მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (662-663) წმიდა მღვდელმოწამე ბასილი აკვირიელი ხუცესი იყო და გალატიის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების შემდეგ მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხმობით დაუბრუნდა სამღვდელო პატივი. როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი(361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილობაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა:“ ნათელო ჩემო ქრისტე! სასოებაო ჩემო იესო! მყუდროო ნავთსაყუდელო დევნულთა! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაული გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს. |