მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ბოლო მოლოდინის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი
(2 პეტრ. 3:14)


ძმანო, რა არის ჩვენი უკანასკნელი, საბოლოო მოლოდინი? ღამით ჩვენ დღეს ველით, დღისით კი – ღამეს; შემდეგ – ისევ დღეს და ისევ ღამეს, მაგრამ ეს მოლოდინები არ არის ჩვენი საბოლოო მოლოდინი. მაშ, რა არის, ძმანო, ჩვენი უკანასკნელი მოლოდინი? სიხარულის ჟამს ჩვენ მწუხარების მოლოდინი გვაქვს და გვეშინია, მწუხარების დროს კი იმედით ველით სიხარულს, შემდეგ ისევ მწუხარების გვეშინია და ისევ ველით სიხარულს, მაგრამ არც ეს მოლოდინებია ჩვენი საბოლოო მოლოდინი. ჩვენი საბოლოო მოლოდინი, ძმანო, განკითხვის დღის ანუ ღვთის სამსჯავროს მოლოდინია. განკითხვის დღეს ანუ საშინელი სამსჯავროს დროს ყველანი იმას მივიღებთ, რაც დავიმსახურეთ: ერთნი - დღეს, რომელიც აღარ შეიცვლება ღამით, მეორენი - ღამეს, რომელიც აღარ შეიცვლება დღით; ერთნი - სიხარულს, რომელიც აღარ შეიცვლება მწუხარებით, სხვანი – მწუხარებას, რომელიც აღარ შეიცვლება სიხარულით. აი, ძმანო, ეს არის ადამიანური მოდგმის უკანასკნელი მოლოდინი, იცის მან ამის შესახებ თუ არ იცის, ფიქრობს ამის შესახებ თუ არ ფიქრობს.

მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ და უნდა ფიქრობდეთ ამის შესახებ, მორწმუნენო. დაე, ეს ცოდნა იყოს თქვენი ყოველგვარი ცოდნის ამოსავალი და ამ ფიქრმა მართოს თქვენი ყველა აზრი. ამ ცოდნასა და ფიქრს კი დაუმატეთ ყველაზე მთავარი - მცდელობა იმისა, რომ იყოთ უბიწონი, მართალნი (უფრო სწორად კი – შეურყვნელნი და შეუბილწველნი) და მშვიდნი. შეეცადეთ გქონდეთ სუფთა გონება, მართალი სინდისი და მშვიდობა ღმერთთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ შეგაძრწუნებთ თქვენ ბოლო ჟამი თავისი მოულოდნელობით და არ მოიწევა თქვენზე ღამე დღისა და მწუხარება სიხარულის გარეშე. როგორც უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება იყო მოულოდნელი ადამიანებისთვის, ასევე მოულოდნელი იქნება მისი დიდებით მეორედ მოსვლა. მოულოდნელი იყო მისი შობა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან, მისი სიღარიბე, მის მიერ სასწაულთა აღსრულება, მოულოდნელი იყო მისი ყოველი საქმე, სიტყვა, დამცირება და ნებაყოფლობითი სიკვდილი, მოულოდნელი იყო მისი აღდგომა და ამაღლება, მისი ეკლესია და მისი სწავლების გავრცელება. ამგვარადვე მოულოდნელი იქნება მისი მეორედ მოსვლა და ეს იქნება ყველა მოულოდნელობაზე საშინელი მოულოდნელობა.

ჰოი, უფალო, სამართლიანო მსაჯულო! როგორ შეგეგებებით, თუკი არ ვიქნებით შემოსილნი სიწმინდით, უბიწოებითა და მშვიდობით? შეგვეწიე ჩვენ, შეგვეწიე, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, მოვემზადოთ შენთან საშინელი შეხვედრისთვის. დიდება შენდა უკუნისამდე, ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019