დაუჯდომელი გალობაჲ წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესი
კონდაკი 1
რჩეულო ღმრთისა მიერ კერპთმსახურისაგან ნათესავისა და მიწოდებული ენათა შორის წმიდათასა, კაცთა განახლებაო, სძალო ქრისტესო, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი პირად-პირადთა ბოროტთა და გარემოდგომილებათაგან, სამადლობელსა გალობასა და ქებასა შეგწირავთ შენდა მვედრებელნი შენნი, წმიდაო და ყოვლადქებულო დიდო მოწამეო, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ, ყთველთაგან განსაცდელთა განგვათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა სიხარულითა გიხმობდეთ შენ: გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო!
იკოსი 1
ანგელოზთა მიერ პატიოსანი და ყოვლადსაყუარელი სიწმიდეჲ უბიწოებისაჲ დაიცევ, პატიოსანო ბარბარე, და ანგელოზთა თანამკვიდრობად ღირს-იქმენ. ხოლო მათ თანა ოდესცა უგალობ ღმერთსა ცათა შინა სამებისა გალობასა, ისმინე ჩუენ მგალობელთაცა შენდა ქუეყანასა ზედა, ქებითთა გალობათა ამათ:
გიხაროდენ, ყრმაო, ღმრთისა მამისა მიერ წინაგანმზადებულო მსგავს ვნებათა ძისა მისისათა.
გიხაროდენ, ძისა მიერ ღმრთისა, ნათლისა მიერ ნათელთაჲსა, ბნელით-გამთ საკვირველსა ნათელსა შინა სარწმუნოებისა და სახიერებისა მისისასა მიწოდებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ მიმწოდებელისა შენისა სულისა წმიდისაებრ თვითცა წმიდაჲ ხორცითა და სულითა.
გიხართდენ, რამეთუ ბიწიერებისაგან ხორცთა და სულისათა შეუხებელად დაცულ იქმენ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ პატიოსნად დაეწინდე ქალწული ეგე ქალწულისაგან შობილსა სიძესა - ქრისტეს.
გიხაროდენ, რამეთუ არა სათნო-იყავ ქუეყნიერი დამწინდველი უფროჲს ზეციერისა.
გიხაროდენ, შროშანო ქალწულებისაო, შორის კუროჲსთავთა კეპრთმსახურებისათა ველსა ზედა აღმოცენებულო.
გიხაროდენ, ყუავილო სიწმიდისაო, დაუჭნობელსა დიდებასა შინა ზესთა ყუავილოვნებულო.
გიხაროდენ, ზესთა მტილსა შინა ქრისტესა კეთილსულნელებითა ტკბობილო.
გიხაროდენ, უშუენიერესო უფროჲს ძეთა კაცთასა და მუნ ხედვითა ნუგეშინის-ცემულო.
გიხაროდენ, განმასპეტაკებელო სამოსლისა თვისისაო ქუეყანასა ზედა.
გიხაროდენ, სახითა ქალწულებისაჲთა შედგომილო კრავისა ღმრთისასა ზეცად.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 2
მხედველი წმიდაჲ ბარბარე თავისა თვისისა მაღალსა გოდოლსა ზედა, მამისაგან აღმენებელსა, ჰგონებდი თავსა თვისსა წამის-ყოფითა ღმრთისაჲთა ცად აღყვანილად, ვინაჲთგან დაიდევ გულსა თვისსა გონიერი აღსლვაჲ მის სიბნელისა გამო ნათლისა მიმართ, და მაცთურთა კერპთაგან ჭეშმარიტისა ღმრთისადმი გონებით აღმაღლებული, უგალობდი მას: ალილუია.
იკოსი 2
ცნობისა უცნაურისა მხოლოჲსათვის ყოველთა ქმნულთა შემოქმედისა ცნობად მეძიებელო ქალწულო წმიდაო ბარბარე, განიზრახევდ თავსა შორის თვისსა, მეტყუელი: ვითარ შესაძლებელ არს ბნელთა კერპთა მიერ დაბადებად საკვირველთა მთიებთა ცისათა? და თვითვე მიუგებდ მეფსალმუნისა სიტყუასა: ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო ერთ არს ღმერთი და უფალი, რომელმანცა შექმნნა ცანი და ყოველნი მთიებნი მათნი. ესევითარისა შენისა სიბრძნისა ძლით განკვირვებულნი ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, უფროჲს მოხუცებულთა კერპთმსახურთასა უგონიერესო.
გიხაროდენ, უფროჲს ბრძენთა ამის სოფლისათა უბრძნესო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ გმოგიცხადა ღმერთმან უცნაური და საიდუმლო სიბრძნეჲ თვისი.
გიხაროდენ, რამეთუ თვით ღმერთმან სიტყუამან გასწავა შენ ჭეშმარიტი ღმრთისმეტყუელებაჲ.
გიხაროდენ, ყოველთა ვარსკვლავთმრიცხუელთა გონებითა ქრისტესითა უაღმატებულესო.
გიხაროდენ, უსაჩინოეს ყოველთა მათ ზეცისა კამარათა განმხილველო.
