მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
რა გვიშლის ხელს, რომ გვიყვარდეს?!
|
„და ვითარცა - იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. და უკუეთუ კეთილის - მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6:31–36). რა საოცრად უბრალო სიტყვებია! ისინი იმდენად უბრალო, იმდენად ბუნებრივი არიან, რომ როდესაც ადამიანი პირველად ისმენს, რომ ასე უნდა მოიქცეს, უხერხულობასაც კი გრძნობს. „აქამდე თავად როგორ არ მიფიქრია ამის შესახებ?!“ – წამოიძახებს იგი. მართლაც, ყველაფერი, რაც დიდებულია, უბრალოა და ქრისტეს მთელი მოძღვრებაც განსაკუთრებით უბრალოა. იგი მიმართული იყო უბრალო გულის მქონე ადამიანებისადმი, მას ითავისებდნენ უბრალო გალილეველი მეთევზეები, რომლებიც მთელი სამყაროს მანათობლებლად იქცნენ. ქრისტეს, პირველ რიგში, ყველაზე უბრალო ადამიანები გაჰყვნენ, რადგან უბრალოა და საკვირველად გულში ჩამწვდომი მისი ყოველი სიტყვა. მთელი მისი მოძღვრება თითქოს თავისთავად გასაგებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რაოდენ შორს ვართ ამ უბრალო სიტყვების აღსრულებისაგან, ქრისტეს ამ დიდებული მცნებებისაგან! რა იშვიათად ვექცევით ადამიანებს იმგვარად, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენ! ადამიანებისაგან პატივს მოველით და თავად კი მათ ვამცირებთ; გვსურს, რომ გასაჭირში სხვები დაგვეხმარონ და ჩვენ კი კეთილდღეობაში მყოფნი, არასოდეს ვფიქრობთ სხვების დახმარების შესახებ. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ამგვარად? ჩვენ ხომ ყველა ადამიანს ასე არ ვექცევით? ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, იმათთან, ვინც ძალიან გვიყვარს – საყვარელ მეუღლესთან, შვილებთან, მამასთან, დედასთან – ჩვენ ქრისტეს მცნებების შესაბამისად ვიქცევით, ჩვენ გვიყვარს ისინი, როგორც საკუთარი თავი და არ ვუკეთებთ მათ იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ვისურვებთ. განა დედა, რომელსაც მთელი გულით უყვარს თავისი შვილი, არ უძღვნის მას მთელ თავის სიყვარულსა და ალერსს, განა საკუთარ თავსაც არ სწირავს მისთვის?! და ის ხომ ამგვარად ქრისტეს რჯულს ასრულებს! მაგრამ იმათ მიმართ, რომელთაც მოყვასს ვუწოდებთ, თუმცა მათ სინამდვილეში შორებელ და უცხო ადამიანებად მივიჩნევთ, ამგვარად არ ვექცევით. და რა გვიშლის ხელს, რომ მათაც ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენს ახლობლებს? ხელს გვიშლის ჩვენი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა, რადგან ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარი თავისთვის, ჩვენ გვიყვარს ის, მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები, ხშირად გულს ვტკენთ და შეურაცხვყოფთ მათ, უფალი კი მიუკერძოებელ, წმინდა და უბიწო მოთხოვნებს გვიყენებს! ქრისტე მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრებიც. და განა ეს იოლია? პირიქით, უფრო რთულია. მტრების სიყვარულს სწავლობენ ისინი, ვისაც წმინდა გული აქვს, ვისაც მთელი გულით უყვარს ღმერთი და იცავს მის მცნებებს, ვის გულშიც სულიწმიდა მკვიდრობს ანუ სული სიმდაბლისა და ვინც ღვთის სიყვარულით არის განმსჭვალული. იმათ, ვინც ისწავლა როგორ შეიყვაროს თავისი მტერი და მოძულე, სივყარულითა და სიკეთით გაიმარჯვეს მათზე. ამ სიკეთითა და სიყვარულით ისინი თითქოს ცხელ ნაკვერჩხალს აგროვებდნენ მტრების თავზე, წვავდნენ მათ გულებს და ამგვარად, ოდესღაც მათი მტრები, თავს