მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სნეულების შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ერთია - ცოდვა. როგორც ავადმყოფობას არ აქვს მართალზე ძალაუფლება, ასევე არ აქვს მასზე ძალაუფლება სიკვდილს.


სნეულებაც შეიძლება გახდეს ადამიანის ბედის ცვლილების სერიოზული მიზეზი. გავრცელებული აზრისგან განსხვავებით (რომ თითქოს სნეულება მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებაა), ეკლესიამ გამოცდილებით იცის, რომ ხორციელი ავადმყოფობა სულის განკურნებას ემსახურება. ერთი მეომარი, რომელიც ომის დროს ქურდობდა, ჭკუიდან შეიშალა. სანამ ეს დაემართებოდა, ის იმ პატიოსან მეომრებს დასცინოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ომი საშინელი განსაწმენდელია და მებრძოლი წმიდად და ღირსეულად უნდა იქცეოდეს. მეომარი ამბობდა, რომ მათ, ვინც ასე ფიქრობდა, ატროფირებული ჰქონდათ გონება და გონებაშეზღუდულნი იყვნენ, თავად კი მოწინააღმდეგის სახლებიდან იპარავდა ფულს, ხალიჩებს, ჭურჭელს, საიუველირო ნაკეთობებს და, მაჩვის სიხარბითა და თაგვის გაუმაძღრობით შეპყრობილი, ყველაფერს ხარბად ეზიდებოდა სახლში.

შინ დაბრუნებულმა სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვა, რაც იმით ახსნა, რომ საკმარისი სახსრები ჰქონდა მშვიდად ეცხოვრა და ბედნიერად დამტკბარიყო ცხოვრებით. ასე დაიწყო თავშეუკავებელი ცხოვრება და ნეტარებით ტკბობა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ დამბლა დაეცა, ლოგინად ჩავარდა და მოძრაობაც არ შეეძლო. ასე განვლო რვა წელიწადმა და მთელი მისი ნაძარცვი ქონება, რომელიც უსაქმური და უზრუნველი ცხოვრებისთვის ჰქონდა განკუთვნილი, სარეცელს მიჯაჭვულმა ავადმყოფობაში დახარჯა.

როდესაც მან მკურნალობისთვის გაყიდა ყველაფერი, ღარიბი მეზობლები აკითხავდნენ და ღვთის გულისათვის ემსახურებოდნენ. ხანგრძლივმა ხორციელმა ავადმყოფობამ ნაყოფი გამოიღო და მისი უსირცხვილო სული განიკურნა. ბოლო ორი წელი ის განუწყვეტლივ ტიროდა და გლოვობდა ღვთის წინაშე, ყველა მნახველთან აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ცოდვებს და ყველას ეუბნებოდა, რომ ხორციელი ავადმყოფობა სულის გადასარჩენად მიეცა ღვთისგან, ხოლო სნეულების გარეშე იგი ვერასოდეს შეიტყობდა რამეს ღვთისა და სულის შესახებ. მას სჯეროდა, რომ ავადმყოფობა სასჯელი კი არა, ღვთისგან ბოძებული წამალი იყო. წმიდა საიდუმლოებასთან ზიარების შემდეგ კი სახის ნეტარი გამომეტყველებით მშვიდად მიაბარა სული უფალს.

ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ერთია - ცოდვა. როგორც ავადმყოფობას არ აქვს მართალზე ძალაუფლება, ასევე არ აქვს მასზე ძალაუფლება სიკვდილს. ადამიანებო, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა სნეულება. ვინც ცოდვაზე მბრძანებლობს, მბრძანებლობს სნეულებაზეც. ასეთი სნეულებს კურნავს და მკვდრებს აღადგენს. უცოდველობა ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს, ცოდვაში ყოფნა კი სიცოცხლეს ამცირებს. თუ ნახშირს მწვანე ბალახზე დაყრით, ის ჩაიფერფლება, ბალახს კი ცეცხლი არ მოეკიდება, მაგრამ ხმელ ბალახს, რომელიც სიცოცხლის წვენსაა მოკლებული, გავარვარებული ნახშირი წვავს. ნახშირი უძლურია მწვანე ბალახის წინაშე, ასევეა უძლური სნეულება მართალთა წინაშე. მართალს სიცოცხლის სისრულე აქვს და გასცემს, ცოდვილს კი სიცოცხლის წვენი ცოტა აქვს და ხარბად ისრუტავს. ვისშიც სიცოცხლის სიუხვეა, მას მეტი მიეცემა (როგორც ზღვა ივსება შემდინარე წყლებით), ხოლო ვისაც მცირე სიცოცხლე აქვს, მას ეს მცირედიც წაერთმევა (რადგან რაც მეტს ისრუტავს, მით უფრო აკლდება).

უამრავმა ცოდვილმა მხოლოდ სნეულებით აღმოაჩინა ღმერთი და სული. და როდესაც ეს ორი დიდი რეალობა დაინახა, რომელთაც ყოველთვის უგულებელყოფდა, მწარედ ინანა და იტირა თავისი უგნური ცხოვრების გამო, აღსარება თქვა, ეზიარა და ცრემლებითა და ქრისტეს სისხლით განწმენდილი ღირსი გახდა ზეციურ სასუფეველში დამკვიდრების. ამგვარად, სიკვდილს წინ ავადმყოფობა ღვთის მოწყალებით ეძლევა ადამიანს. ნუ განიცდით იმას, რომ ახლობლები დაიტანჯებიან ჩვენი მძიმე სნეულებით: ეს ტანჯვა სასიკეთოა მათთვის, რადგან ამის გამო ისინი უხვად დაჯილდოვდებიან ჩვენი შემოქმედისგან.

„მე არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ მეშინია სიკვდილის წინ მძიმე სნეულების!“ - ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად ფიქრობენ: ისინი სრულად არიან მინდობილი ღმერთს, რადგან იციან, რომ ავადმყოფობა სულის განსაწმედად ეგზავნებათ. და ვისაც სისუფთავე უყვარს, განა მას წყლის ეშნია? სიკვდილის წინ ხორცის ტკივილს ღმერთი გვივლენს, როგორც გაყინული და მდუღარე წყლების ნაკადს, რომლებიც ბანენ ჩვენს სულს. და თუ ასეა, რატომღა უნდა ვისურვოთ უეცარი, უმტკივნეულო სიკვდილი? მრავალი მართალი იტანჯებოდა სიკვდილის წინ. სიკვდილის წინ მდაბალმა იაკობმაც და სინანულის მგალობელმა დავით მეფემაც იავადმყოფა. და თუ ისინიც ისჯებოდნენ სნეულებით, ვინც ღმერთს ესაუბრებოდა, მაშინ დიდ ცოდვილებს რაღა დარჩენიათ?!

ზოგიერთი წმინდანი თავად ევედრებოდა ღმერთს სნეულების გამოგზავნას, რათა გაუფრთხილებლად არ სწვეოდა სიკვდილი და მოუნანიებლად არ მომკვდარიყო ანუ მანამ არ დაეტოვებინა ეს სამყარო, ვიდრე ტანჯვის სიმწარით არ გაანადგურებდა ხორციელ სიამოვნებათა ყოველგვარ მოგონებას. წმიდა წერილი ბრძანებს: „რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“ (ებრ. 12:6). შესაბამისად, ვისაც არ სჯის, მათ უხალისოდ იღებს. გაიხსენეთ მაცხოვრის მრავალი ტანჯვა სიკვდილის წინ. გაიხსენეთ მრავალი ტანჯვა წმიდა მოციქულების, წინასწარმეტყველებისა და მოწამეების. გაიხსენეთ ის ათასობით უცნობი ადამიანი, რომლებიც ყოველდღე იღუპებიან საავადმყოფოებში და განიშორე სნეულების ყოველგვარი შიში. ელოდე მოთმინებით და თუ ის გეწვევა, მიიღე იგი, როგორც ღვთის დიდი საჩუქარი.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2023