გიხაროდენ, რამეთუ ქმნულსა შინა, ვითარცა სარკესა, თვით შემოქმედი განიცადე.
გიხაროდენ, რამეთუ დაბადებულთა მთიებთა შინა გულისხმა-ჰყავ ნათელი დაუბადებელი.
გიხაროდენ, აწ უკუე თვინიერ სარკისა მხედველო ცათა შინა ნათლისა პირისა ღმრთისა.
გიხაროდენ, ნათლითა მით გამოუთქუმელად მოხარულო.
გიხაროდენ, გონიერო ვარსკულაო, რომლისაცა განათლებითა პირი ღმრთისაჲ, ვითარცა მზეჲ, ბრწყინვალედ გამოგვიჩნდების ჩუენ.
გიხაროდენ, გონიერებისა მთოვარეო, რომლისა მიერცა ღამეჲ ცთომისაჲ, ვითარცა დღეჲ, განათლდების.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 3
ძალი მაღლისა მიეცა მაშინ წმიდასა ბარბარეს, ვითარცა ძუელად წინაჲსწარმეტყუელსა ეზეკიელსა, სახითა ანდამატისათა ძლიერად, წინაშე ყოველთა კერპთმსახურთა, რაჲთა არა შეშინდეს იგი მხეცებრთა სახეთაგან მათთა და არცა შეძრწუნდეს სასტიკისაგან აღკრძალვისა, რომლისათვისცა კადნიერად ხმობდა ბრძენი ქალწული: სამებით პატივს-ვსცემ ერთსა ღმრთეებასა და, სარწმუნოებითა მით თაყუანის-მცემელი, ვგალობ ხმამაღლად: ალილუია.
იკოსი 3
მქონებელი თვის შორის წმიდაჲ ბარბარე ზეგარდამო მონიჭებულისა სიბრძნისა, აღვიდა მაშენებელთა მიმართ მამისა აბანოჲსათა და გამომაცხადებელმან მათდა საიდუმლოჲსა წმიდისა სამებისა, უბრძანა ქმნად სამისა სარკმლისა აბანოსა შინა. უკუეთუ, ჰრქუა, - კერპთმსახურთა პირ ასხენ და არა იტყვიან დიდებასა ჭეშმარიტისა ღმრთისასა, მაშინ სადამე აბანოჲსა ამის კედელნი სამსარკუმლიანნი, ვითარცა სამპიროვანნი, რაჲთა წამებდენ, რამეთუ ერთ არს ღმერთი სამებასა შინა წმიდასა ყოველთა დაბადებულთა მიერ დიდებული და თაყუანის-ცემული. ესევითარისა უკუე ბრძნობისათვის წმიდაო ბარბარე, მიითუალე ქებაჲ ესე:
გიხაროდენ, სამსარკმლოვანისა აბანოჲსა ემბაზსა შინა წმიდისა ნათლისღებისასა სახელითა სამებისა ყოვლადწმიდისაჲთა შეცულილო.
გიხაროდენ, ემბაზსა შინა წყლისა და სულისასა, სისხლითაცა მოღუაწებისა შენისაჲთა განბანილო.
გიხაროდენ, რამეთუ სამთა სარკუმელთა მიერ განსდევნე სიბნელეჲ მრავალ-ღმრთეებისა, წინააღმდგომი წმიდისა სამებისაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ სამთა სარკუმელთა მიერ იხილე ცხადად ნათელი სამებისაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ სამთა მათ სარკუმელთა მიერ მოგხედნა შენ მზემან სიმართლისამან, სამ-დღისა აღმობრწყინვებულმან საფლავით.
გიხაროდენ, რამეთუ მათ მიერ გამოგიბრწყინდა შენ დღეჲ ცხორებისა სამებობითი.
გიხაროდენ, მარადის მქონეო განხუმულისა გულისა შენისა სამებით დიდებულისა მხოლოჲსა ღმრთისა მიმართ.
გიხაროდენ, ძლიერად დამხშველო გრძნობათა შენთა წინაშე მბრძოლთა სამთა მტერთა: ხორცისა, სოფლისა და ეშმაკისა.
გიხაროდენ, რამეთუ ჰქმენ სულსა შინა შენსა სამნი გონიერებისა სარკუმელნი: სარწმუნოებისა, სასოებისა და სიყუარულისაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ სამთა მათ სარკუმელთა მიერ სამებისა ღმრთეებისა თანა იხილე სამისაცა დღისა აღდგომილისა ქრისტეს ხორცისა ეკლესიაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ განგეხუნეს შენ ცანი სამთა წესთმთავართა ანგელოზთა მიერ.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მხიარულებითა შეგიწყნარა ზესთა სავანემან სამებისამან.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 4
ღელვაჲ ფრიადი რისხვისა მამისა შენისაჲ, მკვლელობისა ქადებითა მფშველისა, აღბორგდა ტაძარსა ზედა სულისა შენისასა, წმიდაო ბარბარე, გარნა ვერ უძლო შერყევად მისა, ვინაჲთგან დაფუძნებულ იყო მტკიცესა კლდესა სარწმუნოებასა ქრისტესისა, ხოლო შენ მას ზედა, ბრძენო ქალწულო, შეურყევლად მდგომარეჲ, განმაძლიერებელსა შენსა იესუ ქრისტესა უგალობდი გალობასა: ალილუია.
