მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ქორწინება - სასწაული დედამიწაზე
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


სამყაროში, სადაც ყველგან და ყველაფერში სრული ქაოსია, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით ერთიანდება...


სამყაროში, სადაც ყველგან და ყველაფერში სრული ქაოსია, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით ერთიანდება; ეს არის ადგილი, სადაც შუღლი მთავრდება და იწყება ერთობლივი ცხოვრება. სწორედ ესაა ადამიანური ურთიერთობის უდიდესი სასწაული: ორი ადამიანი უცებ ხდება ერთი პიროვნება, რადგან მათ ერთმანეთი უყვარდებათ და სრულად ენდობიან ერთმანეთს, და ეს ორნი რაღაც უფრო მეტი არიან, ვიდრე, უბრალოდ, ორი ადამიანი ერთად.

სიყვარულის დიადი მდუმარება
ყველას მართებს ამის შესახებ დაფიქრება, რადგან ცალკე ცხოვრება მტანჯველია და მძიმე, თუმცა, ამასთანავე, ადვილიცაა და ბუნებრივიც. ხშირად ადამიანთა ინტელექტუალური და მატერიალური ინტერესები და გემოვნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამიტომ მეტად ადვილია უთხრა საკუთარ თავს: მე მინდა ჩემი ინტერესების შესაბამისად ვიცხოვრო, ვიღაც შემოსავლებისთვის ცხოვრობს, ვიღაც – ხელოვნებისთვის, სხვა – რაიმე იდეალისთვის იბრძვის, მაგრამ მე განსხვავებული ვარ – მე სრულიად მაკმაყოფილებს საკუთარი თავი. სინამდვილეში, ეს საზოგადოების გათითოკაცებასა და კაცობრიობის დაქსაქსვას იწვევს. შედეგად, არაფერი არ რჩება იმ საკვირველი, მშვენიერი ერთობისაგან, რომელიც შეიძლებოდა, რომ არსებულიყო ადამიანებს შორის. და აი, ქორწინება, როგორც უკვე ვთქვი, ამ ერთიანობის აღდგენის სასწაულს წარმოადგენს იქ, სადაც მისი აღდგენა შესაძლებელია ადამიანური ძალისხმევით.
მაგრამ ამისათვის უნდა გავიგოთ, თუ რა არის სიყვარული და როგორ შეგვიძლია ერთმანეთთან დაკავშირება სიყვარულის მეშვეობით, რადგან არსებობს სხვადასხვა სახის სიყვარული. ჩვენ ამ სიტყვას სრულიად განსხვავებულ გარემოებებში ვიყენებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მშობლები, გვიყვარს მეუღლე და შვილები, მაგრამ, ასევე, ვამბობთ, რომ გვიყვარს სრულიად უმნიშვნელო რაღაცებიც. ჩვენ ამ წმიდა, გასაოცარ გრძნობას ვამცირებთ, როდესაც ვაცხადებთ: მე მიყვარს ნაყინი, მე მიყვარს სეირნობა, მე მიყვარს ფეხბურთი, მე მიყვარს თეატრი... ამით ჩვენ ვამცირებთ თვით ამ სიტყვის მნიშვნელობას და თავად ვხდებით ქაოსისა და დაბნეულობის ტყვე.
სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არა მხოლოდ გრძნობაა, არამედ შინაგანი მდგომარეობაც. სიყვარული იწყება იმ მომენტში, როდესაც ჩემ წინ ვხედავ ადამიანს და სიღრმისეულად ვჭვრეტ მის შინაგან სამყაროს, ვხედავ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ, რომ „ვხედავ“, არ ვგულისხმობ იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ იმას, რომ „ვჭვრეტ მთელი ჩემი არსებით“. თუ შესაძლებელია ამის რამესთან შედარება, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსადვე ვჭვრეტ სიმალაზეს, მაგალითად: მუსიკის სილამაზეს, ბუნების სილამაზეს, ხელოვნების ნიმუშის სილამაზეს, რომლის წინაშეც გაოგნებული ვდგავარ, დადუმებული, ვხედავ მხოლოდ იმას, რაც ჩემ წინ არის და არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა ამ სიტყვებისა: „ღმერთო ჩემო! რა მშვენიერია!“

ქორწინება, როგორც საიდუმლო
მაგრამ თუ ჭვრეტის შესახებ ვსაუბრობთ, საინტერესოა ასეთი კითხვა: ცოცხალი ადამიანური ურთიერთობები თუ შეიძლება შედგეს ჭვრეტის საფუძველზე? ვფიქრობ, პასუხი ისაა, რომ სწორედ ჭვრეტის საფუძველზე ერთიანდებიან სისხლხორცეულად ორნი იმ დონემდე, რომ სიტყვების გარეშე გრძნობენ და ესმით ერთმანეთის. ჩვენ ეს ყველამ ვიცით გამოცდილებით, მაგრამ ძალიან ადვილად ვივიწყებთ მას.
მაგალითად, ვინ არ მჯდარა მისთვის ძვირფასი ადამიანის გვერდით საღამოს, დაბინდებისას, დედასთან, მეუღლესთან, მეგობართან ერთად, როდესაც გარშემო ყველაფერი დუმს. თავიდან შენ საუბრობ, შემდეგ შენც დუმდები და ირგვლივ ყველაფერი წყნარდება, ყუჩდება, თუმცა რჩება რაღაცნაირი სიჩუმე, შემდეგ ორივენი ყურს უგდებთ სხვადასხვა ხმებს: ბუხარში შეშის ტკაცუნს, საათის წიკწიკს, შორიდან მომავალ ხმაურს, შემდეგ ეს ხმებიც ქრება და რჩება საოცარი სიჩუმე, ირგვლივ სულიერი სიმშვიდე ისადგურებს, და ამ საოცარი სულიერი სიმშვიდის დროს უცებ გრძნობ, თუ როგორი ახლობელი ხარ შენი მეგობრისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელიც შენ გვერდით იმყოფება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთმანეთის შესისხლხორცება იმ გაგებით, რომ ერთი ადამიანი მეორედ იქცევა, თუმც ეს ორნი იმ დონემდე სისხლხორცეულად ერთიანდებიან და ესმით ერთმანეთის, რომ სიტყვები აღარ არის საჭირო: ისინი ერთად არიან და თუ სიყვარული ძალიან ღრმაა, ისინი ერთ მთლიანობად იქცევიან.
და ეს ეხება ქორწინებასაც ყველა ასპექტში ანუ არა მხოლოდ გრძნობებითა და აზრებით ურთიერთობას, არამედ ხორციელ ურთიერთობასაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ხორციელი ერთობა ორი მოსიყვარულე ადამიანისა არის არა დასაწყისი, არამედ მათი ურთიერთობის სისრულე და ზღვარი, და რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ადამიანი ერთიანდება გულით, გონებითა და სულით - მათი ერთიანობა შეიძლება გადაიზარდოს ხორციელ ერთობაშიც, რომელიც უკვე ვლინდება არა ერთის მიერ მეორის ხარბი დაუფლებით ან ერთის მიერ მეორისადმი პასიური დანებებით, არამედ საიდუმლოებრივად, ნამდვილი საიდუმლო ქმედებით, რომელიც ღვთისგანაა და რომელსაც ღვთისკენ მიჰყავს.

„შენ იცოცხლებ მარადიულად...“
ჩვენს დროში მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც აშფოთებთ არამყარი ქორწინებები და ის მწუხარება, რომელიც დარღვეულ ქორწინებებს მოაქვს როგორც მეუღლეებისთვის, ასევე შვილებისთვის. ბევრს ადარდებს ოჯახების რღვევა და ოჯახური ცხოვრებით უსიხარულობა (რაც ირგვლივ ყველგანაა გამეფებული). ნაწილობრივ, ეს იმის გამო ხდება, რომ ქორწინების იდეალი, რომელიც ოდესღაც არსებობდა, ადამიანებისთვის დღეს გაუგებარია. ბევრი ადამიანი მას ისე განიხილავს, როგორც პირად შეთანხმებას (ხელშეკრულებას). ისინი თავს საზოგადოებისგან განცალკევებულად აღიქვამენ და ამიტომაც, ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ ისე მოიქცნენ, როგორც თავად სურთ.
