მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
ცოდვების დანახვა
|
ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ სცოდოს და დატკბეს ცოდვით, თუნდაც მხოლოდ ფიქრითა და გულისთქმით, ასეთი ვერ შეძლებს თავისი ცოდვების დანახვას. ცოდვების დანახვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მტკიცე გადაწყვეტილებით უარყო ცოდვასთან ყოველგვარი მეგობრობა და ფხიზლად იცავს თავის სახლს შიშველი მახვილით, რომელიც არის ღვთის სიტყვა და რომლითაც ნებისმიერ მოახლოებულ ცოდვას ანადგურებს. ვინც ბრძოლას უცხადებს ცოდვას და გონებიდან, გულიდან და სხეულიდან აძევებს მას, ამ დიდი ღვაწლის გამო ღმერთი მას უდიდეს ნიჭს – თავისი ცოდვების დანახვის უნარს – უბოძებს. ნეტარია, ვინც თავის თავში ჩაბუდებული ცოდვა დაინახა! ნეტარია, ვინც თავის თავში დაინახა წინაპართა დაცემა, ძველი ადამი! საკუთარი ცოდვების ამგვარი ხედვა სულიერი ხედვაა, ესაა ხედვა გონებისა, რომელიც სიბრმავისაგან ღვთის მადლით არის განკურნებული. აღმოსავლეთის ეკლესია გვასწავლის, რომ მარხვითა და მუხლმოდრეკით ვევედროთ ღმერთს მოგვმადლოს საკუთარი ცოდვების დანახვის უნარი. ნეტარია, ვინც განუწყვეტლივ ღვთის რჯულით განისწავლება! ღვთის რჯულში იხილავს იგი ახალი ადამიანის ხატსა და სილამაზეს და ამ რჯულის მიხედვით დაინახავს და გამოასწორებს თავის ნაკლოვანებებს. ნეტარია, ვინც მოკვდა ცოდვისთვის და სინანულის სოფელი შეიძინა. სწორედ სინანულით აღმოაჩენს იგი სულის ხსნის ფასდაუდებელ საგანძურს. სულის გასპეტაკებისა და გამოჯანმრთელების დაწყების ნიშანია ის, რომ გონება ცოდვის დანახვას იწყებს, რომელიც ქვიშასავით უთვალავია, – ბრძანებს პეტრე დამასკელი. ეს წმიდა მამა სულიერ ხედვას უწოდებს საკუთარი დაცემისა და საკუთარი ცოდვების ჭვრეტას, რასაც ქრისტეს მცნებების შემსრულებელში მადლის მოქმედება განაპირობებს. წმიდა ეკლესიამ თავის შვილებს წესად დაუდგინა, რომ გულთბილი ლოცვით გამოსთხოვონ ღმერთს უდიდესი სიკეთე - საკუთარი ცოდვების ხედვის უნარი. დაცემული ბუნება გონების სიბრმავითაა დაზიანებული. იგი ვერ ხედავს თავის დაცემას, ვერ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ხედავს თავის დროებით მყოფობას მიწაზე და იმგვარად იქცევა, თითქოს უკვდავი იყოს და მხოლოდ მიწისთვის არსებობდეს. ის არა მხოლოდ სასტიკად განსჯის და განიკითხავს მოყვასის ცოდვებს, არამედ მთელი თავისი უბადრუკი არსებით ცდილობს დააბრალოს მოყვასს არჩადენილი ცოდვებიც. იგი მოხიბლულია უმაღლესი ქრისტიანული სათნოებებით და თავისი დაცემული გონებისა და გაბოროტებული გულის შესაბამისად ამახინჯებს მათ. მსურს შორეული წარსულიდან ერთი სულიერი საკითხავი შემოგთავაზოთ: „სამმა მოშურნე ბერმა სხვადასხვა სულიერი ღვაწლი იტვირთა: პირველმა ერთმანეთის მტრების შერიგება განიზრახა. ამ ღვაწლისაკენ მას სახარების სიტყვებმა („ნატარ არიანი მშვიდობისმყოფელნი“ (მთ. 5:9)) უბიძგა. მეორემ გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება სნეულებს მომსახურებოდა; ეს ღვაწლი მანაც უფლის სიტყვების გამო ( „სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე“ (მთ.25:36)) აირჩია; მესამემ კი უდაბნოში განმარტოება განიზრახა და მდუმარების ღვაწლი იტვირთა. იმან, ვინც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილებს არიგებდა, მხოლოდ მცირე წარმატებას მიაღწია. ის ძალაგამოცლილი მივიდა მეორე ძმასთან, რომელიც სნეულებს ეხმარებოდა, მაგრამ ისიც იმგვარად დაუძლურებულიყო, რომ აღარც მას შეეძლო თავისი ღვაწლის გაგრძელება. მაშინ ორივემ განდეგილი ძმის მონახულება განიზრახა. მასთან მისულებმა ძმას თავიანთი მწუხარების შესახებ უამბეს