წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე და ეყოლა ვაჟი.
წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იხილა უფალი "მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა". უფლის გარშემო იდგნენ ექვს-ექვს ფრთიანი სერაფიმნი, რომელნიც გალობდნენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა!" ამ დიდებულმა სანახაობამ მას ათქმევინა: "ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემული ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელსა, მკვიდრვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა". მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური საკურთხევლიდან მარწუხით ნაკვერცხალი აიღო, მის ბაგეებს შეახო და უთხრა: "აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგესპნეს უსჯულოებაი შენნი და ცოდვანი შენნი განწმინდნეს". ამის შემდეგ მოესმა ხმა ღვთისა: "ვინ მივავლინო ანუ ვინ მივიდეს ერისა მის?" ესაიამ მიუგო: "აჰა, ესერა ვარ, და მიმავლინე მე". უფალმა წარავლინა წინასწარმეტყველი მხილებად და მოწოდებად იუდეველთა, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ბიწიერება დაეტოვებინათ. მონანულთ უფალი წყალობას და ცოდვათა მიტევებას ჰპირდებოდა, ურჩებს - სასჯელი და ღვთის რისხვა ელოდებოდა. კერპთმსახურ მეფე აქაზს არ მოსწონდა ესაია, როგორც მისი უსჯულოების მამხილებელი. მეფე ეზეკია კი სიყვარულით ეპყრობოდა წმიდა წინასწარმეტყველს და პატივს სცემდა მას. მეფე ეზეკია ესაიას ლოცვით განიკურნა სენისაგან და მისივე ლოცვით მოსრა ანგელოზმა იერუსალიმის კედლებთან მომდგარი მტრის ჯარი.
ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება კიროს მეფის მიერ, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევა და აღდგენა. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი.
განსაკუთრებით საინტერესოა ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ"; რომ იგი იქნება სრული ღმერთი და კაცი; "ყრმა იშვა ჩვენდა ძე მოგუეცა ჩუენ. . . და ჰრქვიან სახელი მისი. . . ღმერთი ძლიერი და ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა", რომ მასზე განისვენებს სული ღვთისა: "გამოვიდეს კვერთხი ძირისაგან იესესა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს, და განისვენოს მის ზედა სულმა ღვთისამან", რომ ის იქმს სასწაულებს: "განძლიერდით ხელნი დახსნილნი და მუხლნი განრღვეულნი. ნუგეშინისეცით, ნუ გეშინინ, აჰა, ღმერთი ჩვენი. . . თვით მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩვენ, მაშინ ხლდებოდის კოჭლი. . . და ცხად იყოს ენა ძლით მზრახველი" "აღდგენ მკვიდრნი და აღემართენ საფლავთაშინანი და იშვებდენ შორის ქვეყანასა", რომ ის ეწამება და მოკვდება კაცთა ცოდვათათვის და აღდგება მკვდრეთით: "ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და, ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. . ." "და უსჯულოთა თანა შეირაცხა და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა". წინასწარმეტყველებათა სიზუსტისა და სიცხადის გამო ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ.
ესაია წინასწარმეტყველს სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა; იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ "ღვთისგან გამოგზავნილი" ეწოდა. ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრმადშობილი.
გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მისი მოკვლა ბრძანა. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. შემდგომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ (408-450) მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.