მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სიყვარული არის საკუთარი თავის დაძლევა
არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)


მისა ჯერ - არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად
(იოან. 3:30)


„მე მიყვარს ჩემი შვილი“, - ამბობს ერთი დედა და დღეში ხუთასჯერ ურეკავს მას. „მე ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ, რათა გავიგო, როგორ არის და სად არის“. მაგრამ ეს სიმართლე არაა. სიმართლე ისაა, რომ იგი ვერ იტანს, შვილი რომ მიდის, ვერ იტანს, შვილი მისი ხედვის არედან რომ გადის და დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრების დაწყებას. „ვისთან ერთად ხარ? რატომ შეგაგვიანდა? რა ხმები მესმის შენ გარშემო? ვინ საუბრობს მანდ? ვინ არის ის გოგონა?“ ეს წმინდა წყლის ეჭვიანობაა და ავადმყოფური დამოკიდებულება, და, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი სიყვარული, რადგან სიყვარული მსხვერპლია. ესაა „მე მსურს, რომ საკუთარი ფრთები გაშალო, მე შენ სიკეთეს გისურვებ“.

„მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (იოან. 3:30), - ბრძანა იოანე ნათლისმცემელმა, როდესაც უფალი დაინახა. მე მიყვარს უფალი და რადგან მიყვარს, მისგან მოშორებით ყოფნა არ მაშფოთებს, იმიტომ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ისეთ სინათლეს ასხივებს, რომ არც მანძილი მაბრკოლებს და არც ჩრდილი. ასე რომ, რაკი მიყვარს, ყოველთვის სინათლეში ვიქნები, ამიტომაც მზად ვარ ნებისმიერ ადგილას წავიდე და იქ ვიყო, სადაც უფალი დამადგენს. მე ვხარობ მისით, ვინც მიყვარს. მე მიყვარს უფალი და დაე, გამოჩნდეს, რომ მე მაკლდება და ვქრები. მე იგი შორიდანაც მიყვარს, მე ამას გულით ვგრძნობ. მე სხვას ვუთმობ ადგილს, რათა თავისუფლად ისუნთქოს, იმოძრაოს და თავისუფლად იგრძნოს თავი. თავმოყვარეობას არ მილახავს, თუკი ის სხვებს ესაუბრება. ეს გულს არ მიკლავს და არ მაშფოთებს, ამის გამო არ ვეჭვიანობ და არ ვიტანჯები.

და იცი, როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე? მას მეტად შეუყვარდები და არ დაგშორდება. რატომ? იმიტომ, რომ წასვლის საშუალებას აძლევ. და როდესაც ადამიანს აძლევ საშუალებას დაგშორდეს, ამას არ აკეთებს, ხოლო როდესაც შენკენ ექაჩები და ძალადობ, ამით საწინააღმდეგო შედეგს იღებ. გასაგებია? აი, ასე ხდება ადამიანებთან ურთიერთობაში. შენ ამას საკუთარი გამოცდილებითაც ხედავ, ამბობ: „მე ვეჭვიანობ ჩემი ქმრის გამო, მეტი არ შემიძლია, ვიტანჯები...“, მაგრამ თუ მართლა გიყვარს იგი, საკუთარ თავს დაუკვირდი. პირველ ყოვლისა, საკუთარი სილამაზე აღმოაჩინე, რომელიც უსაფრთხოების განცდითა და სიმშვიდის გრძნობით აღგავსებს, შემდეგ კი მეუღლის გულწრფელი სიყვარული ისწავლე, ილოცე მისთვის და იგრძენი, რასაც ის გრძნობს ანუ ჰკითხე საკუთარ თავს განუწყვეტლივ: „რასაც ვაკეთებ, სიამოვნებს? რომ ჩავაცივდი და თავს არ ვანებებ, მოსწონს? ამას რომ ვაიძულებ, სიამოვნებს ეს ჩემს ქმარს (ან ცოლს)?“.

როდესაც სახარებას კითხულობ, ნუ გააკეთებ ამას ფორმალურად, ყოველთვის ჰკითხე საკუთარ თავს: რაც წავიკითხე, აქედან რა მეხება მე? რით უკავშირდება ეს ჩემს ცხოვრებას? ქრისტე ბრძანებს: „და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“ (ლუკ. 6: 31). დაუკავშირე ქრისტეს ეს სიტყვები შენს ცხოვრებას და დაფიქრდი: თუ შენ მეგობართან გასეირნებას და საუბარს გადაწყვეტდი, ან მოინდომებდი მცირე ხნით შენი ცხოვრებით გეცხოვრა, ან საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ისურვებდი, თავად თუ მოგეწონებოდა, რომ ყოველთვის ვიღაცას ეთვალთვალა და რაღაცის გამო მუდმივად ბრალი დაედო შენთვის?! რატომ მიდიხარ იქ? მე რატომ მტოვებ? რაღაცას ბოლომდე არ ამბობ, ფარულად რატომ საუბრობ ტელეფონზე? რატომ მიტრიალდი იქით? რატომ შეწყვიტე საუბარი? ეჭვები, ეჭვები, ეჭვები... მაგრამ შენ ასე ვერაფერს მიაღწევ. სიყვარული და თავისუფლება ყოველთვის გვერდიგვერდ არსებობენ.

