მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ჩემი ძალა უძლურებაში ვლინდება
წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)


ამიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი
(2 კორ. 12: 9-10)


წმიდა პავლე მოციქულს ჰქონდა ხორციელი საწერტელი. ეს საწერტელი იყო მესპილენძე ალექსანდრე, რომელსაც სძულდა პავლე, ყოველთვის და ყველგან დევნიდა, ყველანაირად ავიწროებდა, შეურაცხყოფდა მას ბოროტი სიტყვებით. სამჯერ ილოცა პავლე მოციქულმა ღვთის წინაშე და შეევედრა უფალს, რომ ეხსნა იგი ამ საწერტელისაგან, მაგრამ უთხრა მას უფალმა: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. „ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში,“ – წერს წმიდა პავლე მოციქული, – „ამიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 12: 9-10).

როგორ შეიძლება უძლური ძლიერი იყოს? მოხუცი, რომელიც საშინელი ქოშინით იტანჯება, ძლივს დადის დაუძლურებული ფეხებით და ხელები უკანკალებს, ნუთუ შესაძლებელია ძლიერი იყოს იმიტომ, რომ უძლურია?

როგორ? – იკითხავს გაკვირვებით და, დამცინავადაც კი, მშვინვიერი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთთან ყველაფერი სხვაგვარადაა, არა ისე, როგორც ჩვენთან, ადამიანებთან; რომ მისი გზები – ეს არის განსაკუთრებული, წმიდა და ხშირად ჩვენთვის ამოუცნობი გზები.

მშვინვიერ ადამიანს არ ესმის, ვერ იგებს, რომ წმიდა წერილი არ არის სხვა – თუნდაც ყველაზე ბრძნული – ადამიანის მიერ დაწერილი წიგნების მსგავსი.

რა უნდა ვუპასუხოთ იმას, ვისაც ეს ყველაფერი არ ესმის?

ჰოი, საბრალოვ! შენ ფიქრობ მხოლოდ ამქვეყნიერ მიზნებსა და საქმეებზე, რომლებიც შენს ხორციელ კეთილდღეობას ეხება და საერთოდ არ გაფიქრებს ის, რაც სულიერად უნდა გაიაზრო.

მაგრამ როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდე, რომ პავლე მოციქულის ეს სიტყვები: „როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი“ და უფლის პასუხი გულისხმობს არა ხორციელ, არამედ სულიერ უძლურებას?!

ალბათ, არ გსმენია პავლე მოციქულის სიტყვები: „სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს (1კორ. 1, 27 – 28).

შენ ეს სიტყვები არასოდეს გსმენია და ვერ იგებ, ჩვენთვის კი ეს უდიდესი გამოცხადებაა, რადგან ვიცით, რომ უძლური და არაფრისმქონე მეთევზეებით, თავისი მოციქულებით, ღმერთმა შეარცხვინა წუთისოფლის სიბრძნე, გაუცხადა რა ქვეყანას სრულიად ახალი, მანამდე არსმენილი სწავლება – სწავლება არა მიწიური სამეფოს, არამედ ცათა სასუფევლის შესახებ.

ჩვენ, ქრისტიანებს, მიზნად გვაქვს არა მიწიერი სამეფოს აშენება, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრება. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის.

მიწიერ სამეფოში ჩვენც ვცხოვრობთ, ქრისტიანები და ვმონაწილეობთ ამქვეყნიურ საქმიანობაში, მაგრამ გულით ღვთის სამეფოს, ცათა სასუფეველს ვართ მიკრულნი.

რა არის სულიერი უძლურება და რა არის სულიერი ძალა?

სულიერი ძალის ქრისტიანული და საერო გაგება სრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ერის ადამიანებისთვის სულიერი ძალის საფუძველია საკუთარი თავისადმი რწმენა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის დამკვიდრება – ამპარტავნება.

ამ ძალას, ხშირად საკმაოდ დიდს, ნამდვილად შეუძლია შექმნას რაღაც განსაკუთრებული, რაც სრულიად შეცვლის ადამიანის ცხოვრებას და სასიკეთოდ წარმართავს სოციალურ და ყოფით ურთიერთობებს. იგი ჩვენ თვალწინ არნახული წარმატებით აშენებს მიწიერ სამეფოს.

მაგრამ ამგვარი სულიერი ძალის საფუძველია ამპარტავნება, რომელიც სრულიად უარყოფს ღვთის შეწევნას და საკუთარი, ადამიანური ძალების მოიმედეა, მაგრამ ამპარტავნებს ღმერთი ეწინააღმდეგება, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.

მათ ეს არ სმენიათ, თუმცა, რომ მოესმინათ კიდეც, სასაცილოდ არ ეყოფოდათ.

ჩვენ კი ღრმად გვაფიქრებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა (ეს. 57:15).

და სხვაგან კვლავ გვეუბნება წინასწარმეტყველი: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა (ეს. 66:2).

ო, რა დიდია ჩვენთვის ეს სიტყვები! ნუთუ არ გსურთ, რომ თქვენს გულში ცხოვრობდეს ღმერთი?

მაგრამ უფალი ამბობს, რომ იმ გულებში მკვიდრობს, რომლებიც შემუსვრილი და დამდაბლებული არიან.

ადამიანის გულში მკვიდრობს თვით ღმერთი...

და მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი, რომელსაც სძულს ამპარტავნება და თავის გადნიდება, დაემკვიდრება თავმდაბალ გულში, რომელიც შემუსვრილია და ძრწის მისი სიტყვების წინაშე, აი, მაშინ, ამ უძლურ გულში, მხოლოდ ასეთ გულში – და არა სხვაგვარში –დაივანებს ღვთის უდიდესი ძალა.

