წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა
18 (01.10) სექტემბერი
XVII საუკუნეში საქართველო სპარსელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიასა და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ჰყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.
ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე მოგვითხრობს, რომ –"აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის".
მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს: წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედფალი, წმინდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმინდა 6000 გარეჯელი ბერი, წმინდა მღვდელთმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და და მათთან ერთად 9 000 მხედარი მარაბდის ველზე და ამ საუკუნესავე მოუვლინა ყოვლად სახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ართად თავს იდვა კახეთის განთავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და თავის გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მიიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლება ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ: "აწ უკვე აღუდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩუენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა დამდაბლებისა და ღუთისა ჩუენისათა და წინაძღომითა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს".
ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვების.
არაგვის ერისთავმა "მცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ", ხოლო ქსნის ერისთავებმა - ბიძა-ძმისწულმა-ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნი... უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტა ჩავლეს და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონს უზრუნველად დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.
ქართველთაY ძლევამოსილი მხედრობა მადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, "რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავლად მათდა".
თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულაE სამშობლოს გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, ებრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები გაეგზავნა.
კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისაგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყნის საქმეს წაახდენდა.
ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: "ჩუენ ნიჭთა და პატივთა თქუენთათვის არა გული გვთქვუამს, არცა ვეძიებთ საბოძვარსა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრათ ქრისტესა განწესებულნი... მზად ვართ ყოველისავე დათმენად, რაითა მის თანა ვსუფევდეთ და ვიხარებდეთ". ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით გმირები შეიპყრეს, მიწაზე ათრიეს და სასტიკად სცემეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებიდნენ.
შემდეგ წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთა დასაგლეჯად. მშიერ-მწყურვალ, ბუზთაგან დაკბენილ და პაპანაქებისაგან ილაჯგაწყვეტილ მოწამეებს კვლავ შესთავაზეს ქრისტეს უარყოფა, მაგრამ ვერც შეაშინეს და ვერც სარწმუნოება შეურყიეს. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისთვისა და შალვასათვის. "არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა",- ბრძანა წმიდა ბიძინამ.
ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელი ახოვანებით, დიდად აღემატებიდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძა-ძმისწულს. თანამებრძოლთა სიკვდილს ოდნავაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. მტარვალმა გადაწყვიტა, შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმხნევე. ახოვან გმირს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, დასცინოდნენ და ლანძღავდნენ რჩეულთა შორის გამორჩეულ ქართველს; წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს.
ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი: ალესილი მახვილით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე - ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები - კოჭებამდე; შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დარჩენილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. მაშინ ერთმ,ა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული,რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა.
წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტები.
მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.
ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზების სახელობის ტაძარში.