“
ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? ... ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ (მთ. 6:31-32)
|
როგორ უნდა ვილოცოთ ღვთის წინაშე?
ეს ბევრმა არ იცის. ბევრი კითხულობს ამის შესახებ. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ თუ არ იცით, კარგი იქნება, რომ ვინმეს ჰკითხოთ. სხვათა შორის, მარტივი კითხვაა და აბსოლუტურად მკაფიოდ არის პასუხი გაცემული ქრისტეს ეკლესიის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.
ნებისმიერი ლოცვა, როგორც ყველაზე მოკლე, ასევე ყველაზე ხანგრძლივი, უნდა შეიცავდეს სამ რამეს:
- ღვთის მიმართ მადლიერებას;
- დახმარების თხოვნას კონკრეტულ შემთხვევაში;
- ღვთის დიდებას.
მადლიერება. იგავი დიდგვაროვანისა და მიწის მხვნელის შესახებ
ერთი დიდგვაროვანი კაცი დიდ ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდა. მას ვერავინ შეედრებოდა ვერც სიმდიდრით, ვერც ძალით და ვერც ჯანმრთელობით. თუმცა, ერთხელაც, წუთისოფელში ყველაფრით უზრუნველყოფილმა, მთელი გულით იგრძნო, თუ რამდენად ცარიელი და უაზრო იყო მისი ცხოვრება და დიდმა სევდამ მოიცვა.
და აი, ერთ დილას მან შორეულ მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა, რათა ნუგეში და ცხოვრების სიხარული ეპოვა; დიდგვაროვანი ცხენზე ამხედრდა და ამალის თანხლებით გზას გაუდგა. გზა გრძელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ დიდებულმა ვერაფერი ნახა ისეთი, რაც მის სულს გაახარებდა და გაათბობდა.
მხედრებიცა და ცხენებიც უკვე ქანცგაწყვეტილი იყვნენ, როდესაც ერთ მინდორს მიუახლოვდნენ. მინდორში ვიღაც კაცი მარტო ხნავდა მიწას. მინდორს მაღალი მუხის ხეები ეკრა გარს და კარგადაც ჩრდილავდა. დიდგვაროვანმა ამ ჩრდილქვეშ დასვენება განიზრახა. სანამ მსახურები დაღლილ ცხენებს გამოხსნიდნენ, დიდებულმა თვალი მოავლო გარემოს და მისი მზერა მინდორში მარტო მშრომელმა მიწის მხვნელმა მიიპყრო. მდიდრის წინაშე უჩვეულო სურათი გადაიშალა: ერთი ხარი მიწაზე იწვა, მეორე იქვე, უღელში იყო შებმული, მიწის მხვნელი კი მუხლებზე იდგა, ხელები ზეცისკენ აღეპყრო და გაუჩერებლად იმეორებდა: „დიდება შენდა, ღმერთო! მადლობა შენდა, ღმერთო! დიდება შენდა, ღმერთო! მადლობა შენდა, ღმერთო!“.
ამ გასაოცარი სანახაობით სრულიად გაოგნებული მდიდარი გლეხს მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მეგობარო, ღმერთს ასე რის გამო ჰმადლობ?
- ერთი ხარი მომიკვდა, - უპასუხა მიწის მხვნელმა.
– და განა ამის გამო უხდი მადლობას ღმერთს? - გაკვირვებით და დაცინვით ჰკითხა დიდგვაროვანმა.
- დიახ, ამის გამო.
- არაფერი მესმის! - გაოცდა მდიდარი. - სხვა შენს ადგილას იტირებდა, იწუწუნებდა და ზეცისა და მიწის უსამართლობის გამო ჩივილს მოჰყვებოდა, შენ კი მადლობას იხდი. გთხოვ, ამიხსენი, რისთვის ჰმადლობ ღმერთს.