ბევრი ადამიანი ქორწინებას მხოლოდ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი კუთხით უყურებს. ამ შემთხვევაში ოჯახი საერთო-სახელმწიფოებრივი წყობის ერთ უმცირეს ნაწილაკად იქცევა, რომელსაც ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას აკისრებენ და ეს ტვირთი ხშირად აუტანელი ხდება.
ზოგიერთები იმიტომ ქორწინდებიან (უფრო სწორად, მე ვიტყოდი, თანაცხოვრობენ), რომ მოსწონთ ერთმანეთი და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მიზიდულობას განიცდიან. ისინი არანაირ მიზანს არ ისახავენ ქორწინებით, არც არაფრის მიღწევას არ ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ხორციელად და ფსიქოლოგიურად შეუძლიათ ერთმანეთის დაკმაყოფილება, ამით ყველაფერი მიღწეულია.
სხვები იმიტომ ცდილობენ დაქორწინებას, რომ მათ შორის სულიერი და ხორციელი ჰარმონიაა და საერთო მიზანიც გააჩნიათ. მათ ერთმანეთის პირისპირ კი არა, ერთმანეთის მხარდამხარ დგომა სურთ, მათ არ სურთ გაატარონ ცხოვრება ურთიერთჭვრეტასა და კმაყოფილებაში, მათ სურთ ერთად შედგან ფეხი ცხოვრებაში და ერთად შექმნან ცხოვრება. იმის მიხედვით, თუ რა შინაგანი მრწამსი აქვს ადამიანს, ერთნი საზოგადოების აშენებას ღვთის გარეშე იწყებენ და ამ პროცესში მთელი ყურადღება ადამიანზე აქვთ გადატანილი, სხვები, ძირითადად მორწმუნეები, სხვა განზომილებას აქცევენ ყურადღებას.
ისინი, ვისაც ღმერთი სწამს (აქ მე ვსაუბრობ ქრისტიანული თვალთახედვით), ქორწინებას ქრისტიანული ეკლესიის სწავლების შესაბამისად განიხილავენ ანუ როგორც ერთობას, როგორც მარადიული ცხოვრების ნიმუშს. გარდა ამისა, არსებობს ქორწინების მარადიული განზომილება, რომელიც საუკეთესოდ გამოხატა სიტყვებით ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მარსელმა. ის წერს: „უთხრა ადამიანს „მე შენ მიყვარხარ“, იგივეა, რომ უთხრა მას: „შენ იცოცხლებ მარადიულად, შენ არასდროს არ მოკვდები“.

რა არის სიყვარული?
ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ, რომ ვიცით რა არის სიყვარული და რომ შეგვიძლია გვიყვარდეს. სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ ვტკბებით ადამინებთან ურთიერთობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვიყვარს ადამიანი, რადგან მის მიმართ ალერსიანად ვართ განწყობილი და მასთან კარგად ვგრძნობთ თავს, მაგრამ სიყვარული ბევრად უფრო მეტია, უფრო მომთხოვნი და ზოგჯერ ტრაგიკულიც.

სიყვარულს სამი მხარე აქვს: პირველ რიგში, მოსიყვარულე ადამიანს გაცემა სურს – ის გამცემია, მაგრამ იმისათვის, რომ გასცეს, გასცეს სრულად, გასცეს ისე, რომ ტკივილი არ მიაყენოს მიმღებს, საჭიროა იცოდეს გაცემა. ხშირად ჩვენ არ გავცემთ სიყვარულით, გულწრფელად, თავგანწირვით და უშურველად. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც გავცემთ, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას ვიქმნით, ვფიქრობთ, რომ გაცემა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, რათა საკუთარ თავსაც და სხვებსაც ვაჩვენოთ ჩვენი განსაკუთრებულობა და მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანისგან ამგვარი პირობებით მიღება ძალიან მტკივნეულია. სიყვარულს მხოლოდ მაშინ შეუძლია უანგაროდ გაცემა, როდესაც ის ივიწყებს საკუთარ თავს.
