მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
როგორ დავიწყოთ სულიერი ცხოვრება
|
პირველი, რაც საწყის ეტაპზე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ ყოველ კვირას მივიდეთ ტაძარში. თუ ამას არ ვისწავლით, მაშინ ვერაფერს ვერ ვისწავლით ვერასდროს. ადამიანი თუ კვირაში ერთხელ მაინც არ დადის ტაძარში, მაშინ მის სულიერ ცხოვრებაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია, გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებია, მაგალითად, როცა ჯარში მსახურობს ადამიანი, სნეულია და საავადმყოფოში იმყოფება და ა.შ. მაგრამ არის კი საკმარისი ყოველ კვირა ტაძარში სიარული სულიერი ცხოვრებისათვის? რა თქმა უნდა, არა. შეიძლება მთელი ცხოვრება ყოველ კვირა იარო ტაძარში და ვერაფერი გაიგო, მაგრამ ამის გარეშე მაინც არ შეიძლება. მათემატიკაში გამოიყენება ასეთი მოცემულობა: აუცილებელი და საკმარისი პირობა. მაშასადამე, ეს პირობა აუცილებელია, მაგრამ არაა საკმარისი. მაშ, კიდევ რა არის საჭირო? ის, რომ უნდა მივეჩვიოთ ლოცვას დილას და საღამოს, ასევე – ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. თუ ჯერ ამას არ მივეჩვევით, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელი იქნება; მაგრამ თუ უკვე რეგულარულად, გამოტოვების გარეშე ვკითხულობთ ლოცვებს დილა-საღამოს, ჭამის წინ, ჭამის შემდეგ, ყოველი საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, შეიძლება ამას ლოცვა ვუწოდოთ? – რა თქმა უნდა, არა! ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე ვიფიქროთ, რადგან ეს ჯერ კიდევ არაა ლოცვა, ეს, უბრალოდ, კანონის კითხვაა მეტ-ნაკლები ყურადღებით, მაგრამ ამ აუცილებელი ნაბიჯის გარეშე ვერ შევძლებთ მივუახლოვდეთ ცათა სასუფეველს. შემდეგ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება ძველი აღთქმის მცნებების შესაბამისად, რომლებიც ქრისტემდე დაახლოებით ათას ხუთასი წლის წინ მოგვეცა. თუ ამას არ გავაკეთებთ, მკაცრად რომ ვთქვათ, ტაძარშიც კი ვერ ვივლით. ეს მცნებები კი ასეთია: შეიცანი ერთარსი ღმერთი, არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს, პატივი მიაგე მხოლოდ მას. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი პირველ ადგილზე უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. არც აგარაკი, არც სამსახური, არც მეგობრები - არამედ მხოლოდ ღმერთი! სანამ ასე არ იქნება, არანაირ სულიერ ცხოვრებაზე საუბარი არ შეიძლება. „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“ - ეს პირველის მსგავსი მცნებაა, ანუ არაფერმა არ უნდა დაფაროს ჩვენს თვალთაგან ღმერთი: არც ადამიანმა, არც ნივთმა, არც რაიმე საქმიანობამ. „მოიხსენე დღე იგი შაბათი“ - ეს სწორედ კვირა დღეს ტაძარში სიარულს უკავშირდება. „არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი-სწამო“ - ამ ქრისტიანობამდელ მცნებათაგან თუ ერთ-ერთს მაინც ვარღვევთ, მაშინ როგორ შევძლებთ, რომ ქრისტიანი გავხდეთ? თუ ვიტყუებით, გვშურს, ღმერთმა დაგვიფაროს და – ვმრუშობთ კიდეც, ე. ი. ჩვენ ეკლესიის გარეთ ვართ, ამიტომ უნდა შევიმეცნოთ ეს მცნებები. და თუ ადამიანი შეიმეცნებს ძველი აღთქმის მცნებებს, არ მოკლავს, არ მოიპარავს, არ იმრუშებს, არ იცრუებს, არ შექმნის კერპს, ყოველკვირა ივლის ტაძარში - ამას თუ შეიძლება ვუწოდოთ სულიერი ცხოვრება? არა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე ვიფიქროთ! - ეს მხოლოდ ნაბიჯი იქნება რწმენისაკენ. ერთი მდიდარი ჭაბუკი მივიდა ქრისტესთან და უთხრა: „ამ ყველაფერს ვასრულებდი ჩემი სიყრმიდან“ (მთ. 19:20), მაგრამ მაინც ვერ გახდა ქრისტეს მოწაფე, ანუ ძველი აღთქმის მცნებების შესრულება ქრისტიანისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ კი იმ მცნებებიდანაც კი ბევრ რამეს ვერ ვასრულებთ – და უკვე სრულყოფილი ლოცვის შესახებ ვოცნებობთ. ეს სრულიად შეუძლებელია. სულიერ ცხოვრებაში წინსვლა მხოლოდ საფეხურების გავლითაა შესაძლებელი, უფრო მარტივიდან მეტად რთულისკენ მოძრაობით, ისევე როგორც ნებისმიერ საქმიანობაში, თუნდაც, მაგალითად, ფიგურული სრიალსა ან არქიტექტურაში. ადრე, დაახლოებით სამასი წლის წინ, თუ ადამიანი ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ დაიცავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მარიამობის მარხვის შენახვაზე, ის ეკლესიის წევრად არ მიიჩნეოდა, აღსარების დროს კი ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ როგორ იცავდა მარხვას. მრავალი ჩვენგანისთვის ესეც რთულია, ჩვენ ისიც კი გვავიწყდება, რომ მარხვის პერიოდია. რამდენად დიდი ცოდვაა, რომ ადამიანს არ ახსოვს მარხვის შესახებ? არა, ეს არ არის ცოდვა, უბრალოდ, ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანისთვის უცხოა ეკლესიური ცხოვრება, იგი თავისი საქმეებითაა დაკავებული და იმდენად შორს არის ეკლესიისაგან, რომ ის არც ახსოვს. მისი ცხოვრება იმდენად მომხიბლავია, რომ ეკლესიური ცხოვრება მისთვის მეორეხარისხოვანია. ეს ადამიანის არასრულყოფილების შესახებ მიანიშნებს, ამიტომ, თუ იმ სრულყოფილებისკენ მივისწრაფით, რომელიც ღმერთმა დაგვიწესა, მაშინ ამ უწესრიგობის გამოსწორებაა საჭირო. მაგრამ ყველა წესისა და კანონის შესაბამისად მარხვის დაცვაც არაა სულიერი ცხოვრება. მაშ, რა არის სულიერი ცხოვრება? სულიერი ცხოვრება არ არის დამოკიდებული ადამიანზე, იგი მას იმ შემთხვევაში ეძლევა ღვთისგან, თუკი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. ეს პირობებია ქრისტეს მცნებების დაცვა. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ძველი აღთქმისეული მცნებების შესრულებას, ვიცავთ კანონს, წესებს, ანუ გავხდით ყოველმხრივ ღვთისმოსავი იუდეველები. ახლა გვმართებს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა ანუ უნდა ვისწავლოთ ქრისტეს მცნებების შესრულება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ქრისტეს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგება და დავინახოთ, თუ რას ითხოვს ჩვენგან უფალი. ის ჩვენგან ითხოვს ახალ ზნეობრივ შემეცნებას. ის ამბობს: „ნუ გგონიათ, რომ მოვედი დასარღვევად სჯულისა ან წინასწარმეტყველთა; მოვედი არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად“ (მთ. 5:17), ე. ი. იმისათვის, რომ ახალი შინაარსით შეავსოს და გაამდიდროს ანუ ჩაასხას ახალ ტიკებში ქრისტეს მცნებების ახალი ღვინო. აქ უკვე სულ სხვა მოთხოვნებია: მაგალითად, მტრების სიყვარული, წყენის პატიება და თუ ადამიანი შეასრულებს ამ მოთხოვნებს, გამოასწორებს თავის ქმედებებს, სიტყვებს, აზრებსა და გრძნობებს, თუ იგი თავისი სულიერი მდგომარეობით მიემსგავსება ქრისტეს, მაშინ მას უფალი, თავისი მოწყალებით, ღვთის მადლით აღავსებს. ადამიანის ღვთის მადლით აღვსება კი უკვე სულიერი ცხოვრებაა. როდესაც ადამიანი თავისი ძალებით ცდილობს რაიმეს გაკეთებას, ბუნებრივია, არაფერი გამოსდის, ამიტომაც მრავალი ჩვენგანი გაკვირვებული ამბობს: რა არის ეს, მუდამ ვკითხულობ კანონებს, მაგრამ ყოველთვის გონება მეფანტება, სულ რაღაც ბოროტი აზრები მომდის, რაღაც უკეთური გულისთქმები მებრძვიან. და ვერ ხვდება ადამიანი, რამ ამისგან თავის დახსნა მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი, მის გარეშე კი ვერაფერს შეძლებს. ღვთის მადლს კი იმიტომ ჰქვია ღვთის მადლი, რომ ის ღვთისგან ბოძებული ნიჭია. ნიჭს კი როგორ მიითვისებ? ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ იგი აღემატება ყოველგვარ ადამიანურ სიწმინდეს, რომელიც გონებით შეიძლება წარმოიდგინო. საჩუქარი ყოველთვის ჩუქებას გულისხმობს და მთელი საქმეც ისაა, ისურვებს თუ არა უფალი, რომ გვიბოძოს ეს საჩუქარი. და როგორი უნდა გავხდეთ ჩვენ ამისთვის? აი, რაში მდგომარეობს ქრისტიანის ცხოვრების მიზანი: გახდეს ისეთი, რათა უფალმა მას ღვთის მადლი უბოძოს. წმიდა მამები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანი გულმოდგინეობს ღვთისმოსაობაში, მთელი ძალებით ცდილობს შეასრულოს ქრისტეს მცნებები, ცდილობს მიუტეოს, არავინ განიკითხოს, ყველას მიმართ სიყვარული გამოხატოს, ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს, მაშინ, ხედავს რა მის გულმოდგინებას, უფალი იწყებს მის შეწევნას და შეეწევა მანამ, სანამ ადამიანი არ განთავისუფლდება თავისი წარსულისაგან, თავისი „ძველი კაცისაგან“. მაშინ მისთვის იწყება ახალი ცხოვრება ქრისტეში და ასე თანდათან, მცირედით დაწყებული – დიდამდე, თითეული თავისი შრომის შესაბამისად მიაღწევს თავის საზომს. ყოველი ჩვენგანისთვის არის სავანე ცათა სასუფეველში; ყოველ ჩვენგანს შეუძლია მისი დამკვიდრება, უბრალოდ, არჩევანის გაკეთებაა საჭირო: რა არის შენთვის უფრო ტკბილი, ცათა სასუფეველი, რომელიც არ იცი რა არის, მაგრამ ირჩევ მხოლოდ ღვთის სიტყვაზე მინდობის გამო თუ ცოდვა, რომლის მთელი სიტკბოცა და სიმწარეც უკვე იგემე და გამოსცადე? აი, ეს არის ორი გზა, ცხოვრების ორი წესი.
|