მიწის მხვნელმა ამოიოხრა და უპასუხა:
- მე ცოდვილი კაცი ვარ, ამიტომაც დამატყდა თავს ეს უბედურება. იმის ნაცვლად, რომ ღმერთს ჩემი ცოდვების გამო თავად მე დავესაჯე, მან მხოლოდ ერთი ხარი წამართვა. აბა, როგორ არ უნდა ვმადლობდე მას? გასულ წლებში, ღვთის წყალობით, რამდენიმე წყვილი ხარ მყავდა. ვიცი, რომ ეს მისგან იყო და ვმადლობდი მას ამის გამო. ახლა მისი წმიდა ნებაა, რომ ბოლო წყვილიდან ერთი ხარი წაიყვანოს. ჩემი აზრით, ისევე უნდა ვმადლობდე მას, როდესაც მართმევს, როგორც მაშინ, როდესაც მაძლევს. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
მდიდარს კიდევ უფრო მეტად გაუკვირდა და კვლავ ჰკითხა:
- კარგი, მაგრამ ახლა ერთი ხარით როგორღა მოხნავ მიწას?
- ღვთის ნებით, ყველაფერი მოგვარდება! - უპასუხა მხვნელმა და მკრთალმა ღიმილმა სახე გაუნათა.
დიდგვაროვანმა საკუთარი თავის მიმართ საყვედურით გაიფიქრა, რომ მას, სასახლის სიმდიდრესა და ფუფუნებაში მცხოვრებს, წლების განმავლობაში არ გაუღიმია ასე გულწრფელად, როგორც ამ ღარიბს, რომელიც ერთი ხარის ამარა დარჩა მინდორში და ღვთის იმედს მაინც არ კარგავდა. მდიდარმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, რამდენიმე ოქროს მონეტა ამოიღო და გლეხს გაუწოდა:
- აი, აიღე, - უთხრა მან, - სხვა ხარი იყიდე შენთვის. დღეს მე შენგან ბევრი რამ ვისწავლე.
გლეხმა ფული გამოართვა და გახარებულმა წამოიძახა:
- ხომ გითხარით, ბატონო, რომ, უფალი ყველაფერს მოაგვარებდა! - მან კვლავ ზეცისკენ აღაპყრო ხელები და ხმამაღლა წარმოთქვა: - მადლობა შენდა, ღმერთო! მადლობა შენდა, ღმერთო!
დიდგვაროვანი უკან, შინისაკენ, გაბრუნდა, და როდესაც თავის მამულს მიუახლოვდა, დაინახა, რომ მის სასახლეს ცეცხლი ეკიდა და იწვოდა. იგი მუხლებზე დაემხო, ხელები აღაპყრო და წამოიძახა:
- მადლობა შენდა, ღმერთო! მადლობა შენდა, ღმერთო!
მსახურებს მათი ბატონის საქციელი მეტად გაუკვირდათ, მან კი ამ სიტყვებით მიმართა მათ:
- ნუ გიკვირთ, რადგან მე არ ვიცოდი ღვთის მადლიერება მაშინ, როდესაც მაძლევდა, ახლა კი ორმაგად ვმადლობ მას, როდესაც მართმევს! დადგა დრო, რომ ვიმუშაო და ვიშრომო, რადგან ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც, ღვთის რწმენასთან ერთად, შეუძლია აზრი და სიხარული დაუბრუნოს ჩემს ცხოვრებას. ნუ გეშინიათ, ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს!
დიდგვაროვანი ახალი სასახლის აგებას შეუდგა. ის სულიერად გაცოცხლდა, გული გაუხალისდა... ის ყოველდღე ყველაფრის გამო ღვთისთვის მადლობის გადახდას მიეჩვია.
ამ იგავის მორალი ნათელია: ყოველთვის ღვთის მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ყოველ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც თავისი ცხოვრების ყოველ წუთს უნდა მადლობდეს ღმერთს. არავინ თქვას: „უბედურება დამატყდა თავს, ნუთუ მაინც უნდა ვმადლობდე უფალს?“ დიახ, განსაცდელისთვისაც ისევე უნდა მადლობდე უფალს, როგორც მაშინ, როდესაც მისგან იმას იღებ, რასაც შენ სიმდიდრეს, ბედნიერებას, მოგებასა და წარმატებას უწოდებ.
