ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.
გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.
ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო. ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო. შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდმო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წასულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.
დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეებში იპოვა მღვიმე და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში გამოცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის მსგავსად ფრინველი უზიდავდა საზრდელს.
ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო. ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ. გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მიდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.
ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ელესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ელესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.
როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მისგან კურთხევა მიიღეს. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი ისრისაგან ჰქონდა დაზიანებული. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.
ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა:"უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ". მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებლად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული სახარება შესწირა. როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხეს. შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.
წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შეეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ის მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ იგი ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.
ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.
ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა. ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წელის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით:"ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა."
სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთში საშინელი ჭირი გაჩნდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.