მაგრამ თუ იტყვი: „მე შენ მიყვარხარ და უფლებას გაძლევ აკეთო ის, რაც გსურს“, მაშინ ის გიპასუხებს: „აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული! შენ ისეთი დამოკიდებულება გაქვს ჩემდამი, რომ მსურს შენ გვერდით ვიყო, რადგან შენ პატივს მცემ!“.

ყოველ შემთხვევაში, ღმერთი სწორედ ამგვარად გვექცევა. ის ჩვენ პატივს გვცემს ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს. ის ჩვენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას გვიტოვებს და არ ცდილობს, რომ შური იძიოს ამის გამო. ის უშვებს, რომ ცოდვით დაეცე და დაშორდე მას, და როგორ გექცევა ამის შემდეგ? ყოველ დილას კვლავ ამოდის მზე და ანათებს მთელ სამყაროს! მზე სიყვარულია, ხომ ასეა?! და ყოველ დღე, როდესაც მზე ამოდის, უფალი თითქოს გეუბნება: „დღესაც სავსე ვარ შენი სიყვარულით. გჩუქნი ახალ დღეს, მაგრამ არა იმისათვის, რომ საუზმე მიირთვა, მხიარულად დაიწყო დღე და ა. შ., არამედ იმისათვის, რომ დაფიქრდე და მიხვდე: რაკი დღესაც ცოცხალი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ვუყვარვარ“. ვუყვარვარ მე, რომელიც გუშინ საკუთარ ეგოიზმში, ბოროტებაში, ეჭვიანობაში, შურისძიებაში, ცნობისმოყვარეობაში, განკითხვაში ვიხრჩობოდი. ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ჩემს ნარცისიზმს, თავმოყვარეობასა და მანკიერებებს ემსახურა. ამის მიუხედავად, უფალმა კვლავ აღმოაბრწყინა მზე და კვლავ ვიხილე მისი სინათლე და ახალი დღე!

ამ ყველაფრით რას გეუბნება ქრისტე? „მე დღესაც ისევ მიყვარხარ და მიუხედავად იმისა, როგორი იყავი გუშინ, დღეს კვლავ გაძლევ საშუალებას ისევ გააკეთო შენი არჩევანი“. ქრისტე ბრძანებს, რომ როცა წვიმს, ის არავის განასხვავებს: „და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა “ (მთ. 5:45). წვიმა რწყავს ყველაფერს, ასველებს ყველა სახლს და მდელოს, ეცემა ყველას და ყველგან. ხედავ? „იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.“ (ლუკ. 6:36) ანუ იყავი მოწყალე, გქონდეს თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარი, სიკეთისა და გაგების სურვილი ყველას მიმართ. ჰოი, რა საოცარია ეს თვისებები!

სიყვარული ჭრილობას არასდროს არ გაყენებს

ერთხელ შენ მითხარი: „სიყვარულით ვარ დაჭრილი. შემიყვარდა და ჭრილობა მივიღე“. არ ვიცი, გასხოვს თუ არა რა გიპასუხე – არა ჩემით, არამედ ჩემი ცხოვრისებული გამოცდილებითა და იმით, რაც წამიკითხავს და მინახავს – სიყვარული, თავისთავად, ჭრილობას არავის აყენებს, სიყვარული - ეს ცხოვრებაა, სიყვარული - ეს სინათლე და ჩვენი გულის სუნთქვაა, ეს სისხლის ძლიერი მიმოქცევაა. როდესაც გიყვარს, გრძნობ როგორ გივარდება სისხლი თავში, როგორ გეღვრება ის გულსა და სხეულში. როდესაც გიყვარს, სიცოცხლით ივსები. სიყვარული ჭრილობას არ აყენებს. მიუხედავად ამისა, მჯერა შენი, როდესაც ამბობ, რომ „დაჭრილი“ ხარ – მაგრამ არა სიყვარულით, არამედ იმ აუსრულებელი იმედით, რომ შეიყვარე და საპასუხო სიყვარულს ელოდი ჯილდოდ, ამიტომაც დაიჭერი – ის ვერ მიიღე, რასაც ელოდებოდი. ამან შენ გული გატკინა.

