მთავარი გვერდი - პუბლიკაციები |
შვილების აღზრდის შესახებ
|
გთხოვთ და გევედრებით, საყვარელნო, ვიზრუნოთ ჩვენი შვილებისათვის და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ცხონებისთვის. მიბაძეთ ნეტარ იობს, რომელსაც ეშინოდა, რომ ფიქრითაც არ შეეცოდათ მის შვილებს, ამიტომ მსხვერპლს სწირავდა და ზრუნავდა მათთვის. მიბაძეთ აბრაამს, რომელიც, ასევე, ფულისა და ქონებისთვის კი არ ზრუნავდა, არამედ – როგორ გადაეცა შთამომავლობისათვის ღვთიური კანონები შეურყვნელად. დავითმაც, როდესაც კვდებოდა, დიდი მემკვიდრეობის გამო კი არ მოიხმო შვილი, არამედ – რათა ეს ეთქვა: შვილო, თუ მოისურვებ ღვთიური კანონების მიხედვით ცხოვრებას, გაუთვალისწინებელი არაფერი შეგემთხვევა, ყველაფერი შენი სურვილისამებრ წარიმართება და დიდი სიმშვიდით დატკბები, მაგრამ თუ უგულებელყოფ ღვთის შეწევნას, არაფერს გარგებს არც სამეფო და არც დიდი ძალაუფლება. ღვთისმოსაობის გარეშე, ის სიმდიდრე, რომელიც გაქვს, სამარცხვინოდ განადგურდება, ხოლო, მისი ქონის შემთხვევაში, რაც არ გაქვს, ისიც შეგეძინება. ამიტომ მშობლები იმას კი არ უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაამდიდრონ შვილები ვერცხლითა და ოქროთი, არამედ – როგორ გაამდიდრონ ღვთისმოსაობით, სიბრძნითა და სათნოებათა მოხვეჭით, რათა შვილებს არ ჰქონდეთ დიდი მოთხოვნები, არ გაიტაცოს ისინი ცხოვრებისეულმა და ყმაწვილურმა სურვილებმა... ხოლო მიზეზი იმისა, რომ მრავალ მშობელს შვილების გამო ბევრი რამის დათმენა უწევს, ისაა, რომ არ სურთ დასჯა, შეგონება და განაწყენება თავიანთი უზნეოდ და ურჯულოდ მცხოვრები შვილებისა, ამიტომაც ხშირად უწევთ იმის ყურება, თუ როგორ ცვივიან ისინი საშინელ განსაცდელებში, როგორ აღმოჩნდებიან სამსჯავროში და გადაეცემიან ჯალათებს თავის მოსაკვეთად. სწორედ ასე ხდება, როდესაც თავად არ ზრდი და არიგებ შვილს; რადგან ის, უკეთურ და გარყვნილ ადამიანებს შორის მოხვედრილი, მათი სისაძაგლის თანაზიარი, შემდგომ კანონით ისჯება ყველას წინაშე, სიკვდილით დასჯას კი უფრო დიდი სირცხვილი მოჰყვება... მაშ, რითი იმართლებ თავს საბოლოოდ? განა მე არ მოგეცი საშუალება, – გეტყვის ღმერთი, – დაბადებიდანვე შენთან ეცხოვრა შენს შვილს?! მე მის მასწავლებლად, დამრიგებლად, მეურვედ და უფროსად დაგადგინე, განა მასზე ყველა უფლება შენ არ დაგაკისრე?! განა მე არ გიბრძანე, რომ ამ სათუთი არსებისთვის მოგევლო და სრულგეყო იგი?! მაშ, როგორ გამართლდები, თუკი უდარდელად უყურებდი მის ხტუნვას? იტყვი, რომ ის თავნებაა და მოურჯულებელი?! და განა შენ არ უნდა მიგექცია ამ ყველაფრისათვის ყურადღება თავიდანვე და ლაგამი ამოგედო მისთვის, ვიდრე ჯერ კიდევ ყრმა იყო ის და შესაძლებელი – მისი დამორჩილება?! და განა გულმოდგინედ არ უნდა გესწავლებინა და მიგეჩვია იმას, რაც საჭირო იყო მისთვის, მოგეთოკა მისი ხორციელი მიდრეკილებები, სანამ შესაძლებელი იყო მასზე ზემოქმედება?! სარეველა მანამ უნდა ამოგეძირკვა, ვიდრე ნორჩი იყო და იოლად ამოსათხრელი – მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გაძლიერდებოდნენ და იქცეოდნენ გამოუსწორებლად უყურადღებოდ დარჩენილი ვნებები. ... და როგორც, ცოდვათა გამო, არავის შეუძლია ჰქონდეს გამართლებისა და შეწყალების იმედი, ასევე, შვილების ცოდვების გამო, არ შეიძლება შეწყალების იმედი ჰქონდეთ მშობლებს. მამები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების წესიერებისა და თავმდაბლობისათვის, შვილთა მკვლელები არიან და უფრო მეტად სასტიკნიც კი, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე სულიერ სიკვდილსა და დაღუპვას ეხება; ამიტომ, თუკი ცხენს, რომელიც უფსკრულში გადასაჩეხად იწევს, აღვირში სტაცებ ხელს, ყალყზე აყენებ და ძალასაც იყენებ, რათა დაღუპვისაგან იხსნა ის და ამისთვის მოარტყამ კიდეც ზოგჯერ (რაც, ცხადია, სასჯელს წარმოადგენს, მაგრამ სასჯელი ხომ გადარჩენის დედაა) – ზუსტად ასევე მოექეცი შენს შვილებს, თუკი ხედავ, რომ სცოდავენ: შეზღუდე ცოდვილი, სანამ გულს არ მოულბობ ღმერთს, ნუ მიუშვებ მას თავის ნებას, რათა უფრო მეტად არ იქნას მოთოკილი ღვთის რისხვით. და თუ შენ შეკრავ, ღმერთი არ შეკრავს შემდგომ, მაგრამ თუკი შენ არ შეკრავ, ენით უთქმელი ჯაჭვები ელოდება.
|