მთავარი გვერდი - ლოცვანი

პასექის ჟამნი

ბრწყინვალე შვიდეულში, ნაცვლად ლოცვანში მითითებული დილა–საღამოს ლოცვებისა, იკითხება პასექის ჟამნი:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3– გზის).

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა, უცოდველსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმა – ვყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ, ქრისტე მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღვთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა; მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს იდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (3-გზის).

იპაკო, ხმა მე–4

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყვსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოსისაგან ესმა ხმა საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ, ვითარცა კაცსა?! იხილენით დაფლვისა მისისა სახვეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ, სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩვენმან და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღვთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

კონდაკი, ხმა მე–8

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობა მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

ტროპარი

საფლავად ხორცითა შეხუედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ნათლით შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა; აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩვენო და გამოსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელისა

ზეგარდმო განწმედილ იქმენ, ღვთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღვთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლადუბიწოო დედოფალო.

უფალო, შეგვიწყალენ (40-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.