მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

თუ კიდევ დაეცემი, ვინ იცის, ადგები ისევ?
წმიდა თეოფანე დაყუდებული


თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს
(1 პეტ. 5:8)


„აჰა, ცოცხალ იქმენ, ნურღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“ (იოან.5:14), - უთხრა უფალმა დავრდომილს, როდესაც განკურნა იგი. ამ მანუგეშებელ და შემაგონებელ სიტყვებს ვისმინთ ჩვენც, როდესაც აღსარების შემდეგ ცოდვათა მოტევებას ვიღებთ. სულიერად განიკურნა ყველა, ვინც მოინანია და მიუტევეს. კიდევ რა არის საჭირო? საჭიროა გავფრთხილდეთ, რომ იმავე უბედურებაში არ ჩავცვივდეთ. თუ ცოდვა მიატოვე - ნუღარ დაუბრუნდები მას; თუ მიიღე შეწყალება - ნუღარ მოიწევ თავზე რისხვასა და განკითხვას; თუ დაადექი სწორ გზას - ნუღარ გადაუხვევ მისგან. მტერი კვლავ ეცდება თავის წყვდიადში მოგაქციოს - ნუ დაემორჩილები მას; იგი შეეცდება ცრუ დაპირებებით მზაკვრულად დაგიბნელოს გონება - ნუ მოექცევი მისი გავლენის ქვეშ! იცი, როგორი ბოროტია ცოდვა?! იცი, რა რთულია მისი დაძლევა?! ნუღარ დაუმეგობრდები მას! უფალი დაგეხმარა და წამოდექი! – მაშ, იდექი მყარად და გაძლიერდი! დაე, მტკიცე იყოს შენი გული!

მტერი გიჩურჩულებს: „დაეცემი, ისევ ადგები“, შენ კი ამ სიტყვებით შეეწინააღმდეგე: „ახლა ავდექი და ამისთვის ვმადლობ უფალს! მაგრამ თუ კვლავ დავეცემი, არ ვიცი, ავდგები თუ არა ისევ. არ მსურს დაცემულ მდგომარეობაში დარჩენა, არ მსურს ცოდვის მონა და გეენიის მსხვერპლი ვიყო.“ ამგვარად განიშორე მტრის საცდური და იმის შიშით, რომ კვლავ შეიძლება დაეცე, გამოფხიზლდი და სულიერად გამხნევდი, რათა განაგრძო გამოსწორების გზაზე სიარული.

განამტკიცე შენში ის მეტისმეტად დასაშვები აზრი, რომ თუ კვლავ დაეცემი, ვინ იცის, ადგები ისევ? ხოლო თუ დაცემულ მდგომარეობაში დარჩები - დაიღუპები. მტერი შენს დაბნევას შეეცდება იმაში დარწმუნებით, რომ მოწყალეა უფალი, რომ შეგიწყალა და კვლავაც შეგიწყალებს. ჭეშმარიტად, უფალი მოწყალეა, მაგრამ საზღვარი აქვს ჩვენ მიმართ მის მოწყალებას, მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი - მრავალგზის პატიობს, მაგრამ, საბოლოოდ, როცა ხედავს, რომ განუწყვეტლივ სცოდავს ცოდვილი, თავს ანებებს და ტოვებს მას დაცემულ მდგომარეობაში. გადაშალეთ წინასწარმეტყველ ამოსის წიგნი და წაიკითხეთ: პირველ და მეორე თავებში გადმოცემულია დამასკოს, ღაზის, იდუმეის, იუდეის, ისრაიტელებისა და სხვა ხალხების მიმართ ღვთის მსჯავრის შესახებ. ყველა მათგანის მისამართით ერთსა და იმავეს ამბობს უფალი: „სამთა ზედა უთნოებათა... და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ“ (ამოს.1:3), ანუ სამ დანაშაულს ვაპატიებ, მეოთხეს აღარ ვაპატიებო. მართლაც, არ აპატია და დასაჯა. „სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ“ (ამოს.1:6-7). გარემიიქცა და გაუგზავნა სასჯელი. „სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ“ (ამოს. 2:4-16). გარემიიქცა და დასაჯა. იგივე ხდება ჩვენს თავსაც: შესცოდავს ვინმე, მოინანიებს და მიუტევებს უფალი; კიდევ შესცოდავს და მოინანიებს, კიდევ მიუტევებს. და კიდევ მიუტევებს. მაგრამ როდესაც ხედავს, რომ არაფერს ვცვლით, გადაწყვეტილებას იღებს: „ამდენჯერ და ამდენჯერ ვაპატიე, მაგრამ თუ კვლავ შესცოდავს, აღარ ვაპატიებ.“ გულზე დაიწერონ ეს იმათ, ვინც ისევ განაგრძობს ცოდვას. აქამდე გპატიობდა უფალი, მაგრამ თუ კვლავ შესცოდავ, გეშინოდეს, საბოლოოდ უარი არ თქვას შენზე.