მაგრამ როდესაც გაიაზრებ, რომ სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული, სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, არაფერს ელის, მაშინ ამგვარად აღარ დამწუხრდები და, მიიღებ სანაცვლოს თუ არ მიიღებ, ორსავე შემთხვევაში, მშვიდად იქნები. თუ შენი სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდება, უთუოდ გაიხარებ (და, რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ვარიანტია!), მაგრამ თუ უპასუხოდ დარჩება შენი სიყვარული, არც ამის გამო დაიტანჯები. იმას არ ვგულისხმობ, რომ გულგრილი უნდა იყო, უგრძნობი და ქვასავით შეუვალი, და რომ არ უნდა გაინტერესებდეს აქვთ თუ არა შენ მიმართ სიყვარული. შენ ადამიანი ხარ და ბუნებრივია, ადამიანს უხარია, როდესაც ის უყვართ. მაგალითად, გემრიელი საჭმელი მოამზადე და გსურს გითხრან: „რა გემრიელია!“ შენ გიხარია არა მარტო ის, რომ მომზადებული საჭმლის გამო შეგაქეს, არამედ გრძნობ, რომ მადლიერების მიღმა – საჭმელი მხოლოდ საბაბია ამისათვის – შენ მათ უყვარხარ კიდეც. საჭმლით შენ სიყვარულს ითხოვ, გსურს გასცე, რათა მიიღო და როდესაც მადლიერებას არ გამოხატავენ, იტანჯები. ეს ხშირად ხდება მრავალი მიზეზით. „ხედავ, არც კი შემომხედა! შეხედე, არც კი დამელაპარაკა! რა სამწუხაროა, არ მიპასუხა, ე.ი. მას არ ვუყვარვარ!“.

რა ხდება? ასე მწვავედ რატომ განიცდი და გტკივა, რომ არავის უყვარხარ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჯერ არ გიგრძვნია თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს. ჩვენ რომ მუდმივად ვგრძნობდეთ ქრისტეს ალერსსა და შეხებას ჩვენს გულზე, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. წარმოიდგინე, რომ ქრისტეს უპყრია ხელთ შენი გული ან ქრისტე ეხება შენს გულს თავისი ხელებით და განუწყვეტლივ გეალერსება, გეალერსება ნაზად და გეუბნება: „მე აქ ვარ, აქ ვარ, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ. მე გიღებ შენ, შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, იმიტომ, რომ თავად განიჭებ ამ ღირსებას – თავად მე შეგქმენი შენ. მე ვზრუნავ შენთვის. მე შენ ძალიან მიყვარხარ და მთელი გულით მსურს მხარში გედგე მთელი ცხოვრება და კვლავ გიბოძო ის სიკეთეები, რომელთაც ახლაც გაძლევ. მე განუწყვეტლივ შენთან ვარ, გაუნწყვეტლივ“.

შეგიძლია იგრძნო ეს? და როდესაც იგრძნობ, რომ ყველაფერი ქრისტესგან მომდინარეობს და ის ასაზრდოებს შენს სულს, რომ მას უყვარხარ, რომ მისი საყვარელი ქმნილება ხარ, მაშინ უფრო მეტად აღივსები სიყვარულით, ისე რომ შენი სულიც აღივსება მისით და შენი გულიდანაც გადმოდინდება ის! და შენ მეტად აღარ შეგაშფოთებს უყვარხარ თუ არა სხვებს და გაღიარებენ თუ არა ისინი (რათა აღივსო სულიერად), რადგან უკვე აღსავსე იქნება შენი სული. და როდესაც ადამიანები შენ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, ეტყვი მათ: „დიდად მადლობელი ვარ თქვენი“. შენ გაიხარებ ძმური სიყვარულითა და მათთან ურთიერთობით, შენ დატკბები ამ ურთიერთობით, თბილი მზერითა და მათი ამბორით, მათი ჩახუტებით. შენ გაიხარებ ამით, რადგან ადამიანი ხარ! მაგრამ შენ გექნება მშვენიერი შესაძლებლობა და უპირატესობა იმისა, რომ არ შეცბე, როდესაც სიყვარულს არ გამოხატავენ, იმიტომ რომ შენი გული და გონება მიმართული იქნება გამორჩეული ფასეულობისკენ, რომელსაც გაძლევს შენ ქრისტე! და შენ გაიგებ ქრისტეს ხმას შენში, რომელიც გეუბნება: „შენ მე მიყვარხარ, შენ მე მიყვარხარ“. შენი შემოქმედი, ღმერთი, სრულიად უანგაროა, მისი სიყვარული და გულწრფელობა ჩვენ მიმართ უტყუარია, მას შეუძლია გვაცხონოს და საუკუნო ცხოვრება მოგვმადლოს.

