მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ხორცი და სული
წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)


ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს
(რომ. 7: 15)


ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი კითხულობს სახლში წმიდა წერილს, ისიც ვიცი, რომ ძირითადად სახარებას კითხულობთ, ხოლო მოციქულთა ეპისტოლეებსა და „მოციქულთა საქმეს“ – ნაკლებად.

რატომ კითხულობთ ნაკლებად? იმიტომ, რომ არ იცით რაოდენ დიდი სიბრძნეა წარმოდგენილი ამ ეპისტოლეებში და სახარებასთან შედარებით, მეორეხარისხოვნად მიიჩნევთ მათ.

ესაა პირველი მიზეზი.

მეორე მიზეზია ის, რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეები მოციქულთა ეპისტოლეებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტია და დაწერილია ძალიან რთული ენით. მათში აზრი თავისებურადაა გადმოცემული, არა ისე, როგორც, ჩვეულებრივ, აზროვნებენ ადამიანები.

პეტრე მოციქულმაც კი აღნიშნა თავის ერთ - ერთ ეპისტოლეში, რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეები რთულად გასაგებია.

ეს ნამდვილად ასეა – პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ბევრი ადგილია ძნელად გასაგები.

დახმარებისა და ხელმძღვანელის გარეშე ვერაფერს გაიგებთ.

დღეს განგიმარტავთ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლედან:

ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს (რომ. 7: 15).

ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.“ (რომ. 7: 19).

უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? (რომ. 7: 24)


ყველანი უბადრუკები ვართ!

ვინ დაგვიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?

სხვაგანაც, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე მოციქული დაახლოებით იმავეს ამბობს: აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

„ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ" (გალ. 5: 16–17)

აი, რა არის მიზეზი! საქმე ისაა, რომ სული ხორცს ეწინააღმდეგება, ხორცი კი – სულს.

ჩვენი სული ცდილობს, რომ ჩვენი გულები ზეცად აღამაღლოს, მაღალი ღმერთის ტრაპეზისკენ. ჩვენი სული ცდილობს, რომ უმაღლესი ხარისხის მისწრაფებებით განვიმსჭვალოთ: არა ქვენა გრძნობებით, არამედ ყველაზე მაღალი და ღრმა სულიერი მისწრაფებებით.

უმაღლესი სულიერი მისწრაფებებით იყო განმსჭვალული ყველა წმიდანი; ისინი ხორცს სულს უმორჩილებდნენ და ცხოვრობდნენ არა სხეულის კარნახით, არამედ სულიერი ღირებულებებით, სულის კულტურით: ისინი, ყველანი, ხორცს უგულებელყოფდნენ, რადგან სული იყო მათთვის ყველაფერი.

ცხოვრობდნენ მხოლოდ სულიერად, სულიერი ადამიანები იყვნენ და არა მშვინვიერი, როგორიც არის ადამიანთაგან უმეტესი.

რას ნიშნავს მშვინვიერი ადამიანი? ასე უწოდებენ იმ ადამიანებს, რომელთა ყველა სურვილი, ყველა მისწრაფება, ცხოვრების ყველა მიზანი მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – რაც შეიძლება მეტი სიამოვნება განიცადონ ამ ხანმოკლე წუთისოფელში.

მათ არაფერი სურთ, რაც ხელს შეუშლით სიამოვნების მიღებაში. ხარბად ესწრაფვიან სიამოვნებებს.

და რომელ სიამოვნებებს? მხოლოდ უმდაბლესი ხარისხისას ანუ ხორციელ სიამოვნებებს.

მათთვის უცხოა მისწრაფება უმაღლესი ნეტარებისაკენ, იმ ნეტარებისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი სულის ღვთისკენ სწრაფვას განაპირობებს.

მათ ღმერთის ხსენებაც არ სურთ, ისინი მის გარეშე ცხოვრობენ, მხოლოდ იმით, რისკენაც მათი შინაგანი, მშვინვიერი კაცი მიისწრაფვის.

რას ნიშნავს სიტყვა მშვინვიერი? სამშვინველი აქვთ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც.

სამშვინელი წარმოადგენს ყველა ჩვენი შთაბეჭდილებისა და აღქმის ერთობლიობას.