რამდენჯერ აპატია ღმერთმა ფარაონს თავისი სიჯიუტე? მაგრამ ბოლოს თავი დაანება და მისი თანხმობის მოლოდინის გარეშე გასცა ისრაიტელთა გამოსვლის ბრძანება. ბოლოს გონს მოეგო ფარაონი და სასწრაფოდ ბრძანა: „წადით და უთხარით, რომ მალე წავიდნენ“, მაგრამ ამან ვეღარ უშველა და ღვთის სასჯელი ვეღარ აირიდა. ასევე ყველას მიმართ შეიძლება ამოიწუროს ღვთის მოთმინების ფიალა. უფრო დიდი საშინელება კი ის არის, რომ არ შეგვიძლია ვთქვათ როდის დადგება ეს დრო. ის, რომ ამოსის წინასწარმეტყველებაში უფლის ნაცვალგებამ მხოლოდ მეოთხე შეცოდების შემდეგ მოაწია, ხოლო ფარაონი ათგზის გაჯიუტების შემდეგ დაისაჯა, იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად შეგიძლია სცოდო და ორჯერ ან სამჯერ დაარღვიო ღვთის მცნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის მოწყალებასაც აქვს საზღვარი, თუმცა, ვის როდის ეწევა ღვთის რისხვა, უცნობია.

უმჯობესია იფიქრო, რომ მაშინვე დაისჯები, როგორც კი შესცოდავ. ამგვარი ფიქრით შეინარჩუნე სიფხიზლე და მტკიცე გულით შეეწინააღმდეგე მოძალებულ ცოდვის შემოტევას. გაიხსენე სამსონის თავს დამტყდარი უბედურება. ერთხელ და შემდეგ მეორედაც მიეცა მას იმის ძალა, რომ დაეწყვიტა ჯაჭვები, რომლითაც დალილას ღალატის შემდეგ დააბეს ფილისტიმელებმა. ბოლოს, თმები უკვე მოკვეცილი ჰქონდა და მაინც ელოდა, რომ, როგორც უწინ, კვლავ მიეცემოდა ძალა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – მას ღმერთი განეშორა და ხელში ჩაუგდო თავის მტრებს. ამ დროს სამსონმა არც კი იცოდა, რომ მიტოვებული იყო ღვთისგან, პირიქით, გამოღვიძებული გაიძახოდა: «განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ!» (მსაჯ.16:20).

ასევე მრავალგზის სწყალობდა ღმერთი იუდეველებს, მაგრამ ბოლოს ასე ბრძანა: „აჰა, ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (მთ. 23:38). არც მღვდელთმთავრები, არც უხუცესები, არც მწიგნობრები და არც სხვები არ ფიქრობდნენ მაშინ, რომ საშინელი განაჩენის აღსრულების ჟამი დაუდგათ.