ხრიდნენ მათსავე წინაშე და მათივე მეგობრები ხდებოდნენ. გულმოწყალების ფესვები სიბრალულსა და თანაგრძნობაშია! სიბრალული და თანაგრძნობა – ეს სიყვარულის ძირითადი თვისებები და მახასიათებლებია. მას, ვისაც სიყვარული აქვს, შეუძლია ჰქონდეს სიბრალულიცა და თანაგრძნობაც, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს და არ თანაუგრძნობდე. ასეთ ადამიანს არ ძალუძს სიკეთე არ უყოს იმას, ვინც ამას საჭიროებს და ამის გამო არ ელოდება მადლობას, არ ელოდება, რომ სანაცვლოდ იგივე მიიღოს. გულმოწყალება წრფელი სიყვარულის თანამდევია, სწორედ წრფელი სიყვარულით აღასრულებენ ქრისტეს ამ მცნებებს: აძლევენ სესხს მას, ვისგანაც არ ელიან მის უკან დაბრუნებას, აღასრულებენ მრავალ კეთილ საქმეს. უფალი მოითხოვს, რომ კეთილი საქმის სანაცვლოდ არაფერს ველოდოთ და თავად გვპირდება უდიდეს ჯილდოდ დაუსრულებელ სიხარულს. იგი ამბობს, რომ ჩვენ ვიწოდებით მაღალი ღმერთის შვილებად. იცით, რას ამბობს უფალი იესო ქრისტე საშინელი სამსჯავროსა და იმის შესახებ, თუ რის გამო გამართლდებიან მართალნი?! – მხოლოდ სიყვარულისა და მხოლოდ სიყვარულით აღსრულებულ საქმეთა გამო! – მათ გამო ღვთის ძეებად იწოდებიან ისინი და ვარსკვლავებივით გაბრწყინდებიან ცაში, ხოლო იმათ, ვისაც არ ჰქონდა სიყვარული, ვინც არ იქმოდა მოწყალების საქმეებს, ეშმაკის ძეები ეწოდებათ და მასთან ერთად მარადიულად დაიტანჯებიან. „აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს“ (რომ. 13:10). მოწყალებაც ქრისტეს რჯულის აღსრულებაა, რადგან ის სიყვარულიდან მომდინარეობს. რა გავაკეთოთ, რომ სიყვარული მოვიხვეჭოთ? ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი, ეს არის ჩვენი არსებობის მიზანი, მთელი ჩვენი ცხოვრების არსი. ჩვენ იმისთვის ვართ ღვთის მიერ შექმნილი, რომ სულით მივუახლოვდეთ მას. ჩვენ ვცხოვრობთ იმისათვის, რათა ღვთის შვილები გავხდეთ, ვესწრაფოთ სრულყოფას და ვისწრაფოთ ღვთისკენ. რა გზით ვიაროთ? შედით ვიწრო კარიბჭით, იარეთ ქვიანი და ეკლიანი გზით, ნუ შეუშინდებით ტანჯვას, რადგან იგი შობს სიკეთეს. ვინც ტანჯვას ითმენს, თავისუფლდება შიშისაგან, ეგოიზმისაგან, ხდება ჩუმი, მდაბალი, სიყვარულით აღსავსე. უნდა ვიაროთ მწუხარებათა გზით და აღვასრულოთ ქრისტეს ყველა მცნება. განუწყვეტელი ლოცვითა და მარხვით უნდა დავამყაროთ კავშირი ღმერთთან. სიყვარული იმათ მოიხვეჭეს, ვინც, ღირსი სერაფიმ საროველის მსგავსად, დღე და ღამე ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა. მათი გულები ღმერთმა განწმინდა ყოველგვარი უწმინდურებისაგან, რადგან სულიწმიდა, სული სიყვარულისა, მხოლოდ მშვიდ და მდაბალ გულში მკვიდრდება. საჭიროა, რომ მოვიხვეჭოთ სიმშვიდე, სიმდაბლე და მაშინ მოვა წმინდა სიყვარული. ბევრი რამის გამო გვმართებს ლოცვა, უნდა მოვინანიო ჩვენი ურიცხვი შეცოდებანი, მაგრამ უმთავრესად მაინც იმისათვის უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ, რომ ღმერთმა ბოროტებისაგან განწმინდოს ჩვენი გულები და მოგვმადლოს უდიდესი ქრისტიანული სათნოებები – სიმშვიდე, სიმდაბლე, წმინდა სიყვარული. არასოდეს დაივიწყოთ ყველაზე მნიშნველოვანი ლოცვა – ლოცვა სიყვარულის მოსახვეჭად. ილოცეთ ისე, როგორც ღმერთი ჩაგიდებთ გულში, მაგალითად, თუნდაც ასე: „უფალო, მომმადლე მე წმინდა სიყვარული, მასწავლე, რომ შევიყვარო ყველა – ახლობელიც და შორეულიც, ერთგულიც და მანკიერიც, როგორც შენ შეგვიყვარე, უფალო, ყველანი – ცოდვილნი და წყეულნი. ამინ“.
|