მთავარი გვერდი - ლოცვანი |
33. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თვისი წინაშე აბიმელექისსა და განუტევა იგი და წარვიდა1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა. 2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ. 3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. 4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე. 5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს. 6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. 7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი. 8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. 9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა. 10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. 11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? 13. დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა; 14. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. 15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; 16. პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი. 17. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი. 18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. 19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან. 20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. 21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ. 22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდებაი. |