ძვირფასო მკითხველო, შენ შეგიძლია უგრო გულდასმით გაეცნო წმიდა წერილს და იქ ამოიკითხო მშვენიერი ამბავი მრავალტანჯული იობის შესახებ, რომელიც იმისათვის დაიწერა, რომ მარადიულად სანუგეშო იყოს ყველა ტანჯულისთვის. ამ წიგნიდან ისწავლი, რომ ღვთის მადლიერი უნდა ვიყოთ ყოველთვის: მაშინაც, როდესაც გვაძლევს რამეს და მაშინაც, როდესაც გვართმევს. თავად დარწმუნდები, რომ როდესაც ღმერთი რამეს გვართმევს, გვართმევს არა იმიტომ, რომ ადამიანს ზიანი მიაყენოს, არამედ რათა დაეხმაროს მას, განსაცდელების გადალახვით სულიერად გააძლიეროს და ზეცამდე აღამაღლოს, და თუ წმიდა წერილის კითხვას განაგრძობ, ისეთ სრულყოფილებას მიაღწევ, რომ ყოველ შენს ტანჯვას თავადვე მოუძებნი ახსნას, და როგორც კი შენი ტანჯვის მიზეზებს ჩასწვდები, ის მაშინვე დაკარგავს თავის შხამიან ნესტარს, რომლითაც ტკივილს გაყენებდა.
როცა მებაღე მიწას უბარავს ხეებს და მათ ხშირად რწყავს, ამით მას ნერგებისთვის მხოლოდ კარგი უნდა, მაგრამ როცა სხლავს და ტოტებს აჭრის მათ, ნუთუ ამ დროს მათი სიკეთე ნაკლებად სურს?!
უწინდელ დროში სერბები თავიანთი გმირული წარსულის შესახებ ყოველ სიმღერას ღვთისადმი მადლიერების გამოხატვით იწყებდნენ: „საყვარელო უფალო, ყველაფრისათვის დიდება შენდა!“ და ეს ნამდვილად ქრისტიანული ჩვევაა, რადგან მოციქულიც ხომ ამას ბრძანებს: „მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (1თეს. 5:18).
თხოვნა. იგავი ორი ალუბლის ხის შესახებ
ერთმა კაცმა სახლის წინ ორი ალუბლის ხე დარგო, ერთ ხეს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მეორეს კი – კარგი. როდესაც პატრონი სახლიდან გამოდიოდა, მას ორივე ხე თავისკენ უხმობდა და რაღაცას სთხოვდა. ცუდი ხასიათის ალუბლის ხე ყოველთვის სხვადასხვა რამეს მოითხოვდა პატრონისგან: ხან დაჟინებით ითხოვდა: „შემომიბარე!“, ხან – „გამათეთრე!“, ხან – „წყალი დამისხი!“, ხან – „ზედმეტი ნესტი მომაშორე“, ხან – „მწველი მზისაგან დამიცავი!“, ხან – „მეტი სინათლე მომეცი!“ , ხოლო კეთილი ხასიათის ალუბლის ხე ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა: „ჩემო ბატონო, დამეხმარე, რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღო!“.
პატრონი ორივეს მიმართ თანაბრად მოწყალე იყო, გულდასმით უვლიდა მათ, ყურადღებით ისმენდა მათ თხოვნებს და ერთსაც და მეორესაც ყველაფერს უსრულებდა, უფრო სწორად, ჭირვეული ალუბლის ხეს უსრულებდა ყველაფერს, რასაც ის მისგან მოითხოვდა, ხოლო კარგისთვის მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც თავად მიიჩნევდა საჭიროდ, რათა საბოლოო მიზნისთვის მიეღწია და მშვენიერი და უხვი მოსავალი მიეღო.
და რა მოხდა შემდგომ? ცუდი ხასიათის ალუბლის ხე მეტისმეტად გაიზარდა, ტანი გაუსქელდა, ტოტები ისე უბრწყინავდა, თითქოს ზეთით გაუპრიალებიათო, უხვი ფოთლები მუქი მწვანე ფერისა გახდა და ფართოდ გაიშალა, ხოლო კეთილი ხასიათის ალუბლის ხე, მისგან განსხვავებით, თავისი გარეგნობით არავის ყურადღებას არ იქცევდა.
