მთავარი გვერდი - ლოცვანი |
77. ფსალმუნი ასაფისი, გულისხმის-ყოფისათვის1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ. 4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა. 5. და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. 6. რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა. 7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი. 9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10. არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი. 11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ. 12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. 13. განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა. 14. და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა. 15. განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. 16. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი. 17. და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა. 18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის. 19. და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა. 20. ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა? 21. ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა. 22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. 23. და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა. 24. და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ. 25. და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად. 26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი. 27. და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი. 28. და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა. 29. და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ. 30. და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა, 31. და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა. 32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი. 33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით. 34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ. 35. და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს. 36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. 37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა. 38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. 39. და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ. 40. რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა. 41. და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს. 42. არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა. 43. ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა. 44. და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან. 45. მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი. 46. და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა. 47. მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა. 48. მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა. 49. მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. 50. გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. 51. და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; 52. და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ, 53. და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან. 54. და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; 55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი. 56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს. 57. და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად. 58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას. 59. ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი. 60. და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა. 61. და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა. 62. და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო. 63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. 64. მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს. 65. და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა. 66. და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი. 67. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან; 68. არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა. 69. და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. 70. და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა. 71. და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა. 72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ. დიდებაი. |