მთავარი გვერდი - ლოცვანი |
გალობა ა. სძლისპირი:შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომადლენ ცრემლნი სინანულისანი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა, და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი ბოროტნი, და ნუცა გამოეძიებ სიტყვათა ჩემთა, არამედ წარმართენ სლვანი ჩემნი სახიერებითა შენითა, და შეურაცხ-ჰყვენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, და მაცხოვნე მე, ყოვლადძლერო. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. სინანულისა ჟამსა, შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და ოხერ-ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ: მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ ხორციელი გემოვნებაჲ დაუტევენ, და ყოველნი სათნოებანი კეთილთა საქმეთანი, ვითარცა მხოლომან წარმართენ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ზესთაარსო სამებაო, ერთღვთებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი. გალობა ბ. სძლისპირი: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯუენითა ჩემითა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. კაცი მოვკალ ჩემდა წყლულებად, ხოლო ჭაბუკი - საგვემელად ჩემდა, ხმობდა გოდებით ბილწი ლამექ: ხოლო შენ არა სძრწი სულო, რომელმან ხორცნი განხრწნენ და გონება მედგრობით შეგინებულ-ჰყავ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ქალაქისა ხელ-ჰყავ შენებად, ჰოი სულო ჩემო, და აღმართებად გოდოლსა გულის-თქმათა შენთასა, არა თუმცა ღმერთსა შეეძინნეს ზრახვანი და დაეკვეთნეს მიწად ბოროტნი ღონენი შენნი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ჰოი, ვითარ ვებაძვე პირველსა ლამექს მკვლელობითა მით, რამეთუ სული - ვითარცა კაცი, და გონება - ვითარცა ჭაბუკი, ხოლო ვითარცა ძმისა ჩემისა ხორცნი მოვკლენ, ვითარცა კაენ მკვლელმან, გემოთმოყვარებითა და უკრძალველობითა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. აწვიმა ოდესმე, ღმერთმან უფლისა მიერ, ცეცხლი და ბილწებათათვის რისხვით დასწვნა სოდომნი. ხოლო შენ, სულო, ცეცხლი გეენისა აღაგზენ, რომელსა შინა გეგულვების დაწვაი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. წყლულ ვარ და განგმერილ, რამეთუ განეწონნეს აწ ისარნი ბოროტისანი სულსა და ხორცთა ჩემთა; აჰა, ნაგვემნი ბრძვილთა ჩემთანი, რომელთათვის გიღაღადებ: განჰკურნენ ნებსითნი ვნებანი ჩემნი. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. განიპყრენ ხელნი შენი სახიერისა მიმართ ღვთისა, მარიამ, რომელი დანთქმულ-იყავ ბოროტსა მას უფსკრულსა ღელვისასა, და იტყოდი: ვითარცა პეტრეს, კაცთმოყვარე, ხელი ეგე შენი საღმრთო მიპყარ, რათა ვიხსნნე ყოველთ჻ ვნებათაგან. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. დაუსაბამო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო, კაცთმოყვარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა. გალობა გ. სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მეგვიპტელსა მას აგარა ემსგავსე სულო დამონებითა ნებისათა და შევ ახალი ისმაილი, რომელ არს თავხედობა მწარე. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. იაკობის კიბენი გასმიან, სულო, აღმართებულნი ქვეყანით ზეცისათა მიმართ, რად არა მიგაქვს შენცა კიბედ, სათნო ცხოვრება. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მეფესა მას და მღვდელსა ღვთისასა, მარტო-ქმნილსა, სახესა ქრისტესსა, დიდსა მელქისედეკს, ემსგავსე სჯულიერად ცხოვრებითა, ჰოი სულო. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მოიქეც და შეიკდიმე, ჰოი სულო უბადრუკო, პირველ ვიდრე გეწიოს შენ აღსასრულისა ჟამი ცხოვრებისა; და არა დაგეხშას კარი სასძლოისა მის უფლისა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუნ-ხედვითა მართლ-უკუნ; ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან, სეგორს შეესწარ დაქცევასა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ვედრებისა ამის შენდამი მგალობელთა, ნუ გარემიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ სარწმუნოებით ცოდვათა მოტევებაი. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. სამებაო მარტივო, დაყბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი. გალობა დ. სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მცირე არს ჟამი ჩემისა ცხოვრებისა და აღასავსე სიბოროტითა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მეფობისა პატივითა და გვირგვინითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსო მრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. უბრალო თუ იყო იგი და მართალ უფროსს ყოველთა, და ვერ განერა მაცდურისა საფრხეთა და ღონეთა, შენ ცოდვის მოყვარეო, უბადრუკო სულო, და ჰყო, მოულოდებელი თუ რაიმე განსაცდელი შეგემთხვიოს. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. თავხედ ვარ უგუნურებით, და ამაო და ცუდად მზვაობარ გულითა, არამედ ნუ ფარისეველებრ დამსჯი: უფროსღა მეზვერისა მის სიმდალე მომეც, მოწყალეო და მართლ-მსაჯულო უფალო, და მისთანა შემრაცხე. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. უწყი მოწყალე, რამეთუ ვსცოდე და შევაგინე კეცისჭური ხორცთა, არამედ სინანულად შემიწყნარე, და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცე ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსვანი შენი მაცხოვარ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. სულისა ჩემისა შორის კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე უბადრუკმან; არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი მაცხოვარ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. არა ვისმინე წერილთა, ურჩ-ვექმენ ხმასა შენ სჯულის-მდებელისასა. არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. დიდთა და გამოუთქმელთა ღელვათა შინა შეპყრობილ-იყავ; არამედ შენ ესე ყოველივე განაგდე შენგან, რამეთუ განზრახვითა მით კეთილითა, აღიწიე უმჯობესისა მიმართ და ღვაწლი კეთილი მოიგე, და იდიდე ანგელოსთაგან ღირსო დედაო მარიამ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთის-გმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს. გალობა ე. სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ, შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა; და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მოვედ და შეუვრდი შენ, მაცხოვრისა ფერხთა, სულო, ვითარცა დაღონებული იგი, რათა კვალად აღგმართოს და ხვიდოდე კეთილად ალაგთა უფლისათა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. უფსკრული ხარ უსაზღვრო წყალობისა, ამისთვის გევედრები, მომრწყე შენთა უხრწნელთა წყაროთაგან, უფალო, რათა სამარიტელებრ ვსვა, რათა არა მწყუროდეს. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. სილოამ მექმენინ მე ნაკადულნი ცრემლთანი, ღმერთო, რათა დავიბანნე გულისა თვალნი და გიხილო შენ საცნაური ნათელი წინასაუკუნეთა. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. უაღრესითა სურვილითა, ყოვლად მდიდარო, გსუროდა თაყვანის-ცემად ძელისა ცხოვრებისა და მიემთხვიე სურვილსა შენსა; ვინა ღირს-მყავ მეცა მიმთხვევად მაღლისა მის დიდებისა, ღირსო დედაო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება, ბუნებასა კაცთასა. გალობა ვ. სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მე ვარ, მაცხოვარ, რომელმანცა წარვსწყმიდე ძველად სამეუფო იგი დრაქმა: არამედ რომელმან აღგვინთე მნათობი ნათლისა, წანამორბედი შენი, სიტყვაო მომიძიე და მპოვე ხატი შენი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი; და გაბაონელთა მათ, საცდურიანთა, გლის სიტყვათა სძლევდი. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. დაშრიტე ალი ვნებათანი, წყაროთა ცვართა ცრემლთათა მარადის მარიამ; აღტკინებულმან სულითა, იგივე მადლი მომეც მონასა შენსა. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. უვნებლობა ზეცათა მოიგე, ქვეყანასა ზედა უმწვერვალესითა ცხოვრებითა, დედაო, რომლითა მგალობელთა შენთა ვნებათაგან ხსნად ევედრე, მეოხებითა შენითა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩვენდა, ევედრე ღვთისმშობელო. კონდაკი სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. გალობა ზ. სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ. გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. განილინნეს დღენი ესე ჩემნი, ვითარცა სიზმარი, ამისთვის აღსდეგ შენ, ჰოი სულო ჩემო, და ცრემლეოდა ვითარცა ეზეკია სარეცელთა თვისთა ზედა, რათა მოგენიჭნეს ჟამნი ცხოვრებისანი, რამეთუ არათუ ისაია წარმოგიდგეს შენ სულო, არამედ ღმერთი ყოველთა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. შეგივრდები და დაგასხამ შენ, ვითარცა ცრემლთა სულთქმათა ჩემთა: ვსცოდე უფროს მეძვისა მის, და უსჯულოდ გამოვჰსჩნდი, ვითარ არავინ სხუა კაცი, არამედ მოწყალე მექმენ, მეუფეო, დაბადებულსა შენსა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ხატი შენი დავინთქ ვნებათა შინა და სიკეთე მსგავსებისა შენისა უშვერ და უხმარ-ვყავ, და დაშრტა, მხსნელო, ჩემი ლამპარი მადლთა, არამედ სიტკბოებით კვლად მაგე სიხარული, ვითარცა გალობს დავით. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მოიქეც და შეინანე აწ, და განაცხადე დაფარულნი შენნი, არქუ ყოვლისა-მეცნიერსა: შემინვენ ჰოი მაცხოვარ, უცნაურნი ჩემნი, არამედ შენ შემიწყალე წყალობითა შენითა, ვითარცა გალობს დავით. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ღაღად-ყავ რა ყოვლადპატიოსნისა მიმართ დედისა ღვთისა, რომელსა პირველად უკუნ-გაქცევდა ცოდვათაგან შესლვად, და მხურვალედ შეუვრდი ხატსა მისსა, რათა მოწყალე გექმნნეს, მაშინ არცხვინე მტერი იგი ბოროტი; აწ მეცა მიხსენ ჭირთაგან მონაი ესე შენი. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. შეიყვარე, რომლისა გსუროდა და რომლისათვის ხორცთა განიბძარე ღირსო, აწცა ევედრე ქრისტესა ჩვენ მონათათვის მისთა, რათა მოწყალე გვექმნეს ყოველთა, და მშვიდობა მოგვანიჭოს პატივისმცემელთა მისთა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნეთელნი, სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაბად ჰმონე. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო; რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი. გალობა ჱ. სძლისპირი: რომლისა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ალაბასტრსა ცრემლთასა, ვითარცა რა მირონისასა წარმოვსცლი თავსა ზედა, ვხმობ, ვითარცა მეძავი ვეძიებ ლხინებასა და ლოცვასა შევსწირავ შესანდობელად ბრალთა ჩემთა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. დაღათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და, ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა-ჰყავ, ჰოი მრავალმოწყალეო. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, ქმნილსა შენსა და ვითარცა მწყემსმან მპოვე წარწყმედული, მეწიე შეცდომილსა, გამომიხსენ მხეცთაგან და შემრაცხე ცხოვართა-თანა სამწყსოისა შენისათანა. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. რაჟამს დასჯდე სჯად, ვითარცა მოწყალე, და გამოსჩნდეს მაღალი დიდება შენი, ვითარ შიში იყოს, სახმილი რა ოხრვიდეს და ყოველნი სძრწოდეს ზარისაგან საყდრისა შენისა. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ნათელმან დაუვალმან განგანათლა შენ, დედაო, და ვნებათა ბნელისაგან გიხსნა; რომლითა აღხედ მადლისა სულიერისა, მიმღებელი ზეცად, ჩვენცა განგვანათლენ, მარიამ, მაქებელნი ესე შენნი. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. საკვირველი ახალი იხილა რა ზოსიმე, დედაო, განკვირდა: რამეთუ მადლი საღმრთო შენდა ჭეშმარიტად სრულ-იყო, და ხორციელად ანგელოსად გხედვიდა შენ, და შეშინებულ-იქმნა, და უგალობდა ქრისტესა უკუნისამდე. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო, სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ. გალობა თ. სძლისპირი: უთესლოდ მდიგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შონა სცვალებს ბუნებისა წესთა; ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მოწყალებით მომხედენ ძეო ღვთისაო და მიხსენ რომელი ეგე სიტყვით განხდიდ ეშმაკთა, და სიტყვა საწადელი მარქუ ვითარცა ავაზაკსა: ამინ გეტყვი, ჩემთანა იყო სამოთხესა შინა ჩემსა, კვალად რა მოვიდე დიდებით. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღვთად გხადოდა; ხოლო ორნივე შენთანა ჯვარცმულ იყვნეს; არამედ, მხსნელო ჩემო, მეცა მსგავსად მორწმუნისა მის, რომელმან იგი ღვთად გიცნა, განმიხვენ კარნი შენისა სასუფევლისანი, ტკბილო. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. დაბადებულნი განკრთეს ჯვარცმულსა რა გხედვიდეს შენ; მთანი და კლდენი შიშისაგან განიპნეს; ქვეყანა შეიძრა და ჯოჯოხეთი ოხერ იქმნა, და დაბნელდა ნათელი მზისა, რაჟამს ჯვრითა ვნებულად გიხილეს შემოქმედი თვისი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. სინანულისა ღირსთა ნაყოფთა ნუ მიმხდი მხსნელო, რამეთუ ძალი ჩემი მოაკლდა ჩემგან; არამედ მომეც გული შემუსვრილი და მარადის სიგლახაკე სულთა, რათა ესენი შევსწირნე, ვითარცა სათნო და მითვალული მსხვერპლი. მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. მსაჯულო ჩემო, მსაჯულო, რომელი კვალად მოსლვად ხარ განსჯად სოფლისა; მოწყალითა თვალითა მომხედენ მხსნელო; უფროს ყოვლისა ბუნებისა კაცთასა, უგუნურებით შეცოდებულსა შენს წინაშე. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ყოველნივე განაკვირვენ უცხოითა ცხოვრებითა შენითა: ანგელოსთა წესნი და კაცთა კრებულნი; რამეთუ უნივთოითა ცხოვრებითა ბუნებათა წარხედ, რომლითა ვითარცა რა უნივთოთა ფერხითა განვლე, მარიამ, მდინარეცა იგი იორდანისა. ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. მოწყალე-ჰყავ შემოქმედი მაქებელთა შენთათვის, ღირსო დედაო, ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან, ჭირთა და ვნებათა ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთა გარე მოდგომილთა; რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ მადიდებელსა უფლისასა. ღირსო მამაო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მრბძოლთა გარე-მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისითა. |