იკოსი 4
ესმა რაჲ შენ მიერ, ბრძენო ქალწულო, მამასა შენსა დიოსკორეს უსმენნი წმიდისა სამებისათვის სიტყუანი, ვითარცა ასპიტმან ყრუმან, დახშნა სასმენელნი თვისნი და მსგავსად გუელისა ენა-გესლიანისა, ისწრაფა მკუეთრითა მახვილითა მოკუდინებად შენდა; არამედ შენ, სძალო ქრისტესო ბარბარე, მიმბაძველი სიძისა შენისა იესუჲსა, მახვილისაგან ჰეროდესისა მლტოლველისა, ივლტოდი მახვილისა მიერ დიოსკორესა, მსურველი მოქცევად რისხვისაგან მხეცებრივისა გულისა მისისა მამობრივისა სიყუარულისადმი, ხოლო ჩუენ რჩეულნი გონიერსა ლტოლვასა შენსა პატივს-ვსცემთ ამით:
გიხაროდენ, ნეტარო, ჯმნილო სახლისაგან ქუეყნიერისა, სიმართლისათვის.
გიხაროდენ, მდიდარო ქრისტეს მიერ, მოკლებულო მამისა სიმდიდრეთა ქრისტესთვის.
გიხაროდენ, რამეთუ აღირჩიე მკოდოვანებაჲ ხორციელი სუფევისათვის ზეცათაჲსა.
გიხაროდენ, რამეთუ განგემზადნეს საუკუნეთა კეთილთა საუნჯენი.
გახაროდენ, სიტყვიერო კრაო, ბოროტისა მგელისა მტაცებელისაგან კეთილისა მწყემსისა ქრისტეს მიმართ მილტოლვილო.
გიხაროდენ, ეზოსა შინა მართალთა ცხოვართა მისთა, მარჯუენით მდგომარეთასა, შესულო.
გიხაროდენ, უმანკოო ტრედო, ქუეყნიერისა ყორნისაგან საფარველსა შინა ზეცისა არწივისასა შეფრენილო.
გიხაროდენ, საფარველსა შინა ფრთეთა მისთასა კეთილისა საფარველისა ჩუენისათვის მომპოვნებელო.
გიხაროდენ, ზესთა მამისა ასულო პატიოსანო, რამეთუ იყავ ქუეყნიერისა მშობლისაგან დევნილ უპატიოებითა სიკუდიდ.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ დიდებითა შეწყნარებულ უკუდავისაგან უფლისა ცხორებასა შინა საუკუნესა.
გიხაროდენ, მისვე ცხორებისა ჩუენდაცა დაუცხრომელად მეოხო.
გიხაროდენ, გულსმოდგინედ ჩუენთვის ღმრთისადმი მვედრებელო.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 5
ღმრთივ-მავალისა ვარსკულავისა მსგავს იყავ, წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, ივლტოდი რაჲ წინაშე მამისა შენისა, დამყენებელი მისი საიდუმლოსა მას გზასა ზედა, მიმყვანებელსა მართლისა მიმართ გზისა, ქალწულისაგან აღმობრწყინვებულისა ქრისტესა ღმრთისა, ვინაჲთგან დაბრმობილ იყო იგი სულიერითა თუალითა, ამისთვის ხორციელითაცა ვერ გიხილა შენ წინაშე თვისსა მსრბოლი. ხოლო შენ, შორის კლდესა, შენთვის განხუმულსა, ბრძანებითა ღმრთისაჲთა, განმვლელი მთასა, დაემალე თუალთა მისთა მღვიმესა შინა კლდისასა, რაჲთა შორის მისა, ვითარცა მფრინველმან, მისცე დიდებაჲ ღმერთსა, მგალობელმან: ალილუია.
იკოსი 5
გიხილეს რა მწყემსთა თხემსა მთისასა ცხოვართა მმწყსველთა, კლდესა შინა შეფარული, განკვირვებულნი ხმობდნენ, ვითარ სიტყვიერი კრავი ესე ევლტის მგელსა, და აჰა, დიოსკორ უფროჲს მგელ-მძვინვარისა მოსწრაფებითა აღმოსრულმან მთასა ზედა, მუნ დამალული გპოვა შენ, და იპყრნა რაჲ თმანი შენნი შუენიერნი, მიგითრევდა სახიდ თვისად სასტიკსა გზასა, რომელსაცა ზედა სარწმუნოებით მოგეგებვით შენ ხმითა ამით:
გიხაროდენ, ჩჩვილისა ირმისა მთათა ზედა სულნელთასა მიმსგავსებულო.
გიხაროდენ, ზესთა აღსლვისა გულსა შენსა დადებითა, უფროჲს ქუენაჲსა შემყუარებელო.
გიხაროდენ, განრინებულო ხნარცუსა წარმწყმედელსა კერპთმსახურებისასა.
