მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამენი, ქრისანთე და დარია და მათი თანა მოწამენი:კლავდიოსი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი: იასონი და მავროსი, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ქრისანთე წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტოებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთეს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმიდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა ძებნის გამო დამალული ხუცესი კარფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთემ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართებისაკენ და დააქორწინა ათენა-პალადის ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმიდანმა მეუღლეც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ. ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ. თანაქალაქელებმა იჩივლეს, რომ წმიდა ქრისანთე და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმიდა ქრისანტე საწამებელს გადასცეს. ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით განცვიფრებულმა ტრიბუნმა ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულებთან ერთად ნათელიღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერიანემ(283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდიოსი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებს და მეომრებს კი თავები მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდიოსის მეუღლე, წმიდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს.მოსამსახურემ წმიდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა. წმიდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეაგდეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმიდანს. წმიდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ. წმიდა ქრისანთე ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმიდურება ჩაედინებოდა. მას თავზე ზეციური ნათელი დაადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო. იმპერატორმა ნუმერიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ქრისანთე და დარია. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს. წმიდანთა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ და ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე ქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორი სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი. |