მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე დროსიდა
წმიდა მოწამე დროსიდა-ტრაიანე მეფის ასული (104-117) წმიდა მოწამე დროსიდა - ტრაიანე მეფის ასული. 99 წლის იმპერატორმა ტრაიანემ(98-117) აღადგინა კანონი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საიდუმლო შეკრებები, 104 წელს კი გამოსცა საგანგებო განკარგულება ქრისტიანთა წინააღმდეგ. აქედან დაწყებული ქრისტიანები დევნა გრძელდებოდა მისი მეფობის დასასრულამდე. სხვების დასაშინებლად დახოცილი ქრისტიანების გვამებს ხშირად დაუმარხავს ტოვებდნენ. ხუთმა ქრისტიანმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლინარიამ, დარიამ მამთუსამ და ტაისიამ გადაწყვიტეს დაეკრძალათ მიცვალებულები. მათ საიდუმლოდ მიჰქონდათ ქრისტიანთა ცხედრები, ნელსაცხებლებს სცხებდნენ და მარხავდნენ. როდესაც ეს ამბავი გაიგო ქრისტეს მორწმუნე მეფის ასულმა დროსიდამ, რომელიც ჯერ ნათელღებული არ იყო, წმიდა ქალწულებს სთხოვა ისიც თან წაეყვანათ. წმიდა დროსიდას საქმროს, სასახლის წარჩინებული კარისკაცის, ადრიანეს რჩევით წამებული ქრისტიანების გვამებთან დარაჯები დააყენეს, რათა ხელთ ეგდოთ მიცვალებულთა განმაპატიოსნებლები. პირველსავე დღეს დროსიდა და ხუთივე ქალწული შეიპყრეს. ტრაიანეს ბრძანებით დროსიდა ცალკე გაიყვანეს, ქალწულები კი ცოცხლად დაწვეს სპილენძის გამოსადნობ ღუმელში. ქალწულთა წმიდა ნეშტგარეული სპილენძისგან სამფეხები ჩამოასხეს ტრაიანეს ახალი აბანოსათვის, მაგრამ სანამ ეს სამფეხები აბანოში იდგა, შიგ ვერავინ შევიდა-ყველა ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა, უსულოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ, რატომაც ხდებოდა ეს სასწაული და ურჩიეს სამფეხები გაეტანათ. ადრიანემ იმპერატორს ურჩია სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალების ძეგლები ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მყოფი ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა:“ უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წაგგვარა შენს მიერ შეურაცხოფილთა სულები და დააწესა აქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი!“ გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოკიდეს იმპერატორის ბრძანება:“ გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას- მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს. თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში“. ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესათვის. წმიდა დროსიდამაც გადაწყვიტა. ქრისტესათვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. ციხიდან თავდაღწეული წმიდანი მთელი კვირა ემზადებოდა ლოცვითა და მარხვით მოწამეობრივი აღსასრულისათვის, მერვე დღეს კი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და საკუთარი სისხლით ნათელღებულმა, უფალს შეჰვედრა სული(104-117). |