მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ერთი მცნების დარღვევით ყველა მცნებას ვარღვევთ
პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი


ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ თქვენი სულების მოსვენებას
(მთ. 11:29).


მათე მახარებელი გვაუწყებს ქრისტეს სიტყვებს. უფალი ბრძანებს: „ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ; და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ინებებს ძე გამოცხადებას“ (მთ.11:27). ღვთის შეცნობა მხოლოდ ღვთის ძის მეშვეობით არის შესაძლებელი. ყველა ის ადამიანი, რომლებიც არ იცნობენ ქრისტეს, მაგრამ ამბობენ, რომ სწამთ ღმერთი, სინამდვილეში ღმერთს არ იცნობს. ქრისტეს შემეცნება კი სახარებით შეიძლება, ამიტომ თუ ადამიანმა არ იცის სახარება, იგი არც ღმერთს იცნობს. მაშინ ვისი სწამს მას? თითოეული ცოდვილი თავისი წარმოდგენებით ქმნის თავის ღმერთს და ამ ღმერთს ეთაყვანება, ამიტომ, უმეტესწილად, მათი ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომლისაც სწამს წმიდა ეკლესიას, შესაბამისად, ყველასთვის მნიშვნელოვანია სახარებისეული შეგონება: „შეიცანით ძე და თუ ძე ინებებს, გაგაცნობთ მამას. მან თავად თქვა: „მე და მამა ჩემი ერთნი ვართ... რომ მიცნობდეთ მე, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ“ (იოან.10:30; 8:19).

„მოდით ჩემთან ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მთ.11:28). განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიტყვები ჩვენს დროში. ვინ ცხოვრობს დღეს მშვიდად? ვის აქვს მშვიდობა? ვინ ცხოვრობს სიყვარულით? ვინ ცხოვრობს უშფოთველად? ყველანი დრტვინავენ, ყველანი იტანჯებიან, ყველას აფორიაქებული აქვს სული, ყველა დამძიმებულია, ყველა წუხს და ცრემლი ადგას თვალზე, ყველას დარდი კლავს და კბილებს აღრჭიალებს უძლურების გამო - მაგრამ ვერაფერს ცვლის. უფალი კი ამბობს: „მოდით ჩემთან... და მე მოგასვენებთ თქვენ“. სიმშვიდე მხოლოდ მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც ღმერთს შეიცნობს. ის იმ ბავშვივითაა, რომელიც ტირის, ყვირის, მაგრამ როდესაც დედა აიყვანს ხელში, მშვიდდება. უფრო მეტიც: ის იმასაც ასხვავებს, თუ ვის აჰყავს ხელში – დედას, მეზობელს თუ სრულიად უცნობს. იგი გრძნობს მშობლის ხელს, შეჩვეულია და ცნობს მას. ასევეა ადამიანის სული: როდესაც ის ღმერთთან მიდის, ცნობს ღვთის ხელს, მაშინვე მშვიდდება და ცხადი ხდება მისთვის, თუ საით უნდა წავიდეს. ადამიანი ღმერთში პოულობს საყრდენს, ისევე როგორც ბავშვი პოულობს საყრდენს დედის ხელებში. მართალია, ის იატაკიდან საკმაოდ ზევითაა და უნდა ეშინოდეს, მაგრამ, პირიქით, მშვიდად არის, რადგან იცის, რომ დედის ხელები არ უმტყუნებენ. ასევეა ადამიანი: როდესაც ის ღვთის ხელში ხვდება, მშვიდდება. მართალია, გარშემო კვლავ საშიშია, მაგრამ სულია მშვიდად. სწორედ ამ სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს ჩვენ უფალი.

“აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე“ (მთ.11:29). უღელი არის ხის ძელი, გათლილი ხე, რომელსაც წყვილ ხარს ან კამეჩს ქედზე ადგამენ გუთანში ან ურემში შესაბმელად. თითოეული ჩვენგანიც ცხოვრებაში გარკვეულ ჯვარს ეზიდება, თითოეულ ჩვენგანს აკისრია გარკვეული ვალდებულებები. და აი, უფალი ბრძანებს: „აიღეთ უღელი ჩემი“. რა არის ეს უღელი? ეს არის მისი მცნებები. უფალს სურს თავისი მცნებებით რამენაირად აღვირი ამოსდოს ჩვენს ცხოვრებას და თუ ამ უღელს ვიტვირთავთ, გვპირდება, რომ სიმშვიდეს მოვიპოვებთ. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვთოკოთ ჩვენი ცხოვრება ღვთის მცნებებით, ჩვენ ხომ ძირითადად ჩვენი სურვილებით ვცხოვრობთ: „როგორც მე მინდა... როგორც საჭიროდ მივიჩნევ... როგორც მეგობარმა მირჩია... როგორც სხვები იქცევიან, ისე ვცხოვრობ“, მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ ღვთის მცნებებით უნდა ვიცხოვროთ, ამისათვის კი მათი ცოდნაა საჭირო, განუწყვეტლივ უნდა ვსწავლობდეთ წმიდა წერილს, ზეპირად უნდა ვიცოდეთ იგი - მხოლოდ მაშინ შევძლებთ მცნებების შესრულებას, მაგრამ თუ მცნებები არ ვიცით, როგორ შევასრულებთ?