ამ საშინელი სამსჯავროსი გეშინოდეს, როდესაც ცოდვა ისევ მიგიზიდავს, გეშინოდეს, რომ შენ შესახებაც არ თქვას უფალმა: „აჰა, ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად“ (ლუკ. 13:35). მოწყალეა უფალი ყველა ცოდვილის მიმართ და ფიცით ამოწმებს: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (ეზეკ. 33:11), მაგრამ შენი ხშირი დაცემებით თავად მიიყვან საქმეს იმ მდგომარეობამდე, რომ შეუძლებელი იქნება შენთვის რაიმეს გაკეთება. დაცემიდან ადგომა იგივეა, რაც კაბის, სახლის ან სხვა რაიმე საგნის განახლება და შეკეთება. ხშირად რაიმე საგანს რამდენჯერმე შეაკეთებენ ხოლმე და ბოლოს გააგდებენ, რადგან უკვე შეუძლებელია მისი შეკეთება – მისთვის ხელის ხლებას აზრი აღარ აქვს. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს სულსაც: დიდხანს ცდილობს მის გამოსწორებას უფალი, მაგრამ ბოლოს თავს ანებებს, რადგან ხშირი დაცემებით სული ისე ზიანდება, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

მაინც რა შეიძლება იყოს ჩვენი აღდგინების საფუძველი? – სიკეთე, რომელიც ჩვენში არის დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ვემონებით. ამ სიკეთეზე გადმოდის ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებს სულს და აძლევს მას ბოროტის დაძლევის ძალას. მაგრამ ნელ–ნელა ადამიანიც ილევა; ყოველი ახალი დაცემა უფრო და უფრო ანადგურებს ჩვენში არსებულ სიკეთეს, ყოველი დაცემის შემდეგ უფრო ნაკლები რჩება ის ჩვენში, შესაბამისად, ნაკლები რჩება ადგილიც, სადაც ღვთის მადლს შეუძლია გადმოვიდეს და დაცემული წამოგვაყენოს. რა გასაკვირია, რომ ასე საბოლოოდ მთელს ჩვენს სიკეთეს გავფლანგავთ ცოდვის მონობაში მყოფნი და დავკარგავთ ჩვენი აღდგინების ყოველგვარ შესაძლებლობას?! აღარ დაგვრჩება ამისთვის არანაირი საშუალება.

გაიხსენეთ, როგორ მოეგეთ გონს ბოლო დაცემის შემდეგ და როგორ წამოდექით. მოვიდნენ მაცხონებელი აზრები და გამოგაფხიზლეს, ან ეს იყო სიკვდილისა და სამსჯავროს შიში, ან იმის გაფიქრება, რომ ცოდვა დამღუპველია, ან სირცხვილი უფლის წინაშე, ან სხვა რამ, რამაც ძლიერ იმოქმედა სულზე, ისიც გამოფხიზლდა და ღვთის შეწევნით, უარი თქვა ცოდვაზე, მოინანია და მტკიცედ განიზრახა, რომ ცოდვით დაცემით აღარ შეურაცხყოს ღმერთი. და თუ კვლავ დაეცემით, რომელი აზრებითღა გამოაფხიზლებთ საკუთარ თავს, როდესაც ყველა ძალა და საშუალება, რომელთაც თქვენი გამოფხიზლება შეეძლოთ, გამოიყენეთ ამ ბოლო წამოდგომისთვის?! შემდგომი შემართებისთვის ძალა აღარ გაქვთ.

მაცხონებელი აზრები წამალს ჰგავს. როგორც წამლის ხშირი გამოყენება იწვევს მიჩვევას და მათი მოქმედების შესუსტებას, მსგავსადვე კარგავს სული ჭეშმარიტების შეგრძნების უნარს. არც მუქარა, არც დაპირება, არც სიკვდილი, არც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე, არც შხამი და ცოდვის სიმწარე – არაფერი არ მოქმედებს და აფხიზლებს სულს. სული ქვად იქცა და რა დაემართება მას ამის შემდეგ? იგივე, რაც, მოციქულის სიტყვებით, მოელის მიწას, რომელიც მხოლოდ ეკალს აღმოაცენებს: „უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლობელი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ“ (ებრ. 6:8).

