მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მოამზადე შენი სული განსაცდელისათვის
მოციქულთასწორი ნიკოლოზი (კასატკინი), იაპონიის მთავარეპისკოპოსი


შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ
(ზირ. 2:1-3)


წმიდა წერილში წერია: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ“ (ზირ. 2:1-3). ჩვენ, ყველანი, აქ მყოფნი, რა თქმა უნდა, ღმერთს ვემსახურებით და მაშასადამე, კარგადაც ვიცით რას ნიშნავს ემსახურო ღმერთს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აიძულო საკუთარი თავი, მაგრამ, ასევე, ვიცით, რომ ამ მსახურებას თან ახლავს დიდი სიხარულიც, რადგან ყოვლისმხედველი ღმერთი არა მხოლოდ ხედავს, ვინც მისთვის მოღვაწეობს, არამედ ეხმარება კიდეც მათ და უყვარს ისინი; მაგრამ სულიერი მოღვაწეობა აღსავსეა განსაცდელებითა და დაბრკოლებებით, უძლურებებითა და დაცემებით, ამიტომაც გვასწავლის წმიდა წერილი, რომ თუ გინდა ღმერთს ემსახურო, მზად უნდა იყო განსაცდელებისთვის.

განსაცდელები ორი სახისაა: პირველი - განსაცდელები, მოვლენილი ზევიდან და მეორე - ცდუნებები, მომდინარე ქვევიდან. ზევიდან მოვლენილი განსაცდელების შესახებ წმიდა წერილი ბრძანებს: „ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია“(იგავ. 17:3). არსებობს სუფთა ანუ ბაჯაღლო ოქრო, შეიძლება ოქროს ჰქონდეს მინარევები და შეიძლება ოქრო ყალბიც იყოს. ცეცხლით დამუშავებისას სუფთა ოქრო არ ზიანდება, პირიქით, ის კიდევ უფრო უკეთესი ხდება; მინარევებიანი ოქროს დამუშავებისას სუფთა ნაწილს გამოყოფოფენ, ხოლო ყალბი ოქრო ისეთ სახეს იღებს, რომ მას არანაირი ფასი არ აქვს. ანალოგიურად, ადამიანის სათნოებებიც შეიძლება იყოს ნამდვილი, შეიძლება იყოს ამპარტავნებასთან, სიამაყესთან ან სხვა ვნებებთან შერეული და შეიძლება სრულიად ყალბი და მოჩვენებითი იყოს, თვალთმაქცი ფარისევლების მსგავსად. მაშასადამე, ზევიდან მოვლენილი განსაცდელები განსაზღვრავს ადამიანის სათნოებების ხარისხს. ღმერთი ისედაც ხედავს ადამიანის გულს, ამიტომ განსაცდელები იმისთვის კი არ ეგზავნება, რომ ღმერთმა შეიტყოს ჩვენი სათნოებების შესახებ, არამედ ეს ხდება თავად ადამიანისთვის, რადგან თუ მის მიერ ქმნილ სათნოებებში სიყალბისა და სიცრუის მინარევებს დაინახავს, მოინანიოს და სიკეთისაკენ მოიქცეს. დაე, არ მოგვაკლდეს ჩვენ ამგვარი ზეციური განსაცდელები!

მაგრამ არსებობს ეშმაკისგან მომდინარე განსაცდელებიც. ამ დროს ბოროტი სული გონებას უბნელებს ადამიანს, ათასგვარი უწმინდურობით ავსებს მის გულს, გაურკვევლობაში აგდებს და ბოროტი საქმეების ჩადენამდე მიჰყავს, რათა ღმერთს ჩამოაშოროს იმათი სულები, ვინც მას ემსახურება.