წარმოვიდგინოთ გაუვალი, დაბურული ტყე და ამ ტყეში ადამიანი, რომელსაც არც რუკა აქვს, არც კომპასი, არც ვარსკვლავები ჩანს ცაზე და საით უნდა წავიდეს არ იცის. როგორ დასრულდება ტყეში მისი ხეტიალი? ან შიმშილით მოკვდება, ან ჭაობში ჩაეფლობა. ასე ვართ ჩვენც. ჩვენი სულიც დამშეულია, ლამის კვდება და განუწყვეტლივ რომელიღაც ჭაობში ვვარდებით ანუ ხან ერთ სიბინძურეში ვეფლობით, ხან მეორეში და ხან მესამეში, ან შუბლით რომელიმე ხეს ვეჯახებით და მთლიანად დასახიჩრებული ვართ. ასე გადის ჩვენი ცხოვრება ამ დაბურულ ტყეში ხეტიალით, რადგან ორიენტირი არ გვაქვს და არც ის ვიცით, საით მივდივართ. სწორედ ესაა ჩვენი უბედურება. ცხოვრებაში გზის გაკვლევა მხოლოდ ღვთის მცნებებითაა შესაძლებელი. ისინი ჩვენთვისაა დაწერილი, რადგან არ ვიცით თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა – არა, არც ის ვიცით სულიერ ცხოვრებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ამიტომ ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ უფალმა განგვიცხადა (შეიძლება ითქვას, დაგვიღეჭა და პირში ჩაგვიდო), თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სული ვიხსნათ ცოდვისა და იმ ბინძური ჭაობისაგან, რომელშიც განუწყვეტლივ ვცვივდებით. ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ წმიდა წერილს და კარგად შევისწავლოთ იგი. სწორედ ამით უნდა დავიწყოთ სულიერი ცხოვრება.

„და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ თქვენი სულების მოსვენებას“ (მთ. 11:29). „ისწავლეთ ჩემგან“, - ბრძანებს უფალი. დიახ, ცხოვრებაში არავინ გვყავს, ვისგანაც ვისწავლით, რადგან არავინ არის მაგალითი: არც მშობლებს შეუძლიათ მაგალითის მოცემა, არც გარშემომყოფ ადამიანებს, წმინდანები ჩვენ შორის დიდი ხანია აღარ არიან, ამიტომ მაგალითი მხოლოდ სახარებაში უნდა ვეძებოთ. შევხედოთ, როგორ იქცეოდა უფალი, როგორ ცხოვრობდა იგი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ რას ნიშნავს იყო მდაბალი, რას ნიშნავს იყო მშვიდი. საკმარისი არ არის ამის მხოლოდ გაგება, საჭიროა მისი გულით მიღება და აღარ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც სხვა ადამიანები იქცევიან, როგორც იქცევა უმეტესი ნაწილი. არსებობს ასეთი მშვენიერი გამოთქმა: „აბსოლუტური უმრავლესობა“, ანუ უმრავლესობა, რომელიც ძალმომრეობს თავისი უმსგავსობით. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ამ „აბსოლუტურ უმრავლესობას“.

უფალი ბრძანებს: „აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის“ (მთ.10:16). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ღვთის შემეცნება გვსურს, ცხვარივით მშვიდი უნდა ვიყოთ.

„რადგან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი – მსუბუქი“ (მთ.11:30). დიახ, ღვთის მცნებები უდიდესი სიკეთეა. მაგალითად, როდესაც ერის უმეტესი ნაწილი ასრულებდა ღვთის მცნებებს, ქვეყანა ყვაოდა, მდიდარი და უზარმაზარი იყო და ადამიანები მშვიდად ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც ღვთის მცნებები ადამიანთა მცნებებით შეცვალეს (მაგალითად: „მოიპარე მოპარული“ – შდრ.: „ქურდის ქურდი ცხონდაო“ ან: „რაც სოციალური კლასისთვის ხელსაყრელია, ის მორალურია“), ანუ როდესაც ღვთის მცნებები უგულებელყვეს, როგორც არასაჭირო (რადგან წარსულის გადმონაშთად მიიჩნიეს), მაშინვე ყველაფერი უსარგებლო და გამოუსადეგარი გახდა, ყველაფერი დაინგრა და კიდევ უფრო მეტად დაინგრევა. ჩვენ მხოლოდ ამ საყოველთაო ნგრევის დასაწყისში ვართ, რადგან ღვთის მცნებების გარეშე შეუძლებელია რაიმე სიკეთის არსებობა.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუ მოულოდნელად რომელიმე პლანეტა არ მოისურვებდა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელიც ღმერთმა განუწესა. მთელი მზის სისტემა მაშინვე მოიშლებოდა და დედამიწაზე კატასტროფები დაიწყებოდა; ან წარმოვიდგინოთ, რომ წყალი გაციებისას კი არ ფართოვდება, არამედ იკუმშება, როგორც ყველა სხვა ნივთიერება. მაშინ ზამთარში ყველაფერი, რაც წყალში ცოცხლობს, მაშინვე დაიღუპებოდა. იგივე მოხდებოდა ყველგან, თუ ღვთის მიერ დადგენილი რომელიმე კანონი დაირღვეოდა ანუ მაშინვე ყველაფერი განადგურდებოდა. იგივე ხდება ადამიანის სულშიც. ამისათვის განვიხილოთ რომელიმე მცნება, მაგალითად: „პატივ ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“. თუ ადამიანი პატივს არ სცემს მამას და დედას, მის გარშემო ყველაფერი ინგრევა, პირველ რიგში კი – ოჯახში, ხოლო თუ ეს ხდება მთელ ერში - მაშინ მთელი ერი ინგრევა და ნადგურდება; ან განვიხილოთ მცნება „არა კაც კლა“. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, აბორტებს იკეთებენ. ამის გამო ერი დაწყევლილია ღვთის მიერ: ეს ერი ცდილობს, რომ როგორმე თავი გამოიკვებოს და გადარჩეს, მაგრამ უშედეგოდ – ის აუცილებლად გადაშენდება, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ აღდგა და საკუთარ თავს ებრძვის.

ასევე ხდება ღვთის ნებისმიერი მცნების დარღვევისას. უფალი ბრძანებს: ვინც ერთი მცნება დაარღვია, მან დაარღვია ყველა. სისხლის სამართლის კოდექსიც ასეა: მასში ორასზე მეტი მუხლია, მაგრამ თუ მხოლოდ ერთ მათგანს დაარღვევ - მაინც გაგასამართლებენ. ღვთის მცნებებიც ბევრია, მაგრამ ერთი მათგანის დარღვევით მთელ კანონს ხაზს უსვამ და ღმერთთან კავშირს კარგავ, ამიტომ ღვთის მცნებები უნდა შევიმეცნოთ, შევისწავლოთ და ვეცადოთ, რომ შევასრულოთ; მათ შესრულებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ქრისტეს მივბაძავთ სიმშვიდესა და სიმდაბლეში. აი, ამას გვასწავლის უფალი.

და როცა ღვთის გზას დავადგებით: წავიკითხავთ სახარებას, მივიღებთ მას გულით, ვაღიარებთ, რომ ის ჭეშმარიტებაა, შევიყვარებთ ამ გზას, მოვისურვებთ ამ გზით სიარულს და საქმით შევუდგებით მის აღსრულებას - დავინახავთ, რომ არაფერი გამოგვივა. და მაშინ სასოწარკვეთილება დაგვეუფლება: როგორ, ნუთუ არცერთი მცნების შესრულება არ შემიძლია? ამაში მალევე დარწმუნდება ყველა, ვინც ამ გზას შეუდგება. ერთხელ მოციქულებმა იკითხეს: რატომ ხდება ასე? ხოლო უფალმა უპასუხა: „ჩემ გარეშე არ შეგიძლიათ არაფრის კეთება“ (იოან. 15:5). არცერთი მცნება არ შეიძლება შესრულდეს ღვთის გარეშე. ამიტომაც ბრძანებს უფალი მარკოზის სახარებაში: „თუ გაქვთ რწმენა ღვთისა, ამინ, გეუბნებით თქვენ, რომ, ვინც ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, - და არ დაეჭვდება თავის გულში, არამედ ირწმუნებს, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, იქნება ისე. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველაფერს, რასაც ლოცვისას ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ, და იქნება თქვენთვის“ (მარკ.11:23-24).

