მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება დღევანდელი და ხვალინდელი დღის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე
(იგავ. 27:1)


ძმანო, საჭირო არ არის თავი ვიქოთ იმით, რაც ჩვენს ძალაუფლებას აღემატება. ვადები და წლები თავისი ძალაუფლებით ღმერთმა განაწესა და თავადვე განაგებს მათ. მხოლოდ ღმერთმა უწყის, ხვალინდელი დღე ცოცხლებში მიგვითვლის თუ მკვდრებში. ზოგიერთნი თავიანთი ჯვრისწერის წინა დღეს იხოცებოდნენ, სხვები – მეფედ კურთხევის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ამიტომ ნუ იტყვით: „ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იქნება – ხვალ მე ვქორწინდები!“ ან „ხვალ მე მეფედ მაკურთხებენ!“ ან „ხვალ დიდ წვეულებაზე მივდივარ!“ ან „ხვალ მე დიდ მოგებას ვნახავ!“ დაე, ნურავინ იტყვის რამეს ხვალინდელი დღის ბედნიერების შესახებ, რადგან ამ ღამითვეა შესაძლებელი, რომ სხეული დატოვოს სულმა და ბოროტი დემონებით გარშემორტყმული აღმოჩნდეს საზვერეებში! ამ ღამითვე შეიძლება, რომ ადამიანმა დაკარგოს ახლობლები და მეგობრები, სიმდიდრე და პატივი, მზე და ვარსკვლავები და აღმოჩნდეს სრულიად უცხო საზოგადოებაში, მისთვის უცნობ ადგილას, მოულოდნელ სამსჯავროზე!

ხვალინდელი დღით თავის ქებას, სჯობს ღვთის წინაშე ვილოცოთ, რათა „პური ჩვენი არსობისა მოგვცეს ჩვენ დღეს“. დღევანდელი დღე, შესაძლებელია, ჩვენი უკანასკნელი დღეც იყოს დედამიწაზე. ამიტომ, ამქვეყნად ჩვენ მიერ გატარებული ყველა დღის გამო, სჯობს სინანულში გავატაროთ ეს დღე და გეგმები არ დავაწყოთ ხვალინდელი დღის შესახებ, რომელიც ჩვენთვის, შეიძლება, აღარც კი დადგეს. უსარგებლო ოცნება ხვალინდელი დღის შესახებ კარგს არაფერს შეგვძენს, ერთი დღის სინანულსა და ცრემლს კი მარადიული ცეცხლისაგან ძალუძს ჩვენი გამოხსნა.

სამართლიანო უფალო, განაქარვე ჩვენში უგუნური ამაოება. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019