მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ცოდვის 12 საფეხური
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე)


ადამიანის გონებაში გაჩენის წუთიდან ადამიანის თვითმკვლელობამდე ცოდვა თორმეტ საფეხურს გადის. არადა, ღმერთმა ადამიანს უბოძა იმის ძალა, რომ არ შესცოდოს! ესაა ღვთის მიერ ადამიანში ჩადებული ყოვლისშემძლე, უდიდესი ძალა, ისეთი, რომ ბნელეთიდან ყველა ეშმაკიც რომ აღდგეს და ეცადოს, ვერ აიძულებს მას, რომ მან შესცოდოს. განა არ წაგიკითხავთ ფსალმუნში: „უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ“ (ფს. 5:13)?! ამის შესახებ წმიდა წერილშიცაა ნათქვამი: „მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა“ (ზირ. 15:14).

მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ იმორჩილებს ცოდვა ადამიანს ყველაზე ქვედა საფეხურიდან დაწყებული და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დასაწყისშივე არ ეცდება ცოდვის შეწყვეტას, როგორ მიჰყავს იგი თვითმკვლელობამდე.

რა არის ცოდვა? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვა ღვთის რჯულის დარღვევაა, სიკვდილის საწერტელია და როგორც ეშმაკის ქმედება, სისაძაგლეს წარმოადგენს ღვთის წინაშე. წმიდა წერილი ცოდვას ჭიანჭველლომს უწოდებს: „ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ“ (იობ. 4:11), რადგან თავიდან ცოდვა ჭიანჭველასავით პატარაა, იგი მხოლოდ გონებაში არსებობს, მაგრამ თუ შემდგომ აღსარებითა და ლოცვით არ გავანადგურებთ მას, ძლიერი გახდება, როგორც ლომი.

წმიდა ეფრემ ასური ბრძანებს, რომ ცოდვა ბოროტი ეშმაკია, რომელიც ფარულად, ნელ-ნელა ეუფლება სულს. იმისათვის, რომ თავი დავიხსნათ ეშმაკისაგან და ცოდვას ჩვენს გონებასა და გულში შეღწევის საშუალება არ მივცეთ, დიდი სიფხიზლე გვმართებს. ეს სიფხიზლე, როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს, ღვთის შიშისაგან იშვება: „ვისაც სწამს, იმას ეშინია და ვისაც ეშინია, ის ფხიზლობს“.

ცოდვის პირველ სააფეხურზე ადამიანს არ სურს სიკეთის კეთება. ღმერთმა ადამიანს საკმარისი ძალა უბოძა ყოველგვარი კეთილი საქმის აღსასრულებლად და თუ მას ეს არ სურს, ცოდვად ეთვლება.

ცოდვის მეორე საფეხურზე ადამიანი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ ცუდი განზრახვით. წმიდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „სიკეთე არ არის სიკეთე, როდესაც ის კეთილად არ აღესრულება“.

მაგალითად: ვიღაც მარხულობს, ისე რომ პირში არაფერს იკარებს, მაგრამ, ამავდროულად, ლანძღავს და სძულს სხვა; მაგრამ რა სარგებელია ასეთი ხორციელი მარხვისაგან, თუ მას სულიერი არ ახლავს?! ან რამდენად სასარგებლოა, როდესაც მოწყალებას გავცემთ, მაგრამ ნაქურდალიდან, ან – როდესაც ვინმე კეთილ საქმეს აღასრულებს, მაგრამ, ამასთანავე, ქედმაღლობს და მის მიერ ქმნილ სიკეთეს პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას ამატებს?! ეშმაკი ანადგურებს მის ჯილდოს. ასე რომ, ადამიანი კეთილ საქმეს აღასრულებს, მაგრამ ის უკვე აღარ არის კეთილი, რადგან მასში ბოროტება ურევია.

