მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

შეხსენება იმისა , რომ მალე მოგვიწევს სხეულის დატოვება
წმიდა ნიკოლოზ სერბი


მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.
(2პეტრ. 1:13–14)


ეს არის კეთილი შეხსენება სხეულის მოყვარულთათვის, რომლებმაც თავიანთი სხეულის გამო დაივიწყეს საკუთარი სული. სხეული უნდა დავტოვოთ: როგორც არ უნდა ვაფასებდეთ მას, რა ძვირფასეულობითაც არ უნდა ვამკობდეთ, ვწყალობდეთ და თავს ვევლებოდეთ, ერთ დღეს მას აუცილებლად დავტოვებთ.

ო, რა ძლიერია და ზუსტი ეს სიტყვა „დავტოვოთ“! როდესაც სული ეყოფა სხეულს, იგი ტოვებს მას, როგორც არასაჭიროს. როდესაც ზღვაში მყოფთ გემი ემსხვრევათ და ფიცრით აღწევენ ნაპირამდე, თავად ნაპირზე გადადიან, ფიცარს კი ტოვებენ; გაზაფხულის დადგომისას გველი კანს იცვლის და ისიც ტოვებს კანს; ასევეა პეპელა – თავად გაფრინდება პარკიდან და ჭუპრს კი პარკში ტოვებს; მსგავსადვე დარჩება ადამიანის სხეული, როცა მას სული განშორდება. ის, რაც გამოუსადეგარია და უსარგებლო, ამასთანავე სხვებისთვის საზიანო, სახლიდან ყრიან, ქალაქიდან გააქვთ, მზის სინათლეს აკლდება და მიწაში ღრმად იმარხება. დაფიქრდით ამის შესახებ, ფუფუნების მოყვარულნო და მორთულ–მოკაზმულნო, ქედმაღალნო და გაუმაძღარნო!

მაგრამ სანამ სული სხეულშია, მან უნდა გამოიყენოს სხეული თავის საცხონებლად, დაემორჩილოს ღვთის მცნებებს და აღასრულოს ღვთის საქმე. ხედავთ, როგორი შრომისმოყვარეა მოციქულის სული! „მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ სხეულის კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ“... ეს საქმე მას ღმერთმა მიანდო და სურს ბოლომდე კეთილსინდისიერად აღასრულოს ის მანამ, ვიდრე ამ სხეულის დატოვება მოუწევს. ჩვენც ვეცადოთ, ძმანო, პირველ რიგში თავად ვისმინოთ მოციქულის შეგონება, შემდეგ კი ყველას შევახსენოთ, ვისთვისაც სიკეთე გვსურს, რომ ყველანი სწრაფად ვუახლოვდებით მეორე ნაპირს – სხვა სამყაროს – და სწრაფადვე გვიახლოვდება ჟამი, როცა სხეულის დატოვება და ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგომა მოგვიწევს შიშველი სულით. რას ვიტყვით მაშინ ღვთის სამსჯავროზე - რა მიზნებისთვის ვიყენებდით მიწიერ ცხოვრებაში ჩვენს ხორციელ სხეულად წოდებულ მიწის მტვერს?

ჰოი, უფალო, მართალო მსაჯულო, იესო ქრისტე, წარმართე ჩვენი გონება, რათა იფიქროს მან სიკვდილისა და სამსჯავროს შესახებ. დიდება შენდა უკუნისამდე, ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019