეტი ჯაფა დაგვჭირდება მათ დასამარცხებლად, ვინაიდან ვიდრე ჩვენი სული, ძლიერი და შეიარაღებული, ღვთის მოშიშებით დარაჯობს სახლს და იცავს გულის შესასვლელებს, მანამ უსაფრთხოდ იქნება მთელი მისი ქონება, ანუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობითა და სათნოებებით მოპოვებული სიმდიდრე. და თუ ხორციელ გულისთქმებზე თანხმობის გამო გაიმარჯვებს ეშმაკი, მაშინ იგი მიიტაცებს იარაღს (წმიდა წერილის ხსოვნასა და ღვთის შიშს), რომლის იმედიც ჰქონდა სულს და მის მონაპოვარს გაფლანგავს, ანუ მოპოვებულ სათნოებებს დაკარგავს ყოველგვარი ბილწი ვნებებით.

თავი 14. უნდა ვეცადოთ სიტყვით კი არ შევასხათ ქება უბიწოებას, არამედ გავიაზროთ მისი მოქმედება

წმიდა წერილში მრავლად არის გადმოცემული უბიწოების სათნოების ქება (მაგრამ მე მისი შექება კი არ მსურს, არამედ, წმიდა მამების გადმოცემის მიხედვით, მისი თვისებები მსურს გამოვკვეთო: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ის და რა არის მისი მიზანი). მე მხოლოდ წმიდა პავლე მოციქულის ერთ გამონათქვამს განვმარტავ, საიდანაც ჩანს თუ როგორ აღამაღლა მან უბიწოება ყველა სათნოებაზე მეტად (თესალონიკელთა ეპისტოლეში) და პატივი მიაგო მას დიდებული სიტყვებით.

თავი 15. უბიწოების სათნოებას მოციქული უწოდებს სიწმინდეს

ღვთის ნებაა, – ამბობს მოციქული, – თქვენი სიწმინდე (1 თესალ. 4: 3). ჩვენთვის საეჭვო და გაურკვეველი რომ არ დარჩეს, თუ რას გულისხმობს იგი სიწმინდეში – სიმართლეს, სიყვარულს, სიმდაბლეს თუ მოთმინებას (რამეთუ ყველა ამ სათნოებით მოიპოვება სიწმინდე), მოციქული დასძენს და ცხადად აღნიშნავს, თუ რას უწოდებს სიწმინდეს: „ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას; და თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით; და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს“ (1 თეს. 4: 3-5). დაუკვირდით, როგორ აქებს და აღამაღლებს იგი უბიწოებას, როცა ჭურჭლის (ანუ სხეულის) ღირსებასა და სიწმინდეს უწოდებს მას და პირიქით, ვინც ემორჩილება ავხორცულ ვნებებს, ის იმყოფება უპატიობასა და უწმინდურობაში და უცხო ხდება სიწმინდისთვის. შემდეგ მოციქული კვლავ დასძენს სიწმიდის შესახებ: „რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სულიწმიდა“ (1 თესალ. 4:7-8). მან თავის ნათქვამის ურყეობა უდიდესი ავტორიტეტის მოხმობით დაამოწმა: ვინც უარყოფს იმას, რაც ვთქვი სიწმინდის შესახებ, ის უარყოფს არა ადამიანს ანუ მე, არამედ ღმერთს, რომელიც ლაპარაკობს ჩემში და რომელმაც ჩვენი გული განაწესა სულიწმიდის სამყოფელად. ხედავ, როგორ მარტივად, ცხადად და გასაგებად, როგორი სიტყვებით და რაოდენი შექებით აღამაღლა მან უბიწოება. პირველ რიგში, მან ამ სათნოებას დაუკავშირა სიწმინდე; შემდეგ აღნიშნა, რომ მის მიერ უნდა განიწმინდოს ჩვენი სხეულის ჭურჭელი უწმინდურებისაგან; მესამე – უნდა უარვყოთ სიბილწე და უწმინდურება და ვიყოთ პატიოსნებასა და სიწმინდეში; დაბოლოს, აჩვენა რომ სწორედ სიწმიდის მიერ დამკვიდრდება ჩვენს გულში სულიწმიდა, რაც უმაღლესი ჯილდოა და ნეტარება.