ზოგჯერ ადამიანი კეთილ საქმეს ცუდი განზრახვით იქმს. ცუდი განზრახვით აღსრულებული კეთილი საქმე კი უკვე მიზნის ნაწილად იქცევა და რადგან მიზანი ცუდია, კეთილი საქმეც ცუდი ხდება, ხოლო როცა მიზანი კეთილშობილურია, მაშინ კეთილი საქმეც კეთილად რჩება და კარგია.

იგივე შეიძლება ითქვას, როცა ვინმე მოწყალებას იმ მიზნით გასცემს, რომ შეაქონ, ასევე ლოცულობს, მარხულობს და მრავალ სხვა სათნოებას აღასრულებს, მაგრამ ღვთის სადიდებლად კი არ მიმართავს ამ ყოველივეს, არამედ ამსოფლიური მიზნებისკენ. ასე აღსრულებულ კეთილ საქმეში არ არის სული, ის მკვდარია.

კეთილ საქმეს აქვს სხეული და სული. კეთილი საქმის სხეულს წარმოადგენს თვით მისი აღსრულება, ხოლო სულს, ე. ი. სიცოცხლეს – მიზანი ანუ კარგი და სამართლიანი მიზანი.

ცოდვის მეორე საფეხურს განეკუთვნება ასევე კეთილი საქმის ნაწილობრივ და გულმოდგინების გარეშე აღსრულება. ყოველი კეთილი საქმე სრულყოფილად უნდა აღესრულებოდეს. როდესაც კეთილ საქმეს ნაწილობრივ აღვასრულებთ, ჩვენ ვდგავართ ცოდვის მეორე საფეხურზე.

მაგალითად: როდესაც ვინმე ღვთის მიმართ ლოცულობს, მაგრამ გულისა და გონების გარეშე, მხოლოდ ბაგეებით და ხმამაღლა, მისი გონება ამქვეყნიურზე ზრუნვითაა გაფანტული. იგი ან ვაჭრობაზე ფიქრობს, ან – კიდევ რა გააკეთოს, ან უცებ ახსენდება, რომ საქონელს არ აჭამა, ან – სხვა ამის მსგავსი. ასეთი ცოდვის მეორე საფეხურზე დგას.

ცოდვის მესამე საფეხურია ეშმაკის მოქმედებასთან პირველი შეხება. ბოროტი ადამიანის გონებას სთავაზობს სატყუარას გულისთქმის სახით. ადამიანს აზრების სახით მოსდის მრუშობის, მრისხანების, მკვლელობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, მზაკვრობის, სიძულვილის ან შურისძიების გულისთქმა. როდესაც რომელიმე ცოდვის სურვილი ან ბოროტი გულისთქმა ადამიანის გონებას იკავებს, ეს ცოდვის მესამე საფეხურია.

ცოდვის მეოთხე საფეხურია სურვილებისა და აზრების მიმართ თანაგრძნობა და მათთან შეერთება. ამ დროს ჩვენი გონება თანაუგრძნობს ანუ უერთდება ზემოთ აღნიშნულ ვნებიან გულისთქმას და ცოდვილ სურვილს. გონებაში ცოდვა თავიდან უბრალოდ, აზრის სახით, შემოდის. ნებისმიერი ასეთი აზრი, ვთქვათ: ოჯახის, ფულის, დიდების შესახებ – შეიძლება ცოდვად არც ჩაითვალოს. ამ დროს მხოლოდ აზრი მოეწოდება ანუ ხდება შემოთავაზება, მაგრამ როდესაც უკვე ფიქრს ვიწყებთ ქალის, ფულის, დიდების შესახებ და ვნებით ვუერთდებით შემოთავაზებულ აზრს ფულის, დიდებისა თუ სხვა რამის შესახებ, გონებით უკვე ცოდვის მეოთხე საფეხურზე გადავდივართ.

