მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მესამე მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი


არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა
(გამოსვლ. 20:7)


ეს ნიშნავს შემდეგს:

ნუთუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ და საჭიროების გარეშე ბედავენ ახსენონ სახელი, რომელიც ძრწოლას იწვევს – სახელი მაღალი ღმერთისა? როდესაც ზეცაში ღვთის სახელი წარმოითქმება, ცანი იდრიკებიან, ვარსკვლავები მეტად კაშკაშებენ, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი უგალობენ: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, უფალო საბაოთ“, ხოლო წმინდანები თაყვანს სცემენ. მაშ, მოკვდავთაგან ვინ ბედავს ახსენოს ღვთის უწმიდესი სახელი შინაგანი ძრწოლისა და დიდი მღელვარების გარეშე?

ადამიანს სიკვდილის წინ ვისი სახელიც არ უნდა უხსენო, ვერ შეძლებ ვერც მის გამხნევებას და ვერც მისი სულისთვის სიმშვიდის დაბრუნებას, მაგრამ როდესაც ახსენებ მხოლოდ ამ ერთადერთ სახელს – უფალ იესო ქრისტეს – გაამხნევებ და დაამშვიდებ მომაკვდავს და საიქიოს მიმავალი ბოლო გამოხედვით მადლობას გადაგიხდის იმის გამო, რომ ეს სახელი მალამოსავით მოეცხო მის სულს.

თუ ადამიანს ზურგს აქცევენ ახლობლები ან უღალატებენ მეგობრები და ის გააცნობიერებს, რომ მარტოსულია ამ ვეებერთელა სამყაროში, წუთისოფელში სიმარტოვისაგან დაღლილს შეახსენე ღვთის სახელი, რითაც, ასე ვთქვათ, კვერთხს მიაწვდი მისი დამძიმებული ხელებისა და ფეხების დასახმარებლად.

თუ ვინმეს აუმხედრდებიან ბოროტი მეზობლები და ცრუ ჩვენებებითა და მოსამართლეთა თავისკენ მიმხრობით მიიყვანენ მას ბორკილებამდე და საპყრობილემდე, მიუახლოვდი დატანჯულს და ჩასჩურჩულე ყურში უფლის სახელი და დაინახავ, რომ მეყსეულად ცრემლი წამოუვა მას თვალებიდან, ცრემლი რწმენისა და იმედის, და მსუბუქად მოეჩვენება თავისი მძიმე ბორკილები.

თუ ვინმე იძირება და სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე ახსენებს ღვთის სახელს, მისი ძალები გაორმაგდება.

თუ მეცნიერი ცდილობს ამოხსნას ბუნების რთული თავსატეხი და მიხვდება, რომ ზედმეტად აქვს საკუთარი დასაზღვრული გონების იმედი და ახსენებს ღვთის სახელს, მაშინ მოულოდნელი განათება გონებისა ააღელვებს მის სულს და ფარდა აეხსნება საიდუმლოს.

ჰოი, საკვირველო ღვთის სახელო! როგორი ყოვლადძლიერი ხარ, მშვენიერი და ტკბილი! დაე, საუკუნოდ დადუმდნენ ჩემი ბაგეები, თუკი მას დაუდევრად წარმოვთქვამ, ამაოდ და ტყუილუბრალოდ!

უსმინეთ იგავს ღვთისმგმობელის შესახებ:

ერთი ოქრომჭედელი სახელოსნოში დაზგასთან მუშაობისას მუდმივად ამაოდ ახსენებდა ღვთის სახელს – ხან როგორც ფიცს, ხან როგორც საყვარელ სიტყვას. ერთმა მომლოცველმა, რომელიც წმინდა ადგილებიდან ბრუნდებოდა, სახელოსნოს ჩაუარა, გაიგონა ეს და ძლიერ შეწუხდა. მაშინ მან შესძახა ოქრომჭედელს, რომ გარეთ გამოსულიყო და როდესაც ოსტატი გამოვიდა, მომლოცველი დაიმალა. ოქრომჭედელმა ვერავინ დაინახა და სახელოსნოში შებრუნდა საქმის გასაგრძელებლად. მომლოცველმა კვლავ შესძახა და როდესაც ოქრომჭედელი კვლავ გამოვიდა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მან არაფერი იცოდა. ოსტატი გაბრაზებული გატრიალდა და კვლავ გააგრძელა მუშაობა. მომლოცველმა მესამედ შესძახა და როდესაც ოსტატი მესამედაც გამოვიდა, ის კვლავ დუმდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს თავად არაფერ შუაში იყო. მაშინ ოქრომჭედელი გაცოფებული მივარდა მომლოცველს:

– რატომ მეძახი ტყუილად! ეს რა ხუმრობაა! ყელამდე საქმეში ვარ ჩაფლული!

