წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც შენს რჯულს მივაღებინებო.
ქართლს მოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშოში, ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშერმდომები შესაფერი პატივით დახვედროდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.
სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობა სარწმუნოების მიმართ, წინასწარმეტყველურად უთხრა გამოგზავნილებს: "უკეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვა ეგე შენდავე მოიქეცინ." როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლებით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: " საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უარ-ვყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა." შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინ დააყენა და ღმერთს შეჰღაღადა:"უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაითა, ყოფად ერთ სამსწყო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა."
მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, "შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა."
საღამოს შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიცის იმედი არ გაქვს, სჯობს, მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა:"უმჯობეს არს ჩემთა ხელთა მისგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრება და წარწყმედა სულისა ჩემისა, რამეთუ მასმიეს მე პავლეს მოციქულისაგან;არა დამონებულ არს ძმაი გინდა დაი, არამედ განეყენენ."
სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩავიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა:"აწ ნურას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ." მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი:"წარწყმიდე თავი შენუი და ჩუენცა წარგუწყმიდნენ." მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა:" შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაი მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა."
ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა სახლში დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.
ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად შუშანიკიც დაპატიჟა. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესათვის წამების სურვილი.
გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად სცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. ვარსქენის ბრძანებით, შებორკილი დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
დილით პიტიახშმა მოინახულა დედოფალი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ გაემგზავრა.
შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და, როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა:"ნუ სტირ ჩემთვის, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამე ესე."
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი ჩამოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო:" ხუცეს მაგას ნუ იტყვი,რამეთუ სისხლი განწმენდილ არს ცოდვათა ჩემთა."
ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს... ამასობაში დიდი მარხვა დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვაში გაატარა წმიდა ორმეოცი.
მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, მისთვის ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთისსაათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები ინკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ... შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართალ სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსელი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისცემაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - "ტირილითა დიდითა თავსა ქუე დამართ სცემდა", მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა:P"გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულ იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავ ნებაი შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისასა."
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უსჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა:"კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე," და სული უფალს შეავედრა.
მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისშობლის ტაძარში დაკრძალეს.