გიხაროდენ, მთასა ზედა სამებისა თაყუანისცემისასა აღსრულო.
გიხაროდენ, შორის კლდისა განვლილო, გულ-კლდიანისა დევნულებისაგან ლტოლვილთა.
გიხაროდენ, შორის კლდისა, შენისა კლდედ ქრისტესად დამამტკიცებელისა, მომპოვნებელო.
გიხაროდენ, მღვიმესა კლდისასა შესრულო, ხილვად კლდისა საფლავსა შინა მდებარესა იესუჲსა.
გიხაროდენ, მხილველო უფლისაო, საყდარსა ზედა დიდებისასა მჯდომარედ.
გიხაროდენ, რამეთუ თმაჲ თავისა შენისაჲ ქრისტესთვის დაცული, და თმაჲცა, კერპთმსახურისა მიერ ფხურილი ქუეყანასა ზედა, არა წარწყმდების.
გიხაროდენ, რამეთუ იგინი შეირაცხნეს უფლისა მიერ დაგვირგვინებად ცათა შინა.
გიხაროდენ, თმათა შენთა, სისხლითა შესუარულთა, ვითარცა ყუავილთა მეწამულთა, ქუეყანასა ზედა დამფენელო.
გიხაროდენ, თხზულთა თმათა შენთა, შენდა გვირგვინად ოქროჲსად შემცუალებელო.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 6
ქადაგო ღმერთშემოსილო, მოციქულთა ქრისტესთა მოშურნეო, კადნიერად ჰქადაგე ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი, და მისთვის მძაფრნი წყლულებანი მკუეთელთა კეცთა მიერ ბძარვითა ახოვნად დაითმინენ, წმიდა ბარბარე, რომელიცა დილეგსა, ვითარცა სასძლოსა შინა ქრისტეს იესუჲსთვის განსცხრებოდი, მგალობელი მისდა: ალილუია.
იკოსი 6
გამომაბრწყინვებელმან გულსა შინა შენსა ჭეშმარიტისა ღმრთის-მეცნიერებითისა ნათლისა, გამოაბრწყინვა თუალთაცა შინა შენთა ნათელი საღმრთოჲსა პირისა თვისისა ქრისტე უფალმან, ოდეს იგი, ვითარცა საყუარელი სიძეჲ შენი, მოვიდა დილეგსა შენსა შინა შუაღამესა, უბიწოჲსა მიმართ სძლისა თვისისა, სიყუარულით მომხედველმან წყლულებანი განჰკურნნა შენნი და ბრწყინვალებითა პირისა თვისისაჲთა გამოუთქუმელად მხიარულ-ჰყო სული შენი, ხოლო ჩუენ მორწმუნეთა გუასწავა გალობად შენდა:
გიხაროდენ, ვნებულ-გუემულისათვის ქრისტესისა უწყალოდ გუემულო.
გიხაროდენ, გუემათა მოთმინებითა უხილავისა მტერისა მომკლველო.
გიხაროდენ, წყლულთა უფლისა შენისათა ხორცთა შენთა ზედა მიმღებელო.
გიხაროდენ, ყოველთა წყლულებათაგან ხორცისა შენისათა მისვე უფლისა მიერ კურნებულო.
გიხაროდენ, რამეთუ თვით უფალი, ნათელი სოფლისა, დილეგსა შინა გამოგეცხადა.
გიხაროდენ, რამეთუ თვით სულისა და ხორცისა მკურნალი მოვიდა შენდა, სნეულისა.
გიხაროდენ, ქუეყანისა დილეგისა ძლით ზენასა სასძლოსა ბრწყინვალედ შესულო.
გიხაროდენ, სისხლთა შენთა მიერ საქორწინეჲსა შენთვის სამოსლისა მქსოველო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მრავალთა წყლულებათაგან ცოდვილნი იკურნებიან.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველთა სნეულებათაგან განერებიან სარწმუნოებით მხმობელნი შენნი.
გიხაროდენ, აპაურთა ცოდვისათა მსწრაფლ დამხსნელო.
გიხაროდენ, წყლულთა ფრიად ბოროტთა კეთილად მკურნებელო.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 7
ეგულებოდა რაჲ უგუნურსა მტანჯველსა საწადელისა თვისისა აღსრულებად, და კუალად მკადრესა მლიქნელითა სიტყუებითა ჭეშმარიტისაგან ღმრთისა მიქცევად შენდა, წმიდაო ბარბარე, მაცთურთა კერპთა მიმართ, ხოლო შენ, ვითარცა ბრძენმან ქალწულმან, მიუგე მას: უადვილესად შესცუალებ ცვილად მყარსა ადამანტსა, ვიდრეღა მიმაქცევ მე ქრისტე ღმრთისაგან ჩემისა, რამეთუ მას, მამისა და სულისა წმიდისა თანა ერთსა ჭეშმარიტსა ღმერთსა აღვიარებ, ვაქებ და უგალობ მას: ალილუია.