სამშვინველს შეადგენს ჩვენი აზრები, სურვილები, მისწრაფებები.

ეს ყველაფერი აქვთ ცხოველებსაც: ისინიც აღიქვამენ იმ ყველაფერს, რასაც ადამიანები აღიქვამენ გარედან, მათაც აქვთ მისწრაფებები და სურვილები.

თუ ადამიანი უმთავრესად ამ მისწრაფებებითა და სურვილებით ცხოვრობს და არა უმაღლესი სულიერი მისწრაფებებით, მაშინ ის ღირსია იწოდებოდეს მშვინვიერ ადამიანად.

არსებობენ საწყალი ადამიანები, რომლებიც ძალიან დაბალ სულიერ საფეხურზე იმყოფებიან და მცირედით აღემატებიან ცხოველებს. ისინიც, მათ მსგავსად, მხოლოდ ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

ცხოველებს სულიერი ღირებულებები არ აქვთ, მათ არ აქვთ სული, რომელიც მოგვეცა ჩვენ, ადამიანებს და რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ლოცვითი ურთიერთობა დავამყაროთ თვით ღმერთთან.

ამგვარად, ხორცი სულს ეწინააღმდეგება და სული – ხორცს. ისინი მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს, და ჩვენი ცხოვრებაც მუდმივი ბრძოლაა სულიერ მისწრაფებებსა და ხორციელ მიდრეკილებებს შორის.

ამ ბრძოლას თვით პავლე მოციქულიც განიცდიდა, ასევე განიცდიდნენ მას წმინდანები. ეს ბრძოლა უკიდურესად მძიმე და სასტიკი იყო მრავალთათვის.

სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: „რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“.

მას სძულდა ის ყველაფერი, რასაც სხეული ითხოვს, სძულდა ყველა ვნება და ავხორცობა, მაგრამ ისიც იბრძოდა ვნებებისა და გულისთქმების წინააღმდეგ. ის მხოლოდ კეთილისაკენ ისწრაფვოდა, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელი იყო მისთვის: რადგან ხორცი თავისას შვრებოდა და ვერ აკეთებდა იმას, რაც სურდა, არამედ – იმას, რაც სძულდა.

ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს“.

რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, წმიდა პავლეს სიწმინდისგან უსასრულოდ შორს მყოფებმა?! ჩვენც მუდმივად ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში ვიმყოფებით, მაგრამ ისინი მუდმივად იმარჯვებენ ჩვენზე.

რას ნიშნავს ეს: რატომ არის ასე ადვილი ბოროტების ქმნა და ასე რთული – სიკეთის გაკეთება? რატომ იმარჯვებს ასე ადვილად ჩვენი ხორცი?

ბევრად მარტივია ბოროტების ქმნა, ვიდრე სიკეთის კეთება; ბევრად რთულია მარხვის დაცვა, ვიდრე მუცლის ამოყორვა და გაუჩერებლად მისი ავსება; ბევრად რთულია უბიწოების დაცვა, ვიდრე სიძვაში ყოფნა. ასევეა სხვა ყველაფერში: ამგვარია წინააღმდეგობა, ერთი მხრივ, ხორციელ მოთხოვნილებებსა და მეორე მხრივ, სულიერ მისწრაფებებს შორის.

ისინი, ვინც ხორცს ემსახურება, ბევრად მეტნი არიან, რადგან ხორცის მსახურებით, მისი ბრძანებებისა და სურვილების შესრულებით, დაუყონებლივ იღებენ სიამოვნებებს.

ხოლო ის სიხარული, რომელსაც მხოლოდ სიკეთის მსახურები და ქრისტეს მცნებების აღმსრულებელნი იღებენ, ეძლევათ არა მეყვსეულად და არა ისე ცხადად, არა ისე უშუალოდ და დასანახად, როგორც საჩუქრდებიან გულისთქმებს დამონებულნი.

ის ღრმა სულიერი სამყარო და სიახლოვე ღმერთთან, რომელიც კეთილისმოქმედთათვის არის განკუთვნილი, ასე სწრაფად არ სდევს თან სიკეთის კეთებას.

ეს არის სიხარული სულიწმიდის მიერ, ეს არის სამყარო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მივიღებთ, როდესაც სიკეთის ქმნით სრულად აღვავსებთ მთელ ჩვენს ცხოვრებას.