როდესაც მოსავლის მიღების დრო მოახლოვდა, ცუდი ხასიათის ალუბლის ხემ მხოლოდ აქა-იქ გამოიღო წვრილი ნაყოფი და ხშირი ფოთლების გამო ვერც კი დამწიფდა, ხოლო კეთილმა ალუბლის ხემ უხვად მოისხა უგემრიელესი ალუბლები. ცუდი ხასიათის ალუბლის ხეს შერცხვა, რომ ისეთივე ნაყოფი ვერ გამოიღო, როგორიც მისმა მეზობელმა და ამის გამო პატრონის მიმართ გამოთქვამდა საყვედურებს. პატრონი გაბრაზდა:
- განა მე ვარ შენს უნაყოფობაში დამნაშავე?! განა მთელი წლის განმავლობაში შენს ყველა სურვილს არ ვასრულებდი?! შენი მეზობელივით რომ შენც მხოლოდ ნაყოფზე გეფიქრა, დაგეხმარებოდი, რომ ისეთივე უხვი მოსავალი მიგეღო, როგორც მან, მაგრამ ისე გეჭირა თავი, თითქოს უფრო მეტად ჭკვიანი ხარ, ვიდრე ის, ვინც შენ დაგრგო, ამიტომაც დარჩი უნაყოფოდ.
მწარედ ინანა ცუდი ხასიათის ალუბლის ხემ ამის გამო და პატრონს დაჰპირდა, რომ მომავალ წელს ისიც მხოლოდ მოსავალზე იფიქრებდა და მხოლოდ ნაყოფის მიღებას სთხოვდა, სხვა დანარჩენზე ზრუნვას კი მას მიანდობდა. და რაც თქვა, შეასრულა კიდეც, და ისე იქცეოდა, როგორც კეთილი ხასიათის ალუბლის ხე.
შემდგომ წელს ორივე ალუბალმა ერთანიარად კარგი ნაყოფი გამოიღო და დიდი იყო მათი და მათი პატრონის სიხარული.
ამ მარტივი იგავის აზრი ცხადია ყველასათვის, ვიცნ ღვთის მიმართ ლოცულობს.
პატრონი უფალი არის, მისი ნარგავები – ადამიანები. როგორც ყველა პატრონი, ღმერთიც თავისი ნარგავებისგან ნაყოფს ელის. „ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“ (მთ. 7:19), – ნათქვამია წმიდა სახარებაში, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, კეთილი ნაყოფის გამოღებაზე უნდა ვიფიქროთ, ამისათვის კი ღმერთს უნდა ვევედროთ, ჩვენს პატრონსა და „სამკალის უფალს“ (მთ. 9:38). საჭირო არაა წვრილმანების თხოვნა უფლისათვის. აბა, დაფიქრდით, მიწიერ მეფესთან ხომ არავინ მიდის რაიმე ისეთი წვრილმანის სათხოვნელად, რომლის მიღებაც მარტივად შეიძლება სხვაგანაც.
„ღმერთი ჩვენი არის ღმერთი მწყალობელი“, - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი. ღმერთს უყვარს, როდესაც მისი შვილები ღირსეულ საჩუქარს ითხოვენ მისგან, ისეთს, როგორიც მეფის შვილებს ეკადრებათ. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ღმერთს შეუძლია უბოძოს ადამიანებს, ცათა სასუფეველია, სადაც თავად მეფობს. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე: „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მთ. 6:33).
უფალი ასევე ბრძანებს: „ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? ... ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ“ (მთ. 6:31-32), და კიდევ: „მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ“ (მთ. 6:8).
ე. ი. რა უნდა ვითხოვოთ ღვთისგან? უპირველს ყოვლისა, უნდა ვითხოვოთ ის, რაც საუკეთესო, ყველაზე დიადი და მარადიულია. ეს ის სულიერი სიმდიდრეა, რომელსაც სახელად „ცათა სასუფეველი“ ჰქვია. როდესაც ჩვენ ღმერთს პირველ რიგში ამას ვთხოვთ, იგი ამ სიმდიდრესთან ერთად გვიბოძებს სხვა დანარჩენსაც, რაც ამქვეყნად ჩვენთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის, რომ ისიც ვთხოვოთ უფალს, რაც გვჭირდება, მაგრამ – მხოლოდ მთავართად ერთად.
უფალი თავად გვასწავლის, რომ საარსებო პურისთვისაც უნდა ვილოცოთ: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ (მთ. 6:11), მაგრამ „მამაო ჩვენოში“ ეს არ არის უპირველესი თხოვნა, მას მხოლოდ ღვთის წმიდა სახელის ხსენების, ცათა სასუფევლის მოსვლისა და როგორც ცაში, ასევე მიწაზე ღვთის ნების დამკვიდრების შესახებ ლოცვის შემდეგ ვითხოვთ.