იკოსი 7
ახალი აჩუენა უკაცური გულის-წყრომაჲ მხეცისა მსგავსმან მტანჯუელმან, რაჟამს ბრძანა შენი, წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, ხესა ზედა დამოკიდებაჲ და ფრჩხილთა მიერ რვალისათ ბძარვად ხორცისა შენისა და ლამპართა მიერ მგზებარეთა შეწუვად გუერდნი შენნი, ხოლო კუალად ღუედებითა მძძიმითა ცემად თავსა შენსა. ამის უაღრეს-ბუნებითისა მოთმინებისათვის შენისა კრძალულებით მომხსენებელნი გნატრით შენ ქებათა ამათ მიერ:
გიხაროდენ, რამეთუ დამოკიდებულ იყავ ძელსა, ჯუარსა ზედა ცუმულისა ქრისტესთვის.
გიხაროდენ, გუერდ-ბძარვილო, გუერდსა შინა ლახუარ-გმერილისათვის იესუჲსა.
გიხაროდენ, რამეთუ ცეცხლი სიყუარულისა ღმრთისაჲ აღაგზენ გულსა შინა შენსა.
გიხაროდენ, რამეთუ მისთვის შეიწევ ცეცხლოვანითა ლამპრებითა.
გიხაროდენ, უმყარეს ანდამატისა, მოთმინებითა შინა უვნებელო.
გიხაროდენ, უმტკიცეს ქვის გოდოლისა ახოვნებასა შინა შეურყეველო.
გიხაროდენ, რამეთუ ხუედისა მცემელთა თავსა ზედა შენსა, გვირგვინი სუფევისა გიქმნეს შენ.
გიხაროდენ, რამეთუ ხუედითა მითვე შემუსრე თავი მტრისა შენისაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ ქრისტეს თანა ივნე მისთვის ქუეყანასა ზედა.
გიხაროდენ, რამეთუ მის თანა და მისთვის იდიდე ცათა შინა.
გიხაროდენ, ყოველთა მტერთა ჩუენთა მძლედ მძლეველო.
გიხაროდენ, ყოველთა ძვირთა შინა ჩუენთა მსწრაფლშემწეო.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 8
უცხოჲ და საშინელი ვნებაჲ წმიდისა ბარბარესი იხილა რაჲ კეთილ-მორწმუნემან დედათა შორის იულიანა, განკვირდა ფრიად, თუ ვითარ თმობს ახოვნად ქრისტესთვის ესევითართა სატანჯველთა ჩჩვილი ყრმაჲ სიჭაბუკისა ხორცსა შინა, რომელმანცა აღვსილმან ცრემლითა ლმობიერებისათა, ღაღად-ჰყო მანცა სამადლობელი ქრისტეს ღმრთისადმი: ალილუია.
იკოსი 8
ყოვლადუტკბილესი სიტკბოებაჲ იესუ, იყო ყოვლადსაწადელად შენდა, წმიდაო ბარბარე, რამეთუ მისთვის დაითმინენ მწარენი სატანჯველნი, მეტყუელმან: სასუმელი ვნებათა, რომელიცა მომცა მე საყუარელმან სიძემან ჩემმან, არა შევსვაა? ხოლო თვით შენცა გამოჩნდი სასუმელად მადვე და საკვირველთა კურნებათა სიტკბოებისა წარმომაცენებელად, ყოველთა შენდამი ესრეთ მღაღადებელთა:
გიხაროდენ, განმგდებო კერპთა სიმწარისა მთასა ზედა ჯოჯოხეთისასა.
გიხაროდენ, შემყუარებელო ზენაჲსა იესუს სიტკბოებისაო.
გიხაროდენ, გონიერებისა ტაკუკო, მანანაჲსა წილ ქმნად ნებისა ღმრთისა თვის შორის მქონებელო.
გიხაროდენ, მორწმუნეთა კეთილისა სურვილისა აღმასრულებელო.
გიხაროდენ, მდინარეო აღვსილო, წყალთა მიერ ღმრთის-სახიერებისათა.
გიხაროდენ, წყაროო მცენარეო, მდუღარეთა საკვირველებათაო.
გიხაროდენ, განფრენილო მსგავსად ფუტკრისა, ბოროტ-სუნოიანისა კერპთა მსხუერპლ-კუამლისაგან.
გიხაროდენ, კეთილ-სულნელებასა შინა მირონისა ქრისტესსა, ტკბილ-სულნელებად მილტოლვილო.
გიხაროდენ, რამეთუ ხორცისა შენისა წყლულთა შენთა მიერ, იყავ მსგავს გოლეულისა.
გიხაროდენ, რამეთუ სისხლისა შენისა წუეთნი იყვნენ უფროჲს თაფლისა უტკბილეს ყოვლად-ტკბილისა იესუჲსა.
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა მორწმუნეთა მოხსენებაჲ შენი არს ყოვლად-ტბილ.