შენ გსურს, რომ ადამიანებს უყვარდე, იმიტომ რომ ადამიანი ხარ. შენ სამართლიანად გსურს ეს, მაგრამ ბევრს ნუ ელი მათი სიყვარულისგან, რადგან ის გარკვეული დროის შემდეგ დასრულდება. ვიღაც დაიღლება. შენი ქმარი ადრე დგება, სამსახურში მიდის და შენ მას მრავალი საათით კარგავ... ერთმა ახალგაზრდა წყვილმა, რომლებიც ახალი დაქორწინებული იყო, მითხრა: „ეჰ, როგორ არ გვყოფნის სიყვარული! ვშორდებით ერთმანეთს და გვიან ღამით ვხვდებით, მთელი დღე ერთმანეთს ვერ ვხედავთ.“ ხედავ? გიყვარდეს და გრძნობდე სხვის სიყვარულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მუდმივად რომ გრძნობდე მასთან სიახლოვესა და იმას, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, ღვთის გარეშე შეუძლებელია. ასე რომ, ღმერთი შენ გვერდით არის განუწყვეტლივ (დღეცა და ღამეც) და ცხოვრების ძალას გაძლევს. მაგალითად, იღვიძებ ღამით და ვინმესთან საუბარი და სითბო გსურს, ამ დროს შენ გვერდითაა შენი ცოლი (ან ქმარი), მაგრამ არ შეგიძლია, რომ შენი გრძნობები გაუზიარო, რადგან მას სძინავს. გადის წუთები და გადაწყვეტ გააღვიძო ის, ვინც ძალიან გიყვარს. და შენ ეკითხები: „მითხარი, გიყვარვარ?“ პასუხად კი გესმის: „შენ რა, გაგიჟდი, შეხედე, რომელი საათია! შეხედე, რა დროა და შენ მეკითხები, მიყვარხარ თუ არა?! კარგი, ჰო, მიყვარხარ, მიყვარხარ, მაგრამ ახლა დამაძინე! დილით შვიდ საათზე უნდა ავდგე!“ ხედავ? შენ მას უყვარხარ, მაგრამ არ შეუძლია ეს გითხრას, თუ შენ მას გააღვიძებ ღამის ორ ან სამ საათზე, ღმერთი კი თავისი სიყვარულის შესახებ ყოველთვის გესაუბრება. ღვთის სიყვარული - ეს არის სიყვარული, რომელიც შენ ფასს გდებს, ის მუდმივად არსებობს შენს ცხოვრებაში.

როდესაც ქმარი გეტყვის: „დროებით!“ და გაიხურავს კარს და მიდის, ან როდესაც შენ ემშვიდობები მას და გამოიხურავ კარს, რომ გამოხვიდე სახლიდან და წახვიდე სამსახურში, ან სკოლაში უშვებ ბავშვებს, ეს სიყვარული და ეს ალერსი ყოველთვის შენთან არის.

შენ რომ ამას გრძნობდე, მეფედ მიიჩნევდი თავს, საგანძურის მფლობელად და განსაკუთრებულ პიროვნებად და ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე იტყოდი: „მე ვარ ზეციური მეუფის შვილი! მე ვარ ღვთის შვილი და ქრისტეს სიყვარულის ქმნილება. მე ძვირფასი ვარ მისთვის და ყველამ რომ შემაფურთხოს და შემიძულოს, ბოროტებაც რომ მისურვოს, ჩემს ღმერთს მაინც ვეყვარები. მე ვუყვარვარ იმას, ვინც ღირსეულია, რომ ვუყვარდე. იმას, ვისი სიყვარულიც წრფელია და ჭეშმარიტი, ვუყვარვარ ამ ცხოვრებაში და ის მაცოცხლებს“. თუ ამას გააცნობიერებ, ადვილად აღარ მიიღებ ჭრილობებს და ტყუილად აღარ ინერვიულებ, გონებას შენი საყვარელი უფლისკენ მიმართავ, შენ მიერ შეყვარებული ქრისტესკენ, ქრისტესმიერ სიყვარულს იგრძნობ გულში და არანაირი ადამიანური სიყვარული არ დაგირღვევს მყუდროებას, მოგცემენ შენ ამ სიყვარულს თუ არ მოგცემენ. იცი, ეს რა მშვნეიერია! და მაშინ სასწაული მოხდება: შენ ადამიანურ სიყვარულსაც მოიზიდავ შენკენ, რადგან თავისუფალი ადამიანი შეიქნები, აღარ იქნები ნერვიული, მოსაწყენი, გაღიზიანებული და დათრგუნული. შენ გახდები ყველასთვის მისაღები.

რისკის გარეშე არ არსებობს სიყვარული

მე ვიცნობ ერთ დედას, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილები, მაგრამ ისინი მის გვერდით არ არიან! ერთს მოტოციკლი ჰყავს, ყოველთვის გასულია სახლიდან და გვიან ბრუნდება; მეორე მოგზაურობს; მესამე წმიდა ადგილების მოსალოცად დადის. ერთ ქალიშვილს სხვა რამ სურს, მეორე ვაჟი სხვა რამეს აკეთებს... დედას ძალიან უყვარს თავისი შვილები და სურს, რომ მთელი დრო მათ გვერდით გაატაროს! მას შეუძლია ბევრი რამ ასწავლოს შვილებს, ბევრ რამეს მოუყვეს, მაგრამ ის მათ სიყვარულს ამჯობინებს და დიდ პატივს სცემს მათ არჩევანს. მისმა ყოვლისმომცველმა სიყვარულმა ბევრი რამ მასწავლა.

