მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
მეშვიდე მცნების განმარტება
|
ეს ნიშნავს შემდეგს: ნუ გექნება უკანონო კავშირი ქალთან. ჭეშმარიტად, ამ საკითხში ცხოველები ბევრად მორჩილნი არიან ღვთისა, ვიდრე მრავალი ადამიანი. მრუშობა ანადგურებს ადამიანს სულიერადაც და ხორციელადაც. მრუშები, როგორც წესი, მალევე ემსგავსებიან გამრუდებულ ვიოლინოს ხემს და მოხუცებულობამდე არმისულნი ასრულებენ ცხოვრებას იარებით, ტანჯვასა და შეშლილობაში. ყველაზე საშინელი და ყველაზე ცუდი დაავადებები, რომლებიც მედიცინისთვისაა ცნობილი, ისინია, რომლებიც მრუშობის გზით ვრცელდება და გადაედება ადამიანებს. მრუშის სხეული მუდმივად დასნეულებულია, როგორც მყრალი გუბე, რომელსაც ყველა ზურგს აქცევს ცხვირზე ხელაფარებული და გარბის. მაგრამ მხოლოდ მათ რომ ეხებოდეს ბოროტება, ვინც ამ ბოროტებას სჩადის, ასეთი საშინელი არ იქნებოდა ეს პრობლემა. თუმცა იგი კიდევ უფრო საზარელია, როდესაც ფიქრობ, რომ მრუში მშობლების დაავადებები მემკვიდრეობით გადადის მათ შთამომავლობაზე: შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზეც კი. მართლაც, მრუშობით გამოწვეული დაავადებები მტკივნეული შოლტია კაცობრიობისათვის, როგორც ვენახისთვის – ბუგრი. ეს დაავადებები ყველაზე მეტად ექაჩებიან კაცობრიობას ჩამორჩენისა და დაცემისაკენ. თუ გავითვალისწინებთ სხეულის ტანჯვასა და სიმახინჯეს, სხეულის ლპობასა და განადგურებას ცუდი დაავადებებისაგან, სურათი უკვე საკმაოდ საზარელია, მაგრამ ამ სურათს ამძაფრებს ის, რომ სხეულის სიმახინჯეს ემატება მრუშობის ცოდვის შედეგი – სულიერი სიმახინჯე. ამ ბოროტებისაგან ადამიანის სულიერი ძალები სუსტდება და ნადგურდება. სნეული კარგავს აზრის სიმახვილეს, სიღრმესა და სისრულეს, რომლებიც ჰქონდა დაავადებამდე. ის დაბნეული და გულმავიწყია და მუდმივად სისუსტეს გრძნობს. იგი არცერთი მნიშვნელოვანი საქმისთვის აღარ გამოდგება. სრულიად იცვლება მისი ხასიათი და ყოველგვარ მანკიერებას ეწაფება: ლოთობას, ცილისწამებას, სიცრუეს, ქურდობასა და ა.შ. მას საშინელი სიძულვილი ეუფლება ყოველგვარი სიკეთის, წესიერების, პატიოსნების, სინათლის, ლოცვის, სულიერისა და ღვთიურის მიმართ. მას სძულს კეთილი ადამიანები და ყოველნაირად ცდილობს ავნოს და წაბილწოს, ჩირქი მოსცხოს, ცილი დასწამოს და დააზიანოს ისინი. როგორც ნამდვილი კაცთმოძულე, იგი ღვთისმოძულეცაა. მას სძულს ყოველგვარი კანონი, ადამიანურიც და ღვთიურიც, ამის გამო სძულს ყველა, ისიც, ვინც ამ კანონს აწესებს და ისიც, ვინც მას იცავს. იგი დევნის წესრიგს, სიკეთეს, კეთილ ნებას, სიწმინდესა და ღირებულებებს, საზოგადოებისთვის იგი წარმოადგენს მყრალ გუბეს, რომელიც ლპება, ყარს და გარშემო ყველაფერს ასნებოვნებს. ასეთს სხეულიც დაჩირქებული აქვს და სულიც. აი, ძმებო, ამიტომ აკრძალა ყოვლისმცოდნე და ყოვლისმჭვრეტელმა უფალმა სიძვა, მრუშობა და ადამიანებს შორის კავშირი ქორწინების გარეშე. განსაკუთრებით უნდა ერიდონ და თავი აარიდონ ამ ბოროტებას, როგორც შხამიან გველს, ახალგაზრდებმა. იმ ერს, რომლის ახალგაზრდობაც თავაშვებულობასა და „თავისუფალ სიყვარულს“ მისდევს, მომავალი არ აქვს. ასეთ ერს დროთა განმავლობაში მეტად დასახიჩრებული, გონებაჩლუნგი და არაფრისმაქნისი თაობა ეყოლება, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ტყვეობაში აღმოჩნდება მეტად ძლიერი ხალხისა, რომელიც მოვა და დაიქვემდებარებს მას. ვისაც შეუძლია კაცობრიობის წარსულის წაკითხვა, შეიტყობს, თუ რა საზარელი სასჯელი მოიწიეს თავს მრუშმა ტომებმა და ერებმა. წმინდა წერილში საუბარია ორი ქალაქის – სოდომისა და გომორას – დაცემის შესახებ, რომლებშიც შეუძლებელი აღმოჩნდა ათი მართლისა და უბიწოს მოძებნა. სწორედ ამის გამო ღმერთმა მათ გოგირდის ცეცხლოვანი წვიმა მოუვლინა და ორივე ქალაქი ამოვსებულ სამარეს დაემსგავსა. “ დაე, შეგეწიოთ თქვენ, ძმებო, ყოვლისშემძლე უფალი, რათა ფეხი არ დაგიცდეთ მრუშობის სახიფათო გზაზე. დაე, თქვენმა მფარველმა ანგელოზმა დაიცვას თქვენს სახლში მშვიდობა და სიყვარული. დაე, შთააგონოს ღვთისმშობელმა თქვენს შვილებს თავისი ღვთაებრივი უბიწოებით, რომ სხეული და სული არ წაიბილწონ ცოდვით, არამედ იყვნენ უბიწონი და უცოდველნი, რათა სულიწმიდა დაემკვიდროს მათში და მიანიჭოს ის, რაც ღვთიურია და რაც ღვთისგანაა. ამინ. ”
|