მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება გულღვარძლიანობის წინააღმდეგ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული
(იგავ. 24:17)


ნუ გიხარია მისი დაცემა – ის ხომ ადამიანია. ის შენი ძმაა. დაე, ნუ გაიხარებს შენი გული, როდესაც ძმა წაიბორძიკებს! ღმერთმა ის სიცოცხლისთვის შექმნა და მისი დაღუპვა არ ახარებს. რაც ღმერთს ამწუხრებს, ნურც შენ გაგახარებს. ადამიანის დაღუპვა დანაკარგია ღვთისთვის და განა შეიძლება იმით გაიხარო, რაც შენი შემოქმედისა და მშობლისთვის დანაკარგს წარმოადგენს?! ნუთუ შეგიძლია გაიხარო მაშინ, როდესაც ანგელოზები ტირიან?!

როდესაც შენი მტერი დაეცემა, ღვთის წინაშე მის გადასარჩენად ილოცე, ხოლო იმის გამო, რომ თავად არ დაეცი, მადლობა შესწირე უფალს. შენცა და შენი ძმაც ერთი მასალის ხართ – როგორც მეთუნის ხელით დამზადებული ორი ქოთანი. როცა ერთი ქოთანი იმსხვრევა, ნუთუ მეორეს შეუძლია გაიხაროს და იცინოს?! ის პატარა კენჭი, რომლითაც ერთი ქოთანი იქნა გატეხილი, მხოლოდ ვიღაცის ხელს ელოდება, რათა ახლა მან აიღოს და მეორე ქოთანიც გატეხოს. ორივე ქოთანი ერთი მასალის ხართ, პატარა კენჭს კი მრავალი ქოთნის დამტვრევა ძალუძს.

თუ ერთი ცხვარი დაიკარგება, ნუთუ დანარჩენმა ფარამ უნდა გაიხაროს?! არა, მიუღებელია ასეთი სიხარული! მწყემსი ფარას ტოვებს და შეფიქრიანებული, იმ ერთი დაკარგული ცხვრის მოსაძებნად მიდის. მწყემსის დანაკარგი ფარის დანაკარგიც არის. ასე რომ, მტრის დაცემით არ გაიხარო – რადგან შენსა და მის მწყემსს, უფალ იესო ქრისტეს, მისი დაცემა არ ახარებს.

ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მწყემსო კეთილო, განაგდე ჩვენი გულებიდან გულღვარძლიანობა და ბოროტი სიხარული, ხოლო მის ნაცვლად მოგვმადლე თანაგრძნობა და ძმათა სიყვარული. დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი:

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019