დიახ, შენ სწორად გაიგე - სწორედ შენ შესახებ ვსაუბრობ. დიახ, ახლა სწორედ შენ გესაუბრები. ნუ დაეჭვდები და ჩამეძიები. ზოგჯერ მისმენ და ფიქრობ: ნუთუ ჩემ შესახებ საუბრობს? და თავადვე პასუხობ: „არა, არა, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მე არ ვარ ასეთი კეთილი, ასეთი მორჩილი...“ დიახ, სწორედ შენ გგულისხმობ! ამ შენმა ღვთიურმა ნიჭმა ბევრი რამ მასწავლა. მახსოვს, როგორ დართე ნება შენს შვილს მოტოციკლეტი ეყიდა, თუმცა ეს ძალიან არ გინდოდა. შენ სულ ნერვიულობ, რომ არაფერი დაემართოს, მაგრამ, აცნობიერებ, სიყვარული ის არის, რომ საკუთარ თავს მოერიო. რისკის გარეშე სიყვარული არ არსებობს. შეუძლებელია,რომ ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ იცოდე და განსაზღვრო.

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ არცოდნაში გადაეშვა. ამ დროს შენ ამბობ: „აბა, რა ვქნა! მე მას ვეუბნები, ვეუბნები, მას კი არ სურს მოსმენა! რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილისთვის? ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ეს არის განვაგრძო მისი სიყვარული! მე არ შემიძლია წნეხის ქვეშ მყავდეს ჩემი შვილი და უკან ვდიო. უბრალოდ, მე კვლავ განვაგრძობ მის სიყვარულს!“. და ეს, ერთგვარად, სიყვარულის უხილავი საფარველია, თავაზიანი ზრუნვის თბილი საფარველი. იგი უხილავია, მაგრამ ქმედითი და საოცრად იფარავს ბავშვის სულს. ამას ბავშვიც გრძნობს. იგი გრძნობს სიყვარულს, რომელსაც მას ჩუქნი. ეს საუკეთესო ინვესტიცია და საუკეთესო ტაქტიკაა.

ზეწოლას თავადაც ვერ ვიტან. არ შემიძლია წნეხის ქვეშ ვამყოფო ადამიანები და ვერც იმას ვითმენ, როდესაც მე მამყოფებენ წნეხის ქვეშ. არ შემიძლია გვერდიდან ვუყურო, თუ როგორ პრესავენ სხვებს. ეს მე ძალიან მაწუხებს. „მამაო, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით ეკლესიაში“. ამ სიტყვებს სიამაყით წარმოთქვამენ მშობლები, მაგრამ თუ ოჯახის წევრებს ყურადღებით ჩახედავ თვალებში, დაინახავ, რომ მათი ნახევარია კმაყოფილი, დანარჩენები კი დამწუხრებული არიან და გაღიზიანებული, რადგან ტაძარში ძალდატანებით მიიყვანეს. ეს უკვე აღარ არის სიყვარული. „მამაო, რატომ ამბობთ ასე? ტაძარში სიარული ხომ წმიდნა საქმეა, თქვენ კი მეუბნებით, რომ შვილები ეკლესიაში არ მოვიყვანო!“ დიახ, ასე გეუბნებით, რადგან თავად უფალი სცემს პატივს ადამიანის არჩევანს მისდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო.

როდესაც კვირა დღე თენდება და მრავალსართულიანი სახლის ბინადართაგან ეკლესიაში არავინ მიდის, ამის გამო ამ ქალაქის კვარტალს სინათლეს არ აკლებს უფალი. იგი კვლავ აძლევს ადამიანებს სინათლესა და წვიმას, არ აკლებს წყალობას, რადგან სამაგიეროს არ უხდის, ღმერთს უყვარს ის ადამიანები, იმიტომ რომ ისინი მის გვერდით არსებობენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც ახლა გეტყვით: ღმერთთან ადამიანებს პრობლემები არ აქვთ! მათ დიდი პრობლემები აქვთ ჩემთან, შენთან, ჩვენს ურთიერთპრეტენზიებთან, ზეწოლასთან, წნეხთან და ჩვენს მომაბეზრებლობასთან.

„მაგრამ მე მისივე სიკეთისთვის ვუთხარი! მე ხომ ისევ მისთვისვე ვეუბნები, რომ იმარხულოს და ფარულად ვუდგამ ნაკურთხ წყალს, ფარულად ვუდებ სეფისკვერს, მან კი მოისროლა და მითხრა: „მოაშორე, ვერ ვიტან ამას!“ ცუდი რა ვქენი, ამას ხომ სიყვარულით ვაკეთებ!“ სიყვარულით გააკეთე? თუ შენ სიყვარულით გააკეთე, მაშინ რატომ მოხდა მთელი ეს არეულობა სახლში?! ნუთუ არ დაფიქრებულხარ: შენს სიყვარულს იქნებ მხოლოდ ჰქვია სიყვარული, მაგრამ არა აქვს მისი თვისებები? არ არის საკმარისი ხელში გეჭიროს ტრაფარეტი წარწერით „სიყვარული“. სიყვარული გულიდან უნდა მოდიოდეს, შენი გულიდან კი, ვფიქრობ, მხოლოდ გულგრილობა მოდის. სიყვარული არ არის გულგრილობა, სიყვარული პატივისცემა და თავისუფლებაა.