გიხაროდენ, რამეთუ ყოვლისა ეკლესიისა ქრისტესისა სახელი შენი არს უპატიოსნეს.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 9
ყოველი ბუნებაჲ ანგელოზთა იშუებდა ფრიადითა განცხრომითა, მხილველი ახოვნებითისა ძლიერებისა შენისა, წმიდაო და უძლეველო მოწამეო ბარბარე. ხოლო ჰხედვიდა რაჲ ანგელოზთა წესი, ძუელსა მტერსა, უამპატრავნესსა მთავარსა ბნელისასა, ყოვლითა ეშმაკეულებითა მისითა და კერპთა მწყობრებითა შენ მხოლოჲსა ჩჩვილისა ქალწულისაგან მოკიცხულად, ძლეულად და ფერხთა ქუეშე შენთა დაცემულად, მაღლითა ხმითა უღაღადებდა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 9
რიტორნი მრავალ-ხმანი, მჭევრ-მეტყუელითა ენითა თვისითა ვერ უძლებენ გამოთქუმად დიდებულებასა სალმობითთა ვნებათა შენთასა, ჰოი ბარბარე, ვინ უკუე იტყვის სიმრავლესა სენთა შენთასა, ოდესცა მოგჭრნეს ძუძუნი შენნი; ვინ გამოსთქუამს სირცხვილსა ქალწულებითისა პირისასა, ოდესცა განშიშულებული სრულსა ქალაქსა შინა იყავ მიმოყუანებულ. ესევითართა სალმობათა და უპატიოებისა შენისა მომხსენებელნი შევძრწუნდებით და ლმობიერად ვხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, კეთილ-წლოვანო ნორჩო იესუჲს მტილისაო.
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ვაზო ქრისტეს ვენახისაო.
გიხაროდენ, ორთა მოჭრილთა ძუძუთა შენთა, ვითარცა ორთა ტევანთა, პატივად უფლისა შენისა შემწირველო.
გიხაროდენ, სისხლისა შენისა, ვითარცა ღვინისა, ლმობიერისა, მათ მიერ გამომდენელო.
გიხაროდენ, რამეთუ განსიშულებულისა ქრისტესთვის იყავ შენცა განძარცვილ.
გიხაროდენ, რამეთუ იერუსალემსა შინა ბასრობით ყუანებულისა მისთვის იყავ შენცა ყუანებულ ქალაქსა შინა კიცხევითა.
გიხაროდენ, ანგელოზთა მიერ მოსილო, ბრწყინვალითა სამოსლითა, სიშიშვლესა შინა შენსა.
გიხაროდენ, მის მიერ უხილავად დაცულო ურცხუთა თუალთაგან.
გიხაროდენ, საკვირველო ანგელოზთა და კაცთა ნამყოო სახილველო.
გიხაროდენ, თვით მტანჯველთაცა მოთმინებითა შენითა განმაცვიფრებელო.
გიხაროდენ, რამეთუ თვით უფალმან მაღლით მოჰხედნა ვნებათა შენთა ზედა.
გიხაროდენ, რამეთუ თვით მან, ღუაწლისა დამდებელმან, აქო ღუაწლნი შენნი.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 10
ცხორებაჲ სულისა შენისაჲ ინებე რაჲ, არა იღუწიდი ხორცისათვის შენისა ყოვლადვე, წმიდაო ბარბარე. ხოლო ოდესცა გამოხდა მახვილითა სიკუდიდ დასჯაჲ შენი, მაშინ მკუეთრისა მახვილისა ქუეშე, ვითარცა ქუეშე შუენიერისა გვირგვინისა, მხიარულებით მსრბოლი, ღმერთსა, მოწამეობითსა ღუაწლსა შინა გამაძლიერებელსა შენსა, უგალობდი გალობასა: ალილუია.
იკოსი 10
ზღუდეთა კლდისათა უმყარეს კლდე-ქმნილმან გულმან დიოსკორისა, წმიდაო ბარბარე, შენისა არღა უკუე მშობელისა, არამედ მძაფრისა მტანჯველისა, რომელმანცა ისმინა რაჲ მახვილითა სიკუდილად დასჯაჲ შენი, არა თუ ოდენ ილმო მცირედცა სიკუდილისათვის შენისა, არამედ თვით მახვილითა თვისითა ადგილსა ზედა დასასჯელსა მოგკუეთა თავი შენი წმიდა, და ესრეთ წინაჲსწარ თქუმულისამებრ უფლისა, უბადრუკმან მამამან მიგცა სიკუდილად შვილი თვისი, რომლისათვისცა სანატრელსა მას აღსასრულსა შინა შენსა, მიიღე უკუე ჩუენ მიერ გალობანი ესე:
გიხაროდენ, თავისათვის ეკლესიისა ქრისტესა, თავისა შენისა მახვილისა ქუეშე მიმპყრობელო.
გიხაროდენ, სიყუარულისათვის ზესთა კაცთმოყუარისა უკუდავისა მამისადმი ქუეყნიერისა უკაცურისა მამისაგან სიკუდილ-ხრწნილებად მიცემულო.
გიხაროდენ, მოღუაწეობისა გზად სრბოლისა კეთილად სრულმყოფელო.
გიხაროდენ, უკუდავისა დამწინდველისა ქრისტეს სარწმუნოებისა სიკუდიდმდე ახოვნად დამცუელო.
გიხაროდენ, ზეგარდამოჲთა ძალითა შერტყმულო ბრძოლად პირის-პირ ძალთა ქუესკნელისათა.