მაგრამ რა არის სულიერი სიგლახაკე, რომელსაც აუცილებელ პირობად გვიყენებს უფალი, რათა ღვთიურმა ძალამ იმოქმედოს ჩვენში?

აი, იქ, კარიბჭესთან, დგანან საბრალო გლახაკები. ისინი არავის წინაშე არ ქედმაღლობენ, დგანან აკანკალებული მუხლებით, თავდახრილნი, თავიანთ თავს ყველაზე უარესად მიიჩნევენ. დგანან მდაბლად. საკუთარი არაფერი გააჩნიათ და თავს აღიარებენ გლახაკებად. ისინი იმ მოწყალებით არსებობენ, რომელსაც თქვენ გასცემთ, იცვამენ თქვენს გამონაცვალ ტანისამოსს, ისინი არაინ „გლახაკნი ხორცით“.

აი, მათნაირი უნდა იყვნენ „სულით გლახაკნი.“ მათ,“ ხორცით გლახაკთა“ მსგავსად, უნდა გააცნობიერონ, რომ არანაირი სიკეთე არ გააჩნიათ.

სულით გლახაკნი სრულიად ღატაკნი არიან - მათ არ აქვთ სათნოებები.

ისინი გულწრფელად ასე ფიქრობენ და ამბობენ, რომ მათ მიერ აღსრულებულ სიკეთეს თავიანთი ძალებით კი არ სჩადიან, არამედ ღვთის შეწევნითა და მადლით.

სულით გლახაკნი შემოსილნი არიან არა ძვირფასი სამოსით, არამედ – მაღალი ღმერთის ფრთეთა საფარველით.

მხოლოდ ამ სამოსს ეძიებენ ისინი, მხოლოდ მაღალი ღმერთის ფრთეთა საფარველქვეშ სურთ ცხოვრება და არა ჩინებულ სასახლეებში – მათ ეს არ სჭირდებათ.

ისინი თავმდაბლურად მიიჩნევენ თავიანთ თავს ყველაზე უღირსად. და რაც უფრო მეტად მართალია ადამიანი, მით უფრო მეტად აცნობიერებს თავის ცოდვილობას.

ეს თქვენ უცნაურად მოგეჩვენებათ. გაგიკვირდებათ, რომ წმიდანები ყველაზე ცოდვილებად მიიჩნევენ თავს.

მერწმუნეთ, ნამდვილად შესაძლებელია, რომ წმიდანები გულწრფელად ფიქრობდნენ ამგვარად.

და როგორ არის ეს შესაძლებელი? აი, ასე:

თუ ოთახში ფანჯრიდან მზის კაშკაშა სხივი შემოიჭრება, თქვენ ამ სხივში მილიონობით მტვრის ნაწილაკს შენიშნავთ. სანამ არ იყო სხივი, ვერ ხედავდით მტვერს; დაინახეთ მხოლოდ მაშინ, როდესამ მზემ მტვერს მიაშუქა.

წმიდანების სულიერი ხედვა უკიდურესად გამძაფრებულია, ისინი ხედავენ იმას, რასაც ვერ ხედავენ უბრალო ადამიანები, ერის ადამიანები.

მათ გულს და გონებას ანათებს ქრისტეს ნათელი და ამ საოცარ ნათელში, თავიანთი გამახვილებული მზერით, ისინი ყველაზე უმცირეს ცოდვებსაც კი ხედავენ, ცოდვებს, რომლებიც მრავლად არიან ჩვენს გულში.

და ასეთ დროს წმიდა ადამიანს შეძრწუნებულს აღმოხდება: „ო, ღმერთო, ღმერთო! რამდენი ცოდვა მაქვს!

და ის სრულიად გულწრფელად დაინახავს თავის თავს სხვებზე უარესად, სხვებზე ცოდვილად.

აი, ეს არის სიმდაბლე – ყოველგვარი სიმართლის საფუძველი, რადგან სიმდაბლის გარეშე არცერთ კეთილ საქმეს არ აქვს ფასი ღვთის თვალში.

შესაძლებელია აკეთო სიკეთე, მაგრამ აკეთო ამპარტავნებითა და პატივმოყვარეობით. მაგრამ ეს სიწმიდე კი არა, სისაძაგლეა ღვთის წინაშე. ღმერთი ჩვენგან მხოლოდ ნამდვილ სულიერ სიგლახაკეს ელის, ის პავლე მოციქულის პირით გვიცხადებს: „ჩემი ძალა ვლინდება უძლურებაში“.

მხოლოდ დამდაბლებულ და შემუსვრილ გულში აღესრულება ღვთის დიდი საიდუმლო.

იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სიკეთე აღვასრულოთ, სიმდაბლე გვმართებს. სიმდაბლეს გვასწავლის ჩვენი უფალი, იესო ქრისტე. გახსოვთ მისი სიტყვები? – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა (მთ. 8:13).

ვინ იყო ისეთი მდაბალი, როგორიც - უფალი? გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში? – „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა - იგი ქრისტე იესუჲს მიერ. რომელი - იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი (ფილ. 2: 5-10).

არ, რას უნდა მივბაძოთ – ქრისტეს სიმდაბლეს, წმიდანების სიმდაბლეს. ნურასოდეს დაგავიწყდებათ პეტრე მოციქულის საშინელი სიტყვები: „ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს (1პეტ.5:5).

დაე, ვიყოთ თავმდაბალნი, სულით გლახაკნი, უძლურნი და მაშინ, მხოლოდ მაშინ, ღვთის ძალა აღესრულება ჩვენში.

ამიტომ დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ და აღგამაღლებთ თავის დროს. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019