მე უკვე ვისაუბრე დედის შესახებ, რომელმაც შვილს მოტოციკლეტის ყიდვის უფლება მისცა. ეს დედა სულაც არ არის გულგრილი. არა! მას ძალიან უყვარს თავისი შვილი და ლოცვის საფარველში აქცევს მას, იგი მას ნებას რთავს წავიდეს, მაგრამ ცდილობს თავისი ლოცვით დაიფაროს. დედა მას იცავს თავისი ლოცვითა და სიყვარულით, და იმ დროს, როდესაც ეუბნება: „წადი!“, მისგან გამოიტყორცნება ტალღები, ტალღები სიყვარულისა, სითბოსი, სიკეთისა და ლოცვის. იგი ამას აკათებს, ნება მომეცით ვთქვა, როგორც ღმერთი, იმიტომ, რომ ღვთაებრივია მისი მოქმედება. სწორედ ამგვარად მოქმედებს ღმერთი – შენ მიდიხარ მისგან, მაგრამ ღვთაებრივი მზე იწყებს ნათებას შენს გულში.

უფალი გეუბნება: „წადი! მე მოგცემ შენ სითბოს, რომ გული მოგილბეს და აღარ განაგრძო წინააღმდეგობა როგორც მწყემსმა „მზისა და ქარბუქის თქმულებაში“. გახსოვს, როგორ დანაძლევდნენ მზე და ქარბუქი, რომელი იყო მათგან უფრო ძლიერი და რომელი შეძლებდა გაეხადა მწყემსისთვის მოსასხამი? აი, დაუბერა ქარბუქმა და რაც უფრო მეტად უბერავდა, მით უფრო მეტად იკუნტებოდა მწყემსი და მჭიდროდ ეხვეოდა თავის მოსასხამში. იგი წინააღმდეგობას უწევდა მას და იბრძოდა. განა სწორედ ასე არ არის?! რაც უფრო მეტ სიცივეს წარმოქმნი სხვა ადამიანის სულში, მით უფრო მეტად იცავს ის თავს, იბრძვის და საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ როდესაც სიყვარულს აფრქვევ მას, მაშინვე ყველაფერი იცვლება. და რა ხდება თქმულებაში? – ქარბუქის შემდეგ მზემ გამოანათა! მოეშვა და მოდუნდა მწყემსი, გათბა და გაიხადა თავისი მოსასხამი.

შეიყვარე საკუთარი თავი და შეგიყვარდება ძმაც

ასეთია სიყვარული. მართლაც, რთული რამ არის. მაშ, ახლა მომისმინე რა უნდა გააკეთო და ამით დავასრულოთ. რა უნდა გააკეთო? მე შემიყვარე! ეს უპირველესი საქმეა. და იცი, რატომ? იმიტომ, რომ, ვგრძნობ, წარუმატებელი იყო ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეთერით, მაგრამ თუ მეცოდინება, რომ გიყვარვარ, დავმშვიდდები. იცი, რომ მეც ეჭვიანი ვარ და მერყევი, ყველა ჩვენგანშია მერყეობა, გამუდმებით საკუთარ თავს ვეკითხებით: „მაგრამ ჩვენ ვუყვარვართ? ყველაფერი კარგადაა? ნეტავ შეგვაქებენ თუ არა?“ გულში ჩვენ ყოველთვის ბავშვებად ვრჩებით.

სასულიერო პირსაც, ხეზე ამოკვეთილს რომ აჩვენებს ვინმეს, კეთილი სიტყვების მოსმენა სურს მისგან: „რა კარგად გამოგსვლიათ, მამაო! მშვენიერია, ძალიან მომეწონა!“ ამას გამხნევება ჰქვია და ეს არ არის ეგოიზმი. არ არის ეგოიზმი ალერსი და სიყვარული, რომელსაც სხვის სულს ანიჭებ. ხშირად ჩვენ აზრს ვუცვლით ცნებებს, გულქვა ვხდებით და ამ გულქვაობას ასკეტიზმს ვარქმევთ, არავის ვიკარებთ და ამ მიუკარებლობას სიფხიზლის ღვაწლს ვუწოდებთ. ჩვენ ვართ „თავად სიფხიზლე და ლოცვა“, სინამდვილეში კი შეუვალები და გულქვები ვართ. ადამიანი ჩვენკენ მოდის, სურს, რომ მოგვიახლოვდეს და ხელი შეგვახოს, მაგრამ ეს იგივეა, რომ კაქტუსის ეკლებს შეეხოს. და ის მიდის. იცოდე, რომ გამოხედვითაც და ქცევითაც ჩვენ კაქტუსის ეკლები ვართ, არადა, გვგონია, რომ ამგვარი ქმედებით დიდი მოღვაწეები ვართ და ჩვენი დროის დიდი ბერმოძღვრები. არა, ეს არ არის სიყვარული. და არც ასკეტიზმი არ არის.