გიხაროდენ, ძლევა-შემოსილითა დიდებითა მაღალთათა, ქრისტე მძლეველისა მიერ შემოსილო.
გიხაროდენ, საჭურველითა ღმრთის სათნოებისათა დაგვირგვინებულო ქუეყანად.
გიხაროდენ, ყუავილად უხრწნელებისა განშვენებულო ცათა შინა.
გიხაროდენ, ქალწულთა სიკეთეო და შუებაო.
გიხაროდენ, მოწამეთა შუენიერებაო და სიხარულო.
გიხაროდენ, ქრისტეანეთა ძლიერო შესაყრდნობელო.
გიხაროდენ, მორწმუნეთა მტკიცეო ხელისაღმპყრობელო.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 11
გალობაჲ ჩუენმიერი ქებასა, უკუეთუ იყოსმცა მრავალ-რიცხუ, უწყით, რამეთუ არა კმა-არს ღირსებით ქებად შენდა, წმიდაო და ყოვლადქებულო მოწამეო ბარბარე. ხოლო ჩუენ, შენ მიერ მოცემულთა ჩუენდა მდიდრად ნიჭთათვის ღმრთისათა მმადლობელნი, ღმერთსა კეთილმოქმედებათა თვისთა მიერ დიდებულსა შენ შორის, მადლობითითა ბაგითა ვუგალობთ: ალილუია.
იკოსი 11
ნათლისა მტვირთველისა ლამპრად ცათა შინა წინაშე საყდრისა წმიდისა სამებისა დადინებულსა, გხედავთ გონებისა თუალითა შენ, წმიდაო ქალწულო ბარბარე, ხოლო მუნით ღამისა ცოდვათა ჩუენთა სიბნელესა გვინათებ შარავანდედთა მიერ ლოცვათა შენთასა და გვაგებ ჩუენ ბრწყინვალესა კუალსა ზედა მაცხოვარებისასა, რომლისათვის თანამდებობისამებრ ღირს-ხარ ჩუენ მიერცა ესრეთ ხმობით პატივისცემასა:
გიხაროდენ, ნათელ-გონიერო შარავანდედო, ნათელსა შინა დაუბინდებელსა შეერთებულო.
გიხაროდენ, გონიერებისა ცისკარო, უმწუხროჲსა დღისა განბრწყინვებად აღმოსრულო.
გიხაროდენ, კეთილ-სუნნელო მირონო, ეკლესიისა ქრისტესისა მკმეველო.
გიხაროდენ, ოქროჲსა სასაკმევლეო, გუნდრუკისა ლოცვათა ჩუენთვის ღმრთისადმი შემწირველო.
გიხაროდენ, უნაკლულოჲსა მირონისა დამდებელო კურნებად.
გიხაროდენ, საუნჯეო აღმოუცალიერებელო, ნიჭთა ღმრთისათა.
გიხაროდენ, ჭურო, აღმომღებელო სიხარულისა მდიდრისაგან სახლისა ღმრთისა.
გიხაროდენ, პინაკო, მიმღებო ყოველთა კეთილსიტკბოებათა ზეცისათა, სავსებისაგან ქრისტესისა.
გიხაროდენ, ადამანტო, განშვენებულო ბეჭდითა უკუდავებისა, ქრისტეს თანა დამწინდველითა.
გიხაროდენ, საუკუნოჲსა სიკეთეო, ხელსა შინა უფლისასა პყრობილო.
გიხაროდენ, რამეთუ მეუფემან დიდებისამან, უფალმან ძალთამან, დასდვა შენ ზედა დიდებაჲ და დიდ-შუენიერებაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მოგანიჭა მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან სუფევაჲ თვისი და უფლებაჲ.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 12
მადლი მოგცემიეს შენ ღმრთისა მიერ, დაცვად და ფარვად მეყუსეულებითისა სალმობისა და მძლავრისა სიკუდილისაგან ყოვლისა კაცისა, სარწმუნოებითა, სიყუარულითა და კეთილ-კრძალულებითა, პატიოსნისა ვნებისა შენისა მომხსენებელისა და პატივის-მცემელისა; ნუ მოგვაკლებ ჩუენცა მადლსა მას, კეთილო ქალწულო ბარბარე, რაჲთა ჩუენ, მშვიდობით მყოფნი ხორცითა და სულითა აწმყოსა და ყოფადსა ცხორებასა შინა, უგალობდეთ შენთვის ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 12
უგალობთ ძლიერსა ღუაწლსა შენსა, პატივს-ვცემთ ვნებასა, ვაქებთ მოთმინებასა, ვნატრით წმიდასა აღსრულებასა შენსა, ვადიდებთ უძლურსა ხორცსა შინა შენსა გამოჩინებულსა უძლეველსა სიმხნესა, რომლისა მიერცა იდიდე ქუეყანასა ზედა და ცათა შინა, წმიდაო და კეთილად-მძლეო დიდო მოწამეო ბარბარე, ხოლო პატივად შენთა ძლევაშემოსილთა ღუაწლთა და ვნებათა, ქებასა ამას შეგწირავთ შენ:
გიხაროდენ, ანგელოზთა წესთა მიერ თანამემკვიდრეობად მათსა სიყუარულითა შეწყნარებულო.