ღვთის მცნებების გზით რომ ვიაროთ, აუცილებლად განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ და ვევედროთ მას: „უფალო, მაცხოვნე მე. უფალო, შემეწიე, რათა აღვასრულო შენი მცნება, ნუ დაუშვებ, რომ ავცდე შენს გზას, ნუ შემიყვან მე განსაცდელში, მიხსენი ბოროტისაგან“. მუდმივად უნდა ვთხოვოთ. და თუ ჩვენ ასე მოვუხმობთ ღვთის სახელს, შევძლებთ ვიაროთ მისი მცნებების გზით, მაგრამ თუ ღვთის გარეშე ვეცდებით მისი მცნებების შესრულებას, მაშინ არაფერი გამოგვივა და ვერაფერს შევძლებთ. ამიტომ თუ ადამიანი ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად, მაგრამ ტაძარში არ დადის, არ ლოცულობს და არ ეზიარება, იგი წარუმატებლობისთვისაა განწირული. ყოველდღე რომ იაროს ტაძარში და მუდმივად ეზიაროს, ამ შემთხვევაშიც კი ძალიან უჭირს ადამინს, და თუ არ ივლის - იგი, უბრალოდ, განწირულია.

მაგრამ ლოცვისთვის არის ერთი მნიშვნელოვანი პირობა. უფალი ბრძანებს: „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეცათა. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მთ. 6:14). როდესაც ღმერთს რამეს სთხოვ, გაიხსენე შენი მევალეები: ყველა, ვინც გაწყენინა, ვინც შეურაცხგყო ან რაღაცით დაგამცირა და აუცილებლად აპატიე მათ მთელი გულით. აპატიე და უფალი მიგიღებს. ჩვენ, ყველას, გვჭირდება, რომ ღმერთმა გვაპატიოს, ის კი ასეთ პირობას გვიყენებს: რამდენადაც თავად ხარ მოწყალე ადამიანების მიმართ, იმდენად ვიქნები მე შენ მიმართ მოწყალე. დავუშვათ, ადამიანმა სცოდა შენ წინაშე, მაგრამ თავადაც ხომ ასჯერ შეგიცოდავს ღვთის წინაშე, და თუ მიტევება გჭირდება, ჯერ თავად მიუტევე მოყვასს და შემდეგ სთხოვე შეწევნა ღმერთს.

როდესაც ადამიანს რაღაც ეშლება, ხშირად ვამბობთ: „ეს აღმაშფოთებელია!“ ჰო, მაგრამ, აბა, საკუთარ თავს დაუკვირდი, თავად როგორ იქცევი. საკუთარ უსამართლობას თუ ხედავ? მაშინ ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და შემდეგ ამოიღე ბეწვი სხვისი თვალიდან. შეხედე საკუთარ თავს, როგორ ცხოვრობ და გაჩუმდი, რადგან უფლება არ გაქვს სხვას რამე უთხრა, სხვას მიუთითო. იყავი მდაბალი და მშვიდი ცხვარივით და ეს იქნება სწორი ქმედება შენგან, რადგან როგორ შეიძლება სხვებს ასწავლო, როდესაც თავად არაფერი იცი? უმსგავსობაა და ამაზრზენია, როდესაც ადამიანი სხვას ასწავლის და თავად არც არაფრის გაკეთება შეუძლია და არც არაფრის ჩვენება. ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ამიტომ ასე კი არ უნდა მოვიქცეთ, არამედ თავმდაბლობითა და უდრტვინველად უნდა ვიაროთ ჩვენს გზაზე, ვილოცოთ ღვთის წინაშე და შევუნდოთ ყველას. ხედავთ, რა მარტივია!

დიახ, სიტყვებით მარტივია. ყველფერი ვთქვი - დაიწყე შესრულება და გადარჩები! მაგრამ, სინამდვილეში, სულაც არ არის ასე მარტივი. სული რომ გადაირჩინო, მთლიანად უნდა შეცვალო შენი საძაგელი ბუნება. ამას კი მთელი ჩვენი ცხოვრება დასჭირდება. უფალმა ამგვარად განსაზღვრა: ას წელს მოგცემ, რომ იცხოვრო, ორასსაც, ოღონდ შენი სულისთვის უნდა იშრომო. ის იმ დროს გაგიყვანს წუთისოფლიდან, როდესაც დაინახავს, რომ შენგან უკეთესი აღარაფერი გამოვა და თუ ცხოვრებას გააგრძელებ, უფრო უარესი გახდები. თუ უფალი ასე გადაწყვეტს, მაშინ ის წაგიყვანს, მაგრამ თუ გამუდმებით უკეთესობისკენ მიისწრაფვი და ეს სწრაფვა ნამდვილი იქნება, მაშინ უფალი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებს და მოგცემს საშუალებას სრულყო შენი სული, რათა ცათა სასუფევლის იმ სავანეში დამკვიდრდე, რომელიც თავად განგიმზადა. ამიტომ, დებო და ძმებო, ვიღვაწოთ, არ ვიზარმაცოთ, ყველაფრისთვის ვმადლობდეთ უფალს, მივბაძოთ მას სიმშვიდესა და სიმდაბლეში, ყოველთვის მას ვთხოვოთ დახმარება და ყოველთვის ყველას მივუტეოთ. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2024