გონებით ჩვენ უკვე შევუერთდით ცოდვის ბოროტ აზრს ანუ გულისთქმას. ამ საფეხურს ასევე ჰქვია თანაგრძნობა, რადგან გონება თანაუგრძნობს და საუბარს აბამს ბოროტ და ვნებიან გულისთქმასთან.

ცოდვის მეხუთე საფეხურია ბრძოლა. ამ წუთიდან მოყოლებული, ბრძოლა მიმდინარეობს ცოდვის ყველა საფეხურზე. როდესაც ადამიანი გონებით ცოდვის შესახებ აზრს ეთანხმება და დილოგს იწყებს მასთან, თუმცა, ღვთის შიშით განმსჭვალული, ამ აზრის გონებიდან განდევნასაც ცდილობს, ეს უკვე ბრძოლაა. ადამიანი ხედავს, რომ გონებაში მოსული აზრი ცუდია. მაგალითად, მასთან მოდის სიძულვილის, მრისხანების, ამპარტავნების, ქედმაღლობის, შურისძიების, სიამაყის ან შურის აზრი და როგორც კი დაინახავს, რომ ეს არ არის კარგი აზრი, ადამიანი იწყებს ბრძოლას და ამ აზრის გონებიდან განდევნას ცდილობს.

ამ საფეხურზე ბრძოლაში ერთვება სამი გონება: ეშმაკეული, ადამიანური და ანგელოზური. ეშმაკები ჩვენს გონებას ბოროტებისკენ, ცოდვისკენ ექაჩებიან, ზეციური ძალები ანუ ანგელოზები – კეთილი აზრებისაკენ, ადამიანის გონება კი ამათ შუა დგას და თავისი ნებით იხრება ან სიკეთის, ან ბოროტებისკენ. ამ დროს ჩვენი გონება, რომელიც იბრძვის, ხან ეშმაკისგან იწყნარებს ბოროტ გულისთქმებს, ხან ანგელოზებისაგან იღებს კეთილ აზრებს და ადამიანის გონებაში მიმდინარე ეს ბრძოლა ან გვირგვინს იმსახურებს, ან – მარადიულ სატანჯველს.

ამ საფეხურის შემდეგ ადამიანი გადადის ცოდვის მეექვსე საფეხურზე, რომელიც არის თანხმობა. ცოდვის მეხუთე საფეხურზე ადამიანი ბრძოლას ნებაყოფლობით თმობს, ცოდვილ გულისთქმას ეთანხმება და გადადის ცოდვის მეექვსე საფეხურზე ანუ ცოდვის წარმოსახვაზე და გონებაში ამ ყველაფრის წარმოდგენას იწყებს.

მეშვიდე საფეხურია გონებით ცოდვა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვის აზრს მიიღებს, გონებაში მისით ტკბობას ანუ ცოდვის წარმოსახვას იწყებს, მაგალითად, იმ ქალის სახეს წარმოიდგენს, რომელიც ძალიან უყვარდა, ან რომლის მიმართაც ვნება ჰქონდა, ან – ვინც სძულს. განა არ გამოგიცდიათ ამგვარი რამ: ლოცვის დროს ბრაზობ და ეჩხუბები იმას, რომელსაც სძულხარ და ახლა, შენ გვერდით რომ ყოფილიყო, ათას რამეს ეტყოდი მას?!

მაშასადამე, მეშვიდე საფეხურზე გონება ბრძოლას იწყებს. ეშმაკები იმათ სახეს იღებენ, ვისაც ვძულვართ, ვინც ცუდი თქვა ჩვენ შესახებ ან გვიმტრო და ამით გონებას გვიფორიაქებენ. ამ მოგონებებს წარმოსახვაც ემატება და საშინელ ბრძოლას იწვევს ჩვენს სულში იმათი გახსენება, ვინც ვნებით გვიყვარდა, ან გვძულდა, ან ვისაც ვძულდით და ტკივილი მოგვაყენა.