თავი 16. მოციქულის სხვა მოწმობის შესახებ იმავე სიწმინდის შესახებ

წარმოგიდგენთ მოციქულის კიდევ ერთ მოწმობას. იგი წერს ებრაელებს: „თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებრ. 12: 14). აქაც ნათლად აღნიშნავს მოციქული, რომ სიწმინდის გარეშე, რომელსაც ასევე სულის უბიწოებასა და სხეულის სიწმინდეს უწოდებს, შეუძლებელია ღვთის ხილვა. და აქვე განმარტავს თავის ნათქვამს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა - იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი“ (ებრ. 12:16).

თავი 17. უმაღლესი ჯილდოს იმედი უნდა აძლიერებდეს უბიწოების დაცვის სურვილს

მაშასადამე, რაც უფრო დიდია ზეციური ჯილდო უბიწოებისათვის, მტრის მით უფრო მეტ თავდასხმას განიცდიან. ამიტომ მეტად გულმოდგინე უნდა ვიყოთ არა მარტო სხეულით თავშეკავების მხრივ, არამედ გულის შემუსვრილებითა და ხშირი ლოცვით, რათა ჩვენი სხეულის ღუმელი, რომელსაც ბაბილონის მეფე მუდმივად აღაგზნებს ხორციელი ვნებებით, ჩავაქროთ სულიწმიდის ცვრით, რომელიც ეფინება ჩვენს გულს.

თავი 18. უბიწოება ეფუძნება სიმდაბლეს, ხოლო ცოდნა – უბიწოებას

როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, შეუძლებელია უბიწოების სათნოება შეიძინო, თუ ჯერ გულში არ იქნება სიმდაბლის საფუძველი დადებული. მსგავსადვე, შეუძლებელია მიაღწიო ჭეშმარიტი ცოდნის წყაროს, ვიდრე ჩვენი გულის სიღრმეში ჯერ კიდევ იქნება დარჩენილი მისთვის საძულველი ვნების ფესვი. შესაძლებელია უბიწოება მოიპოვო ცოდნის გარეშე, მაგრამ სულიერ ცოდნას ვერ მოიპოვებ უბიწოების გარეშე (სიბრძნ. 1: 4). მრავალი სათნოება არსებობს და სულიწმიდის ნიჭი ყველას ერთნაირად არ ეძლევა, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორი მონდომებითა და გულმოდგინებით დაიმსახურებენ. დაბოლოს, უბიწოების სათნოებას ფლობდა ყველა მოციქული, მაგრამ ცოდნის ნიჭი მეტად უხვად იყო პავლე მოციქულში, რადგან მან უდიდესი გულმოდგინებით წარმოაჩინა საკუთარი თავი ამის ღირსად.

თავი 19. წმიდა ბასილი დიდის გამონათქვამი საკუთარი უბიწოების შესახებ

გადმოგვცემენ წმიდა ბასილი დიდის, კესარია – კაბადუკიის მთავარეპისკოპოსის, მკაცრ გამონათქვამს თავისი უბიწოების შესახებ: „მე არ ვიცი ქალი, მაგრამ არა ვარ უბიწო“. მან იცოდა, რომ სხეულის უბიწოებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ქალებთან ურთიერთობის აღკვეთა, არამედ უმეტესად საჭიროა გულის უბიწოება, რომელიც ყოველთვის იცავს სხეულებრივ სიწმინდეს ღვთის მოშიშებითა და სიწმინდის სიყვარულით.