მაშასადამე, ჯერ სულიერი სიკეთეები უნდა ვითხოვოთ და მიწიერი – მხოლოდ მათ შემდეგ. ყველა მიწიერი სიკეთე მხოლოდ და მხოლოდ მიწის მტვერია, ამიტომ უფალი მათ ადვილად ქმნის და ადვილად გასცემს. ის მათ, თავისი მოწყალების გამო, იმათაც კი აძლევს, ვინც მათ არც კი ითხოვს, აძლევს თვით ცხოველებსაც კი, მაგრამ სულიერ სიკეთეებს არასოდეს გასცემს ადამიანის ნებისა და ძიების გარეშე. ყველაზე ძვირფას სიმდიდრეს ანუ სულიერ სიმდიდრეს, როგორიცაა სიხარული, სულიერი სიმშვიდე, სიკეთე, მოწყალება, მოთმინება, რწმენა, იმედი, სიყვარული, სიბრძნე და სხვ., უფალი ისევე ადვილად იძლევა, როგორც მიწიერ სიკეთეებს, მაგრამ აძლევს მხოლოდ იმათ, ვინც ამ სულიერ საგაძნურს შეიყვარებს და ითხოვს მისგან.
ღვთის დიდება
„ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა“ (ფს. 3:4), „ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი – უფალი“ (ფს. 117:34), - წერს მეფე დავითი.
ჩვენ ვის ვაქებთ? ვის ვადიდებთ?
თუ ვაქებთ ძალასა და სიძლიერეს, ღმერთია ყველაზე ძლიერი.
თუ ვადიდებთ მოწყალებას, ღმერთია ყველაზე მოწყალე.
თუ ვადიდებთ სამართლიანობას, ღმერთია ყველაზე სამართლიანი.
თუ ვადიდებთ ჭეშმარიტებას, ღმერთია ყველაზე ჭეშმარიტი.
თუ ვადიდებთ სილამაზეს, ღმერთია უკვდავი სილამაზე.
თუ ვადიდებთ სიბრძნეს, ღმერთია უცდომელი სიბრძნე.
თუ ვადიდებთ სიჭაბუკეს, ღმერთია უბერებელი სიჭაბუკე.
თუ ვადიდებთ შრომისმოყვარეობას, ღმერთია უსასრულო შრომისმოყვარეობა.
თუ ვადიდებთ სიფხიზლეს, ღმერთია მოუღლელი სიფხიზლე.
თუ ვადიდებთ შემოქმედს, ღმერთია ჩვენი შემოქმედი.
თუ ვადიდებთ კეთილისმყოფელს, ღმერთია ჩვენი კეთილისმყოფელი.
ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც ადამიანები დედამიწაზე აქებენ, მხოლოდ აჩრდილია იმ ულევი და წარუვალი სიკეთეებისა, რომლებიც ღმერთშია და ღვთისგანაა.
ანგელოზები ცნობიერად ადიდებენ ღმერთს ზეცაში განუწყვეტლივ და გალობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი საბაოთი; სავსეა ზეცა და ქვეყანა შენი დიდებით!“ მთელი შექმნილი ბუნება ასევე ადიდებს ღმერთს, ოღონდ გაუცნობიერებლად, მისივე კანონების შესრულებით.
ადამიანს არავითარი მიზეზი არ აქვს ჩამორჩეს ამ ქება-დიდებას, ასე რომ, მთელი გულით უნდა ადიდოს ადამიანმა უფალი ყოველთვის და ყველგან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლოცვას აღავლენს მის წინაშე.
საეკლესიო ლოცვები ყოველთვის ღვთის დიდებით სრულდება, მაგალითად:
„რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ ან:
„რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვეენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ ან:
„რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“.
მაშასადამე, ყოველი ლოცვა, როგორც ხანგრძლივი, ასევე ყველაზე მოკლე, იწყება ღვთისადმი მადლიერებით, გრძელდება ღვთისგან შეწევნის ან წყალობის გამოთხოვით და სრულდება ღვთის დიდებით, ანუ ჯერ გამოიხატება მადლიერება, შემდეგ თხოვნა და ბოლოს დიდება.
ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად განვიხილოთ, მაგალითად, სნეულის ლოცვა.
სნეულის ლოცვა
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!
(მადლიერება) უფალო ღმერთო, შემოქმედო და მზრუნველო ჩვენო, გმადლობ შენ იმ მრავალი სიკეთის გამო, რომლებიც, დღიდან ჩემი დაბადებისა, უხვად მომმადლე მე, ცოდვილს; გმადლობ შენ, უფალო, რადგან შემქმენი ადამიანად და მიბოძე გონება, რათა გამოვიძიო და გავიგო შენი წმიდა ნება. უმეტესად გმადლობ, უფალო, იმის გამო, რომ უგულებელყავი ჩემი ცოდვები, რომელთა მიერაც დიდი ხნის წინ დავიმსახურე ჯოჯოხეთის ცეცხლი და მარადიული სიკვდილი, მაგრამ შენი გამოუთქმელი მოწყალებით სიცოცხლე შემინარჩუნე დღემდე.
(თხოვნა) გევედრები შენ, უფალო, კვლავ შეისმინე ჩემი ლოცვა, მაპატიე ჩემ მიერ ქმნილი ყველა ცოდვა და გამხადე ღირსი შენი ცათა სასუფევლის. ვიცი, უფალო, რომ შენ დაუშვი ჩემზე ეს სნეულება ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გსურს, გულმოწყალეო მკურნალო, რომ სხეულის ტანჯვით განიკურნოს ჩემი სული. ვინანიებ ჩემს ცოდვებს, მაპატიე, რომ დავარღვიე შენი მცნებები და უმადური მონა აღმოვჩნდი მოწყალე ბატონის წინაშე; ვნანობ, უფალო და სინანულის ცრემლებით მუხლს ვიყრი შენ წინაშე; შემეწიე და განმკურნე მე, რომ ვიცოცხლო და გემსახურო შენ, რათა კეთილი საქმეებით გამოვისყიდო ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვები და ოდნავ მაინც გავხდე ღირსი შენს მარადიულ სამეფოში – ცათა სასუფეველში – დამკვიდრების.
(დიდება) შენდა დიდებას აღვავლენ, უფალო, რომელსაც განუწყვეტლივ გაქებენ ზეცაში ანგელოზები და წუთისოფელში მართალნი, რადგან, ჭეშმარიტად, შენ გშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მარადიულ მამას მხოლოდშობილი ძით და ყოვლადწმიდა სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა სნეულისა (მოკლე)
(მადლიერება) გმადლობ შენ ყველაფრისთვის, უფალი ღმერთო, სახიერო შემოქმედო ჩემო.
(თხოვნა) არ მიმატოვო მე ამ მძიმე წუთებში, უფალო, არამედ როგორც მოწყალე და კაცთმოყვარე შემოქმედმა, მომიტევე ჩემი ცოდვები და დამიბრუნე მე ჯანმრთელობა.
(დიდება) რათა იდიდოს შენი წმიდა სახელი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ეს მხოლოდ პირადი ლოცვაა, რომლის წარმოთქმაც და შედგენაც ყოველ ქრისტიანს მარტივად და თავისუფლად შეუძლია თავისი საჭიროების შესაბამისად. მაგრამ, პირადი ლოცვების გარდა, საჭიროა იმ ლოცვების კითხვა, რომელთაც სახარება და ჩვენი ეკლესია გვასწავლის, როგორებიცაა, მაგალითად: „მამაო ჩვენო“, „წმიდაო ღმერთო“, „ღვთისმშობელო, ქალწულო“ და სხვ. ასევე საჭიროა ვიკითხოთ „მრწამსი“ ანუ „მრწამს ერთი ღმერთი...“.
ადამიანმა ყოველი ლოცვა ღვთის შიშით, მოწიწებითა და მტკიცე რწმენით უნდა აღასრულოს, რადგან ის ცოცხალი ღვთის წინაშე დგას და იმედი უნდა ჰქონდეს ღვთის მოწყალებისა, რომელიც ყოველთვის პასუხობს მლოცველის გულწრფელ თხოვნას.
მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი
რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე
წყარო: https://azbyka.ru/
თბილისი 2023
|