ასკეტი ტკბილი ადამიანია, რომელიც საკუთარი თავის მიმართ არის ასკეტი, მაგრამ, ამავდროულად, მას საკუთარი თავიც უყვარს. „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (მთ. 22:39), - ბრძანებს ქრისტე... რა არის ნათქვამი ამ სიტყვებით? ის, რომ ისევე უნდა შეიყვარო შენი ძმა, როგორც საკუთარი თავი. მიგიქცევია ამისთვის ყურადღება? ღმერთს სურს, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი. სხვაგან უფალი ამბობს, რომ უნდა მოვიძულოთ საკუთარი სული. და რა იგულისმება იქ? ის, რომ უნდა შეიძულო შენს გულში არსებული ვნებები და ბოროტება რომლებიც შენშია, ანუ უნდა დაინახო შენი ეგოიზმი და უარყო ის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უნდა გძულდეს, იმიტომ, რომ შენ არ ხარ იგივე რაც შენი ეგოიზმი. შენ ის ხარ, რაც ღმერთმა შექმნა. ღმერთს ეგოიზმი არ შეუქმნია. ღმერთს არ მოუცია შენთვის ბოროტება. ღმერთს არ მოუცია შენთვის სისუსტეები. ისინი გაჩნდნენ შენი ზრდის პერიოდში, შენი აღზრდის დროს, ცხოვრების გზაზე სიარულისას და გაიზარდნენ იმ ყველაფრიდან, რაც შენ გადაიტანე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ მოყვასი შეიყვარო ისე, როგორც საკუთარი თავი, ჯერ საკუთარი თავის შეყვარება გმართებს.

ახლა ერთ რამეს კიდევ ვიტყვი და ამით დავასრულებ. დაფიქრდი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რაღაც მიზეზით არ გიყვარს და რომელთა ადგილიც არ არის შენს გულში. შენ ამბობ: ის ცუდად მომექცა და გაბრაზებული ვარ მასზე. დაფიქრდი ამ ადამიანების შესახებ, რომლებიც შენს ცხოვრებაში არსებობენ: ნათესავები, სიდედრი, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა, შენს ოჯახურ ცხოვრებაში ერეოდა და არ ასრულებდა თავის დაპირებებს; ან იფიქრე შენი რძლის შესახებ, რომელმაც ცილი დაგწამა. ალბათ არსებობენ ასეთები, ხომ მართალია?! შესაძლებელია ასეთი იყოს ერთი, ორი ან სამი ადამიანი. იფიქრე მათ შესახებ და შემოუშვი ისინი შენს გულში. ახლა შეიგრძენი როგორ ეფერები მათ, როგორ იხუტებ გულში, როგორ მიგყავს ისინი ღმერთთან, ტოვებ მის წინაშე ღვთაებრივ ნათელში და ამბობ: „უფალო, ამ ადამიანებს, ამ ადამიანს...“ მაგრამ არ შეგიძლია ამ სიტყვების თქმა, არა? რთულია შენთვის, მაგრამ უარსაც არ ამბობ. შეეცადე, რაც არ უნდა რთული იყოს, რომ გააკეთო ეს, წარუდგინე ეს ადამიანი ღმერთს და უთხარი: „ღმერთო ჩემო, შეიწყალე იგი, დაეხმარე მას. დამეხმარე მეც, გულქვა ადამიანს“. თქვი ასე: „მე არ შემიძლია შევიყვარო ის! შენ რას გრძნობ, უფალო, მის მიმართ? დამეხმარე მე, უფალო, რომ ისევე შევიყვარო ის, როგორც შენ გიყვარს! იმიტომ, რომ გიყვარს ის, უფალო, ხომ ასეა?!“.

