ღირსი მამა ჩვენი ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი(+875) კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან; მის მშობლებს სხვა შვილებიც ჰყავდათ, ილარიონი კი შობიდანვე ღვთისთვის იყო შეწირული. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე კაცს მიაბარეს. ილარიოინი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში ააშენა მონასტერი, სადაც მალე თექვსმეტმა ბერმა მოიყარა თავი.
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქვე დაეყუდა.
ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. "მარხვითა და მღვიძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უხორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკვირდა ეგეოდენი შრომაი მისი და მოთმინებაი".
ახალგაზრდა ბერმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. "აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა". ასე დაემკვიდრდნენ ღირს ილარიონთან "ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშვიდნი და მდაბალნი".
ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა.
როდესაც მასთან მისულმა რუსთაველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელთმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.
კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.
გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად, მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს წმიდა ბერზე ხელის აღმართვის გამო, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და შენდობა სთხოვეს.
წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისაგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდეც გააცილა წმიდანი.
ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა წმიდა ადგილებს: თაბორს, გოლგოთას, უფლის საფლავს, ბეთლემს, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს).
ღირსი მამა მოუკლებლად ევედრებოდა უფალს: "მაუწყე მე, უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი და კუალად მასწავე მე, რათა ვყო ნებაი შენი". ერთ ღამეს მან ჩვენებით იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარსდგა და მარადის ქალწულმა უთხრა: "ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა".
გამოღვიძებვისთანავე წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა სახიერ უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა.
საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: "წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს".
ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ სამოცდათექვსმეტი ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებსა და უპოვრებს გაუნაწილა.
კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით დაწერა: "ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე".
განთიადისას მამა ილარიონმა იხილა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. იგი მთელი ღამე ლოცულობდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა,წმიდანს გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: "ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი და შეგივრდეს ფერითა შენთა".
მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიჰგვარეს ბოროტისაგან გვემული. წმიდა ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც ბერად აღიკვეცა.
წმიდა ილარიონის სახელი მთელს საქართველოს მოედო, მრავალს სურდა, ეხილა წმიდა ბერი და მისგან რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: "დიდება ესე ამის სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოისა მის შეურაცხებისა", მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვნეს და შიგ დაბინავდნენ.
ყველიერის შაბათს, მწუხრზე, დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.
შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედი ცერცვი ეხმარათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სებისკვერი და ზედაშე ითხოვა. წმიდა ილარიონმა ჟამისწირვა აღასრულა, ეზიარა და ძმებიც აზიარა მაცხოვრის ყოვლადწმიდა სისხლსა და ხორცს.
ამასობაში დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსსა და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ.
ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმიდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დილით ეკლესიას დატოვებდა.
იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: "ჰოი, უბადრუკო, რაისა ინებე განძებაი უცხოთაი მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყვარულისათვის ძისა და ღმრთისა ჩემისა და დაუტეობა ქუეყანაი მათი და არა დაიმარხე მცნებაი იგი უცხოთა Dდა გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-იგი ეტყვის მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყევლად მართლმადიდებლობისათვის მათისა, ვინაითგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაი და ნათელ იღეს".
შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისთვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის.
წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.
თოთხმეტი დღის მოგზაურობის შემდეგ რომს მიახლოებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყერძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: "აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი "ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან".
ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: "აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ხელითა შენითა მომართუ ნაყოფესაგან სამოთხისა მაგის". განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.
წმიდანი, ღვთის ნებით, მათ თვალთაგან დაიფარა, გზა განაგრძო და კიდევ მრავალი სასწაული აღასრულა.
წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტონოპოლში დაბრუნდა.
გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ყრმას ჯვარი გადასახა და თქვა: "სახელითა მამისაითა და სულისა წმიდისაითა შენ გეტყვი, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით". ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა.
როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ ქალაქის კარები და ეძებნათ სასწაულმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია.
წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარეობა რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა - სამოღვაწეოდ გამოირჩია მარჯვე და მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა.
მთელმა თესალონიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწების ამბავი, მრავალი მიდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთისვსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.
ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: "აღდგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე". გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვლისთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: "შვილო! ენება ღმერთსა ხსნაი შენი, ამისთვისცა ანგელოზი თვისი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაითგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგიხსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთვისცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკვირველებათასა".
წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.
დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესალონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩასულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შოროს ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონის განდევნა დააპირა ულუმბოს მთიდან. იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონოლს. ბასილი დაინტერესდა ილარიონის თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის.
პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის.
კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა:" გამოირჩიენ ღირსებამან თქუენმან მონასტერ, სადაც გენებოს, თქუენთვის და ნათესავისა თქუენისათვის". მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში დასახლება არ იყო სწორი საქმე.
მაშინ ბასილი კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრო ადგილი და მალე დიდი ტაძარი ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: "ესე იყოსდ საყოფელი ჩემი მახლობლად ღირსთა ამათ მამათა, რათა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ხსნაი ჩემი მოსარგებლისაგან ცოდვათა ჩემთაისა". მონასტერს რომან-წმიდა უწოდეს.
ქართველმა ბერებმა კეისარს ურჩიეს, სამართლიანად ემართა ქვეყანა, "რაითა არა განარისხო შენ ზედა უფალი და ცუდ იქმნას კეთილისყოფაი შენი ჩუენდა მომართ".
კეისარმა თავისი ორი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად.
ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოლა: "ბასილი მეფეი, ცოდვილი მონაი ცათა მეუფისაი, გევედრები, წმიდაო მამა ილარიონ, არმოვედ ქალაქად სამეუფოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ".
თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.
კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.
მესამე ღამეს მეფე კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როცა მან კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსელში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: "კეთილად ჰყავ შეწყნარებაი ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოისა ამის და გლახაკისაი, გარნა სურნელებაი ესე, რომელ იყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედD უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაითა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა".
კეისარმა პატრიარქსა და მთავრებს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდა ილარიონის ხსენება დააწესა მისი გარდაცვალების დღეს - 19 ნოემბერს.