მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

პირველი მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი


მე ვარ უფალი, ღმერთი შენი... არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა
(გამოსვლ. 20:2-3)


ეს ნიშნავს:

ღმერთი ერთია და არ არსებობენ სხვა ღმერთები, მის გარდა. მან შექმნა ყველა ქმნილება, მისი მადლით ცოცხლობენ ისინი და მასთანვე ბრუნდებიან. ღმერთშია მთელი ძალა და ძლიერება და არ არსებობს ძალა ღვთის გარეშე: სინათლის ძალა, წყლის ძალა, ჰაერისა და ქვის ძალები არის ღვთის ძალა. თუ ჭიანჭველა დაცოცავს, თევზი გაცურავს და ფრინველი დაფრინავს, ეს ყველაფერი ღვთის მადლით ხდება. უნარი თესლისა გაიზარდოს, ბალახისა - ისუნთქოს, ადამიანისა - იცოცხლოს, ეს ყველაფერი ღვთის უნარებია. ყველა ეს უნარი ღვთის საკუთრებაა და ყოველი ქმნილება არსებობის უნარს იღებს ღვთისაგან. ღმერთი თითოეულს აძლევს იმდენს, რამდენსაც საჭიროდ თვლის და უკან იბრუნებს მაშინ, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს, ამიტომ, თუ გსურს მიიღო რაიმეს კეთების უნარი, ეძიე ის მხოლოდ ღმერთში, რამეთუ უფალი ღმერთი არის ცხოველსმყოფელი და ყოვლისშემძლე ძალის წყარო და სათავე. მის გარდა არ არსებობს სხვა წყარო. ილოცე უფლის მიმართ ამგვარად:

„ღმერთო, მოწყალეო, დაუშრეტელო, ერთადერთო წყაროო ძალთაო, განმაძლიერე მე, უძლური, მომმადლე მე მეტი ძალა, რათა შევძლო, რომ უკეთ გემსახურო. ღმერთო, მომმადლე მე სიბრძნე, რათა ბოროტად არ გამოვიყენო შენგან მიღებული ძალა , არამედ მხოლოდ ჩემ და ჩემი ახლობლების სასიკეთოდ, სადიდებელად შენდა, ამინ“

ღმერთშია სრული სიბრძნე. ღვთის გარეშე არც სიბრძნეა და არც ცოდნა. ყველა ქმნილებას ღმერთმა თავისი სიბრძნიდან უწილადა, ამიტომ, ჩემო ძმაო, როდესაც ფიქრობ, რომ ღმერთმა სიბრძნე მხოლოდ ადამიანს უბოძა, ცდები. სიბრძნე აქვს ფუტკარსაც და ბუზსაც, მერცხალსაც და ყარყატსაც, ხესაც და ქვასაც, წყალსაც და ჰაერსაც, ცეცხლსაც და ქარსაც.

ყველაფერში სუფევს ღვთის სიბრძნე და ვერაფერი იარსებებდა ამ სიბრძნის ნაწილის გარეშე. ღვთის სიბრძნით ცხოველი წინასწარ გრძნობს საფრთხეს; ფუტკარი აშენებს ფიჭას; ბუზი წინასწარ გრძნობს წვიმას; მერცხალი ძერწავს ბუდეს; ყარყატი უვლის ბარტყებს; ხემ იცის როგორ გაიზარდოს; ქვას შეუძლია დუმდეს და ფორმა შეინარჩუნოს; წყალს აქვს უნარი იდინოს მთებიდან და ღრუბლად ილივლივოს; ხოლო ცეცხლს, რომელიც მიძინებულია ყველა საგანში, უნარი აქვს ანათოს და ათბოს; ქარმა იცის საით დაუბეროს და მოაქვს სიწმინდე უწმიდურობისთვის და ჯანმრთელობა - სნეულთათვის. ჭეშმარიტად, არავის და არაფერს აქვს საკუთარი სიბრძნე, რომელიც თავად შექმნა ან დაჰბადა, არამედ ყოვლისშემძლე სიბრძნის ერთადერთი წყაროდან მოედინება მთელი სიბრძნე. და ეს წყარო ღმერთშია. ამიტომ როდესაც სიბრძნეს ეძებ, ეძიე ის მხოლოდ ღმერთში, რამეთუ ღმერთი არის სიბრძნის ცხოველსმყოფელი და დიდებული წყარო. სხვა წყარო არ არსებობს, ამიტომ ილოცე ღვთის წინაშე ამგვარად:

„ღმერთო, ყოველისშემძლებელო და ყოველისმხედველო, მომმადლე მე, უგუნურს, შენი ცხოველსმყოფელი სიბრძნით, რომ შევძლო უკეთ გემსახურო. მიწინამძღვრე მე, უფალო, რათა შენგან მიღებული ცოდნა არ გამოვიყენო ბოროტად, როგორც სატანამ, არამედ მხოლოდ ჩემ და ჩემი ახლობლების სასიკეთოდ, სადიდებელად შენდა. ამინ“