შესაძლებელია ბრძოლა განაპირობოს ფულმაც, თუ ის გიყვარს. ეშმაკი დიდ საფულეს დაგანახებს, ან ფულით სავსე სკივრს, უამრავ სამოსს, პატივს, მრავალ ხარს, თხას, ცხენს, დიდ სიმდიდრესა და უამრავ სხვა რამეს, და რადგან თანხმობის საფეხურზე იმყოფები და ეშმაკთან ურთიერთობ, უკვე შენს გონებაში დაიწყებს ხატვას – ეშმაკს ხომ „ძველ მხატვარსაც“ უწოდებენ. მას უფრო ცხადად დახატვა შეუძლია, ვიდრე შენ წარმოიდგენ. და იგი იქამდე გააგრძელებს ხატვას, სადამდეც ამის უფლებას მისცემ: თვალწინ დაგიხატავს ქალებს, ხალხს, ბაზრებს – ყველაფერს, რასაც მოისურვებ.

როდესაც დაინახავ, რომ ეს ყველაფერი წარმოსახვის სახით შემოდის შენში, იცოდე, რომ ცოდვის კერპებით გებრძვიან. აი, რას ამბობს წმიდა სვინკლიტიკია: „კერპები იდგნენ, მე კი წინააღმდეგობას ვუწევდი.“

მეშვიდე საფეხურზე ყველა ცოდვა კერპების სახეს იძენს, ისინი გარკვეულ ფორმას იღებენ. გონების წინაშე წარმოსახვათა ეკრანზე ჩნდებიან ქალები, ჩვენი მოძულენი, ფული, ანგარიშები... გახსენდება უამრავი რამ. შესაბამისად, სული მეშვიდე საფეხურზე გონებითა და წარმოსახვით სცოდავს.

ნუთუ ჩვენ არ გვემართება ამგვარად?! ვის არ გამოუცდია მსგავსი რამ ადრე, ან არ განიცდის ყოველ წუთს?! ჩემთვის ეს ნაცნობია, იქნებ თქვენ ჩემზე მეტადაც ხართ გამოცდილი. ვის არ წარმოუდგენია ცოდვა გონებაში?!

მაგრამ იქნებ ფიქრობ, რომ ცოდვა, რომელიც გონებით არის ჩადენილი, მსუბუქია?! ნუ იფიქრებ, რომ ეს ნაკლები დანაშაულია! აი, რას ბრძანებს ეფრემ ასური: „ძმანო, ნუ მოეკიდებით დაუდევრად გონებაში ჩადენილ ცოდვას. გონებით ცოდვა რომ მძიმე არ ყოფილიყო, მართალ იობს უფლის მოსვლამდე 1850 წლით ადრე არ დასჭირდებოდა ყოველ საღამოს ხარის შეწირვა.“

რატომ? მას შვიდი ძე და სამი ქალიშვილი ჰყავდა, ყველა ახალგაზრდა იყო და იობს იმდენად ძლიერ ეშინოდა, მის შვილებს გონებით არ შეეცოდათ ღვთის წინაშე, რომ განსაწმენდელ მსხვერპლს სწირავდა მათთვის. ამგვარად ცდილობდა იგი შვილების განწმენდას ფიქრებით შესაძლო შეცოდებისაგან, თავად იობი კი არ სცოდავდა, ხოლო ეს ყველაფერი ხდებოდა ღვთის რჯულის მოცემამდე ანუ მოსემდე. დაწერილ რჯულამდე და მადლის კანონის მოცემამდე კი ფიქრით შეცოდებისგან მსხვერპლშეწირვით განიწმინდებოდნენ.

ფიქრებით შეცოდება რომ ასე მძიმე არ ყოფილიყო, – ამბობს წმიდა ეფრემ ასური, – ქრისტე, თავად ძე ღვთისა და სიბრძნე ღვთისა, მრუშობად არ შერაცხავდა ქალის მიმართ გულისთქმას და მკვლელობად – ძმის მიმართ სიძულვილს. მაგრამ რას ამბობს იგი? „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ (მთ. 5:28). აი, ეს არის უხილავი მრუშობა, აღსრულებული გონებით!

„ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია“ (1ინ. 3:15). მაშ, ცხოვრების განმავლობაში რამდენი მილიონი მკვლელობა ჩაგვიდენია?! იმდენი, რამდენჯერაც ძმა გვძულდა, და რამდენჯერაც გულისთქმით შეგვიხედავს ქალისთვის –ან, იქნებ, არც შეგვიხედავს, მაგრამ გონებაში წარმოგვიდგენია და დავთანხმებივართ ცოდვის ქულისთქმას – მაშინაც, ყოველ ჯერზე, ღვთის წინაშე მრუშნი ვიყავით გულით.

აი, რატომ არის საჭირო ჩვენთვის ღრმა სინანული! გულის შემძვრელი! ადამიანი კი (მე, ცოდვილი) ნებივრობს საზარელ ცოდვაში – უგრძნობლობაში. სწორედ უგრძნობლობის გამო მეჩვენება, რომ არც ისეთი ცოდვილი ვარ: დღეს ხომ არ შემიცოდავს, არც მომიპარავს!

რამდენჯერაც გონებით ვიმრუშეთ და ძმა გვძულდა, იმდენჯერ მრუშნი ვიყავით და მკვლელები. ამის შესახებ ამოწმებს თავად ძე ღვთისა. ამგვარად, რამდენადაც ჩვენ ცოდვის მეშვიდე საფეხურის ანუ გონებით აღსრულებული ცოდვის შესახებ ვსაუბრობთ, ამდენად – ათასგზის მრუშები და მკვლელები ვართ, რადგან გულისთქმებით ვმრუშობთ გონებაში და გონებაშივე ვუსმენთ ძმის სიძულვილის აზრს.

სინამდვილეში ჩვენ მრუშები და მკვლელები ვართ, არადა, ვფიქრობთ, რომ მონაზვნები ვართ. ან, იქნებ, კერპები ვართ, ან – ბოსტნის საფრთხობელები ბეღურების დასაფრთხობად, რადგან გრძელ სამოსს ვატარებთ?! ეშმაკები მასხრად გვიგდებენ და დაგვცინიან, რადგან ხედავენ, რომ არც საქმენი გვაქვს და არც საცხოვრებელი, არამედ – მხოლოდ სამოსი, მაგრამ მხოლოდ გარეგნულ ფორმას სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის!

მაშასადამე, მეშვიდე საფეხურზე ადამიანი სცოდავს გონებაში წარმოსახვის საშუალებით მას შემდეგ, რაც შემოთავაზებულ აზრებს დათანხმდება მეექვსე საფეხურზე.

ცოდვის მერვე საფეხურია ცოდვა საქმით. მერვე საფეხური მეტად მძიმეა. მხოლოდ მერვე საფეხურზე გადადის ადამიანი საქმით ცოდვაზე.

მრუშობის, შურისძიების, ვერცხლისმოყვარეობის, დიდებისმოყვარეობისა და ამპარტავნების სულით შეპყრობილნი – ჩვენ ხომ ასეთ მდგომარეობაში ვართ განუწყვეტლივ – მერვე საფეხურამდე აზრებს ვებრძვით. ამიტომაც მოგვიწოდებენ წმიდა მამები გამუდმებით: „დაიცავი გონება! დაიცავი გონება!“ სიფხიზლე და გონების დაცვა ცოდვისაგან – ეს ერთი და იგივეა. თუ ამბობ: „გონების სიფხიზლე“ , „გონების დაცვა“ ან „ყურადღების სიფხიზლე“ – ესენი ერთი და იგივეა, ისევე, როგორც „პური“, „პურის ნაჭერი“, „პურის ლუკმა“ და “პურის ნამცეცია“ ერთი და იგივე.