ამიტომ ჩვენ, ვინც მსახურებისთვის მივეახლეთ ღმერთს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელებსა და ცდუნებებს შორის ვიმყოფებით. წმიდა წერილში ნათქვამია: „იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს“ (1პეტ. 5:8). განსაკუთრებით ებრძვის ეშმაკი რჯულის მოძღვრებსა და მასწავლებლებს და მრავალ ცეცხლოვან ისარს ესვრის, რათა დაამარცხოს. ამ ისართაგან ყველაზე გამანადგურებელი თვითკმაყოფილება და სიამაყეა. მაგალითად, მრავალი რჯულის მასწავლებელი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ხალხი კი მათ უკვე მასწავლებლებსა და მოძღვრებს უწოდებს. და რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრით ეშმაკი სარგებლობს და ადვილად აღძრავს მათში სიამაყეს?! უკვე მრავალი ეკლესიის მსახური იქნა განგმირული ამ ისრით! ყოველწლიურად მე მრავალ კურსდამთავრებულ მქადაგებელს (კატეხიზატორს) ვუშვებ, და არცთუ მცირეა იმათი რიცხვი, ვინც ეცემა. რა არის ამის მიზეზი? მიზეზია თვითკმაყოფილება და ამპარტავნება, რადგან თუ ვინმე, ქრისტიანი, თავად მათ სწავლებას შეეცდება, ისინი ამის გამო მეტად მრისხანებენ. ეშმაკს მრავალი სხვა ცეცხლოვანი ისარიც აქვს იმათ გასანადგურებლად, ვინც მას წინააღმდეგობას ვერ უწევს. ასეთები არიან, გამონაკლისის გარეშე, ყველანი, ვინც ამოშლილ იქნა კატეხიზატორთა სიიდან. ასევე რამდენი არიან, ძმებო, ისეთები, რომლებიც მსახურებისთვის მიეახლნენ ღმერთს, მაგრამ განსაცდელები ვერ გადალახეს და დაეცნენ?! რა სამწუხაროა!

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ განსაცდელებისთვის, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერების საფუძველი, ხოლო თუ განსაცდელებისთვის არ მოვამზადებთ საკუთარ თავს, მაშინ ყოველთვის დავიძლევით ამა თუ იმ საცდურით. ასეთებს ეშმაკი თავისი ისრებით განგმირავს და დახოცავს. ახლა,.. ვიხსენებ რა წარსულს და გავცქერი რა მომავალს, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გითხრათ თქვენ ამის (როგორც ყველაზე მთავარისა და მნიშვნელოვანის) შესახებ.

ხოლო თუ როგორ უნდა მოვემზადოთ განსაცდელებისთვის, ამას ნათლად გვაუწყებს წმიდა წერილი:
პირველ რიგში, „დაიმორჩილე გული“ (ზირ. 2:2) ანუ დაიცავი ის, გამოასწორე შენი საქმეები და სათნოებები მოიხვეჭე. ამით საცდურისაგან დაიცავ თავს. ასევეა გემის შემთხვევაში: თუ მას ყურადღებას მიაქცევ და კარგად მართავ, არც ქარიშხალი და არც აზვირთებული ტალღები საშიში არ იქნება, მაგრამ თუ ყურადღებას მოადუნებ, არსებობს საშიშროება, რომ გემი ჩაიძიროს; ასევეა ცხენის შემთხვევაში: თუ მას სადავეებით ისე არ მართავ, როგორც საჭიროა, შეიძლება გაგექცეს და, საბოლოოდ, ის ან ამოტრიალდება, ან ორმოში ჩავარდება. ასევეა ადამიანის გულიც, თუ მას კარგად არ მართავ, რა დაემართება? ის, რომ ეშმაკი სხვადასხვა ბოროტ აზრს მოგაწვდის გონებით, რათა გული აღგიშფოთოს და საქმეები აგირიოს.

მეორე – „მოთმინებით აღიჭურვე“ (ზირ. 2:2). ადამიანი დასაბამიდან ბოროტებისკენაა მიდრეკილი, ამიტომ, იმისათვის, რომ განსაცდელები დაძლიოს, მზად უნდა იყოს თავშეკავებისათვის და ყოველგვარი შრომისა და ტანჯვის მოსათმენად და გულით უნდა ისწრაფოს ჭეშმარიტებისკენ. თუ ჩვენ შრომასა და მწუხარებას არ მოვითმენთ, ვერაფრის დაძლევას ვერ შევძლებთ, რადგან, შრომისა და ტანჯვის გარეშე, ვის შეუძლია მტერზე გამარჯვება?!

მესამე – „მიეახლე უფალს და ნუ განშორდები“ (ზირ. 2:3). განუშორებლად უფალთან ყოფნით ჩვენ დაცული ვიქნებით ყოველგვარი განსაცდელისაგან, ისევე, როგორც ნავთსაყუდელში შესულ გემს აღარ ეშინია ქარიშხლის.

აი, ამ სიტყვის თქმა ვისურვე თქვენთვის, ძმებო ... და მსურს, რომ გულში ჩაიმარხოთ ის და გაუფრთხილდეთ.


სიტყვა, წარმოთქმული იაპონიის ეკლესიის კრებაზე 1887 წლის ივლისში.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2023