წარმოშობით კართაგენელი, წმ. კვიპრიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში ქ. ანტიოქიაში. ის დიდგვაროვანი წარმართი მშობლების შვილი იყო, რომლებმაც სიყრმითგანვე მიაბარეს კვიპრიანე ყველაზე სახელგანთქმულ ქურუმებს მოგვობის (ჯადოქრობის) ხელოვნების შესასწავლად, რაც იმ დროინდელ წარმართულ საზოგადოებაში უდიდეს სიბრძნედ ითვლებოდა. მაღალი ნიჭით დაჯილდოებულმა ყმაწვილმა საოცარ წარმატებებს მიაღწია ამ ასპარეზზე და ეშმაკთადმი მსახურების ხელოვნებაში თანამედროვეთ ბევრად გარდაემატა. უკვე დახელოვნებული ჯადოქარი კვიპრიანე, ანტიოქიისა და იმ მხარის წარმართთა შორის ყოვლისშემძლეს სახელით სარგებლობდა. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან სხვადასხვა სათხოვარით და როგორც წესი უკმაყოფილო არავინ გაბრუნებულა უკან. გრძნეულებით კვიპრიანეს ძალუძდა მოევლინა წვიმა თუ ქარიშხალი, სეტყვა თუ თოვლი, გვალვა თუ ყინვა, ეშმაკის ძალით შეეძლო ჰაერში ფრენა, ვინმე ადამიანის, ან ცხოველის თუ ფრინველის სახის მიღება და, რაც მთავარია, ჯადოქრობის ძალით მას შეეძლო ნებისმიერი წარმართის ნების დამორჩილება, თუკი ამას მიზნად დაისახავდა. კვიპრიანემ თავის საქმიანობაში ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ ბოროტნი სულნი ხილულად ეცხადებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ეშმაკთა მეუფე ლუციფერი მას თავის მეგობრად რაცხდა და გარდაცვალების შემდგომ თანამეუფებას პირდებოდა. მაგრამ ყოვლისშემძლე და გულთამხილავი უფალი სულ სხვა მსახურებისათვის ამზადებდა მას.
ერთხელ კვიპრიანესთან თხოვნით მივიდა ერთი წარმართი ყმაწვილი, ვინმე აღლადოსი. მას შეჰყვარებოდა ქრისტეანი ქალწული იუსტინე რომლისაგანაც საპასუხო გრძნობას ვერ ეწია, და ამის გამო შეწევნისათვის კვიპრიანეს მიმართა, ხოლო ეს უკანასკნელი ჯადოქრობით შეეცადა იუსტინეს დამორჩილებას, მაგრამ მისთვის საოცარი რამ მოხდა, გრძნეულებამ არ გაჭრა. რა სახის ბრძოლა არ აღუმართეს წმ. ქალწულს ძლევამოსილ მაგისგან წარგზავნილმა ბოროტმა სულებმა, მაგრამ ამაოდ. ჯერ იყო და ბრძოლაში სიძვის ეშმაკნი ჩაებნენ, მაგრამ იუსტინე განუწყვეტელი ლოცვით, მკაცრი მარხვითა და მღვიძარებით წინ აღუდგა მათგან მომდინარე ბილწ ვნებებს და სძლია მათ. შემდეგ კვიპრიანემ, ვერა დააკლო რა ქრისტეს მხევალს, გრძნების ძალით საშინელი სენი შეჰყარა მის ოჯახს და მთელს ქალაქს, მაგრამ აქაც იმძლავრა ქრისტესადმი რწმენამ და ქალწულის მხურვალე ლოცვამ განკურნა ყოველნი. ჯადოქარი არ სცხრებოდა და ახალ-ახალ განსაცდელებს უვლენდა იუსტინეს, მაგრამ ყოველი მისი მანქანება მორიგი მარცხით მთავრდებოდა. უკუქცეულნი და სირცხვილეულნი ეშმაკნი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ გაოგნებული კვიპრიანეს წინაშე, რომ იუსტინე მათ ჯვრის ძალით ამარცხებდა, რომელსაც ისინი ვითარცა ცეცხლს ისე გაურბოდნენ. და აი, ამ ბრძოლისაგან დაუძლურებულმა კვიპრიანემ სცნო დემონთა უძლურება, ქედი მოიდრიკა წმ. ქალწულის წინაშე და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა. შორეულ გამოქვაბულიდან ჩამოიტანა თავისი ჯადოქრული წიგნები და ხალხის წინაშე შუაგულ ქალაქში დაჰსწვა. შემდგომ ეპისკოპოსის მოთხოვნით იმავე მოედანზე თავისი საშინელი, საჯარო აღსარება წარმოსთქვა. ასე შეუდგა ქრისტეანულ ღვაწლს კვიპრიანე.