ღმერთშია სრული სიკეთე. ამის შესახებ თქვა ქრისტემაც: „არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი“ (მთ. 19:17). მისი სიკეთე თავისთავად მოიცავს მის მოწყალებას, მოთმინებასა და ცოდვილთა შეწყალებას. თავისი სახიერება ღმერთმა მიმადლა ყველა ქმნილებას, ამიტომ ყველა ქმნილებაში არის ღვთიური სიკეთე, თვით ეშმაკშიც კი, რომლითაც იგი საკუთარ თავს სიკეთეს უსურვებს და არა - ბოროტებას, მაგრამ თავისი უგუნურებით ფიქრობს, რომ ბოროტებით მიაღწევს სიკეთეს. ანუ ფიქრობს, რომ ღვთის ყველა ქმნილების მიმართ ბოროტების ქმნით იგი საკუთარი თავისთვის იქმს სიკეთეს. ო, რაოდენი ღვთაებრივი სიკეთეა ღვთის ყველა ქმნილებაში: ქვაში, მცენარეში, მხეცში, ცეცხლში, წყალში, ჰაერში! ყველა ეს სიკეთე აღებულია ღვთისაგან - დაუშრეტელი, უძირო და , და ყოველგვარი სიკეთის დიდებული წყაროდან, ამიტომ, როდესაც ეძებ სახიერებას, ეძიე ის მხოლოდ ღმერთში, რადგან მხოლოდ მას აქვს სახიერება უხვად, ამიტომ ილოცე ასე:

„ყოვლადსახიერო, ყოვლადმოწყალეო და უსაზღვროდ მომთმენო ღმერთო, მომმადლე მე, ცოდვილს, შენი სახიერება, რათა შენი სახიერებით გავიხარო და განვბრწყინდე და შევძლო უფრო მეტად და უკეთ გემსახურო. განმისაზღვრე გზა და შემეწიე მე, უფალო, რათა შენი სიკეთე არ გადავაქციო ბოროტებად, როგორც სატანამ, არამედ მივმართო მხოლოდ საკუთარი სიხარულისა და ბედნიერებისაკენ, რათა შევძლო ვასხივო სიკეთე და მოვფინო ის საკუთარ თავს და ყველა შენს ქმნილებას ჩემ გარშემო“.

„არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი, თჳნიერ ჩემსა“ - მცნებად დაგვიდო უფალმა. და რა საჭიროა სხვა ღმერთები, თუ არის საბაოთ უფალი? როგორც კი გეყოლება ორი ღმერთი, იცოდე, რომ ერთი - ეშმაკია. და შენ ვერ ემსახურები ორივეს ერთდროულად, ღმერთსაც და ეშმაკსაც, როგორც არ შეუძლია ერთ ხარს ერთდროულად მოხნას ორი ყანა, როგორც არ შეუძლია ერთ სანთელს ერთდროულად გაანათოს ორი სახლი. ხარს არ სჭირდება ორი პატრონი, რადგან ისინი გაგლეჯენ მას; და არც ტყეებს სჭირდება ორი მზე, რადგან გადაიბუგებიან; არც ბავშვს სჭირდება ორი დედა, რადგან უმეთვალყურეოდ დარჩება; და არც შენ გჭირდება ორი ღმერთი, რადგან კი არ გამდიდრდები, არამედ გაღატაკდები. ასე რომ, დარჩი პირისპირ შენს ერთადერთ ღმერთთან – უფალ საბაოთთან, რომელშიც არის სრული ძალა, სრული სიბრძნე და სრული სიკეთე, განუყოფელი, დაუშრეტელი, უსასრულო. მხოლოდ მას, ერთადერთს, ეცი თაყვანი და მას შეუვრდი, მხოლოდ მისი გეშინოდეს, და როდესაც ილოცებ მის წინაშე, ილოცე ამგვარად:

„უფალო, ღმერთო ჩემო, შენია ქმნილებათა უსასრულო რაოდენობა და არც შენს ქმნილებებს შეუძლიათ ჰყავდეთ ერთზე მეტი ღმერთი – სხვა ღმერთი, შენ გარდა. განაგდე, უფალო, ჩემი უკეთური აზრები და სიზმრები სხვა ღმერთების შესახებ, როგორც ძლიერი ქარი მიმოფანტავს ბუზების ნაყარს. ღმერთო, გაწმინდე ჩემი სული, განანათლე იგი, განავრცე და დაემკვიდრე მასში, მხოლოო, როგორც მეუფე საკუთარ სასახლეში. ეს აღამაღლებს ჩემს სულს, განმაძლიერებს, აღმზრდის, გამომასწორებს და განმაახლებს. დიდება და ქება შენდა, მხოლოო ჭეშმარიტო ღმერთო, რომელიც ყველა ცრუ ღმერთზე ზემდგომი ხარ, როგორც მთის მწვერვალი – გუბის ანარეკლზე. ამინ.“


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019