სწორედ გონების დაცვის ეს ღვაწლია ბერების მთავარი საკეთებელი საქმე. ამიტომაც ბრძანებს წმიდა ევსუქი სინელი „სათნოებათმოყვარეობაში“: „ვერავინ გაექცევა ჯოჯოხეთის მთავრებს სიკვდილის წუთებში და საზვერეების გავლისას, თუ არ დაიცავს თავის გონებას“. რატომ? იმიტომ, რომ თუ იგი არ იცავდა საკუთარ გონებას, მაშინ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაფარულად (და არა ცხადად) მრუშიც იყო, მკვლელიც, ვერცხლისმოყვარეც, დიდებისმოყვარეცა და ამპარტავანიც, ამის შესახებ კი არაფერი იცოდა. იგი ცოდვების მორევში იძირება, მაგრამ, თავისი უგრძნობლობის გამო, ვერ აცნობიერებს ამას.

მაშასადამე, მერვე საფეხურზე, ადამიანი, რომელიც ამ დრომდე იბრძოდა (ცოდვის მასთან შეხებიდან მოყოლებული მის თანაგრძნობამდე) და რომელმაც ბრძოლის გზა აირჩია, ახლა საქმით ემორჩილება ცოდვას.

აქამდე გონებაში ებრძოდა წარმოსახვებს, ცოდვის სურათებს, ამ წუთიდან კი ან ქალთან ეცემა ცოდვით, ან ჩუკენობით, ან ფულის დაგროვებას იწყებს, ან ცემს ძმას, რომელიც სძულს, ან ქედმაღლობს, ან შურს, ან შურისძიებას ცდილობს, ან ვინმეს სასამართლოში უჩივის, ან ქურდობასა და მოწევას იწყებს.

ყველა უკეთურება ცოდვის ერთსა და იმავე საფეხურებს გადის და ყველაფერი, რაც ცუდია ადამიანში, ცხადად ვლინდება საქმით, რაც უკვე ცოდვის მერვე საფეხურს წარმოადგენს.

მაშასადამე, სანამ ადამიანი ცოდვის მერვე საფეხურამდე მივა, მანამ იგი უხილავად იბრძვის, ახლა კი ხილულად სცოდავს საქმით. მერვე საფეხურზე ადამიანი ბრძოლას წყვეტს, ნებდება და უკვე საქმით სცოდავს სხეულის მეშვეობით.

ცოდვის მეცხრე საფეხურია ჩვეულება ანუ ჩვევად ქცეული ქმედება. კარგმა მოძღვარმა იცის რომელ საფეხურზე იმყოფება ადამიანი აღსარების დროს. და თუ მას ჰკითხავს:

– ბაბუა (ან დაო, ან დედაო), რატომ ეწევი სიგარეტს? – მაშინვე უპასუხებს:

– მამაო, შევეჩვიე!

ანუ თვითონვე გიპასუხებს, რომ ცოდვის მეცხრე საფეხურზე იმყოფება. ჩანს, ის არაერთხელ დაეცა თავის ცხოვრებაში და გეუბნება, რომ შეეჩვია სიგარეტს, და რომ არ შეუძლია დაშორდეს თავის სათუთუნეს.

– შენ რატომ სვამ, ბაბუა?

– მამაო, შევეჩვიე გადაკვრას (ღვინის ან არყის)!

– რატომ იტყუები?

– მამაო, მივეჩვიე ტყუილებს!

– რატომ სცოდავ ხორცით?

– მე შევეჩვიე მას!

– შენ რატომღა იპარავ?

– მამაო, ასეთი ჩვევა მაქვს!

ამგვარად, მათივე სიტყვებით იგებ, თუ ცოდვის რომელ საფეხურზე იმყოფებიან ადამიანები: ისინი არიან მეცხრე საფეხურზე. ამის შემდეგ მეტად მძიმე საფეხურები იწყება, მეცხრე კი – ეს ცოდვის მიჩვევის საფეხურია.

