მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ცოდვის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ
(მთ. 5:8)


ეშმაკი გახდა ცოდვის მიზეზი, ხოლო ცოდვისგან წარმოიშვა სიკვდილი. პირველი ცოდვით დაცემა მოხდა სამოთხეში, როდესაც ადამი და ევა შეეწინააღმდეგნენ ღმერთს და დაემორჩილნენ ეშმაკს. პირველმშობლების ეს ცოდვა მემკვიდრეობით გადაეცა ყველა ადამიანს. როგორც სნეულება გადადის მშობლებიდან შვილებზე, ასევე გადმოვიდა კაცობრიობაზე პირველმშობლების ცოდვა. ამ პირველ ცოდვას დაემატა უსასრულო რაოდენობის სხვა ცოდვა და მრავალ ცოდვაში გახლართული ადამიანები მთლიანად ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდნენ.

ღმერთი და ცოდვა დიამეტრალურად ერთმანეთის საპირისპიროა. შეუძლებელია პირისახით ღვთისკენ შეტრიალდე, თუ ზურგს არ შეაქცევ ცოდვას. შეუძლებელია ღმერთი შეიყვარო, თუ ცოდვას არ მოიძულებ. შეუძლებელია ზურგიდან რამე დაინახო და თუ სახით ცოდვისკენ ხარ შეტრიალებული, შეუძლებელია ღმერთი იხილო. ჩვენს სულს, ისევე როგორც დედამიწას, ორი საპირისპირო მხარე აქვს: აღმოსავლეთი და დასავლეთი, სინათლე და სიბნელე, შვილობა და მონობა, მადლი და კანონი. სულიერი ადამიანის სიყვარული წინააღმდეგობებს სპობს და და ყველაფერს სინათლედ, შვილებად და მადლად გარდაქმნის.

ჩვენ ღმერთს გვაშორებს სიცრუე და მხოლოდ სიცრუე. იმის თქმა, რომ ღმერთს ჭეშმარიტება გვაშორებს, იგივეა ვთქვათ, რომ ღმერთს ღმერთი გვაშორებს. ცრუ აზრები, ცრუ სიტყვები, ცრუ გრძნობები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლივი შედეგი, რომელსაც არარაობამდე, ილუზიებამდე და ღვთის უარყოფამდე მივყავართ. ამ გზას, სამწუხაროდ, უკან დასაბრუნებელი არ აქვს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე დიდი ძვრა არ მოხდება ადამიანის ცხოვრებაში და სავლეს მსგავსად, დაბრმავებულსა და მიწაზე დამხობილს, მიწიდან და უძლურებიდან ღმერთი არ წამოაყენებს და არ დაუბრუნებს მხედველობას, რათა უკან დაბრუნდეს (საქმ. 9:8-18).

ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც სცოდავს. ჯერ ეშინია, შემდეგ სძულს. როდესაც ადამიანი მეგობრის წინააღმდეგ შესცოდავს, ის მის წინაშე შიშს განიცდის, რაც შემდეგ სიძულვილში გადადის და სიძულვილი კი აბრმავებს. ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვის შესახებ იცის. შიშს სიძულვილი მოსდევს. იგივე ხდება ადამიანის სულში, რომელმაც იცის თავისი ცოდვის შესახებ ღვთის წინაშე და იცის, რომ ღვთისთვისაც ცნობილია მისი ცოდვა. ადამიანს შიში იპყრობს, შიში გადადის სიძულვილში, რის გამოც მისი სული ბრმავდება. სიძულვილით დაბრმავებულს მოძულებულის მოკვლა სურს. და რადგან ღვთის მოკვლა შეუძლებელია, ღვთის მიმართ სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის ნაცვლად იმას აკეთებს, რაც მისთვის მკვლელობის ტოლფასია – უარყოფს ღმერთს, რაც, არსებითად, მის თვითმკვლელობას უდრის.

სხვა ადამიანების მიმართ ჩვენს უსამართლობას საზღვარი არ აქვს. ადამინებს სრულიად უმნიშვნელო და ხშირად მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო განვიკითხავთ. ზოგს იმის გამო ვერ ვგუობთ, რომ ახველებს, ზოგს იმიტომ, რომ ენა ებმის, მესამეს მჭახე ხმა აქვს, მეოთხეს გველისმაგვარი სახე აქვს, მეხუთეს – ხვეული თმა და ა. შ., ზოგს ვერ ვეგუებით მისი ახლობლების გამო, სხვებს - მეგობრების, სხვებს კიდევ - მისი თანამდებობის ან ფინანსების გამო. ხდება, რომ ტრამვაიში ცხოვრებაში პირველად ვხვდებით ადამიანს, მაგრამ უკვე სასტიკად გვძულს ის მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ახლოს დაჯდა ჩვენ გვერდით და გულში მას საკმაოდ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიებთ.

ცოდვა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ღვთის დანახვის შესაძლებლობას სპობს. ღმერთი, თავისი სიწმინდის გამო, უწმინდური მხედველობისათვის უხილავია მანამ, სანამ ის არ განიწმინდება, რადგან თქმულია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5:8).

ხორციელი ცოდვა სიგიჟეა, ხოლო ვინც მასზე ამყარებს იმედს, რომ სიხარულს მოიპოვებს – შეშლილი, რადგან სწორედ ეს ცოდვა იწვევს უიმედო სევდას. მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ადამიანთა შორის ჩათესა ის, მას მუდამ თან სდევს დაღუპვა, ავადმყოფობა და სიკვდილი. ის ყველაზე შეუმჩნეველია ცოდვათა შორის, მაგრამ შედეგის მიხედვით ყველაზე საშინელი; თქვენ რომ იმათი სულები დაინახოთ, ვინც ამ ცოდვაში იმყოფება, შეძრწუნდებოდით. ღმერთმა დაგიფაროთ ამ ცოდვისაგან, ამ მომაკვდინებელი მწუხარებისაგან, შვილებო. თქვენ კი, ვინც შესცოდეთ, იმ ცოდვილი დედაკაცის მსგავსად დაემხეთ უფლის ფერხთა წინ, რათა განგწმინდოთ ამ კეთრისაგან, რადგან ის არის ერთადერთი, ვისაც ძალუძს და სურს ყველას განწმენდა.

როდესაც იტყუები, ღმერთს ატყუებ; როდესაც იპარავ - ღმერთს პარავ; როდესაც ქედმაღლობ - ღვთის წინაშე ქედმაღლობ; როდესაც გძულს - ღმერთი გძულს; როდესაც ფიცს დებ (ცრუსა თუ მართალს), - ღვთის წინაშე ჰფიცავ; როდესაც მრუშობ - უწმინდურობით ღმერთს შეურაცხყოფ; როდესაც პატივს არ სცემ მშობლებს - ღმერთს არ სცემ პატივს; როდესაც გშურს - ღვთისა გშურს; როდესაც ბოროტებას ფიქრობ - ღვთის წინააღმდეგ ფიქრობ; როდესაც ბოროტებას სჩადიხარ - ღვთის წინააღმდეგ მოქმედებ; როდესაც ჭეშმარიტებას უარყოფ - ღმერთს უარყოფ; როდესაც სიკეთეს უარყოფ - ღმერთს უარყოფ; როდესაც სიცოცხლეს უარყოფ - ღმერთს უარყოფ; როდესაც სიყვარულს უარყოფ - ღმერთს უარყოფ; ნებისმიერი ცოდვა ხელის აღმართვაა ღმერთზე!

თვითმკვლელობა, საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილი - გმობაა სულიწმიდის, რადგან სულიწმიდა არის სიცოცხლის მომნიჭებელი. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს სულიწმიდისაგან და უცოდინრობის გამო (თუ საიდან ებოძა მას ეს სიკეთე), არ მადლობს ღმერთს, ეპატიება, მაგრამ თუ ვინმე, ვისაც სულიწმიდამ სიცოცხლე უბოძა, ზიზღით უარყოფს მას, არ მიეტევება არც ამქვეყნად და არც საიქიოში. ამის გასაგებად უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს „მიტევება“. ცოდვათა მიტევება ცოდვილისათვის მთელი სისავსით სიცოცხლის დაბრუნებას, სიცოცხლის ხელახლა მიცემას ნიშნავს, მაგრამ თუ ვინმეს არ სურს ცხოვრება, არაფრად აგდებს და სძულს იგი, ღმერთს აღარაფერი დარჩენია და შლის მას სიცოცხლის ანუ ცხოვრების წიგნიდან.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2023