ამას ემატება ისიც, რომ ხშირი დაცემები წარმოქმნის ცოდვის ჩვევას, რომელიც ატყვევებს და სასტიკ მონობაში ამყოფებს საბრალო სულს. საკმარისია ერთი ცოდვა მაინც იქცეს ჩვევად, რომ სრულიად იმონებს და ტანჯავს სულს. შეხედეთ როგორ ექცევა ობობა თავის ნადავლს: ნელ–ნელა ახვევს გარშემო თავის თხელ აბლაბუდას მანამ, ვიდრე მთლიანად ქსელში არ მოაქცევს და მიუხედავად იმისა, რომ ნადავლი კვლავ ცდილობს მოძრაობას, სრულიად უძლურია, რომ ობობას ქსელისგან გათავისუფლდეს. ასევეა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ხშირი დაცემით ეჩვევა და რომელიც მანამ ძალმომრეობს მასზე, სანამ სრულიად არ დაეპატრონება მის სხეულსა და სულს. ამის შემდეგაც არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ცოდვის მიტოვების სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ სული, რომელიც ხედავს თუ როგორაა გახლართული ცოდვაში ადამიანი, ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ბედავს და უიმედობა იპყრობს იმ წარმართებივით, რომელთა შესახებაც ასე წერს მოციქული: წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა“ (ეფ. 4:19), ან იმ ებრაელებს ემსგავსება, რომლებიც ეგვიპტელთა მონობით წელში იყვნენ გაწყვეტილი და მიუხედავად იმისა, რომ მოსე ღვთის სახელით ჰპირდებოდა მათ თავისუფლებას, არ იჯერებდნენ, რომ შესაძლებელი იყო ამ დაპირების აღსრულება.

ასე რომ, ვინც უკვე მოინანიეთ და შეუდექით სიკეთის გზას, გეშინოდეთ, რომ კვლავ არ დაეცეთ ცოდვით. დაინახეთ ის გარდაუვალი დაღუპვა, რომელიც ცოდვის მომხიბლველობით არის დაფარული. ნუ უყურებთ მას ასე ადვილად, უყურეთ, როგორც პირდაღებულ უფსკრულს, გახსნილ ჯოჯოხეთს, რომელიც მზად არის სამუდამოდ გშთანთქათ. ამგვარი საშინელი ხვედრის გახსენებით გამოაფხიზლეთ გონება და მთელი გულით მოიძულეთ ცოდვა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, მაგრამ ფეხზე მდგომისათვის ის უფრო იოლია. ადექით? მაშ, მტკიცედ იდექით და იბრძოლეთ. უფალი იქნება თქვენი შემწე! დღითი დღე უფრო ადვილი გახდება ბრძოლა და ბოლოს სულ გაქრება. სიკეთე გაიმარჯვებს და თქვენ მშვიდად განაგრძობთ ცხოვრებას ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებით. ეს დაგიმკვიდრებთ თქვენ ნეტარი აღსასრულის შემდეგ მარადიულ სამყოფელს – ცათა სასუფეველს, მაგრამ თუ კვლავ შესცოდავთ და დაეცემით, კვლავ აირევ–დაირევა აზრი და გრძნობა... ისევ სიბნელე და ტანჯვა, ისევ შიში და სინდისის ქენჯნა, სიმძიმე და სულიერი აშლილობა... და კვლავ შეიძლება დაგიმონოთ ცოდვამ, თანაც სამუდამოდ. მაშინ, მრავალი ტანჯვისა და მწუხარების აქ გადამტანთ, სიკვდილის შემდეგაც საუკუნო სატანჯველი გელით...

უფალი, რომელმაც გამოგიხსნათ ეშმაკის ბადისაგან, „თავადვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ“ (1პეტ. 5:10). ასე იქნება, თუ თავადაც იფხიზლებთ, რადგან „თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს“ (1 პეტ. 5:8). ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: http://pravoslavie.ru

თბილისი 2020