მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სიყვარულის შესახებ
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


ვისაც აქვს ჩემი მცნებები და იცავს მათ, ის არის, ვისაც ვუყვარვარ მე
(იოან. 14:21)


სახარების დღევანდელი დღის საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ ასეთი მარტივი და ცხადი სიტყვები: ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს დაიცავს... ცხოვრებაში, ჩვენს ყოველდღიურ ადამიანურ ცხოვრებაში, ეს სიტყვები ძალზედ ცხადი და მარტივად გასაგებია: თუ ვინმე გვიყვარს, ჩვენ ვზრუნავთ, რომ გავიგოთ როგორი გემოვნება აქვს მას, რა არის მისთვის ძვირფასი ან რა არის საძულველი და როდესაც ჩვენს გულში ცოცხალი სიყვარულია, გულმოდგინედ ვცდილობთ, რომ არაფერი ვაწყენინოთ საყვარელ ადამიანს.

ამ მხრივ შეგვიძლია გავიგოთ იესო ქრისტეს სიტყვებიც: უფლის მცნება არ არის ბრძანება ან ადამიანის იძულება, იგი ღიად, გულწრფელად გვეუბნება: აი, რა არის ჩემთვის ძვირფასი და რა არის საძულველი; აი, რის გამო მოვედი წუთისოფელში და რამ გამოიწვია ჩემი დაუნდობელი და სასტიკი სიკვდილი... და სრულიად ცხადად და მარტივად ისმის კითხვა: თუ ჩვენთვის ძვირფასი არ არის ის, რაც მისთვის ძვირფასია და ძვირფასი ის არის, რაც მისი ჯვარცმისა და სიკვდილის მიზეზი გახდა, მაშინ რომელი სიყვარულის შესახებ შეიძლება აქ ვისაუბროთ?! ნუთუ ასე ვსაუბრობთ ჩვენი ახლობლების, მეგობრებისა და ჩვენთვის ნამდვილად ძვირფასი ადამიანების სიყვარულის შესახებ?! რა თქმა უნდა, არა!

ამიტომ, მოდით, დავფიქრდეთ ქრისტეს ამ მარტივი სიტყვებისა და ამ უბრალო, ადამიანური, მიწიერი სიმართლის შესახებ. თუ ჩვენთვის ძვირფასი არაა უფლის მცნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძვირფასი არ არის თავად უფალი და მაშინ აღარ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ის გვიყვარს, აღარ უნდა ვთქვათ, რომ ის ჩვენი უფალია. უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს გვეთქვა გულწრფელად: სადღაც, გულის სიღრმეში, მიყვარხარ, უფალო, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად მიყვარს... და მაშინ, იქნებ, შეგვრცხვენოდა, როდესაც ჩვენ მიმართ მის სიყვარულს წარმოვიდგენდით, იმას, თუ როგორ გვექცევა ჩვენ... და თუ შეგვრცხვებოდა, მაშინ, იქნებ, რაღაც სიცოცხლის მსგავსი შეხებოდა ჩვენს სულს; და მაშინ იქნებ მართალი, პატიოსანი დამოკიდებულება შეგვეძინა ღვთის მიმართ და ოდესმე მის მიმართაც გაგვჩენოდა ისეთი ცოცხალი გრძნობები, როგორიც გვაქვს ერთმანეთის მიმართ.

ვიფიქროთ ამის შესახებ ძალიან სერიოზულად, რადგან თუ ვინმე არ იცავს უფლის მცნებებს (მცნებებს –არა როგორც კანონს, არა როგორც ბრძანებას ან შიშის გამო, არამე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ უფალია ჩვენთვის ძვირფასია), მაშინ მას არ შეუძლია თქვას: მიყვარხარ შენ, უფალო...

გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს უფალი სრული შეგნებით, როგორც ზრდასრულ ადამიანებს და ამის მიხედვით ავაწყოთ მთელი ჩვენი ცხოვრება.

1972 წელი


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2023