თავი 20. როგორ შეიცნობა სულის სრულყოფილი უბიწოება

უბიწოების სრულ მტკიცებულებას წარმოდგენს შემდეგი: თუ ჩვენ ძილის დროს არ გვაქვს არავითარი სიამოვნების შეგრძნება და უნებლიეთ, ბუნების წესის შესაბამისად, ხდება უწმინდური გამოდინება. ამისგან სრული თავშეკავება და სამუდამოდ მისგან გათავისუფლება ჩვენს ბუნებას აღემატება, მაგრამ მისი შემცირება, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე აუცილებლობამდე, როგორიცაა ორ თვეში ერთხელ გამოდინება – ეს იქნებოდა უმაღლესი სათნოების გამოვლინება. თუმცა ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან წმიდა მამები დროის ასეთ მონაკვეთს ძალიან მცირედ მიიჩნევდნენ, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობთ იმას, რაც ბერებისაგან გვსმენია, რათა დაუჯერებლად და შეუძლებლად არ მოეჩვენოთ იმათ, ვისაც თავისი დაუდევრობისა და ნაკლები მცდელობის გამო თავად არ გამოუცდია ამგვარი სიწმინდე.

თავი 21. როგორ მივაღწიოთ სრულ სიწმინდეს

მაშასადამე, ამგვარ მდგომარეობაში განუწყვეტლივ შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ ისე, რომ არ დავარღვიოთ ბუნების კანონი და ზემოაღნიშნული ვადები (ანუ როდესაც გამოდინება ხდება არაუმეტეს ორ თვეში ერთხელ და ისიც შემაშფოთებელი სიზმრებისა და სხეულის ავხორცული აღგზნების გარეშე), თუ გავაცნობიერებთ, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის და ხედავს არა მხოლოდ ჩვენს დაფარულ საქმეებს, არამედ ჩვენს გულისთქმებსაც, და ვირწმუნებთ, რომ პასუხს ვაგებთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენს გულში ხდება და რასაც საქმით აღვასრულებთ.

თავი 22. სიწმინდის რა საზომამდე შეუძლია ჩვენს სხეულს მიღწევა და რა არის სულის სიწმინდის ნიშანი

ამგვარად, იქითკენ უნდა ვისწრაფოდეთ და მანამ ვეწინააღმდეგებოდეთ სულის უწმინდურ მოძრაობებსა და სხეულის აღგზნებას, სანამ სხეული არ შეიზღუდება ბუნების აუცილებლობის ფარგლებში, ანუ არ აღძრავს ხორციელ სიამოვნებებს. ჭარბად დაგროვილი სითხის გამოდინება უნდა ხდებოდეს ავხორცული გულისთქმებისა და ზიანის გარეშე, არ უნდა წარმოიშვას ბრძოლა უბიწოების წინააღმდეგ. თუმცა როდესაც სული ძილში ცდუნდება უწმინდური ზმანებებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სრულ უბიწოებას.

თავი 23. საშუალებები გულისა და სხეულის სრული სიწმინდის მისაღწევად

მაშასადამე, ძილის დროს უწმინდური ზმანებები რომ არ დაგვეუფლოს, ამისთვის ყოველთვის ზომიერების ფარგლებში უნდა დავიცვათ მარხვა. თუ ვინმე ამ ზომიერებას გადაამეტებს, ის აუცილებლად ზომაზე მეტადვე დასუსტდება. ვინც თავს ამგვარი უზომოების უფლებას აძლევს, ის, ეჭვგარეშეა, რომ ვერ მოიპოვებს სრულ სიმშვიდეს, რადგან ხან საკვების სიმწირით დაუძლურდება და ხანაც ზედმეტი საკვების მიღებით დამძიმდება. კვების ამგვარ ცვალებადობასთან ერთად კი აუცილებლად შეიცვლება სიწმინდის ხარისხიც. მარხვას აუცილებლად უნდა ახლდეს მუდმივი თავმდაბლობა და გულის სიმშვიდე, მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მრისხანებისა და სხვა ვნებების მიმართ, რადგან სადაც მრისხანებაა, იქვეა ხორციელი გულისთქმებით განხურვებაც. ასევე განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო ღამით, რადგან როგორც დილის სიწმინდე და სიფრთხილე უძღვის წინ ღამის სიწმინდეს, ასევე ღამის სიფხილზე სძენს გულსა და დილის სიფრთხილეს სიმტკიცესა და ძალას.


წინა თავი შემდეგი თავი