წმიდა ონოფრე გარეჯელი, ერისკაცობაში - ოთარ მაჭუტაძე, ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის ბერული ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა:"აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემისა ნებსითთა და უნებლიეთთა". კეთილმორწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.
ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხარულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა:"კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღესრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, "რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს".
მცირე ხნის შემდეგ გერმანემ ბერად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო.
ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას, გარდასული ჟამის ცოდვებს იგლოვდა. საზრდელს - ისიც მხოლოდ პურსა და წყალს - მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.
ერთხელ დავით გარეჯის მონასტერს ლეკები შეესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე მღვდელი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წიყვანეს. დატყვევებულთა შორის უხუცესი იყო ღირსი ონოფრე. უსჯულოებს მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი.
ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ღირსი ონოფრე გაანთავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.
ლეკთა შემოსევებისაგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქიმანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, "სიყვარულისთვის ძმათასა, წარვედ ქუეყნად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წავიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო".
ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. "ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა", - ამბობდნენ მისი ნაცნობები.
ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: " შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგავარეთ მე იგი აქა". ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: "მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად", წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც მეყსეულად განიკურნა.
სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმართს და მის ერთგელ მონას, ონოფრეს. ღირსი მამა გაექცა დიდებას, უმცროსი ვაჟი, იოანე წაიყვანა და კვლავ მონასტერში დაბრუნდა, თან სამი-ოთხი წლის სამყოფი საზრდო ჩაიტანა.
ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელეპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალსა და ღირს ონოფრეს.
ღირს ონოფრეს დიდი სქიმით სურდა შემოსვა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.
სქიმით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი დაიმარხა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოლოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.
ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: "აღთქმა მაქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამასა ზედა".
ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახველებს სთხოვდა: "მიბოძეთ ფესვი სამოსელისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერხნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა".
ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება სთხოვა. მოძღვარმა უთხრა, ამ მარხვაში სამჯერ ხარ ნაზიარები, შობამდე ოთხი დღეა დარჩენილი, დღესასწაულზე გაზიარებო. ღირსმა ონოფრემ აუწყა, რომ ჩვენებით ჰქონდა გამოცხადებული აღსასრულის მოახლოება. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება "აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ".
თვრამეტი დღის განმავლობაში წმიდანს ხმა არ ამოუღია, არც არაფერი მიუღია, მხოლოდ თვალები ჰქონდა ზეაპყრობილი და მარჯვენა ხელით პირჯვარს ისახავდა.
ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა.
წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხეველის სარკმელთან.