მეორე მხრივ, სიყვარულის დროს უნდა იცოდე მიღება, რადგან ზოგჯერ მიღება უფრო რთულია, ვიდრე გაცემა. ჩვენ, ყველამ, ვიცით, თუ რა მტანჯველი შეიძლება იყოს რაიმე სიკეთის მიღება იმ ადამიანისგან, რომელიც ან არ გვიყვარს, ან პატივს არ ვცემთ – ეს ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. ამას ჩვენ ბავშვებში ვხედავთ: როდესაც ბავშვს საჩუქარს აძლევს ის, ვინც მას არ უყვარს და ვისი სიყვარულისაც არ სჯერა, მაშინ ბავშვს სურს ფეხით გათელოს ეს საჩუქარი, რადგან სულის სიღრმეში ის მას შეურაცხყოფს. მაშასადამე, იმისათვის, რომ შევძლოთ გაცემა და შევძლოთ მიღება, გამცემმა თავდავიწყებით უნდა გასცეს, მიმღებს კი უნდა უყვარდეს ის და უსიტყვოდ სჯეროდეს მისი სიყვარულის. ცნობილია, რომ ერთმა დასავლელმა მოღვაწემ, ვინსენტ დე პოლმა, როდესაც ერთ-ერთი მონაზონი გაჭირვებულების დასახმარებლად გააგზავნა, დაარიგა: „გახსოვდეს, შენ უნდა გამოიყენო მთელი შენი სიყვარული, რისი უნარიც გააჩნია შენს გულს, რათა ადამიანებმა შეძლონ და გაპატიონ კეთილი საქმეები“.
მაგრამ იქაც კი, სადაც გაცემა და მიღება დღესასწაული და სიხარულია, არსებობს სიყვარულის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც ვივიწყებთ. ესაა მსხვერპლად შეწირვა. მსხვერპლად შეწირვა არა იმ გაგებით, როგორადაც, ჩვეულებრივ, გვესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა – ანუ როდესაც ადამიანს უყვარს სხვა და მზად არის, რომ მისთვის ყველაფერი გააკეთოს და თავად დაიკლოს, რათა მან ის მიიღოს, რაც სჭირდება, – არა! ის თავგანწირვა, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ, ბევრად უფრო მკაცრია. ის უფრო მეტად შინაგანია, ვიდრე გარეგნული. ის გამოიხატება იმით, რომ ადამიანი მზად არის სხვა ადამიანის სიყვარულის გამო თავად გვერდით გადგეს და გაიწიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ხანდახან ასეთი რამ ცოლსა და ქმარს შორისაც ხდება: მათ ძლიერ უყვართ ერთმანეთი, ალერსიანად, სიხარულით და ერთ-ერთი მათგანი ეჭვიანობს მეორეზე, მაგრამ ეჭვიანობს არა ახლა, არამედ წარსულის გამო. მაგალითად, ხშირია, რომ ერთმანეთს შორდებიან ბავშვობის მეგობრები და ღრმა მოგონებებში გადავარდნილნი, ძლიერ განიცდიან წარსულს.
მას, ვისაც უგონოდ, სიგიჟემდე უყვარს, სურს, რომ ცხოვრება მხოლოდ მასთან შეხვედრის მომენტიდან დაიწყოს, ხოლო ის ყველაფერი, რაც მათ შეხვედრამდე იყო – ცხოვრების სიმდიდრე, ურთიერთობები – საფრთხედ მიაჩნია (რადგან წუხს, რომ მის გარდა სხვაც ცხოვრობს საყვარელი ადამიანის სულში). ასეთი მიდგომა ძალიან საშიშია: ადამიანი ვერ დაიწყებს ცხოვრებას საყვარელ და ძვირფას ადამიანთან შეხვედრის დღიდან, თუნდაც ეს ყველაზე ნათელი დღე იყოს მის ცხოვრებაში, ადამიანი ცხოვრობს თავისი არსებობის პირველივე წუთებიდან. და ვისაც უყვარს, წარსულის საიდუმლო ისე უნდა მიიღოს, როგორც საიდუმლო: უნდა დაიცვას იგი, შეინახოს, დაფაროს, უნდა დაუშვას, რომ წარსულში მის საყვარელ ადამიანს ჰქონდა ისეთი ურთიერთობები, ისეთი ცხოვრებისეული გარემოებები, რომლებთანაც მას შეხება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დღეს როგორც მის დამცველს ალერსიანი სიყვარულითა და პატივისცემით. და აქ იწყება ის განზომილება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რწმენის განზომილება, რწმენისა არა მხოლოდ ღვთის მიმართ, არამედ ერთი ადამიანის მიმართ მეორისა.