მაშასადამე, ძალზედ იოლია ხორცის ბრძანებების შესრულება, ვნებებითა და გულისთქმებით მათი დაკმაყოფილება, ხოლო ამ ცოდვილი სურვილებისა და მიდრეკილებების დაკმაყოფილებას მაშინვე თან სდევს სიამოვნება.

სულის ბრძანებების შესრულება კი უზომოდ რთულია, ბევრად რთული, ვიდრე ხორცის სურვილების შესრულება, და სულის ეს მსახურება უნდა გრძელდებოდეს მრავალი წელი, მანამ, სანამ არ მივიღებთ საჩუქრად უდიდეს სულიერ ნაყოფს – სიხარულსა და დამშვიდებულ სინდისს.

ხედავთ, სწორედ ამას ამბობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად – ღმერთის სიმართლეს (რომ. 6: 13).

ამას თავისი სხეულის ასოთა შესახებ ამბობს მოციქული, მაგრამ – არა ტყუილად, რადგან სხეულის ყველა ასოში ცხოვრობს ვნებები.

წარუდგინეთ თქვენი თავი ღმერთს, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა.

ჯერ უნდა აღვდგეთ მკვდრეთით და მოვკვდეთ ცოდვისთვის, უნდა თანაჯვარსვეცვათ ქრისტესთან. საჭიროა, რომ ჩვენთვის წუთისოფელი ისევე იყოს ჯვარცმული, როგორც პავლე მოციქულისთვის.

და მხოლოდ მაშინ, როდესაც წარვუდგენთ საკუთარ თავს ღმერთს, როგორც მკდვრეთით აღმდგარს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ წარვუდგინოთ ასევე ჩვენი სხეულის ასოები ღმერთს და არა ეშმაკს, მაშინ ვემსახურებით სიკეთეს და არა – ბოროტებას.

თქვენ იცით, რომ ჩვენი სხეულის ასოები შეიძლება ემსახურონ როგორც სიკეთეს, ასევე ბოროტებას; იცით, რომ ხელები შეიძლება აღვაპყროთ ღვთისკენ სუფთა და წმინდა ლოცვისთვის; ჩვენს ხელებს შეუძლიათ მოწყალება გასცენ, იზრუნონ სულგამწარებულთა, დაჩაგრულთა და გლახაკთათვის, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ გაშვერილი იყვენენ საქურდავად, მრუშობისა და მკვლელობისათვის.

ფეხები შეიძლება სიკეთის გზაზე მიემართებოდნენ და იქით მივყავდეთ, სადაც გაუბედურებულებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ისიც შეუძლიათ, რომ საქურდავად და მკვლელობისათვის წაგვიყვანონ.

თვალებიცა და სმენაც შეიძლება მხოლოდ იქითკენ იყვნენ მიმართული, რომ მხოლოდ სიკეთე იხილონ და ისმინონ, მაგრამ მათი გამოყენება იმისთვისაც შეიძლება, რომ სიამოვნებით მიიღონ ავხორცობა და ყოველგვარი უწმინდურობა.

ამგვარად, ხედავთ, რომ სხეულით სიკეთის მსახურებაც არის შესაძლებელი და ბოროტების მსახურებაც.

ასე რომ, ვისწრაფოთ, რომ სულს ვემსახუროთ და არა – ხორცს.

აღვასრულოთ ის, რასაც გვამცნობს წმიდა პეტრე მოციქული: „საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ,“ – რამეთუ მწირები და მსხემები ვართ დედამიწაზე – „თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს (1პეტრე 2: 11–12).

რათა ყველანი მივისწრაფვოდეთ ვემსახუროთ არა ხორცს, არამედ სულს, და რათა ნათელი გავხდეთ იმ ადამიანთათვის, რომლებიც ბნელში ცხოვრობენ.

ესაა ჩვენი მიზანი.

მაშასადამე, ვემსახუროთ სულს და არა ხორცს, და ვიყოთ ღვთის თუნდაც ყველაზე მცირე ზომის სანთლები, რათა ბნელში მყოფ ადამიანებს ჩვენს გულებში არსებული სინათლით გავუნათოთ.

ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019