გიხაროდენ, ქალწულებითთა გუნდთა მიერ, სასძლოთა შინა ზეცათასა სიხარულითა შეყვანებულო.
გიხაროდენ, მოწამებითთა მწყობრთა მიერ ხლებულო, გვირგვინისა ქუეშე დიდებისასა ხმითა სახარულევანითა.
გიხაროდენ, ყოველთა მიერ მცხოვრებთა ზეცისათა, უფლისათვის ამბორებისა მიმღებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი შენი ფრიად არს ცათა შინა.
გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი საუკუნო არს ნათელსა შინა წმიდათასა.
გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან ძლიერად ხელის-აღმპყრობელო ჩუენო.
გიხაროდენ, სიხარულისა, მადლისა და დიდებისა ჩუენთვის საუკუნოდ მეოხო.
გიხაროდენ, სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა ჩუენთა მკურნებო.
გიხაროდენ, მაცხოვარებითთა კეთილთა ქუენაჲსა და ზენაჲსათა მომცემელო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ვსასოებთ დაცვასა საუკუნოჲსა სიკუდილისაგან.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ველით კეთილითა სასოებითა ღირს-ყოფად საუკუნოჲსა ცხორებისა.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 13
ჰოი ფრიად ვნებულო და ყოვლად-საქებელო წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, შეიწირე აწინდელი ლოცვაჲ ჩუენი, გვიხსენ ჩუენ ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და მტერთა მიერ ხილულთა და უხილავთა და საუკუნოჲსაგან სატანჯველისა, შენითა ღმრთის-სათნოჲთა შუამდგომელობითა დაგვიცევ, რაჲთა შენ თანა ქუეყანასა ზედა ცხოველთასა უკუნისამდე უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია (სამ-გზის).
იკოსი 1
ანგელოზთა მიერ პატიოსანი და ყოვლადსაყუარელი სიწმიდეჲ უბიწოებისაჲ დაიცევ, პატიოსანო ბარბარე, და ანგელოზთა თანამკვიდრობად ღირს-იქმენ. ხოლო მათ თანა ოდესცა უგალობ ღმერთსა ცათა შინა სამებისა გალობასა, ისმინე ჩუენ მგალობელთაცა შენდა ქუეყანასა ზედა, ქებითთა გალობათა ამათ:
გიხაროდენ, ყრმაო, ღმრთისა მამისა მიერ წინაგანმზადებულო მსგავს ვნებათა ძისა მისისათა.
გიხაროდენ, ძისა მიერ ღმრთისა, ნათლისა მიერ ნათელთაჲსა, ბნელით-გამთ საკვირველსა ნათელსა შინა სარწმუნოებისა და სახიერებისა მისისასა მიწოდებელო.
გიხაროდენ, რამეთუ ხარ მიმწოდებელისა შენისა სულისა წმიდისაებრ თვითცა წმიდაჲ ხორცითა და სულითა.
გიხართდენ, რამეთუ ბიწიერებისაგან ხორცთა და სულისათა შეუხებელად დაცულ იქმენ შენ.
გიხაროდენ, რამეთუ პატიოსნად დაეწინდე ქალწული ეგე ქალწულისაგან შობილსა სიძესა - ქრისტეს.
გიხაროდენ, რამეთუ არა სათნო-იყავ ქუეყნიერი დამწინდველი უფროჲს ზეციერისა.
გიხაროდენ, შროშანო ქალწულებისაო, შორის კუროჲსთავთა კეპრთმსახურებისათა ველსა ზედა აღმოცენებულო.
გიხაროდენ, ყუავილო სიწმიდისაო, დაუჭნობელსა დიდებასა შინა ზესთა ყუავილოვნებულო.
გიხაროდენ, ზესთა მტილსა შინა ქრისტესა კეთილსულნელებითა ტკბობილო.
გიხაროდენ, უშუენიერესო უფროჲს ძეთა კაცთასა და მუნ ხედვითა ნუგეშინის-ცემულო.
გიხაროდენ, განმასპეტაკებელო სამოსლისა თვისისაო ქუეყანასა ზედა.
გიხაროდენ, სახითა ქალწულებისაჲთა შედგომილო კრავისა ღმრთისასა ზეცად.
გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო.
კონდაკი 1
რჩეულო ღმრთისა მიერ კერპთმსახურისაგან ნათესავისა და მიწოდებული ენათა შორის წმიდათასა, კაცთა განახლებაო, სძალო ქრისტესო, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი პირად-პირადთა ბოროტთა და გარემოდგომილებათაგან, სამადლობელსა გალობასა და ქებასა შეგწირავთ შენდა მვედრებელნი შენნი, წმიდაო და ყოვლადქებულო დიდო მოწამეო, ხოლო შენ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ, ყთველთაგან განსაცდელთა განგვათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა სიხარულითა გიხმობდეთ შენ: გიხაროდენ, ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო!