მთავარი გვერდი - საეკლესიო კალენდარი
საეკლესიო კალენდარი

წინა დღე
შემდეგი დღე

28 მარტი

დიდმარხვა

მოწამისა აღაპისა ღაზელისა და მისთა შვიდთა მოწამეთა: პუპლისა, ტიმოლასი, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა (303); მღვდელმოწამისა ალექსანდრე სიდელი ხუცისა (270-275); მოწამისა ნიკანდრესი (302); მოციქულისა არისტობულე ბრიტანელ ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: ფილექტიმონისა, გორდიანე-გრიგორისა და ცოლისა მისისა ანატოლიასი და შვილთა მათთა: ქალწულისა თეოდოსიასი და სებასტიანე-მარიანესი, რუსიანესი და მარჩბივთა შვილთა მისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქისა და მისთანა ორთა კერპის ხელოვანთა, ათენოგენესი, მარინასი და ყრმისა მისისა ფილექტიმონისა (238-344).


სწავლება დაცარიელებულ სახლში წინასწარმეტყველების შესახებ

აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად (მთ. 23: 38)

რატომ დუმდა უფალი სასამართლოზე იუდეველებისა და პილატეს წინაშე? იმიტომ, რომ უკვე ნათქვამი ჰქონდა ყველაფერი, რისი თქმაც საჭირო იყო. მან უკვე იწინასწარმეტყველა, რომ იუდეველი უხუცესები წარმართებს გადასცემნდნენ, ისინი კი მოკლავდნენ. არაერთხელ იწინასწარმეტყველა უფალმა ის, თუ რა ელოდა მას. მოციქულები ისმენდნენ ამას და დაიმახსოვრეს. მაგრამ მან ასევე იწინასწარმეტყველა ის საშინელი სასჯელი, რომელსაც საკუთარ თავზე მოიწევდნენ იუდეველები ღვთის ძის მიმართ ბოროტი ქმედებების გამო. იუდეველებსაც ესმოდათ ეს და – დაივიწყეს.

„აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად“! – ამგვარად უწინასწარმეტყველა უფალმა იუდეველებს. იუდეველებს ესეც ესმოდათ და ესეც დაივიწყეს! მოგვიანებით ბევრმა გაიხსენა უფლის ეს სიტყვები, მათ შორის იმათაც, ვინც თავად მონაწილეობდა დიდ ბოროტმოქმედებაში – როდესაც იურუსალიმი ააოხრეს რომაელებმა და გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი, იქ მცხოვრები ებრაელები კი გააქციეს და მთელ მსოფლიოში გაფანტეს, ხოლო მრავალი დახოცეს, დაახრჩვეს, შიმშილით გაწყვიტეს ან ჯვარს აცვეს. მაშინ იუდეველებმა დააშინეს და დაარწმუნეს რომაელი პილატე ხელი აღემართა უფალ იესო ქრისტეზე, მოგვიანებით კი თავად რომის იმპერია აღდგა იუდეველების წინააღმდეგ: იმ დღეს, როდესაც უფლის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო, რომის იმპერიამ, რომელსაც ოდესღაც პილატე წარმოადგენდა იერუსალიმში, ბასრი მახვილი აღმართა იერუსალიმსა და მის შვილებზე – და იმპერატორმა ადრიანემ ჯერ გაანადგურა იერუსალიმი, შემდეგ კი სახელი გადაარქვა ( და უწოდა „ელია კაპიტოლინა“) და სიკვდილის მუქარით აუკრძალა იუდეველებს იერუსალიმში დასახლება.

„აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად“! – და აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, იერუსალიმი მართლაც მიტოვებული იყო იუდეველი ხალხისაგან. შთამომავლები ბოროტი წინაპრებისა, რომელთაც მოკლეს ქრისტე, ყველგან ცხოვრობდნენ, გარდა თავიანთი სახლისა.

ყოვლადძლიერო და ყოვლისმხედველო უფალო, მოგვიტევე ჩვენი ცოდვები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე, ამინ.

წმიდა ნიკოლოზ სერბი