მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი?
მართალი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი


ვიხარებდე უფლისა მიმართ და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა
(იოან.15:19)


ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი?

ჭეშმარიტი ქრისტიანია ის, ვინც ნათლoსღებისას გულწრფელად აღიარა ღვთისა და ანგელოზების წინაშე, რომ განეშორა ეშმაკს და მის ყოველგვარ საეშმაკო საქმეს და პირობა დადო ღვთის წინაშე, რომ ემსახურება იესო ქრისტეს და აღასრულებს მის ყველა მცნებას და, ამგვარად, ღირსი გახდა ღვთის უხილავ მადლთან საიდუმლოდ ზიარებისა და სულიერად შეგრძნებისა ანუ სულით იგრძნო, რომ მიიღო ის. როგორც კი ვინმე ღვთის მადლს იღებს, მაშინვე უარს ამბობს ხორციელ მისწრაფებებზე, აღარ იზიდავს ამქვეყნიური გულისთქმები და ღვთის მადლით, უგრძნობი ხდება მათ მიმართ ანუ მკვდარია მათთვის. შედეგად – სიხარულითა და დიდი მონდომებით აღასრულებს ღვთის მცნებებს, მის სულს აღარ იზიდავს ხორციელი გულისთქმები, სიხარბე, პატივი და დიდება, თითქოს ის ამ ქვეყანასა და სხეულში აღარც იმყოფება, როგორც ამბობს უფალი: “არა სოფლისაგანნი ხართ” (იოან.15:19). ამგვარად, ყოვლადწმიდა სულთან ერთობაში მყოფი ხარობს და გალობს განუწყვეტლივ: „ვიხარებდე უფლისა მიმართ და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“ (ფს.103:34; ლუკ.1:47).

ქრისტიანი, რომელსაც დიდება, ხორციელი სიამოვნება ან ფული უყვარს, არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი

სხვა გზითა და საშუალებით, შეუძლებელია, რომ გახდე ნამდვილი ქრისტიანი. ეს სამი რამ – სიამეთმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა - ადამიანს ეშმაკის მონად აქცევს. ასე რომ, ქრისტიანი, რომელიც ხორციელ ტკბობას ეძლევა, ქრისტეს მონა კი აღარ არის, არამედ ცოდვისა და ეშმაკის მსახური. ასევე აღარ არის ქრისტიანი ის, ვინც ვერცხლისმოყვარეობითაა შეპყრობილი და ფული უყვარს, ასეთი კერპთაყვანისმცემელია – როგორც ამბობს პავლე მოციქული; არც ის არის ქრისტიანი, ვისაც ამსოფლიური დიდება უყვარს, რადგან ასეთი ეშმაკის გამორჩეული მეომარია. ასე რომ, ვინც ამ სამი ვნებითაა შეპრყობილი (ან თუნდაც ამათგან ერთ–ერთით) და რომც მარხულობდეს, მღვიძარებდეს, თუნდაც, იძინოს მიწაზე, ან სხვა რაიმე ღვაწლს ეწეოდეს, ან თუნდაც ყოვლისმცოდნე იყოს და სიბრძნეს ფლობდეს, მას არ აქვს ურთიერთობა ღმერთთან – ყოვლადწმიდა სამებასთან. საჭიროა, რომ ის სულიერად გათავისუფლდეს ამ ვნებებისგან – უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელიც ამბობს: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე“ (იოან.8:34–35). ეს სახლი ცათა სასუფეველია. ხედავ მაცხოვრის საშინელ განგებულებას?! „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ (იოან. 8:36), – დასძენს უფალი. ასე რომ, თუ ამ სამი ვნებისგან გათავისუფლდება ვინმე, მაშინ სცეს თაყვანი ღმერთს, მაშინ იგალობოს და ადიდოს, მაშინ ილოცოს, როგორც უკვე ნამდვილმა ქრისტიანმა და ღვთის მონამ. დიდი წყალობის ღირსი გახდება იგი, რადგან ვინც ზემოთ დასახელებული სამი სასტიკი ვნებით (ან თუნდაც ერთი მათგანით) არის შეპყრობილი, რომ სურდეს კიდეც, არ ძალუძს თავად გათავისუფლდეს მათგან, რადგან მათგან ჭეშმარიტად გათავისუფლება მხოლოდ იესო ქრისტეს მიერ არის შესაძლებელი (რომელიც არის ძე ღვთისა და მეუფე) იმ ძალაუფლებით, რომელიც მან თავისი მამისაგან მიიღო ჯვრისა და სიკვდილის მეშვეობით, როგორც თავად ბრძანა აღდგომისას: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (მათ. 28:18).

ქრისტიანისთვის აუცილებელია, რომ ბევრ რამეზე თქვას უარი (მოიკლოს ისინი) და სულიერად იღვაწოს, რათა ამ ვნებებისგან გათავისუფლდეს

მივმართოთ ყოველთა განმათავისუფლებელს, უფალ იესო ქრისტეს, რომელსაც აქვს ამის ხელმწიფება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ამ სამი ვნებისაგან; დავიწყოთ მარხვა, ლოცვა, გავცეთ მოწყალება, რათა დაინახოს ღმერთმა, რომ გულწრფელად გვსურს მათგან გათავისუფლება, რომ გულმოდგინედ ვეძებთ მას, და რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როცა მოწყალე უფალი ამას დაინახავს, სასურველი თავისუფლება გვიბოძოს. ასეთი თავისუფლების ნიშანია ამ ვნებების სიძულვილი – ისეთი სიძულვილი, რომ როდესაც მათგან თავისუფლდები, გეზიზღება ისინი, როგორც სისაძაგლე, რომელიც ყველა ნივთიერ სასაძაგლეზე უფრო მეტად საზიზღარია. მაშასადამე, კეთილი საქმეა გალობა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება, მოწყალების გაცემა, სიმდაბლე და უპოვარება ქრისტეს სიყვარულის გამო. მაგრამ ბევრ ძმას ვხედავ, რომლებიც ფუჭად შრომობენ და ამაოდ მოღვაწეობენ. ამის მიზეზი აშკარაა: ვინც რას არ უნდა აკეთებდეს, იგი ამას საყოველთაოდ ცნობილი მიზნით აღასრულებს. ეს იმიტომ, რომ ადამიანური ბუნება პირველი მცნების დარღვევისთანავე ხრწნადი და მოკვდავი გახდა და ამის შედეგად, სუსტი, უძლური და ყოველგვარი ბოროტებისა და უგუნურებისადმი მიდრეკილი; და განა შეძლებს, რომ თავისით, დამოუკიდებლად გათავისუფლდეს გამხრწნელი აზრებისაგან, როდესაც ეს ხრწნადობა ბუნებრივ მდგომარეობად ქცეულა მისთვის?! როგორ შეძლებს ის ამას? – თუ იმარხულებს, იფხიზლებს, ილოცებს, იღვაწებს და იშრომებს, გაჭირვებულთათვის მოწყალებას გასცემს იმ ერთადერთი მიზნით, რომ ღირსი გახდეს ამ ხრწნადობისგან განთავისუფლების, ის ამას შეძლებს ჩვენი ერთადერთი განმათავისუფლებლის, უფალ იესო ქრისტეს ძალითა და შეწევნით, რომელიც სწორედ იმისათვის მოვიდა წუთისოფლად, რომ თავად ეტვირთა წითისოფლის ცოდვები. და ვიცნ მარხულობს, ლოცულობს, შრომობს და ყოველგვარ კეთილ საქმეს აღასრულებს იმისათვის, რომ ქრისტემ გაათავისუფლოს, იგი უეჭველად გათავისუფლდება ქრისტეს მიერ, შეიცნობს თავის განმათავისუფლებელს და მადლობას შესწირავს მას, დაიმდაბლებს თავს და იქნება მორჩილი ქრისტეს უძლეველი ძალის წინაშე; ხოლო ვინც ქრისტესთან არ ცხოვრობს ამ მიზნით, ამაოდ დაშვრება და იმქვეყნად ისე წავა, როგორც გაღატაკებული და უბედური ქრისტიანი.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკისა და მისი დემონების მთელი მოღვაწეობა და მზაკვრობა ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართულია სწორედ იმისათვის, რომ გაურკვევლობა და უცოდინრობა ჩათესონ მათში ზემოხსენებული უმთავრესი მიზნის შესახებ, რათა მათ იფიქრონ, რომ საკუთარი ძალებით შეუძლიათ გადარჩენა იმ კეთილი საქმეების საშუალებით, რომელთაც აღასრულებენ. დემონები ხშირად ეხმარებიან კიდეც მათ ლოცვაში, მოწყალების გაცემაში, მარხვაში, მღვიძარებასა და სხვა კეთილი საქმეების აღსრულებაში, რათა ეს ყველაფერი ჩვენ მიერ აღნიშნული მიზნის გარეშე აკეთონ და იფიქრონ, რომ ნამდვილად კეთილ საქმეებს აღასრულებენ, შედეგად კი განუკურნებელი დარჩნენ ქრისტეს მიერ, რადგან ქრისტეს კანონი უცვლელია – ქრისტეს არ შეუძლია იმათი განკურნება, ვიცნ თავის სნეულებას არ შეიცნობს და არ ეძებს ექიმს.

ყოველი კეთილი საქმე იმ მიზნით უნდა აღვასრულოთ, რომ ქრისტეს მადლი და სიწმინდე შევიძინოთ

მაშასადამე, კეთილი საქმეა, როგორც ვთქვით, მარხვა, მოწყალების გაღება და სხვა, კარგია აგრეთვე როგორც საკუთარ, ასევე ძმების ცოდვათა გამო წუხილი, ასევე – ტირილი მოტირლებთან და მხიარულება მოხარულებთან ერთად; მაგრამ ყველა ეს კეთილი საქმე, ქების ღირსი და საკვირველი, არაფერს ემსახურება და უსარგებლოა, თუკი ის, ვინც მათ აღასრულებს, არ გახდება ღვთის სიწმინდის თანაზიარი, რამეთუ ყველა კეთილი საქმე ამ მიზნით უნდა აღესრულებოდეს (როგორც ამბობს მოციქული იმათ შესახებ, ვინც სასჯელს იმსახურებს ღვთისგან, როგორც შვილები, რადგან ღმერთი მათ სჯის მათსავე სასარგებლოდ), რათა ეზიარებოდნენ მის სიწმინდეს (ებრ.12:10). და თუ ვინმე არ არის ღვთის სიწმინდის თანაზიარი, ამაოა მისი შრომა, ამაო მისი რწმენაც, განსაკუთრებით, როცა ეს კეთილი საქმეები არ აღესრულება სათანადოდ, ღვთის შეწევნით, ღვთის კანონისა და მცნებების შესაბამისად, ხოლო ვინც უკანონოდ იღვწის, გვირგვინს არ მიიღებს, როგორც ამას განსაზღვრავს ღვთიური კანონები. კანონი კი არის ის, რომ ეს საქმეები აღესრულებოდეს ფარულად, ზედმიწევნით და ყურადღებით, ერთარსი ღვთის წინაშე, ისე, რომ არ იცოდეს შენმა მარცხენამ რას აკეთებს შენი მარჯვენა.

და რა არის ეს მარჯვენა და მარცხენა? ისმინეთ: მარჯვენა არის, როდესაც ქრისტიანი აღასრულებს იმას, რაც ქრისტემ ამცნო შემდეგი სიტყვებით: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკ.17:10), მაგრამ ნუთუ შესაძლებელია გამოჩნდეს ვინმე, ვინც იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს? რომც ყოფილიყო ასეთი, ვინც გააკეთა ყველაფერი (ან თუნდაც ნაწილი), რაც უნდა გაეკეთებინა, ვის შეეძლო ამის ქმნა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით, თუკი წინასწარ საიდუმლოდ არ იქნებოდა განმტკიცებული ქრისტეს ღვთიური ძალით?! ვინ იქმს სიკეთეს ქრისტეს გარეშე?! - ვაი მას და მის საქმეს! ხოლო მარცხენა არის, როდესაც ვინმე იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამის გამო ღვთისაგან პატივს იმსახურებს. ასეთი, დიდი ღვაწლისა და ოფლისღვრის მიუხედავად, ვერასოდეს ეზიარება ღვთაებრივ სიწმინდეს და მას სიკვდილის შემდეგაც მწუხარება ელის!

რა არის ნიშნები იმისა, რომ ღვთის მადლი მიიღო ვინმემ? ის, რომ არ არის მრისხანე და შებილწული ხორციელი ვნებებით, მშვიდია და მოკრძალებული, აქვს თავმდაბლობა და უბოროტოა, აქვს მოყვასის თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარი, წრფელია და არ არის პირმოთნე და აქვს ღვთის ისეთი მტკიცე და ურყევი რწმენა, რომ მის შესახებ შეიძლება ვთქვათ: „ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ“ (იხ. რომ.4:3). ხოლო ვისაც ქრისტეს მადლის ეს ნიშნები არ აქვს, უეჭველია, ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ განდიდებული იყოს ადამიანების მიერ, და რომც ამბობდეს, ადამიანურ დიდებას არ ვეძებო და არ მსურსო ის, სინამდვილეში დახარბებულია მას; რადგან სადაც არ არის ქრისტე, იქ არიან დემონები, ხოლო სადაც დემონები არიან, იქ მახინჯდება და ირყვნება სწორი აზრი. როგორც ღამურები ფრენენ ღამით და ეძებენ საკვებს, ასევე დემონებიც თავიანთ მეთაურთან, წყვდიადის მთავართან - ეშმაკთან ერთად, ამ ცხოვრებაში, ხრწნადსა და ბნელით მოცულში, დაძრწიან მიწაზეც და ჰაერშიც და ყველგან ცისქვეშეთში, ისინი მეყსეულად გადადიან ერთი ადგილიდან მეორეში, რადგან დემონები თავიანთი ბუნებით მოაზროვნე არსებები არიან. ამის გაგება ყველას შეუძლია, თუ დააკვირდება, როგორ მოქმედებს ჩვენი, ადამიანური, გონება, რომელიც ერთხელ თუ ნახავს რამეს – თუნდაც შორეულ წარსულში და განფენილს დიდ სივრცეში – ერთ წამში შემოირბენს მას გონებით (ფიქრით), მიუხედავად იმისა, რომ შემოსაზღვრული არის სხეულით. აი, რატომაა შეუძლებელი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, თუ იგი არ არის აღბეჭდილი სულიწმიდის მადლით, ღვთისკენ მიმართოს თავისი გონება და იფიქროს ღვთიურზე, ისაუბროს სახიერ უფალთან და წმინდა გონებისა და გონიერი ლოცვის მეშვეობით მიიღოს ღვთისაგან განათლება და სიკაშკაშე. როდესაც ეშმაკი შენიშნავს, რომ ქრისტიანის გონება (სული) ღვთიური მადლით არ არის შემოსილი და შიშველია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც სურს გონებით აღიწიოს ღმერთამდე და ლოცვის საშუალებით ესაუბროს და ევედროს თავისი ცოდვების გამო, – ეშმაკი უშიშრად გადაუდგება გზაზე, რომელზეც ის მიიწევს და ეუბნება: „სად მიდიხარ, შე უბედურო? როგორ ბედავ ჩემი სამფლობელოს გავლას? მე ვარ წყვდიადის მეუფე, მე მქვია სამყაროს ბატონი და მე ვარ იმათი წინამძღოლი, ვინც ფიქრობს მიწიერზე და ბრძნობს მიწიერად. მე ვარ თავადი ამ წუთისოფლის, ამ წარმავალი და ხრწნადი სამყაროსი, ჰაერის მპყრობელი, სატანა. შენ ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულხარ ჩემი ძალაუფლებისგან, ჯერ კიდევ არ მიუქცევიხარ ღმერთს ჩემი ხელმწიფებიდან მისკენ (იხ. საქმ. 26:18). ამიტომ, როგორც ჩემი ქვეშევრდომი, უნდა ფიქრობდე ჩემის შესახებ და უნდა ეძებდე ჩემსას. ჩემი კი, აი, რა არის: ხორციელი ვნებები, ტყუილი და უსამართლობა, ბოროტება. მე გაჩვენებდი და გარწმუნებდი, თუ როგორი კარგია ეს ყველაფერი; და შენ ხედავდი, რომ ეს ასეა, დააგემოვნე, გამოსცადე ისინი და ტკბობასაც მიეცი, ახლა კი სად მიდიხარ? რა გინდა ზეცაში? დარჩი აქ, ქვევით, ამქვეყნიურ სიბინძურესა და ცოდვებში“. ამიტომაც არის დაწერილი: „ არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ.12:3).

ყურადღებით ლოცვის უნარი საჩუქარია ღვთისგან

შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანმა არც უნდა ილოცოს და არც უნდა ადიდოს ღმერთი, თუ მანამდე მის გონებას ღვთაებრივი მადლი არ შეეხება და გააბრწყინებს, რათა მხოლოდ გარეგნულად არ დადგეს ღვთის წინაშე, გონებით კი ეშმაკის მსახური და მის საქმეთა აღმსრულებელი არ აღმოჩნდეს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ის მეტად უწმინდური ხდება, ამის გამო მტერიც უფრო მეტად ძალადობს მასზე, ხან მრისხანებით, ხან კი ხორციელი ვნებებით მრავალი ბოროტებისაკენ უბიძგებს, საითკენაც თავადაც თავშეუკავებლად მიისწრაფვის. სამკურნალო დაწესებულებაში თუ შედიხარ და შენი უგუნურებით განკურნების ნაცვლად უფრო საშიშს ხდი შენს ჭრილობებს, მაშინ, რა თქმა უნდა, აჯობებდა საერთოდ არ შესულიყავი იქ. მაგრამ ლოცვის გარეშე როგორ იქნება?! გამოიჩინე გულმოდგინება, იღვაწე, იზრუნე, რომ ყველაზე უწინ გონება განიკურნო, რათა როდესაც უფალს განადიდებ, იგალობებ და ილოცებ, უარეს ხიფათში არ ჩავარდე, რადგან შეუძლებელია უწმინდური გონებით ღვთის წინაშე დგომა. გარედან ისე ჩანს, რომ სხეულით ღვთის წინაშე დგას კაცი, ბაგეებით კი ლოცულობს, მაგრამ შეუძლებელია ღვთის ჭეშმარიტი დიდება მხოლოდ საკუთარი ძალებით, რადგან ღვთის დიდება, გალობა და ლოცვა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს მადლით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული.

როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, მათ იციან რის შესახებ საუბრობენ: ვინც ლაპარაკობს, იცის რას ამბობს და ვინც მას უსმენს, მის ნათქვამს იგებს. დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ შესაბამისი ყურადღების გარეშე ესაუბრებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ როცა ღვთის წინაშე საუბრისა და ლოცვის დროს ადამიანს არ ესმის რას წარმოთქვამს (თუნდაც დიდ დროს უთმობდეს ლოცვას და დღედაღამ ღმერთს ადიდებდეს), როგორ უნდა იქონიოს მან გადარჩენის იმედი?! როდესაც ღმერთთან ვსაუბრობთ, ისეთი ყურადღება მაინც გვმართებს, როგორი ყურადღებითაც ადამიანებთან ვსაუბრობთ ამაო და მიწიერი თემების შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს ის, რომ ეშმაკი აზრების საშუალებით ურევს გონებას ადამიანებს. ამიტომ არის უპირველეს ყოვლისა საჭირო სულზე ზრუნვა და მისი განკურნება, რათა იესო ქრისტემ, სულისა და ხორცის მკურნალმა უფალმა, დაინახავს რა ამ მონდომებას, მიმადლოს კურნება, მაგრამ თუ სნეული ასე არ მოიქცევა, მაშინ ფუჭი და უსარგებლო იქნება მისი ლოცვა და ფსალმუნთა გალობა ღვთის წინაშე. ამიტომ, ვინც უყურადღებოდ ლოცულობს, დაე, იტიროს და იგლოვოს და გამოსწორდეს. მაგრამ თუ არ იტირებს და არ შეწუხდება თავისი უყურადღებობის გამო, როგორ შეიძლება ჰქონდეს მას გადარჩენის იმედი?!

ცოდვილები არიან ღვთის მტრები, რომელთაგანაც ღმერთი პირს იბრუნებს

წმიდა წერილში წერია: „უამურია ქება ცოდვილის პირით“ (ზირ.15:9). და ეს არ არის თქმული უღმერთოებისა და ურწმუნოების შესახებ (რადგან ურწმუნო როდი ლოცულობს ღვთის წინაშე, რომელსაც არ იცნობს?), ეს ნათქვამი ეხება იმათ, ვინც იცნობს ღმერთს და სწმას მისი, თუმცა კი უწმინდურია თავისი ბოროტი საქმეების გამო და ღვთის მტერია თავისი ცოდვების მიზეზით. როგორც ლამაზი ნივთი იზიდავს ადამიანების მზერას, უსახური და საზიზღარი კი ადამიანებს აიძულებს თვალი აარიდონ და პირი მიიბრუნონ მისგან, მსგავსადვე, ცოდვილის ქება-დიდება და ლოცვა აიძულებს ღმერთს პირი იბრუნოს ასეთისგან, რადგან ისინი მხოლოდ ბაგეებით ლოცულობენ, გონებითა და გულით კი იმ ცოდვებსა და ვნებებთან საუბრობენ, რომლებიც, როგორც უწინ, ახლაც ბატონობენ მათზე, რადგან შეუძლებელია, რომ ღვთის წინაშე ლოცვის დროს არ ფიქრობდე რაიმე შეუსაბამოსა და უმსგავსოზე, თუკი მანამდე არ დამეგობრებიხარ ღმერთს სინანულისა და აღსარების საშუალებით. ღმერთთან სულიერი მეგობრობა კი ნიშნავს ღვთის მიერ მის იდუმალ სტუმრობას. და ნიშანი იმისა, რომ ღვთის მადლი ეწვია სულს, არის ის, რომ იგი ლოცულობს შიშითა და მოწიწებით, წესისამებრ დგას ლოცვაზე და დიდ ყურადღებას აქცევს ლოცვის სიტყვებს. „და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1კორ.12:3). ისინი, ვინც ასე არ ლოცულობს, ჯერ კიდევ შორს არიან ღვთისგან, თუნდაც იერარქები და სულიერი მოძღვრები იყვნენ, ან ხალხის მასწავლებლები და მათი შუამავლები ღმერთთან. თუ მზე, რომელიც სითბოა, ბუნებრივად ათბობს იმას, ვიცნ მისი სხივების ქვეშ ზის, ნუთუ ღმერთი, რომელიც წმიდაა, არ განწმედს მათ, ვიცნ მას ლოცვით ესაუბრება?! თუმცაღა, ასე არ ხდება, მაგრამ რის გამო? იმის, რომ იმათ, ვინც მზის ქვეშ სხედან, იციან რისთვის დასხდნენ – მათ გათბობა სურთ, ამიტომ ისე იქცევიან, რომ სითბო იგრძნონ; ხოლო იმათ, ვინც უყურადღებოდ ლოცულობს, თავადაც არ იციან, თუ რატომ ლოცულობენ და რას ითხოვენ, ანუ სათანადოდ არ დგანან ღვთის წინაშე; ამიტომაც ღმერთი მათ არაფერს აძლევს და არც მისცემს, ასეთნაირად ასი წელიც რომ ილოცონ.

მაშასადამე, ამაოდ შრომობენ ისინი, ვინც გალობს და ლოცულობს, მაგრამ ღვთის მადლით არ არიან განწმენდილი; საჭიროა, რომ ისინი წავიდნენ ღვთისმოშიშ და გამოცდილ მოძღვრებთან და მათგან ისწავლონ თუ როგორც ილოცონ და რა უნდა ითხოვონ ლოცვისას. მაგრამ თუ არ მოისურვებენ ისწავლონ ეს და არ ისწავლიან ამას, ბრძენი იქნება თუ უგუნური, ცხოვრებას დაასრულებენ როგორც უწმინდურები და შებილწულნი. ღმერთი არ უსმენს იმას, ვინც არ იცის რას ითხოვს. ამიტომ, იმისათვის, რომ არ დავიტანჯოთ და არ დავრჩეთ სამარადისოდ უწმინდურებად, ამ წუთიდანვე ვიზრუნოთ და ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ და რა უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან, რათა ჩვენი ლოცვა სათნოეყოს ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც ეკუთვნის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2020