ღირსი ექვთიმეს მშობლებს - მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე - სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.
სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: "წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაითა". იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: "სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ხორცთაითა ცხონდებოდა და ჟამისწირვაი ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაი და მოწყალებაი". საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, ოცდაათ წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დაეყუდა. წმიდანს "ერთი ხოლო ზრუნვაი აქუნდა, რაითამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა". იგი თავს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი "და იყვნეს ორნივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ". ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ ისინი უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ მათ აქ პოვეს "ხევი საშინელი, ფრიად ღრმაი, ყოველადვე მიუვალი ვისგანვე და. . . ჩრდილოით კერძო ხევისა მის ქუაბი დიდი", ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი და აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ. მალე, ღვთის ნებით, ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. . . ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოქტისტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს სულიერი მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: "ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევების სოფელი, რაითა არა ჰყოფდეს ნებასა თვისსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილებაი და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდებაი იგი სასუფეველისა ცათაისაი". იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა, ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: "ღამე და დღე ვშურებოდე ხელითა ჩემითა, რაითა არავის დაუმძიმო". ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილს გამოთქვამდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.
ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი, რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული.
საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა "და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს". ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა იქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი, და აქ მონასტერი დააარსა. იმ ხანებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.
მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოქტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა განკრძალული, უდაბური, მიუვალი, "ჰაერითა კეთილ ფრიად", და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად. როცა წმიდა თეოქტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, "მსწრაფლ აღმოვიდა მისა", კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო, სავანეში. მეუდაბნოემ "არა ინება მის თანა წარსვლად", მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩავიდოდა ჟამისწირვაზე.
ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო: "ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაი". კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.
თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას ოთხასი მგზავრი მიადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.
ერთხელ ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: "მე შევთხოვ ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან", მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: "შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი". ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი ეშმაკმა შეიპყრო და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. "ღმერთსა სთნავს მორჩილებაი უფროის მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაი სიკუდიდ მიიყვანებს", - თქვა წმიდა ექვთიმემ.
ერთხელ ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, "ხე, რომელი ადგილითი-ადგილად იცვალებიან, არა გამოიღოს ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თვისსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი".
431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.
451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.
ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერმონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.
საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს "დიდი" უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა - ძმები ცხადად ხედავდნენ, თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი ზეციური ცეცხლით მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.
როცა ექვთიმე ოთხმოცდაორი წლის იყო, მასთან მივიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში - საბა განწმედილი), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; ოთხმოცდაათ წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე - თეოქტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: "ესე ღამისთევაი დასასრული არს ღამისთევისა ჩემისაი თქუენ თანა ხორცითა" და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: "უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაი ჩემი, დაწყებაი და დასასრული საქმეთა კეთილთაი, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაი. . . თვინიერ სიყუარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაისამე. ყოველი საქმე კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლე აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან"; ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა "ბრწყინვალებითა თვისითა" და უთხრა: "მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთვის, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვის, რაითა იყო ჩემ თანა". გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.