რისი სწამს სიყვარულს?
ადამიანს ვიღაც უყვარდება (იწყებს მის შეყვარებას), რადგან უცებ, მისთვისვე სრულიად მოულოდნელად, რაღაც ისეთს ხედავს მასში, რაც ადრე არასდროს დაუნახავს. ხდება ხოლმე, რომ ახალგაზრდები (გოგონები) ერთი წრიდან არიან, გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთად მუშაობენ, ერთად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და უცებ ის, ვინც ყველასთვის შეუმჩნეველი იყო ამ წრიდან, ვიღაცისთვის შესამჩნევი ხდება და მისი ყურადღების ცენტრში ექცევა. რაღაც მომენტში ერთმა ადამიანმა მეორე არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულითა და გონებით დაინახა და ეს ადამიანი, რომელიც ერთ–ერთი იყო მრავალთა შორის და არაფრით არ გამოირჩეოდა, უცებ ერთადერთი ხდება. ადამიანი უკვე ახალი სილამაზით, ახალი სიღრმით, ახალი მნიშვნელობით წარმოჩნდება. ასეთი ხედვა შეიძლება წლები გრძელდებოდეს, შეიძლება – მთელი ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ხედვა ფერმკრთალდება. და აი, ამ დროს საქმეში ერთვება რწმენა, რწმენა, როგორც დაჯერება იმისა, რომ რაღაც სარწმუნოა, ანუ ის, რაც ოდესღაც ხილული იყო და ახლა უხილავი გახდა, რეალურია. შესაძლებელია იყო განსაკუთრებული შეხვედრის წუთები, ღრმა და ამაღელვებელი, შემდეგ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ როდესაც კვლავ ამ ადამიანის პირისპირ აღმოვჩნდით, ვხვდებით, რომ რასაც ახლა ვხედავთ - ეს არ არის სრული წარმოდგენა ამ ადამიანის შესახებ და რომ მასში არის ისეთი სიღრმისეული რამ, რასაც ჩვენ ახლა უკვე ვეღარ ვხედავთ.
უფრო მეტიც, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის განახლებისა და მისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის ერთადერთი გზაა გვიყვარდეს იგი, გვიყვარდეს არა მისი სათნოებებისა და სრულყოფილების გამო, არამედ, არასრულყოფილების მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ადამიანია, და რომ ადამიანი დიადი და მშვენიერია თავისთავად. მხოლოდ სიყვარულის თვალით შეგვიძლია დავინახოთ ადამიანი ისეთად, როგორიცაა ის სინამდვილეში მთელი თავისი არსით და შესაბამისად უნდა მოვექცეთ მას. ასე გვექცევა ჩვენ ღმერთი. ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, ან მოწყალეა არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ მის მოწყალებასა და სიყვარულს, არამედ იმიტომ, რომ მას ჩვენ, უბრალოდ, ვუყვარვართ.
თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ მადლიერნი იმის გამო, რომ ვინმეს - ღმერთს ან ადამიანს - ვუყვარვართ უპირობოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გული ვერ იტევს ამ სიყვარულს და ჩვენზე გადმოღვრის მას, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ სხვა ადამიანები. ქორწინებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა ადამიანის მიმართ და უნარი იმისა, გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი გამოავლინოთ მთელი მისი სილამაზე და დაეხმაროთ მას გახდეს ის, რაც მას შეუძლია იყოს და რაც ღმერთს სურს მისგან.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2023