მომლოცველმა მშვიდად და სიყვარულით უპასუხა:

– უფალს ბევრად მეტი საქმე აქვს, მაგრამ შენ მას უფრო ხშირად უხმობ, ვიდრე მე – შენ. ვის აქვს მეტი უფლება გაბრაზდეს: შენ თუ უფალ ღმერთს?!

შერცხვენილი ოქრომჭედელი სახელოსნოში შებრუნდა და მას შემდეგ მდუმარედ იყო.

ასე რომ, ძმანო, დაე, უფლის სახელი, როგორც უქრობი კანდელი, მუდმივად ენთოს სულში, აზრებსა და გულში, დაე, იყოს იგი გონებაში, მაგრამ – არა ენაზე, თუ ამისათვის არ გვაქვს მნიშვნელოვანი და საზეიმო საბაბი.

მოისმინეთ კიდევ ერთი იგავი მონის შესახებ.

ერთი თეთრკანიანი ბატონის სახლში ცხოვრობდა შავკანიანი მონა, თვინიერი და ღვთისმოსავი ქრისტიანი. ბატონს ჩვეულებად ჰქონდა მრისხანებისას ღვთის სახელის ძაგება. ამ ბატონს ჰყავდა ძაღლი, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ ბატონი ძალიან განრისხდა და დაიწყო ღვთის ძაგება. მონა ძლიერ დამწუხრდა, დაიჭირა ბატონის ძაღლი და მას ტალახის წასმა დაუწყო. ეს რომ დაინახა, ბატონმა დაუყვირა:

– რა უშვები ჩემს საყვარელ ძაღლს?!

– იმავეს, რასაც შენ – უფალ ღმერთს! – მშვიდად უპასუხა მონამ.

არის კიდევ ერთი იგავი ენაბილწის შესახებ:

სერბეთში, ერთ საავადმყოფოში, ერთი ექიმი თავის თანაშემწესთან ერთად დილიდან საღამომდე ავადმყოფების მონახულებით იყო დაკავებული. თანაშემწეს ბოროტი ენა ჰქონდა და მუდმივად, ვინც კი გაახსენდებოდა, თითქოს ბინძური ტილოთი ურტყამსო, ყველას ლანძღავდა. იგი არც ღვთის ლანძღვას ერიდებოდა.

ერთხელ ექიმს შორიდან მეგობარი ეწვია. ექიმმა მას ოპერაციაზე დასწრება შესთავაზა, ექიმთან ერთად იმყოფებოდა მისი თანაშემწეც.

როდესაც საშინელი ჭრილობა დაინახა, საიდანაც მყრალი ჩირქი გადმოედინებოდა, სტუმარი ცუდად გახდა, თანაშემწე კი გაუჩერებლად ილანძღებოდა. მაშინ მეგობარმა ექიმს ჰკითხა:

– როგორ შეგიძლია ასეთი ღვთისმგმობი ლანძღვა ისმინო?

ექიმმა უპასუხა:

– ჩემო მეგობარო, მე შეჩვეული ვარ დაჩირქებულ ჭრილობებს. როდესაც ჩირქი სხეულში გროვდება, იგი ღია ჭრილობიდან გადმოედინება, ხოლო როდესაც ჩირქი სულში გროვდება, იგი ბაგეებიდან მოედინება. ჩემი თანაშემწეც, როდესაც ილანძღება, იმ ბოროტებას აჩენს, რომელიც გულში აქვს დაგროვილი და სწორედ მას აფრქვევს, როგორც ჩირქს ჭრილობიდან.

ჰოი, ყოვლისამპყრობელო! ხარი არ გლანძღავს და ადამიანი გლანძღავს?! რატომ შექმენი ხარი უფრო წმინდა ბაგეებით, ვიდრე ადამიანი?

ჰოი, ყოვლადმოწყალეო! ბაყაყები არ გაძაგებენ და ადამიანი გაძაგებს?! რატომ შექმენი ბაყაყი უფრო კეთილშობილი ხმით, ვიდრე ადამიანი?

ჰოი, ყოვლადმომთმენო! გველები არ გგმობენ და ადამიანი გგმობს? რატომ შექმენი შენ გველი უფრო მეტად მსგავსი ანგელოზთა, ვიდრე ადამიანი?

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო! ქარს, რომელიც ყოველმხრივ ქრის, უმიზეზოდ არ უტვირთავს შენი სახელი თავისი ფრთებით და ადამიანი ამაოდ გახსენებს?! რატომ არის ქარი ადამიანზე მეტად ღვთისმოშიში?

ჰოი, ღვთის საკვირველო სახელო! როგორი ყოვლადძლიერი ხარ, მშვენიერი და ტკბილი! დაე, დადუმდნენ საუკუნოდ ჩემი ბაგეები, თუკი მას წარმოვთქვამ დაუდევრად, ამაოდ და ტყუილუბრალოდ!


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019