ქრისტე კვლავ არაფერს ამბობს. შეძრული ვარ ქრისტეს მდუმარებით. ქრისტე დუმს, იმიტომ, რომ ის კვლავ ჯვარზეა, უხმოდ დაგვცქერის. ახლა ქრისტე არაფერს ამბობს, მაგრამ მახსოვს, როგორ თქვა ჯვარზე: „მამაო, მიუტევე ამათ“ (იხ. ლუკ. 23: 34). ის ჯვარზე გაკრულიც სიყვარულს აფრქვევდა. მისი ცხოვრების ბოლო წამებში მთელი ჩვენი ბოროტება იყო თავმოყრილი ჯვარზე. ჩვენ მას მთელი ჩვენი ბოროტება მივუტანეთ და ქრისტე ამაზეც სიყვარულით, შენდობით, სიკეთით გვპასუხობდა. ასევე მოიქეცი შენც. თქვი: „ქრისტე ჩემო, ის, ვინც ბოროტება მომაყენა, ვინც მე მაწყენინა, ვინც მე დამაშორა, ვინც მე ტკივილი მომაყენა, - რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ ჩემთვის, ყველაზე საშინელიც... გევედრები, დამეხმარე, რომ ჩემი გული გახდეს შენი გულის მსგავსი და უბოძე მათ, ყველას, ვინც მე ტკივილი მომაყენა, შენი სიყვარული. მიეცი მათ ჯანმრთელობა, მიეცი მათ სიხარული, მიეცი მათ სიკეთე, მიეცი მათ მეგობრები, მიეცი მათ მშვენიერი ცხოვრება. არავის მიმართ შური არ იძიო, უფალო. და თუ მე დავწყევლე ჩემი მოძულე და ცუდი ვისურვე მისთვის, ან თუ შევიტყვე, რომ მას მართლაც შეემთხვა უბედურება და გამეხარდა, მაპატიე, უფალო, შეცვალე ეს ყველაფერი! შემცვალე მე, უფალო, შენსას დაამსგავსე ჩემი გული, მასწავლე მე შენნაირი სიყვარული. სხვაგვარად, ვერ ვიქნები ქრისტიანი. სხვაგვარად, თუნდაც რომ ყველაფერი აღვასრულო, ყველაფრის შესახებ რომ ვისაუბრო, საეკლესიო თემებიც რომ განვიხილო და დოგმატები და სამონაზვნო წესები შევისწავლო, მშვენივრადაც რომ ვისაუბრო... როგორ წარვდგები და რას ვიტყვი შენ წინაშე? რას ვიტყვი, თუკი ვერ ვისწავლი სიყვარულს?!“.

და კიდევ, როდესაც ვინმე გაწყენინებს, ამგვარად მოიქეცი: მოუხმე იმ ადამიანს შენს ლოცვებში, რომელმაც რაღაც დაგიშავა და ითხოვე, რომ მისი ლოცვით მოგიგვარდეს ყველაფერი. გააკეთე ის, რაც გააკეთა წმიდა ზოსიმემ, როდესაც შეიტყო, რომ ძმამ ცილი დასწამა მას. ხოლო ვინც ცილი დასწამა, იცი, რას ამბობდა რამდენიმე დღით ადრე? „მამა ზოსიმე, მე შენ ძალიან მიყვარხარ“.

უთხრა მას მამა ზოსიმემ:

- გიყვარვარ იმიტომ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ რაიმე მოხდება, ისევ გეყვარები?

- მაშინ არ ვიცი, მამაო.

- მე კი, ჩემო შვილო, როგორადაც არ უნდა მომექცე, მეყვარები! და არა მხოლოდ ახლა, როდესაც შენ გიყვარვარ და მეც მიყვარხარ, არამედ მაშინაც, როდესაც შენ შეიცვლები ჩემ მიმართ, მე ისევ მეყვარები.

ასეც მოხდა. ამ ადამიანმა ცილი დასწამა წმიდა ზოსიმეს და ცუდს ამბობდა მისი მისამართით. წმიდა ზოსიმემ შეიტყო ამის შესახებ, მაგრამ მის გულში არაფერი შეცვლილა. მას ისევ უყვარდა ის ძმა. და როდესაც ერთხელ წმინდანს თვალი ასტკივდა, იცით რა გააკეთა? პირჯვარი გადაიწერა თვალზე და თქვა: „ქრისტე ღმერთო, ჩემი ძმის ლოცვებით, რომელმაც ცილი დამწამა, განკურნე ჩემი თვალი“. და სიყვარულმა აღასრულა ის სასწაული, რომ თვალი განიკურნა.

შენც მსგავსად მოიქეცი და ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ ხშირად სწორედ შურისძიებას, სიძულვილს, წყევლას მივყავართ ავადმყოფობამდე. ექიმები მუდმივად ამბობენ, რომ კიბო და სხვა დაავადებები: წყლული, სისხლიდენა კუჭიდან, ჰიპერტონია და წნევა გამოწვეულია სულიერი დაძაბულობითა და შფოთით. და რა არის სულიერი დაძაბულობა? სიყვარულის უკმარისობაშია მისი ფესვი. შენ გრძნობ სხვაში შენს მტერს, მაგრამ ვერ გრძნობ იმას, რომ თქვენ ერთნი ხართ, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ჩვენ არ ვართ მტრები. რატომ უნდა დავშროდეთ ერთმანეთს? რისთვის არის საჭირო დაყოფა? ასი წლის შემდეგ სად ვიქნებით მე და შენ? სად ვიქნებით ჩვენ ღვთის წინაშე? მაშ, რატომ ვჩხუბობთ? რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი? რატომ არ ვპატიობთ ერთამანეთს? სამწუხაროდ, ჩვენ უგუნურები ვართ! არ გიყვარდეს - ეს უგუნურებაა, ხოლო გიყვარდეს - ეს არის დიდი გონიერება, სიბრძნე და სიწმინდე. სიყვარული ღვთისგანაა.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://www.pravoslavie.ru/

თბილისი 2020