მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
მოყვასი
|
... პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას. მოყვასის საშუალებით უნდა ვიაროთ ცენტრისკენ ან, ასე ვთქვათ, ორი ნაბიჯით – მოყვასისკენ და ერთი ნაბიჯით – ცენტრისკენ. ეს არის სწორი და უსაფრთხო გზა. თუ ვფიქრობთ, რომ პირდაპირ ცენტრისკენ სვლით თავისთავად მივუახლოვდებით მოყვასს, ჩვენი საზომისა და დროის შესაბამისად, ეს შეუძლებელია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ მოყვასს, რადგან უფრო ადვილია შეურიგდე ღმერთს, ვიდრე მას. დაიმდაბლე თავი ყველას წინაშე, ეცადე შეძლებისამებრ ყველას ემსახურო, ნურავის უსაყვედურებ, ნუ დაადანაშაულებ, ნუ განიკითხავ, შეურიგდი ყველას, ყველას მიუტევე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შენ ვერ მიიღებ უფლისგან შენდობას. ეს პირობა თვით უფლის მიერ არის მოცემული: „ თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მთ. 6:15). ჩემი აზრით, ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც მკურნალი ეპყრობა სნეულებს. ჩვენ, ყველანი, სნეული ვართ სხვადასხვა დაავადებით, უბრალოდ, ერთს ერთი სნეულება აწუხებს, სხვას – მეორე. ჩემო ძვირფასო, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ მოყვასის ნურც ჩხუბს, ნურც იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ განგაწყობს. რას ვიზამთ? როდესაც განკითხვისა და სიძულვილის გრძნობა გეუფლება, საკუთარ თავს უთხარი: „ასეთი ფიქრებით როგორი გამოვჩნდები ღვთის წინაშე? ან თავად მე თუ ვარ სრულყოფილი?“ და გულწრფელი ლოცვით უნდა იბრძოლო და გააგდო სიძულვილი. ცხადია, ამას ბოროტი „მიკრობები“ აკეთებენ. ღმერთი გვაძლევს მშვიდობას, სიყვარულს, დიდ მოთმინებას და სხვა მათ მსგავსს, საპირისპირო მხრიდან კი მხოლოდ სიძულვილი და მისი მსგავსი მოდის. გულწრფელად ვწუხვარ, რომ, მიუხედავად თქვენი დიდი გამოცდილებისა, ვერ ხედავთ ბოროტის ხრიკებს და ემორჩილებით მას. ნუთუ მხოლოდ ცუდისგან შედგება მოყვასის პიროვნება? იოგებთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა: გურუ თავის მოწაფეებთან ერთად მიდიოდა გზაზე და მკვდარ ძაღლს წააწყდნენ. მოწაფეებმა ზიზღით იბრუნეს პირი, გურუმ კი თქვა: შეხედეთ, რა ლამაზი კბილები აქვს... ჩვენ მცნება გვაქვს მოცემული, რომ მოყვასში კარგი დავინახოთ, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უკეთ იქნება. ეცადეთ, რომ თქვენც მხოლოდ კარგი დაინახოთ მიყვასში, ის აღნიშნოთ და დააფასოთ, ხოლო ცუდს კი ყურადღება არ მიაქციოთ. მე, პირადად, ამგვარი დამოკიდებულება ყოველთვის მეხმარება, განსაკუთრებით კი ის აზრი, რომ უფლის წინაშე, შესაძლოა, ათასჯერ უარესი ვიყო, ვიდრე მოყვასი. შეეცადეთ თქვენც ასე იფიქროთ. აი, თქვენ ახალი აზრი: როგორც ახლა გვტკივა გული გარდაცვლილის მიმართ გამოთქმული ყოველი უხეში სიტყვისა თუ მის მიმართ გამოჩენილი მცირე ყურადღების გამო, ასევე გვეტკინება გული, როდესაც ადამიანებისადმი ჩვენი გულისნადები გამოაშკარავდება აქ ან სიკვდილის შემდეგ. ყველაზე მეტად გულს ის ცოდვები აწუხებს, თუნდაც ის მცირედი იყოს, რომელთაც, ზოგადად, მოყვასის (და არა მხოლოდ ახლობლების) წინაშე ჩავდივართ. თუ ცუდად მოექეცით ადამიანს, წასვლისას მაინც მოუბოდიშეთ, აუხსენით თქვენი სისუსტის შესახებ. მოყვასის მიმართ ცოდვა ძალიან ამძიმებს სინდისს. ასეთ ცოდვებს უფალი მხოლოდ მაშინ პატიობს, როცა ჩვენ მოყვასს შევურიგდებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს, რათა მოყვასის მიმართ რბილი და კეთილი იყოთ. „ჩვენი ხსნა