წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ანდრია ბეთსაიდაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი, ჭეშმარიტ სწავლებას ეძიებდა და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: "აჰა ტარიგი ღმრთისაი". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და "მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა". შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა და ისიც იესოსთან მიიყვანა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა: "მოვედით და შემომიდდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა", რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც შეიქნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, "რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა", ღვთისმშობელს საქართველოს მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით ხელში. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, "დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა.
ნეტარმა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა. ქალაქ ტრაპიზონში, "რომელ არს სოფელი მეგრელთა", "დაჰყო ჟამი მცირედი", შემდეგ კი "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების" და უფლის სიტყვის ქადაგება დაიწყო. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, "ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად". იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, "ფრიად შუენიერი და დიდი" წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება, "შემოკრბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქუეყანისანი", და წმიდა ანდრიამ "ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". ნეტარმა ახალმოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, "დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა", აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა "რკინის ჯვარი" - ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა მთას "რკინის ჯვარი"); ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურში მან ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. "ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი". მოვიდნენ არტემისა და აპოლონის საკერპოს მღვდლებიც და შურით აღვსილებმა "იწყეს ცილობად და წინააღდგომად მოციქულისა". შემოკრებილთაგან ზოგი იძახდა: "ჯერ არს თაყუანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", სხვები კი კვლავ ამტკიცებდნენ: "აპოლონ და არტმი არიან დიდნი ღმერთნი". შფოთი რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარები დაეხშოთ და ელოცათ: მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი თავიანთი ღვთაებების მიმართ და ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარბეი გააღეს, ყველამ იხილა "კერპები... ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა". მაშინ სირცხვილეულმა წარმართმა მღვდელმსახურებმა შენდობა სთხოვეს მოციქულს და მათთან ერთად მთელმა ერმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი.
წმიდა ანდრიამ რამდენიმე ხანი კიდევ დაჰყო აწყურში ღვთის სიტყვის ქადაგებით, აქაც მოაწყო ეკლესია, ტაძარი ააგო, მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი მესხთა მხურვალე ვედრების მიუხედავად, განეშორა ახალმოქცეულ სამწყსოს და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, სომხეთში, პართეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.
იერუსალიმიდან ნეტარი ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად დბრუნდა ჩვენს ქვეყანაში. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა, აქედან დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს "ტაოს კერძი ქუეყანა ვიდრე მდინერედ ჭოროხადმდე", იყვნენ სამეგრელოში და სვანეთში. მატათა აქ დარჩა. სვიმონი და ანდრია კი აფხაზეთში წავიდნენ, სადაც სვიმონი მიიცვალა. ამის შემდეგ ანდრიამ ჯიქეთშიც იქადაგა.
ნესტორ მემატიანის ცნობით, წმიდა მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა, მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად კიევი მდებარეობს. თანმხლები მოწაფეებისთვის უთქვამს: "ხედავთ ამ მთებს? აქ ღვთის მადლი გაბრწყინდება, დიდი ქალაქი აღმოცენდება და მრავალი ტაძარი აშენდება".
უფლის რჩეული თავისი მქადაგებლური მოღვაწეობის დროს მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მან იქადაგა, იყო პატრები (საბერძნეთში). აქ უფალმა მისი მეოხებით მრავალი სასწაული აღასრულა. წმიდანის ლოცვით განიკურნენ: მძიმედ დასნეულებული წარჩინებული მოქალაქე სოსი, პატრების მმართველის მეუღლე მაქსიმილა და მისი ძმა სტრატოკლე. ქალაქში ძალიან ცოტა წარმართი დარჩა. მათ შორის იყო ქალაქის თავი ეგაეტი. წმიდა ანდრიამ არაერთხელ უქადაგა მას ღვთის სიტყვა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. ანდრია სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შემოკრებილთა წინაშე. ბოლოს წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, წმიდა მოციქული ჯვრიდან ჩამოეხსნათ. ამბოხით შეშინებულმა ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას - ხელები არ ემორჩილებოდათ. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და აღმოხდა: "უფალო იესო ქრისტე, შეივიდრე სული ჩემი". მაშინ ჯვარსა და მასზე გაკრულ წმიდანს ღვთაებრივი ნათელი დაადგა თავს. როცა ბრწყინვალება დაცხრა, ნეტარი ანდრია უკვე აღსრულებული იყო, ქალაქის მმართველის ცოლმა, მაქსიმილამ მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. ღამდენიმე ასწლეულის შემდეგ კონსტანტინე დიდის ზეობისას, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.