და შეევედრნენ ეთქვა მათთვის, თუ რა სათნოების მოხვეჭა შეძლო მდუმარებით. განდეგილი ძმა მცირე ხნით დაფიქრდა, შემდეგ წყლით აავსო ჭიქა და ძმებს უთხრა: „ჩაიხედეთ წყალში“. ძმები ასეც მოიქცნენ, მაგრამ ვერაფერი დაინახეს, რადგან წყალი მღვრიე იყო. გარკვეული დროის შემდეგ განდეგილმა კვლავ უთხრა: „წყალი დაიწმინდა - ახლა ჩაიხედეთ“. ძმებმა წყალში ჩაიხედეს და თავიანთი თავი ისე დაინახეს, როგორც სარკეში. მაშინ უთხრა მათ განდეგილმა: „ის, ვინც ადამიანთა შორის ცხოვრობს, ვერ ხედავს თავის ცოდვებს, რადგან წუთისოფლის სიამოვნებები უშლის ხელს, ხოლო ვინც მდუმარებას მიეცემა, განსაკუთრებით უდაბნოში, ის თავისი ცოდვების დანახვას იწყებს. ჯერ საკუთარი ცოდვები უნდა დაინახო, შემდეგ კი – სინანულით განიბანო და გულის სიწმინდე მოიხვეჭო, რადგან ამათ გარეშე შეუძლებელია რომელიმე სათნოების წმიდად, სრულად და სუფთა სინდისით აღსრულება.“ საკუთარი ცოდვების ხედვა არც ისე იოლია, როგორც ეს ზედაპირულად და ერთი შეხედვით ჩანს. ცოდვების დასანახად ბევრი რამ უნდა იცოდე. საჭიროა ღვთის რჯულის ზედმიწევნით ცოდნა. ამის გარეშე შეუძლებელია სწორად გაარკვიო, თუ რომელი ქმედება, სიტყვა, ფიქრი და გრძნობაა ნამდვილი და რომელი – ცოდვა. ცოდვა ხშირად სიმართლის სახეს იღებს! სიღრმისეულად უნდა იცოდე ადამიანის ბუნება, რათა გაიგო, თუ რა არის გონების ცდომილება და გულისა და სხეულის წყლული; უნდა იცოდე რაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა, ან რა თვისებები უნდა ჰქონდეს ახალი ადამის შთამომავალს, რათა დაინახო რა ნაკლი გვაქვს და რატომ. აი, ასეთი მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი ცოდნაა საჭირო საკუთარი ცოდვების დასანახად! ამგვარ ხედვას იძლევა ნამდვილი მდუმარება! ის სულს კამკამა წყალივით გამჭირვალეს ხდის, რომელშიც ადამიანი თავის მდგომარეობასაც ხედავს და, სულიერი წარმატების შესაბამისად, მოყვასის მდგომარეობასაც. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი თავს მუდმივად ცოდვილად ხედავს და ასეთად აღიარებს. საკუთარი თავის ამგვარი შეფასებით ადამიანი განუწყვეტლივ სიმდაბლესა და ღვთის სათნო წმუხარებაში იმყოფება. თუმცა ასეთ თვითგანსჯას კეთილგონიერებაც უნდა ახლდეს, რათა ზღვარს არ გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ის საზიანო აღმოჩნდეს და მოღვაწე სრულ გაურკვევლობაში ჩააგდოს თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ჩვენი ბუნება ცოდვითაა დაზიანებული. ესაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას გული ღვარძლით აქვს სავსე, ამიტომ ვინც საკუთარ თავში ამ ღვარძლს დაინახავს, არ უნდა გაუკვირდეს – არ უნდა იფიქროს, რომ განსაკუთრებული რამ ხდება მის თავს და ამის გამო გაურკვევლობა და სულმოკლეობა არ უნდა დაეუფლოს. დიახ, ყველაფერი სწორედ ასე უნდა იყოს! ღვარძლი თავისას შვრება: განუწყვეტლივ ამოდის და იზრდება. მას თხრიან, მაგრამ კვლავ ჩნდება, ამიტომ ჩვენც ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ და ვთხაროთ და ვთხაროთ ღვარძლი. ასეთი მოქმედებით ადამიანში ფესვს იდგამს თავმდაბლობა, თავმდაბლობის გამო კი ღმერთი წყალობას გვიგზავნის. ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ღმერთი გამუდმებით გვადევნებს თვალს, სწორედ ამიტომ, უშვებს, რომ დავმდაბლდეთ, რათა შემდგომ მადლი გვიბოძოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს: არის დრო მიწის დამუშავებისა ხორბლის დათესვამდე და არის დრო თავად ხორბლის დათესვისა; არის დრო მკისა და არის დრო ლეწვისა, არის დრო ხორბლის დაფქვისა და არის დრო პურის ცხობისა, დაბოლოს, არის დრო პურის დაგემოვნებისა.
|