ცოდვის მეათე საფეხური ცოდვის სიყვარულია. ეს არ არის ჩვევა, ეს ცოდვის მიმართ მიდრეკილებაა. მეცხრე საფეხურზე ადამიანი სცოდავს ამა თუ იმ შემთხვევაში, ჩვეულების გამო, ხოლო მეათე საფეხურზე სცოდავს განუწყვეტლივ: მას უკვე აღარ შეუძლია, რომ არ შესცოდოს.

ცოდვის მეათე საფეხური ყველაზე საშიში საფეხურია, რადგან ცოდვა ადამიანის ბუნებად და მის სამყაროდ იქცევა, ადამიანი ძალაუნებურად გარბის ჭიქისთვის სამიკიტნოში.

– დაანებე თავი დალევას (მოწევას), შეხედე, უკვე ავადმყოფი ხარ! ჯოჯოხეთში მოხვდები, თავს იღუპავ, სხეულსაც და ჯანმრთელობასაც ინადგურებ! თუ ასე განაგრძობ და დალევას არ შეეშვები, ყველაფერს დაკარგავ! შენ ხომ ექიმიც ამას გეუბნება და მოძღვარიც?!

– არა, არ შემიძლია, ეს ჩემთვის აუცილებელია! თუ ღვინოს ან არაყს არ დავლევ, მოვკვდები!

და იგი ან უნებურად იტყუება, ან მრუშობს, ან იპარავს, ან სვამს და სცემს უნებურად. რატომ? იმიტომ, რომ ცოდვის ჩვეულება მის ბუნებად იქცა, ცოდვის მიმართ ძლიერი მიდრეკილება გაუჩნდა. მეათე საფეხურზე ცოდვა გახდა მისი მეორე ბუნება ანუ ცოდვა როგორღაც ბუნებრივი, ორგანული ხდება მისთვის და იმისათვის, რომ ადამიანი ამ საფეხურიდან სინანულისკენ მოიქცეს, ძალიან დიდი ბრძოლაა საჭირო.

მეშვიდე და მერვე საფეხურებზე ადამიანის მოქცევა ადვილია, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ ეცემა, მეცხრე საფეხურზე – შედარებით რთული, რადგან უკვე ეჩვევა ცოდვას, მეათე საფეხურზე კი – ბევრად რთული, რადგან ის უკვე ცოდვისკენაა მიდრეკილი და მანამ არ გაჩერდება, სანამ საქმით არ აღასრულებს მას. ამგვარად, ის ემსგავსება კაცს, რომლის შესახებაც ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (ინ. 8:34). ცოდვამ დაიმონა იგი და აიძულებს მის ჩადენას.

ძალძედ სახიფათოა ცოდვის მიჩვევა მეათე საფეხურზე, იქნება ეს ვერცხლისმოყვარეობა, მრუშობა, სიცრუე, თვალთმაქცობა, პატივმოყვარეობა თუ ლოთობა.

ცოდვის მეთერთმეტე საფეხურს წარმოადგენს სასოწარკვეთილება. იგი კიდევ უფრო მეტად სახიფათოა.

„ღმერთი არ მაპატიებს, რადგან არ შემიძლია უარი ვთქვა ცოდვაზე!“.

აი, რას ამბობს ადამიანი მეთერთმეტე საფეხურზე, როდესაც ხედავს, რომ უკვე არ შეუძლია უარი თქვას ლოთობაზე, ქალებზე, ხორციელ ცოდვებზე, გინებაზე, ქურდობაზე, მოწევაზე, უამრავ სხვა ბოროტებაზე და სასოწარკვეთილებაში ვარდება იმის გამო, რომ თავს ვეღარ იკავებს ცოდვისაგან!