საოცარი სახილველი იყო კაცთათვის, თუ ერთ დროს სხვისი ნების დამთრგუნველი ჯადოქარი, როგორ შეიქმნა ღვთის ნებას დამორჩილებულ თვინიერ კრავად. იმდენად მხურვალე იყო რწმენა მისი და იმდენად დიდი სინანული, რომ ეპისკოპოსმა გუშინდელი ეშმაკის მსახური უკვე მერვე დღეს მედავითნედ დაადგინა, მეოცე დღეს იპოდიაკვნად, ოცდამეათეს დიაკვნად, ხოლო ერთი წლის შემდგომ მღვდლადაც აკურთხა. სრულიად შესცვალა ცხოვრების წესი კვიპრიანემ. ეშმაკთაგან აღძრული უამრავი განსაცდელი გადაიტანა მოთმინებითა და სინანულით. მკაცრი მოღვაწეობით ცხოვრობდა იგი, რამეთუ უამრავ ეჭირვებათა უდრტვინველად გადატანით სურდა გამოესყიდა წარსული ცოდვები. ამასობაში გარდაიცვალა ქალაქის ეპისკოპოსი, რომლის ნაცვლადაც ხალხმა კვიპრიანე მოითხოვა და რადგანაც ეს ღვთის ნებაც იყო ის ეპისკოპოსად დაიდგინდა. ამ ასპარეზზეც დიდად გამოიჩინა თავი წმიდანმა. მამობრივი მზრუნველობითა და სიყვარულით ექცეოდა იგი თავის სამწსყოს, ხოლო ბრძნული სიტყვის ძალით მრავალთ მოიყვანებდა მართალ სარწმუნოებაზედ. ჰხედავდა, რა კვიპრიანეს ქრისტესადმი ასსეტ ერთგულებას მისი დაღუპვის მოსურნე სატანამ მორიგი განსაცდელი აღუმართა წმიდანს. ეშმაკის მიერ შთაგონებული ზოგიერთი წარმართნი მივიდნენ ქალაქის იმდროინდელ მმართველთან და ცილი დასწამეს კვიპრიანეს იმაში, რომ გმობდა რა წარმართულ ღმერთებს, ამასთანავე თითქოს ის ხალხს მეფისა და სხვა მმართველების წინააღმდეგ ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამის გამო ისინი ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, რასაც მიაღწიეს კიდეც. კვიპრიანე და იუსტინე შეიპყრეს. მრავალი ტანჯვა გადაიტანეს წმიდანებმა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და უკანასკნელ თავნი წარეკვეთათ. ასე მოწამეობრივად დაასრულა ყოფილმა ჯადოქარმა ამქვეყნიური სიცოცხლე და გვექმნა ჩვენ მეოხად წინაშე ღვთისა.
წმიდანთა წამების დღედ 15 (2) ოქტომბერი ითვლება, გარდა ამისა ეკლესია წმ. კვიპრიანეს მოქცევასაც დღესასწაულობს, რომელიც ახლით 13 სექტემბერს, ხოლო ძველით 31 აგვისტოს აღინიშნება.
დაე, ჰფარავდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველ ჭეშმარიტ ქრისტეანს, ჯადოქრობათა და სხვა სახის განსაცდელთაგან, ლოცვითა წმიდათა მოწამეთა კვიპრიანე კართაგენელისა და ქალწულისა იუსტინესითა, ამინ.