წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. მას განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იესოსთან. ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: "შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი".
საკვირველი სახილველით შეძრული პეტრე ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო". იესომ მიუგო: "ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე". ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას.
ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი". ამაზე უფალმა მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სვიმონ, ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი... და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (ამ სიტყვებით "კლიტენი" და "შეკვრისა და გახსნის" უფლება მიენიჭა "თავკიდურ ლოდზე" - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.
უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: "თქუენ ყოველნი დაბროლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დვსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი". პეტრემ განაცხადა: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე". უფალმა მიუგო: "ამენ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე".
ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: "ესეცა მის თანა იყო", ის კი იფიცებოდა: "არა ვიცი კაცი იგი". როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, "მეყსეულად... ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს". მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, "განვიდა გარე და ტიროდა მწარედ". სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.
უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: "სვიმონ იონაისო, გიყუარ მეა უფროის ამასთა?" პეტრემ მიუგო: "ჰე, უფალო, შენ უწყი, ღამეთუ მიყუარ შენ". "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი", - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება.
ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვეის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები. სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში. იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესავდა აფუძნებდა ეკლესიებს... მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.
წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, "შემომავალი ჰრომედ". პეტრემ იკითხა: "აქ ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: "შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად". მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისაგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ "მოწევნულ იყო ჟამი მისი" და უკანვე გაბრუნდა.
მტარვალებმა წმიდანს ჯვერცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: "ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაითა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა".
ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.
წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაკრძალა.
პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.