მოყვასშია“, - ბრძანებს ღირსი მამა პიმენი დიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოყვასის მიმართ ადამიანს სწორი დამოკიდებულება აქვს ანუ ასრულებს წმიდა მცნებას: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22:39), მაშინ ამ მცნების შესრულებით აუცილებლად შეძლებს შეასრულოს ყველა სხვა მცნება და მათ შორის უმთავრესი - შეიყვაროს უფალი! შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და ცუდად ექცეოდე თუნდაც ერთ ადამიანს. ეს სრულიად გასაგებია! სიყვარული და სიძულვილი ერთ სულში ვერ იარსებებს: ან ერთი იქნება მასში, ან მეორე. თუ იქნება მოყვასის სიყვარული, იგი ღვთის სიყვარულსაც წარმოშობს. ერთიცა და მეორეც საიდუმლოა და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც ჩვენ „ძველი კაცის“ წარმოდგენებით ვიცით. მხოლოდ გამოცდილება აჩვენებს ადამიანს მცნებების სიღრმეს, თანაც, მათი შესრულებისა და სულის განახლების შესაბამისად. ევედრე ღმერთს მოწყალებისათვის და გახსოვდეს სულიერი კანონი: როგორც შენ მოექცევი სხვას, ისევე მოგექცევიან შენ, რა საზომითაც სხვას განიკითხავ, იმავე საზომით განიკითხები შენც. მიუტევე ყველას და მოგეტევება შენც, ყველას მიმართ მოწყალე იყავი და მოწყალე იქნება შენ მიმართ უფალი. როგორც ჩვენ ვეპყრობით მოყვასს, ასევე მოგვეპყრობა უფალი ბოლო ჟამს. არავის გვაქვს თავგანწირვა, ყველანი პატარები ვართ, ყველას გვეშინია დიდი მწუხარებისა. არადა, ყველა უნდა გვებრალებოდეს, გულწრფელად ყველას უნდა ვუსურვოთ და ვაკეთოთ მეტი სიკეთე. რა საზომითაც სხვას მივუზღავთ, იმავე საზომით მოგვეზღვება აქაც და მომავალშიც. სანამ ადამიანი საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად და ღირსეულად მიიჩნევს, არც სიმდაბლე მიეცემა და არც სინანულის ცრემლები, ის ვერც სულიერ კიბეზე ზეაღსვლას შეძლებს, ამიტომ გონებით მუხლი მოვიყაროთ უფლის წინაშე და, ყოველგვარი სირცხვილისა და თვითგამართლების ლეღვის ფოთლების დაუფარავად ვაღიაროთ ჩვენი სულისა და ხორცის უწესო ქმედებები. მოყვასს, ჩვენთვის მოცემული მცნების შესაბამისად, თანაგრძნობითა და სიყვარულით უნდა მოვექცეთ. ეს ის უპირობო ვალდებულებაა, რომლის გარეშეც ვერ ვივლით წინ, „ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ“ (ფილ 3:14). წიგნის წაკითხვით იმას იგებს ადამიანი, რაც მკითხველის ასაკს შეესაბამება, ასევეა ადამიანებთან საუბრისას. იყავით რბილი სხვებთან ურთიერთობაში. არასოდეს არავის არ უყვიროთ. ეცადეთ ისე იცხოვროთ, რომ ადამიანები ნუგეშით წავიდნენ თქვენგან და ღმერთი ადიდონ თქვენ გამო. ნუ მიანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას ადამიანებთან ურთიერთობას. შეძლებისდაგვარად ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება იქონიეთ და ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეთ. ხშირად ესაუბრეთ ღმერთს გულსა და გონებაში. იყავით მშვიდი სამსახურში. ყველაფერი ღვთისთვის აკეთეთ და მშვიდად იქნებით. „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდი ვარ და მდაბალი გულით“ (მთ. 11:29). ეს არის საშუალება, მოიპოვოთ სიმშვიდე, რომლის შესახებაც მიგვითითა თვით ჩვენმა მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ. დაბეჯითებით მსურს გითხრათ: არასოდეს თქვათ ცუდი ან არ ისაუბროთ ირონიულად ვინმეს შესახებ. თქვენი სიტყვები შეიძლება გაიმეორონ არა მტრული განზრახვით, არამედ, უბრალოდ, ხუმრობით ან გულუბრყვილოდ – და უკვე მტერს შეიძენთ. ღვთის გულისათვის და თქვენივე სასიკეთოდ, შეასრულეთ ეს თხოვნა ყველგან და ყოველთვის.
|