მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ისააკ მონაზონი (383)
წმიდა ისააკ მონაზონი (383) წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმერატორის, ვალენტის(364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა დატოვა უდაბნო და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსები გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისკენ გაემართნენ. როდესაც ვალენტი ლაშქართან ერთად ქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა:“მეფეო განახვენ კარნი მართლმადიდებლურთა ტაძართანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“ იმპერატორმა ყურადღება არ მიაქცია ბერის სიტყვებს და თავდაჯერებულმა განაგრძო გზა. სამგზის გაიმეორა ღირსმა მამამ თხოვნა და წინასწარმეტყველება. გაბრაზებულმა ვალენტიმ ბრძანა, ეკალ-ბარდებით სავსე ხრამში ჩაეგდოთ იგი. წმიდა ისააკი გადარჩა, ხრამიდან ამოვიდა, იმპერატორს დაეწია და უთხრა:“ჩემი დაღუპვა გსურდა, მაგრამ წმიდა ანგელოზებმა ამომიყვანეს უფსკრულიდან. შეისმინე ჩემი ვედრება, გააღე მართლმადიდებლური ტაძრები და უფალი შეგეწევა. თუ არ დამიჯერებ ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები.“ იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანმხლებლებს-სატურნინსა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ. მალე ბერის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედარმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტის გარდაცვალების შემდეგ ისააკი გაანთავისუფლეს. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი(379-395), თავისთან იხმო წმიდანი, პატივით შეხვდა და ყველა მისი რჩევა აღასრულა: კონსტანტინოპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. ქალაქის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი. ღირსი ისააკი გარდაიცვალა 383 წელს(წმიდა ეკლესია მას 30 მაისსაც იხსენებს). |