აი, აქ გადის საშინელი წყალგამყოფი. ცნობილია, რომ სასოწარკვეთიელებაზე უარესი არაფერია! ამიტომაც არის ნათქვამი მოძღვრისადმი: „ისმინე, მოძღვარო, სულთა მებადურო და ყოველნაირად შეეცადე მოაქციო სულები მიჩვევის, მიდრეკილებისა და სასოწარკვეთილების ამ სამი საფეხურიდან. სასოწარკვეთილების მიჯნასთან ხომ სიკვდილია“ (წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი)

სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი ამბობს: „ღმერთი აღარ მაპატიებს, რადგან უარს ვერ ვამბობ ცოდვაზე!“ იგი ხედავს, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ სცოდავს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. წმიდა ეფრემ ასური ბრძანებს: „ო, ეშმაკის ბოროტება! როგორც კი ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანს დაინახავს, მაშინვე სასოწარკვეთილების მახვილით იწყებს მის განგმირვას“, რათა ღვთის იმედი მოსტაცოს.

ეშმაკი გადარჩენის იმედს ართმევს კაცს: „ღმერთი არ გაპატიებს შენ, ადამიანო! ვერ ხედავ, რომ თავს ვერ დაანებებ მოწევას (ქალებს, გინებას, ლოთობას, მრუშობას, ქურდობას, ტყუილს, ბოროტებას, შურს, მზაკვრობას, შურისძიების სურვილს..), ვერ ხედავ, რომ უკვე აღარ შეგიძლია შეწყვიტო ეს საქმე? ამიტომ ღმერთიც აღარ გაპატიებს!“

ეშმაკი სასოწარკვეთილების მახვილს იყენებს, ღვთის მოწყალების იმედს აკარგვინებს. ეს ყველაზე საშინელი ცოდვაა – ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ, და ეს ხდება ცოდვის მეთერთმეტე საფეხურზე.

ცოდვის მეთორმეტე საფეხურია თვითმკვლელობა.

მეთორმეტე საფეხურზე კი ხდება ის, რაც კაენისა და იუდას თავს მოხდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა კაენმა თქვა: „უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა“ (შეს. 4:13). ნაცვლად იმისა, რომ პატიება ეთხოვა ღვთის წინაშე, იგი კამათობს:

– კაენ, სად არის შენი ძმა აბელი?

– არ ვიცი, ნუთუ ჩემი ძმის მცველი ვარ?

იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ღმერთო, შევცოდე!“ – კაენი მკვახედ ეპასუხება უფალს.

ხოლო იუდა როგორ მოიქცა ცოდვის მეთორმეტე საფეხურზე?! როდესაც მიხვდა, სინდისისაგან მხილებული, რომ სიკვდილს იმსახურებდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ვერცხლის მონეტები ტაძარში დააბნია, იქიდან გამოვიდა და თავი ჩამოიხრჩო (იხ.: მთ. 27: 3, 5).

როდესაც უკეთური ადამიანი ცოდვებში ეფლობა, გარკვეული მომენტიდან ცოდვა მას თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს, რადგან სინდისის ქენჯნას ვეღარ უძლებს.

ეს სწორედ ის არის, რის შესახებაც ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: „მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი“ (ფს. 38:12). ობობას ქსელი უკვე სასოწარკვეთილების ნიშანია. მეთერთმეტე საფუხურზე კაცს ჯერ კიდევ აქვს რაღაცის იმედი, ძალიან სუსტი, აბლაბუდას მსგავსი, და თუ კიდევ ერთხელ მოხვდება მას ეშმაკის მახვილი, მაშინვე გაწყდება, კაცი კი გაიქცევა და ან თავს ჩამოიხრჩობს, ან წყალში თავს დაიხრჩობს, რადგან ფიქრობს, რომ ღმერთი მეტს აღარ აპატიებს.

მაშასადამე, მეთორმეტე საფეხურია თვითმკვლელობა. და ეს არის ის, რის შესახებაც ბრძანებს პავლე მოციქული: „ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (იხ. რომ. 6:23).


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019