მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი
წმიდა მრვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე (251) წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი დაიბადა ნეაპოლში. მისი მამა წარმართი იყო, დედა კი- ქრისტიანი. მამის სარწმუნოების მიმდევარი ნიკონი ჯარისკაცი იყო და არაჩვეულებრივი მამაცობითა და ძლიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ ნიკონი თავის რაზმთან ერთად ალყაში მოექცა. სასიკვდილო განსაცდელში ჩავარდნილმა მხედარმა დედის ქრისტიანული დარიგებანი გაიხსენა, პირჯვარი გადაისახა და უფალს აღუთქვა, რომ მოინათლებოდა. გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი ნიკონი სახლში დაბრუნდა და დედის რჩევით მღვდლის საძებნელად წავიდა. იმდროინდელი დევნის გამო ხუცესის პოვნა ერთობ ძნელი იყო. წმიდა ნიკონმა კუნძულ ქიოსს მიაღწია, მაღალ მთაზე ავიდა, რვა დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა და უფალს შეევედრა, შემწეობა აღმოეჩინა. მას ანგელოზი გამოეცხადა და გზა მიასწავლა. წმიდა ნიკონმა განოსის მთას მიაშურა, სადაც ბერები იმალებოდნენ. ეპისკოპოს თეოდოსისაგან ნათელღებული ნიკონი ბერად აღიკვეცა. სამი წლის შემდეგ უფალმა გამოცხადებით აუწყა ეპისკოპოსს, რომ სათნოებით გამორჩეული ნიკონისათვის ეპისკოპოსად დაესხათ ხელი, შემდეგ კი საძმო სიცილიაში გადასულიყო. თეოდოსიმ აღასრულა ღვთის ნება და გარდაიცვალა. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ნიკონი 190 ძმასთან ერთად სიცილიაში გადავიდა. ღვთის ნებით ნიკონი მშობლიურ ნეაპოლში აღმოჩნდა და სულთმობრძავ დედას მოუსწრო. დედამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები შვილის გვერდით გაატარა და ლოცვით აღესრულა. ქალაქში წმიდა ნიკონის ჩასვლა ყველამ გაიგო. წმიდა მამასთან მივიდა მისი თანამებრძოლი 9 მხედარი. ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ მხედრებმა ნათელიღეს და თან გაჰყვნენ მას სიცილიაში. წმიდა ნიკონი ძმებთან ერთად დასახლდა მდინარე ასინოსის ახლოს მდებარე უდაბნოში. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. სიცილიის მმართველს, კვინტიანს შეატყობინეს, რომ ახლომახლო ცხოვრობდა ეპისკოპოსი თავის მრავალრიცხოვან საძმოსთან ერთად. 199 ბერი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს, წმიდა ნიკონი კი საწამებლად გაამზადეს. წმიდანი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა, ველურ ცხენებს გამოაბეს, მაგრამ ისინი ადგილიდან არ დაინძრნენ. ბოლოს წმიდა მღვდელმოწამეს თავი მოჰკვეთეს და მისი ნეშტი ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს(251). იმ ადგილებში ბოროტი სულებისგან შეპყრობილი მწყემსი დაეხეტებოდა. როცა წმიდანის ნეშტს მიუახლოვდა, ეშმაკეული მიწაზე დაეცა და ბოროტი სული მისი სხეულიდან გამოვიდა. განკურნებულმა მწყემსმა ამ სასწაულის შესახებ მოუყვა იქაურ მაცხოვრებლებს. მესინის ეპისკოპოსმა პატივით დაკრძალა მღვდელმოწამე ნიკონი და მისი მოწაფეები. |